Google+

სიახლეები

05.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

მოგესალმებით.

უპირველესად, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სახლში უამრავი ხალხი გელოდებათ, მაინც მოიცალეთ ჩვენთან შესახვედრად.

ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს მოდერნიზაციის 2015 წლის გეგმა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შემდეგაც  გაგრძელდება, მაგრამ 2015 წლისთვის საქართველო უნდა იყოს მოდერნიზებული ქვეყანა, სადაც უმუშევრობის დონე იქნება ძალიან დაბალი, ხოლო განათლების დონე (საშუალო სკოლებშიც მაინც) ისეთი, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია.

2015 წლისთვის საქართველოში ყველა თაობის წარმომადგენელს ექნება პერსპექტივა,   განვითარებული იქნება  სოფლის მეურნეობა... თანამედროვე ინფრასტრუქტურით,  ინდუსტრიითა და მომსახურების სექტორით, საქართველო მყარად დაიმკვიდრებს ადგილს თანამედროვე  მსოფლიოში.

ეს შენობა მოდერნიზებული საქართველოს სახეა. 

ის ქართველმა არქიტექტორმა  დააპროექტა და კარგი იქნება, თუ ყველა ოფისი მას დაემსგავსება, მაგრამ მთავარი ამ შენობაში მისი შინაარსია. მოდერნიზაციის გეგმის მთავარი პირობა და ჩვენი ძირითადი მიზანია საქართველოში განათლებული საზოგადოებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემის ჩამოყალიბება.

სწორედ ასე მოახერხა, მაგალითად, სინგაპურმა, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ, ესტონეთმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ განვითარება - უპირველეს ყოვლისა, მათ შექმნეს განათლების ძლიერი სისტემა.

ზოგადად, ჩვენ განათლებული საზოგადოება, გონიერი და ნაკითხი ხალხი გვყავს, რაც მთავარია, მათ მუდმივად აქვთ ახლის ათვისებისა და სწავლის სურვილი, რაც თავისთავად შესაძლებელს ხდის იმას, რის გარეშეც შეუძლებელია შემდგომი განვითარება. 

ეს ნიშნავს ისეთი სპეციალისტების მომზადებას, როგორზეც დღევანდელ შრომის ბაზარზე დიდი  მოთხოვნაა. შრომის განაწილების მსოფლიო სისტემაში საქართველომ საკუთარი ნიშა უნდა იპოვოს.

დამღალა კიდეც იმან, რომ ყველაფერი უცხოეთიდან შემოგვაქვს. მაგალითად, პატარა საინჟინრო დანადგარიც რომ გვჭირდებოდეს, ვთქვათ, ტვირთის ერთი ადგილიდან  მეორეზე გადასატანი, ისიც სხვა ქვეყნებიდან უნდა შემოვიტანოთ. ელემენტარული ინდუსტრიული საქონელიც კი, მეზობელი თურქეთიდან შემოგვაქვს. ასევე პატარ-პატარა დეტალები თუ გვჭირდება, მაგალითად მცირე ზომის ელექტრონული მოწყობილობა, რომელშიც განსაკუთრებული არაფერია, მისი ყიდვაც სხვადასხვა ქვეყნებში გვიწევს.

სხვათა შორის, არაერთხელ დავინტერესდი და ჩვენი საწარმოების რამდენიმე სპეციალისტთან ერთად, უცხოეთში ნაყიდი ასეთი ტექნიკის ნაწილები დავშალეთ -  გავაანალიზეთ, რა იყო მათში ისეთი, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებდით და დავრწმუნდით, რომ - პრაქტიკულად არაფერი.

ყველაფერი შეგვიძლია საქართველოში ვაწარმოოთ, ოდნავ მეტი მუშაობაა მსგავს რამეებზე საჭირო.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, აი, ეს  უნდა შევქმნათ ყველამ ერთად.

სინგაპურშიც თითქმის იგივე რაოდენობის მოსახლეობაა, რამდენიც საქართველოში - 5 მილიონი ადამიანი და მსოფლიო ინდუსტრიისთვის საკმაოდ ბევრს ქმნის. შესაძლოა, ძალიან ბევრი ვერ აწარმოს, მაგრამ, რასაც აწარმოებს, საუკეთესო და უმაღლესი ხარისხისაა.

აი, ასე უნდა იყოს საქართველოც.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პედაგოგებს საკუთარი უნარ-ჩვევების მუდმივად სრულყოფის შანსი მივცეთ.

მე მშობელი ვარ და მინდა, რომ ჩემმა შვილებმა სკოლაში კარგი განათლება მიიღონ. ამის სურვილი საქართველოში უკლებლივ ყველა მშობელს აქვს.

ძველი დროიდან მოყოლებული, ქართველები ყველაზე მეტ ფულს, ტრადიციულად, განათლებაზე ხარჯავენ. ქართული ოჯახი უკანასკნელ თეთრს მოიკლებს, ოღონდ შვილებს  კარგი განათლება მისცეს.

ყველა ოჯახმა შეუცდომლად იცის, რომ განათლება არის სიღარიბის დაძლევის ყველაზე სწრაფი გზა; განათლება არის უკეთესი მომავლის შექმნის ყველაზე სწორი გზა.

თქვენ იცით, რომ სკოლებში კომპიუტერები დავარიგეთ და „ჯეოსელის“ კლასები გავაკეთეთ. ზოგიერთებმა ეს გააკრიტიკეს - ფერი არ მოეწონათ: თეთრი ოთახები საავადმყოფოს ჰგავსო. ზოგს ის პროგრამა არ მოსწონს, რომლებიც სკოლებში კომპიუტერების დანერგვას ითვალისწინებს.

დაე, გვაკრიტიკონ მსგავს საკითხებში - შინაარს ვერავინ შეეხება.

ასეთი კლასები გაიხსნება საქართველოს ყველა სკოლაში.

შარშან, მე და დიმა ვუყურებდით ტელევიზორს და „ჯეოსელის“ რეკლამა ვნახეთ, რომელშიც ასახული იყო საქართველო მრავალი წლის შემდეგ. მსგავსი რამ  რამდენიმე ქვეყანაში მინახავს და მასში 22-ე საუკუნის ან 21-ე საუკუნის მეორე ნახევრის არაფერია.

ასეთი კლასები დღესვე შეიძლება გაკეთდეს და, რა თქმა უნდა, უნდა გავუკეთოთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება - ბავშვებს.

ეს ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან მოდიან.

ამ ბოლო ხანებში რამდენიმე სკოლა გავხსენით - კახეთში, სამეგრელოში, იმერეთში...  ზოგიერთი მათგანი ფილარმონიას ჰგავდა - შუშის შენობებით, ლიფტებით, თანამედროვე ლაბორატორიებით. გარშემო წარმოუდგენელი სიღარიბეა. ზოგიერთ ადგილებში, ბავშვები მიწურებში ცხოვრობენ, ნამდვილ მიწურებში, სადაც არც  წყალია გაყვანილი და არც ბუნებრივი გაზი.

მართალია, ახლა მთელ საქართველოში მიმდინარეობს გაზიფიკაცია, წყალზეც ვმუშაობთ, მაგრამ ყველაფრის ბოლომდე გაკეთებას დრო დასჭირდება.

პირველი, რაც ამ სოფლებში შევიტანეთ, არის ახალი სკოლა.

როდესაც ბავშვს, რომელიც იზრდება გაჭირვებულ ოჯახსა და გარემოში და  პრაქტიკულად, სოციალური დახმარებებით უწევს არსებობა, აქვს უფასო კომპიუტერი, უფასო წიგნები, შეუძლია მიიღოს ყველაზე თანამედროვე განათლება და აქვს ინტერნეტთან წვდომა, იგი ძალიან სწრაფად ამოიყვანს სიღარიბიდან   საკუთარ თავსაც და შემდეგ მთელ ოჯახსაც. ის აღარასდროს იცხოვრებს მიწურში და არ დაუბრუნდება სიღატაკეს.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის განათლების არსი სწორედ ეს არის - ეს ერთი. 

მეორეც, ჩვენ გვიპირისპირდება უზარმაზარი ძალა.

როგორც იცით,  რამდენიმე დღის წინათ ამ ძალამ საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. საბჭოთა კავშირი, რომელსაც ახლა ევრაზიულ კავშირს არქმევენ, რუსი ნაციონალისტების ყველაზე არაცივილიზებული იდეაა და მათ ამ იდეის განხორციელება სურთ.

საბჭოთა კავშირი, უპირველეს ყოვლისა, არის ფასეულობათა სისტემა, რომელიც ეფუძნება სტერეოტიპებს, ეთნიკურ ჯგუფებსა და სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას, ხალხის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევას, საზოგადოებრივი მენტალიტეტით მანიპულირებას, ინიციატივებისა და ნიჭიერების ჩაკვლას.

როგორც წესი, ამ სისტემაში ყველაზე უნიჭო ადამიანები იკეთებენ კარიერას.

ჩვენ საქართველოში სხვა სისტემას ვქმნით, ამიტომაც დაგვიპირისპირდა ამდენი ძალა.

ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელშიც თუ მეტს იშრომებ, მეტი შემოსავალი გექნება; თუ უკეთესად ისწავლი, უკეთეს კარიერას შეიქმნი.

დღესდღეობით ყველაფერი გახსნილია: ყველა სახელმწიფო სამსახურში სპეციალისტების შერჩევა კონკურსის საშუალებით ხდება, ყველა ტენდერი ელექტრონულია, უნივერსიტეტებში პროტექციის გარეშე ირიცხებიან.

ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ წარმატებული კარიერა შეგიძლია მხოლოდ დადგენილი წესების შესაბამისად გაიკეთო.

იგივე შეეხება პედაგოგებსაც.

თქვენ იცით, რომ ჩვენ მასწავლებლებისთვის 1000 ლარიანი ხელფასები დავაწესეთ,  თუმცა, დანამატების გათვალისწინებით, ზოგიერთს 1000 ლარზე მეტიც აქვს.

ისიც ფაქტია, რომ ამხელა ხელფასი ყველა პედაგოგს არ ეძლევა, ეს არც ლატარიაა, რომ ვიღაცამ მოიგოს.

1000-ლარიანი ხელფასი პედაგოგს ძალინ რთული გამოცდების ჩაბარების შედეგად ენიშნება. ეს გამოცდები ბევრმა თქვენგანმა უკვე ჩააბარა.

ერთი კვირის წინათ, ახალგაზრდა მასწავლებლებს შევხვდი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში წავიდნენ, რათა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ასწავლონ.

ეს ახალგაზრდები ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია.

შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ ისეთი გამოცდილება, როგორიც ბევრ თქვენგანს აქვს, მაგრამ მათ აქვთ განსაკუთრებული რამ: იდეალიზმი და ცეცხლი თვალებში.

ისინი უკვე ერთი თვეა ნინოწმინდაში, მარნეულში საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობენ, რვა ან ათ სულიან ოჯახებში, პატარა სახლებში, მაგრამ იქიდან არც ერთი არ გამოქცეულა.

ცხოვრობენ ისეთ ადგილზე, სადაც ქართულად მათ გარდა არავინ არ ლაპარაკობს, სადაც არ არის გზა, შესაძლოა, ელექტროენერგიაც არ იყოს, გაგიკვირდებათ, მაგრამ საქართველოში ერთი-ორი ადგილი ჯერ კიდევ არის ასეთი.

ეს ახალგაზრდები იქ ახალ საქართველოს წარმოადგენენ და უკვე ძალზე პოპულარულები არიან. ისინი მეტ გამოცდილებას შეიძენენ.

მე რომ დღეს ვიწყებდე ახალ კარიერას, ერთი წუთით არ ვიყოყმანებდი და სწორედ  ასეთ მასწავლებელთან წავიდოდი, რადგან იმაზე უკეთესი არაფერია, ვიდრე ის, რომ თავად გადაიქცე საკუთარი სახელმწიფოს ფასეულობების, ასევე თავისუფლებისა და ერთიანობის იდეის მთავარ მატარებლად.

სწორედ ამას გვინგრევდა საბჭოთა კავშირი; ამას ქადაგებს ის ხალხი, რომელსაც  დღესაც სურს საქართველოში საბჭოთა კავშირის აღდგენა.  

ამიტომ, როგორც ორი შვილის მშობელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად ვიმუშავოთ, რათა ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ განათლება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

ამისათვის, ჩვენს პედაგოგებს საუკეთესო განათლების შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლების საშუალება უნდა ქონდეთ, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებშია შესაძლებელი.

შესაბამისად, ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ყველა პირობა უნდა შევქმნათ, რათა ყველა მასწავლებელმა იცოდეს, რომ სწორედ ეს არის თანამედროვე სტანდარტი.

სახელმძღვანელოებს ჩვენ ხშირად ვარიგებთ უფასოდ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, სახელმძღვანელო დაბეჭდილიც არ არის, ისე ძველდება.

ჩვენ ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს. აქ არის ჯიმშერ ღურწკაია, რომელიც დღეს შემთხვევით გავიცანი. მისი სახელი პირველად შამგონის სკოლაში გავიგე.

შამგონის სკოლა უშუალოდ ესაზღვრება ოკუპირებულ რაიონს. როდესაც იქ მივედი, ფარდები იყო ჩამოფარებული ფანჯრებზე, რომლებიდანაც რუსული პატრულები ჩანან, ხედავ როგორ ტკეპნიან ოკუპანტები ჩვენი ქვეყნის მიწას.

ჩვენი ბავშვები ამას ყოველდღე ხედავენ, ამის მიუხედავად, უნდა ნახოთ, როგორი სავსე არიან ბავშვები სიცოცხლის ჟინით. სკოლამდე მისასვლელად თითოეულ მათგანს რისკის ფასად, ურთულესი გზის გავლა უწევს. ისინი ფეხით გადიან ოკუპირებულ ტერიოტორიას და ხშირად ადიდებულ მდინარესაც არ ეპუებიან.

ეს ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს.

როდესაც მე-12 კლასელებისთვის სავალდებულო გახდა გამოცდების ჩაბარება, თბილისის ცენტრალური ქუჩებიდან რამდენიმე შეძლებული ოჯახის ბავშვი გამოვიდა და ეს ფაქტი გააპროტესტა: სწავლა არ გვინდაო.

შამგონელი ბავშვებისგან მისაბაძი ადამიანები გაიზრდებიან და ყველაფერს მიაღწევენ ცხოვრებაში და თუ ამ ბავშვებსაც მშობლები არ შეუშლიან ხელს და მიბაძავენ შამგონელ მოზარდებს, მათგანაც გამოვა რაიმე.

ბატონი ჯიმშერიც იმ სკოლიდან არის. იგი გერმანიაში წავიდა, კარიერა აიწყო, ყველაფერს მიაღწია და შემდეგ თავის სკოლას ფიზიკის საუკეთესო ლაბორატორია გაუკეთა.

ახლა იგი ასეთივე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სკოლას აშენებს ზუგდიდში. მან  ეს ცენტრიც აღჭურვა ისეთივე ლაბორატორით, როგორიც შამგონის სკოლაშია.

როდესაც შამგონის სკოლის ბავშვები და ლაბორატორია ვნახე, ხოლო შემდეგ იმ ბედოვლათებს გადავხედე, რომლებიც ჩვენ მიწას თელავენ და თავადაც არ იციან, რა უნდათ, ვინ გადმოსვა იქ, ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენი დამარცხება, ჩვენი მიწის წაღება შეუძლებელია.

ჩვენი ხალხი აუცილებლად დაბრუნდება უკან!

ჩვენ მათ ვაჯობებთ ნიჭით, ჭკუით, განათლებით, ორგანიზებულობით, რაც მთავარია, თავისუფლების დაუღალავი სიყვარულით და ჩვენი სამშობლოს იდეით, ჩვენი მრავალ ეთნიკური, მრავალ კულტურული, მაგრამ მაინც ერთიანი საქართველოს  იდეით, რომელმაც უნდა შექმნას სტანდარტები დანარჩენი მსოფლიოსთვის. 

მართლაც მოხიბლული ვარ ამ შენობით და იმით, რაც შიგნით ვნახე. ინტერნეტის საშუალებით, რამდენიმე კლასის მოსწავლეებს ონლაინ რეჟიმშიც გავესაუბრე.

მინდა მოგილოცოთ, რომ საქართველოს განათლების სისტემაში ასეთი ცენტრი შეიქმნა.

მარტო იმის თქმა, რომ ჩვენ დავნერგეთ ძალიან სამართლიანი საგამოცდო სისტემა  და უკვე ყველაფერი გავაკეთეთ, არასწორია.

 დასამალი არ არის, რომ ერთ დროს ასეც დაგვემართა - ვამბობდით: გამოცდები სამართლიანად მიმდინარეობს, ფულს აღარავინ აღარ იხდით, ბევრი ჭკვიანი ბავშვი მოეწყო,  და ახლა შეგვიძლია ვისიამოვნოთ და დავტკბეთ იმით, რომ ძალიან კარგი რამ გავაკეთეთ - ეს არასწორია.

ყველა სისტემას მუდმივი განვითარება სჭირდება. რეფორმა უწყვეტი პროცესია. კიდევ კარგი საქართველოში რეფორმა ცუდ ასოციაციას არ იწვევს, რადგან აქ, ძირითადად, ყველა რეფორმამ გაამართლა.

ეს რეფორმები, უპირველესად, ადამიანებზე იყო ორიენტირებული, მათ კეთილდღეობასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე.

თბილისის ყველა უბანი ფეხით მაქვს მოვლილი. თბილისის საკრებულოს თავჯდომარე ვიყავი და კარგად ვიცი, რომ გლდანზე მეტად უიმედო რაიონი არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოშიც კი არ იყო.

გლდანში მოსასვლელი გზაც კი არ იყო და თუ გლდანელები აქ არიან, დამეთანხმებიან კიდეც, რადგან ეს კარგად იციან.

ასფალტი პირდაპირ ნაგავსაყრელს გადაასხეს... აქ არ იყო განათება, დენი, არ იყო არანაირი ინფრასტრუქტურა, სრული უიმედობა და უპერსპექტივობა სუფევდა.

სხვათა შორის, თბილისშიც კი დიდი გაჭირვებისა და უმუშევრობის მიუხედავად, ყველაზე დინამიკურად განვითარებადი რაიონი დღეს სწორედ გლდანია.

ამ რაიონის ყველაზე უიმედო კუთხეებშიც კი, ასეთი შენობები წამოიჭიმება.

ეს კი იმის  მანიშნებელია, რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ. არც ცენტრალური მაგისტრალების გასწვრივ აგვიშენებია რაიმე ამისთვის, მაგალითად, შსს-ს შენობა, პრეზიდენტის სასახლე ან ბათუმის შენობები...

ქუთაისშიც საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი და ახალი საპარლამენტო ცენტრი, ყველაზე  უფრო მიტოვებულ უბანში შენდება.

უახლოეს პერიოდში ჩვენ გამოვაცხადებთ თბილისის ასევე ერთ-ერთ ყველაზე მიტოვებულ რაიონში ახალი ცენტრის მშენებლობის შესახებ და ამაზე შემდგომ ვისაუბრებ.

უწინარესად, უნდა მივიდეთ იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად აქვს ვინმეს განვითარების შანსი,  რადგან დაკვირვებული ვარ, რომ სწორედ ასეთ ადგილებშია ხალხი ყველაზე მონდომებული სწავლისთვის, მუშაობისთვის, განვითარებისთვის.

საბოლოოდ, საქართველოც ხომ ასეთია - არავის ჰქონდა იმედი რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებას მიაღწევდა, ყველას ეგონა რომ ჩვენ კლინიკურად დაღუპული ვიყავით, რომ ჩვენი გული წუთი წუთზე გაჩერდებოდა.

საქართველო ყოველთვის ფეხზე დგება.

ასეთივე უნდა იყოს ჩვენი განათლების სისტემაც.

მივიდეთ იქ, სადაც სიბნელეა და ყოველთვის შევიტანოთ სინათლე, ყოველთვის შევიტანოთ ახალი იდეები, თავადაც მუდმივად ავითვისოთ სიახლე, ვისწავლოთ და თუ ამას შევძლებთ, პარალელურად შევქმნათ სისტემა, რომელშიც საზოგადოებას მუდმივად ექნება საკუთარი უნარის დახვეწისა და განვითარების საშუალება.

დღეს პრობლემაა ის, რომ არსებობს თაობები, რომლებიც დამსახურებულ პენსიაზე არიან, თუმცა პენსიის რაოდენობა იმდენი არ არის, რამდენიც რეალურად უნდა იყოს.

არის თაობები, რომლებიც ახლა სწავლობენ და მათთვის მართლაც ძალიან კარგი პერსპექტივა იხსნება.

საქართველოში არ უნდა იყოს დაკარგული თაობა.

რა დასამალია, 80-90-იან წლებში კატასტროფული ჩავარდნა იყო, თავადაც, ნაწილობრივ, ამ წლების პროდუქტი ვარ.

განათლების სისტემის დაშლამ შრომის ბაზრის ჩამოშლა გამოიწვია, რასაც, საბოლოოდ, სახელმწიფოს დანგრევა და ტექნოლოგიური პროცესების განადგურება მოჰყვა და, ფაქტობრივად, ცარიელ-ტარიელი აღმოვჩნდით.

დღეს წვეთ-წვეთად ვაგროვებთ ყველაფერს. ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ლაბორატორია გაკეთდა - იქ ამ დღეებში ვაპირებ მისვლას. ჰიდროტექნიკურ ლაბორატორიასაც ვქმნით, რადგან ჩვენი ჰესები თავადვე უნდა ავაშენოთ.

ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე ვმუშაობთ ბათუმში და უახლოეს თვეებში დაიწყება მისი მშენებლობა.

ყველა ამ სიახლის ფონზე, არ უნდა გვყავდეს დაკარგული თაობა, ამისთვის კი, უნდა შევქმნათ მასობრივი სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და შრომის ბაზარზე მორგების პროცესი. ეს 40, 50, 60 წლის ადამიანსაც მისცემს საშუალებას, გადაეწყოს და თავისი განათლება და გამოცდილება, რაც თავისთავად დიდი უპირატესობაა, თანამედროვე შრომის ბაზარს მოარგოს.

რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, როდესაც ადამიანი 20-30 წელი მუშაობდა ერთი და იგივე სამსახურში და შემდეგ უცერემონიოდ შეამცირეს, სამსახურიდან ქუჩაში გაუშვეს.

ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში პატიოსნად ემსახურებოდა ერთ საქმეს, აღმოჩნდა, რომ უბრალოდ აღარავის სჭირდება. ასეთი მკვეთრი შემცირებების აუცილებლობა დღეს უკვე აღარ არის.

შარშან პირველი წელიწადი იყო, როდესაც საქართველოში უმუშევრობა შემცირდა და არა იმიტომ, რომ სამუშაო ადგილები არ იქმნებოდა, არამედ იმიტომ, რომ რესტრუქტურიზაციის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა სამუშაო ადგილის მიღმა.

როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ხალხის უკან მორგება აი ასეთი ცენტრები, მათ შორის, ეს კონკრეტული ცენტრიც, რა თქმა უნდა, უპირველესად, პედაგოგებს მოემსახურება, მაგრამ საქართველოს მაშტაბით იმის საშუალებასაც მოგვცემს, რომ მუდმივი შრომითი ციკლები შევქმნათ ყველა ასაკის მოქალაქისათვის.

ეს არის პრინციპის საკითხი - ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი გამოუყენებელი ადამიანი.

ჩვენ პატარა, მცირერიცხოვანი ერი ვართ და როდესაც ძალიან წარმატებული გავხდებით,  დაგვიდგება კვალიფიციური კადრების პრობლემა.

გარკვეულ ეტაპზე  სამუშაო ძალა უცხოეთიდან შემოვა, რაც ბევრი განვითარებული ერის გამოცდილებაა, მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, ჩვენი ხალხი უნდა დასაქმდეს.

ყველას, ვისაც მუშაობა შეუძლია, ვისაც ენერგია და ელემენტარული ბაზა მაინც აქვს იმისათვის, რომ თანამედროვე ცხოვრებას მოერგოს, ჩვენ, როგორც სახელმწიფომ უნდა დავეხმაროთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ხელშეწყობის მიზნით.

ამას წინათ მე და დიმიტრი შაშკინი ეროვნულ გამოცდებში პირველი ათი საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტს შევხვდით. ათიდან, რვა ბიჭი იყო.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ საქართველოში გოგონები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ბიჭები, მაგრამ ბიჭები ყოველთვის უფრო დაჩაგრულები იყვნენ.

სხვათა შორის პირველ ორმოცდაათ აბიტურიენტში აბსოლუტური უმრავლესობა ბიჭები იყვნენ.

ადრე საქართველოში ბიჭი იდგა ბირჟაზე, კრიმინალურ ქმედებებში იყო ჩართული და ეთაკილებოდა სწავლა.

წლებით დაჩაგრული, სოციალური, სულელური სტერეოტიპების მქონე ბიჭები ახლა ცდილობენ, რომ კონკურენტუნარიანი იყვნენ, ამიტომ პირველ 50 მოზარდში უმეტესობა ბიჭია.

ბევრმა მათგანმა ტექნიკური მიმართულება აირჩია, რადგან ტექნიკური სფერო ამჟამად ყველაზე პრორიტეტული მიმართულებაა.

იურისტები, თავადაც იურისტი ვარ, შეიძლება გვჭირდებოდეს, მაგრამ შეიძლება აღარც დაგვჭირდეს.

ეკონომისტები საჭიროა, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები გასავალი აქვთ, ვიდრე ინჟინერებს.

ინჟინერს შეუძლია ისეთი რამ შექმნას, რაც შეფასებას არ ექვემდებარება და მსოფლიო ბაზარზე იყიდება.

მაგალითად, ესტონელებმა გამოიგონეს სკაიპი და ამ პატარა ინოვაციით, ესტონეთმა რამდენიმე მილიარდი დოლარი მიიღო.

მოდით, ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი „სკაიპები“, ჩვენ შევქმნათ ჩვენი სტივ ჯობსები, ცუკერბერგები, ახალი ტექნოლოგიების დამნერგავები.

ყოველივე ეს შესაძლებელია, რადგან ქართველი ხალხი ძალზე ნიჭიერია.

ერთ-ერთი სამხედრო თვითმფრინავი ქართველებმა გამოიგონეს, პირველი ვიდეომაგნიტოფონიც ქართველმა შექმნა, პირველი რუსული საბჭოთა რაკეტაც ქართველმა ააგო. ე.ი. შეგვძლებია რაღაცის გაკეთება და გამოგონება.

ახლა საქართველოსთვის უნდა მოვიგონოთ თვითმფრინავებიც, საინფორმაციო ტექნოლოგიებიც და რაკეტებიც, რადგან უკვე გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, თანაც საამისოდ,  ნიჭიც გვაქვს, გენიც ხელს გვიწყობს და ძალზე წინწასული, საინტერესო საზოგადოებაც.  

აი, ეს არის ყოველივე იმის დანიშნულება, რასაც დღეს ვაკეთებთ.  

დიდი მადლობა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)