Google+

სიახლეები

04.10.2011
მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში იუსტიციის სახლი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა რიგით მეოთხე იუსტიციის სახლი ქუთაისში გახსნა, სადაც მან უკვე დანერგილ თანამედროვე მომსახურების მნიშვნელობასა და ამ სექტორში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების გაზიარების სურვილი, უკვე რამდენიმე განვითარებულმა ქვეყანამ გამოთქვა. 

„ჩვენი დაპირება და გეგმა, ქუთაისი გახდეს არა მხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ საქართველოს მეორე დედაქალაქიც, სრულდება. ჩვენი ამოცანაა, მაშინ, როდესაც  პარლამენტი გადმოვა ქუთაისში, კონტროლის პალატაც, პრაქტიკულად, მთელი შემადგენლობით გადმოვიდეს - მისი დიდი ნაწილი აქ უკვე გადმოსულია. აქვეა  საქართველოს მთავრობის ძალიან ლამაზი და სერიოზული ახალი სახლი და აქვეა  პარლამენტის შენობაც. ეს მთავრობა მუდმივად ახლოს  იქნება პარლამენტთან, რადგან  ხალხს მუდმივად უნდა აბაროს ანგარიში. საქართველოს მთავრობის სახლს ჩვენ 23 ნოემბერს გავხსნით. ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში კი, პირველი სხდომა 2012 წლის 26 მაისს გაიმართება. აქ ბევრი სხვა რამ კეთდება,  რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ნათქვამი ბოლომდე განხორციელდება. ჩვენი ახალი იუსტიციის სახლები ნამდვილად, გაზვიადების გარეშე ვამბობ, საუკეთესოა მსოფლიოში. უკვე რამდენიმე ქვეყნიდან  დაგვიკავშირდნენ და ამ სისტემის გადაღება სურთ. ე.ი. ეს არის სიახლე, ნოუ-ჰაუ, რომელიც შექმნა საქართველომ. როგორც სახელმწიფო მართვაში ვქმნით ნოუ-ჰაუს იუსტიციის სახლის სახით, ქართული პოლიციის სახით, კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების სახით, ახალი საგადასახადო და საბაჟო გეზის სახით, ზუსტად ასევე უნდა შევქმნათ ნოუ-ჰაუ ტექნოლოგიების მხრივაც. საქართველოს გამოცდილებითა და წარმატებული რეფორმებით  დანარჩენი მსოფლიოც ისარგებლებს. ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი, რომელსაც განათლების სისტემის რეფორმაცია, სერიოზული ტექნოლოგიური სიახლეები უნდა მოყვეს ყველა სფეროში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ისევე როგორც სხვაგან ქუთაისის იუსტიციის სახლშიც, მომხმარებელს საშუალება ექნება, ერთ სივრცეში  მიიღოს იუსტიციის სამინისტროს უწყებების 250-ზე მეტი სერვისი, აქვე შესაძლებელი იქნება ენერგეტიკის სამინისტროს სალიცენზიო მომსახურებით სარგებლობაც. ქუთაისის იუსტიციის სახლი პირველია, სადაც ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფო უწყების მომსახურება ერთიანდება.

იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვს პირველკურსელს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მოიპოვეს, ახალი პირადობის მოწმობები გადასცა.  მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სახლის წინ შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე მონაწილეობდნენ. იუსტიციის სახლის გახსნას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და ქუთაისის მცხოვრებლები დაესწრნენ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)