Google+

სიახლეები

09.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი შსს-ის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა, მათ პირადად გადაუხადა მადლობა რუსეთის  ფედერაციის სამხედრო  აგენტურული ქსელისა და  მათ მიერ ჩადენილი დანაშულებრივი ქმედებების გამოვლენის წარმატებით განხორციელებული ოპერაციისთვის და 13 მათგანი ვახტანგ გორგასლის I, II da III ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა.

უპირველესად, მინდა ვისაუბრო საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შესახებ, რადგან ვნახეთ, რომ ამ მაჩვენებლებში პოლიციისადმი ნდობა რეკორდულად მაღალია - 84 პროცენტი.

ეს აბსოლუტური რეკორდია არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისა და, ზოგადად, მსოფლიო მაშტაბით.

თქვენ ნახეთ, რომ ამ კვლევაში, 2004 წლიდან საქართველოს მთავრობის კურსს ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს.

ხალხის გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი ხალხი დღეს არის უფრო ერთიანი პოლიტიკის ძირითად საკითხებში, ვიდრე როდესმე.

მთავრობის რეიტინგი ხან იმატებს და ხან იკლებს - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხალხს პოლიტიკოსები შეიძლება მოსწონდეს ან, ზოგ შემთხვევაში, არც მოწონდეს, მაგრამ ის, რომ პოლიციისადმი, როგორც ინსტიტუტისადმი, ნდობა ძალიან მაღალია, მთავრობის, ცალკეული მინისტრების, პრეზიდენტის ან მთლიანობაში, პოლიტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერის ხარისხის მიუხედავად, ძალზე სასიხარულოა. ეს თქვენი დამსახურება და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

საზოგადოებისა და თქვენი კონსოლიდაციის გარეშე ვერც უსაფრთხოების იმ რეჟიმს შევინარჩუნებდით, რომელიც დღეს გვაქვს და თან მაღალ დონეზე, ვერც დანაშაული გაიხსნებოდა ისე, როგორც ის დღეს იხსნება და პირიქით, ქვეყანაში უამრავი პრობლემაც შეგვექმნებოდა.

დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ვითარების გაუმჯობესების საშუალება ყოველთვის არის. პროფესიონალიზმი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ახალი დროის მოთხოვნებს პასუხობდეს.

მაგალითად, ტურიზმის 2010 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, შემოსულ ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, 41 პროცენტით არის გაზრდილი.

მომავალ წელს, წლევანდელთან შედარებით, 60-70 პროცენტიან ზრდას ველოდებით. ხოლო უახლოეს წლებში, მაქსიმუმ, სამ წელიწადში, ტურისტების რაოდენობა 5 მილიონამდე გაიზრდება.

პოლიციისთვის ეს განსაკუთრებული გამოწვევაა.

ჩვენ ძალზე გავამარტივეთ მანქანების გაფორმება და ამის შედეგად, მეზობელ ქვეყნებში მანქანების ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. ბევრი ადამიანი ამ საქმით დაკავდა და შემოსავალი გაუჩნდა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ხალხი მანქანების წარმოებაში დაგვესაქმებინა, მაგრამ  მეორადი მანქანების რეექსპორტიც ბევრი ადამიანისთვის არის შემოსავლის წყარო. პროცედურა გაამარტივების წყალობით, ამ საქმის წარმოებაც გამარტივდა და შედეგად ხალხი დასაქმდა.  

მინდა შევეხო იმ ოპერაციას, რომელიც საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუშური ქსელის გამოვლენასა და დაკავებასთან დაკავშირებით განახორციელეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო, რადგან ჩვენი ქვეყანა მუდმივად იმყოფება წნეხის ქვეშ და დესტაბილიზაციის მცდელობის პირობებში

ჩვენი მუშაობა კვლავაც გაგრძელდება.

ჩვენ უარი ვთქვით უშიშროების ძველი კომიტეტის მსგავს სამსახურზე და დავითხოვეთ უშიშროების სამინისტრო. დსთ-ის სივრცეზე ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც უშიშროების სამსახური არ ჰქონდა. მის ნაცვლად, ჩვენ შევქმენით, ძირითადად, ახალგაზრდებით  და უფროსი ასაკის საუკეთესო კადრებით დაკომპლექტებული ახალი სამსახური. ჩვენ შევძელით სრულიად ახალ პრინციპებზე, ბევრად ნაკლები რესურსებით, მაგრამ ისე როგორც დემოკრატიულ და არა რეპრესიულ საზოგადოებას შეეფერება, ხალხის მონაწილეობითა და მისი ნდობის, ასევე ახალი მეთოდების ათვისების პირობებში კონტრდაზვერვის სისტემის - პატარა, მაგრამ ეფექტიანი, მოქნილი კონტრდაზვერვის სამსახურის შექმნა.

ჩვენ გვებრძვის ნამდვილი მონსტრი, მაგრამ მისი დამარცხება შესაძლებელია, რადგან ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ და ჩვენი გამჭრიახობა, უპირველესად, ჩვენს შრომისმოყვარეობაშია. სწორედ ამით შევძლებთ ამ მონსტრის მაქსიმალურად განეიტრალებას.

ახლა ზოგიერთები შიშობენ, რომ ამით ჩვენს მეზობელთან უფრო მეტად დავძაბავთ ურთიერთობას.

მინდა ყველას შევახსენოთ თუ რა ურთიერთობაა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის.

რუსეთი არის საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის, მათ შორის ჩვენი შავი ზღვისპირეთის ორი მესამედის დამპყრობელი და  ოკუპანტი.

ამაზე მეტი რაღა უნდა გამძაფრდეს?

ის დამპყრობელი და მიმტაცებელია და ცდილობს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააკანონოს ამ ტერიტორიების მიტაცება, თუმცაკი არ გამოსდის. მისი წყალობით დარჩა  ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე უსახლკაროდ. რომელ გამძაფრებასა და გასხვავებულ შეფასებაზეა ლაპარაკი?

თუ სირაქლემას პრინციპით ვიცხოვრებთ და თავს მოვიტყუებთ, ამ ფაქტებთან შეგუებასა და ვითარების ამაზე მეტად გამძაფრებას მოვერიდებით, სხვა საქმეა.

ჩვენ ვიბრძვით საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის. ეს არის უპირველესად საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის განვითარება და გაძლიერება, მტკიცე სახელმწიფოს ჩამოყალიბება და როგორც ყოველივე ამის შედეგი, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია; ე.ი. საბოლოო გათავისუფლება და ოკუპანტებისა და დამპყრობლებისგან და მათი საქართველოდან განდევნა.

ამიტომ, ყველა სახელმწიფო მოხელისა და მთლიანად ჩვენი ხალხის მუდმივი საზრუნავი სწორედ ეს არის.

ჩვენ ვიცავთ თავს და ჩვენი კონტრდაზვერვის მუშაკები თავდაცვის პირველ ხაზზე არიან.

მინდა დიდი მადლობა გითხრათ და შემდგომი წარმატებები გისურვოთ საქართველოს მტრის მოქმედებებისა და ხრიკების შესაჩერებლად და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.

დღეს ჩვენ გვექნება ზოგიერთი ოპერატიული მუშაკის დაჯილდოების დახურული ცერემონია, რადგან იმის გათვალისწინებით, თუ რა ხალხთან გვაქვს საქმე, კონტრდაზვერვის მუშაკთა ჩვენება, თუნდაც, დემოკრატიის პირობებში,  არ არის სასურველი.

მინდა, ერთი რამ იცოდეთ - ხალხი აფასებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არავისთან არ გვსურს კონფრონტაცია, ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს. თუ რუსეთი გამოიჩენს კეთილ ნებას და საქართველოსთან დაიწყებს მოლაპარაკებას, საქართველო ამისთვის ყოველთვის მზად იქნება.

თუ ჩვენ დაგველაპარაკებიან როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვიყავით, ვართ და ვიქნებით მზად მთავარი საკითხების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკება ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ სახელმწიფოებრივ დონეზე.  

როგორც სახელმწიფო სახელმწიფოსთან, ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ ეს დიალოგი. თუ მათ ქართველ ხალხთან ლაპარაკი პროვოკაციების, დაპყრობის, შანტაჟისა და მოსყიდვის ენით, მათ შორის, აგენტურული ქსელის მეშვეობით სურთ, ეს მათი არჩევანია. თუმცა, ვფიქრობ, ეს არ წაადგება არც ჩვენს სამომავლო ურთიერთობას, რომელიც იმედია, როდესმე აღდგება და დარწმუნებული ვარ, არც მათ ინტერესებსა და რეგიონალურ უსაფრთხოებას.  

ჩვენ მზად ვართ, ერთი მხრივ, ვილაპარაკოთ, მეორე მხრივ, ყოველთვის ფხიზლად ვიყოთ იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის ფენომენთან გვაქვს საქმე.

დიდი მადლობა და გადავიდეთ ცერემონიის შემდეგ ეტაპზე.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)