საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანი მოკავშირეა ჩვენთვის ლიტვა მთელი ევროპის მაშტაბით, ყველგან, მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ასევე იცით, როგორი ურთიერთობა აქვთ ჩვენ ხალხებს.
ვფიქრობ, ლიტვის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში ამ ძალიან მნიშვნელოვანი, თბილი ურთიერთობისა და მხარდაჭერის ძალიან ნათელი დადასტურებაა.
პირადად მე ქალბატონ გრიბაუსკაიტეს მადლობელი ვარ იმისათვის, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ლიტვა, როგორც ყოველთვის, ახლაც ხმალამოწვდილი იბრძვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა საერთაშორისო ფორუმზე, განსაკუთრებით, ევროკავშირსა და ნატოში, რათა საქართველოს ინტერესები დაცული იყოს და ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებსა და ნატოში.
როდესაც რაიმე გვსურს, ჩვენს დასახმარებლად, უპირველესად, ლიტველები მოდიან. ეს ასევე არის ქალბატონი პრეზიდენტის პირადი დამსახურება.
ამიტომ, მას დიდ მადლობას ვუხდი.
ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე:
ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში.
სტაბილურობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
ჩვენ მხარს ვუჭერდით და ახლაც ვუჭერთ საქართველოს მცდელობას აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.
ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
მე აქ ასევე ვიმყოფები როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი.
ჩვენთვის მნიშველოვანია და გვსურს, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები სამხედრო ჩარევის გარეშე, მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მით უმეტეს, რომ კონფლიქტები არავის არ უნდა.
ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით, ლიტვას ყველაზე კარგად ესმის საქართველოსი.
ჩვენთან ერთად მთელი ევროპა მიიჩნევს, რომ აქ არსებული პრობლემები ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.
საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენც გვჯერა, რომ საქართველო მშვიდობიანად გადაწყვეტს პრობლემებს.
ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ვითარდება თქვენი ქვეყანა, რაოდენ დიდ ძალისხმევას იჩენს ხელისუფლება ხალხისთვის და ძალიან კმაყოფილი ვართ ასეთი კარგი შედეგებით.
რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონებს, გვინდა ვნახოთ, რომ თქვენ თავად ხართ გახსნილი, რათა კონტაქტი გვქონდეს ამ რეგიონებთან. ეს განსაკუთრებით, გაზმომარაგებასა და სხვა რესურსების მიწოდებას შეეხება.
20 წლის წინათ ლიტვა თავად იყო ეკონომიკურ ბლოკადაში და ვიცით თუ რას ნიშნავს ეს.
გისურვებთ წინსვლას!
გჯეროდეთ საკუთარი თავის და ქვეყნის მომავლის. იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და მხარს გიჭერთ.