Google+

სიახლეები

08.11.2010
მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას.

ჩვენ ვართ უნივერსიტეტში, რომელსაც ძალიან კარგი სახელი აქვს.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენთან საუბარი, არამედ იმის ნახვა, რაც აქ ხდება, თქვენი აზრის მოსმენა.

უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადი კახა ბენდუქიძეს იმისათვის, რასაც ის აკეთებს.

ჩვენ ბევრი ადამიანი გვინახავს საქართველოში წარმატებული ბიზნესკარიერით, მოხვეჭილი სახელით დაბრუნებული და ქვეყანას ბევრი მათგანი გამოადგა კიდეც.

ერთ-ერთი ყველაზე კარგი მამულიშვილური საქმე სწორედ კახა ბენდუქიძემ გააკეთა. იგი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ყველაზე რთულ პერიოდში იყო. მთავრობიდან წასვლის შემდეგ, მთავრობის  ბევრი ყოფილი წარმომადგენლისგან განსხვავებით, არ გაბოროტდა, რადგან იგი თვითკმაყოფილი პიროვნებაა და მას სხვა დიდი საქმის კეთების არავითარი პრობლემა არ ჰქონდა.

იმაზე მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე ქვეყანაში განათლების დანერგვა და ჩვენი განათლების სისტემაში, რეალურად, ახალი სტანდარტების შემოტანაა, არც ერთს არ გვაქვს.   

ვნახე ის ლაბორატორიები, სადაც სწავლობთ ჩინურ, იაპონურ, არაბულ, თურქულ  ენებს. ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ უცხო ენა, ჩემი აკვიატება და ახირება არ არის. ეს არის ინსტრუმენტი, რათა ადამიანმა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს.

აქ არის ორი თვალსაზრისი. რომელიღაც ტელეარხზე, ვიღაც ამბობდა: ქართველებს სამი ათასი წელი არ დასჭირვებიათ ინგლისური და ახლა რაში უნდა დაჭირდეთო...  არის  შენი ქვეყნის წარსულისა და მომავლის მსგავსი ხედვა და არის მეორე - ქართველები ყოველთვის იყვნენ ცნობისმოყვარეები. თუ კარგად წაიკითხავთ ვეფხისტყაოსანს, ნახავთ, რომ მთელი სამყაროა აღწერილი. როდესაც ხარ პატარა ქვეყანა, რომელსაც სურს მიაღწიოს წარმატებას, რომელიც იბრძვის არსებობისა და გადარჩენისათვის, დაუშვებელია არ იცოდე რა ხდება დანარჩენ სამყაროში და შეუძლებელია არ გინდოდეს გახდე ამ სამყაროს ნაწილი, მით უფრო, ამ სამყაროს წარმატებული ნაწილი.

თუ კარგად დააკვირდებით, ქართველები ინდივიდუალურად იყვნენ წარმატებული მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენ ყველამ ვიცით, მაგალითად, ნადირაძე, რომლის გამოგონილ რაკეტებს გვესროდნენ ის ბარბაროსები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტს იკავებენ. ახლა კიდევ ერთი ქართველი, ქუთაისელი დანიშნეს რუსებმა თავისი ახალი ტექნოლოგიური ცენტრის დირექტორად.

ბევრმა ჩვენგანმა კარგად იცის, ქართველიშვილი, რომელმაც შექმნა პირველი საფრენი აპარატები ამერიკაში.  ამას წინათ, თავადაც პირველად გავიგე, ვინ იყო თანამედროვე ვიდეომაგნიტოფონის გამომგონებელი. ეს ყოფილა ვინმე რჩეულოვი - რჩეულიშვილი, რომელმაც გამოიგონა, შექმნა და დააპატენტა პირველი ვიდეომაგნიტოფონები ისტორიაში. ეს ადამიანი ევროპასა და ამერიკაში მოღვაწეობდა.

აღარაფერს ვამბობ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებზე, ქართველ მხედართმთავრებზე, ქართველ არქიტექტორებზე... ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ადგილი მსოფლიოში, რომელიც ნამდვილად არაფრით არ ჩამოუვარდება ვენეციას, არის ისპაჰანი. ის ალავერ უნდილაძის მიერ არის აშენებული. ალავერ-ხანის ხიდი, ჩემი აზრით, ნამდვილად სჯობს პონტოვეკიოს. მთელი ქალაქი წარმოუდგენლად ლამაზია. ესეც ქართველების ნიჭის  განსაკუთრებული გამოხატულებაა.

ქართველები აღწევდნენ წარმატებას მსოფლიოში, მაგრამ ახლა, ჩვენი ქვეყნისთვის დადგა ეტაპი, როდესაც საქართველომ უნდა მიაღწიოს მსოფლიო წარმატებას.  

ამ უნივერსიტეტში იმის გამო გადავწყვიტე მოსვლა, რომ ძლიერია ეკონომიკური და ბიზნეს მიმართულება. თუმცა აქ იხსნება ფიზიკის ფაკულტეტი, დიდი მოთხოვნაა ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე...

ორი დღის წინათ, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით. ბოლოს მსოფლიო ჩემპიონები ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში ვიყავით, მანამდე ქალთა ჭადრაკში, მაგრამ ამჯერად მსოფლიო ჩემპიონები ვართ მსოფლიო ეკონომიკური რეფორმების წარმოების მხრივ. ეს არის მსოფლიო ბანკის კვლევის ოფიციალური შედეგი 178 ქვეყანას შორის. საქართველომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებითა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით პირველი ადგილი დაიკავა.  

ეს ნიშნავს, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, არც ერთ სხვა მთავრობას მსოფლიოში, არ განუხორციელებია იმდენი რეფორმა ხალხისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების  გასაუმჯობესებლად, რამდენიც  საქართველოს მთავრობამ გააკეთა.

ეს არც საქართველოს მთავრობის პიარია, რადგან ჩვენ იქ ხელი არ მიგვიწვდება, არც ტყუილის რეალობად გასაღების მცდელობა, რადგან ნათლად წერია: „ბიზნესის კეთების სიმარტივე". ვისაც ინგლისური სამი ათასი წლის განმავლობაში არ დასჭირვებია, მან შეიძლება ვერ წაიკითხოს, მაგრამ შეგვიძლია ვუთარგმნოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი და დიდი შესაძლებლობები, რაც უდავოდ კარგი ამბავია.   

ახლახან მომაწოდეს საინფორმაციო ცნობა და მეორე კარგი ამბავი არის ის, რომ გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსით, ბოლო მოხსენებით საქართველოს მიაკუთვნეს 74-ე ადგილი. ეს არ არის ისეთივე მაჩვენებელი, როგორიც წინა გამოკვლევაში გვაქვს, მაგრამ ჩვენ წინ წავიწიეთ. 2005 წელს ვიყავით 96-ე ადგილზე, 2009 წელს 89-ე ადგილს ვიკავებდით. 2009 წლის ჩათვლით, საქართველო საშუალო ადამიანური განვითარების ქვეყანათა ჯგუფში იმყოფებოდა. ეს რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღვრება: ხალხის შემოსავლით, ჯანდაცვის დონით, განათლების, სიღარიბის, თანაბარუფლებიანობის, გენდერული თანასწორობის, მდგრადი განვითარების, ადამიანის უსაფრთხოების ხარისხით.   

ჩვენ გადავედით მაღალი ადამიანური განვითარების ქვეყანათა ჯგუფში.  ამ კვლევის მონაცემებით, პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ჩვენ მხოლოდ ნავთობმომპოვებელი ქვეყნები გვისწრებს.

მესამე ამბავი ცუდი მაქვს: სტატისტიკის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, თბილისში ნაწილობრივ და სრულად უმუშევართა რაოდენობა 30 პროცენტს აღწევს. პენსიონრების რაოდენობა რომ გადავიანგარიშოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მეოთხე ადამიანი მთლიანად ან ნაწილობრივ დაუსაქმებელია. ეს არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი.

ამიტომ, როდესაც მსოფლიო ბირჟებზე ათი პროცენტით იმატებს  ხორბლისა და ფქვილის ფასი, რაც ავტომატურად აისახება ხორცის, წიწიბურას, სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს უმძიმეს დარტყმას აყენებს სოციალურად დაუცველ ხალხს, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარება, რა ციფრებიც არ უნდა დავასახელოთ, ჯერ კიდევ არ არის სათანადო დონეზე.

იაპონელისთვის პურის 10 პროცენტით გაძვირება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, ესტონელისთვისაც ეს ძალიან პატარა პრობლემაა. საქართველოსთვის ეს დიდი პრობლემაა და სწორედ იმის გამო, რომ განვითარების სათანადო ეტაპზე არ ვართ.

ჩვენ ამ ფასებზე გავლენას მოვახდენთ, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. შეგვიძლია გარკვეული პროდუქტი მეტი ვაწარმოოთ და მისი გაყიდვიდან მივიღოთ შემოსავალი. მაგალითად, აზერბაიჯანში ხორცი 17 დოლარი ღირს. თუ ჩვენ ხორცის პროდუქციის რაოდენობას გავზრდით, გარკვეული ნაწილს გავყიდით.

ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების დონე ავამაღლოთ, ჩვენს ხალხს მივცეთ შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომავალში შიშით არ ვძრწოდეთ რომელიმე ქვეყანაში მომხდარი სტიქიური თუ პოლიტიკური კატაკლიზმების გამო.     

როგორ უნდა დავძლიოთ უმუშევრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც, ჩვენს დედაქალაქშია და როგორ უნდა შევცვალოთ ვითარება უკეთესობისკენ?

საქართველოს აქვს ეკონომიკის განვითარების სამი ძირითადი მიმართულება, რომლებიც  შემდეგ 5 წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი ნომინალური შემოსავლის გაორმაგების და უმაღლეს კატეგორიაში გადასვლის საშუალებას მოგვცემს.

 ახლა ჩვენ გადავედით საშუალოდან მაღალ კატეგორიაში, არსებობს უმაღლესი კატეგორიაც, რომელშიც არის ევროპის, დასავლეთ ევროპის და ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი და მსგავსი ქვეყნები.

რა არის ამისთვის  საჭირო?

ჩვენი ეკონომიკის სამი სექტორია - ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

რა არის ინფრასტრუქტურა?

უპირველესად, ეს არის ჰიდროენერგეტიკა. ბოლო თვეების განმავლობაში გამოვთვალეთ, რომ უახლოეს 7-8  წელიწადში შეგვიძლია 5 მილიარდი დოლარი მოვიზიდოთ ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის ე.ი. 5 მილიარდი დოლარი ჩაიდოს საქართველოს ახალი კაშხლების, ახალი ტურბინების, ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნისთვის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ფული იდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და ცოდნის მიღებაში.

თქვენ შეიძლება არაფერს არ გეუბნებათ სახელი - ნენსკრა. იცით რა არის ნენსკრა? არა? - ასეც ვიცოდი. დარწმუნებული ვარ, არავინ არ იცის. ნენსკრა არის ადგილი სვანეთში, სადაც მომავალ წელს ჩვენ ვგეგმავთ 600 მეგავატიანი, დიდი  ჰიდრო ელეტქრო სადგურის მშენებლობის დაწყებას. ეს იქნება ენგურის ნახევარი სიდიდის კაშკალი და ეს არის დაახლოებით 600 დან 800 მილიონ დოლარამდე მოზიდული ინვესტიცია.

ხუდონი გაგვიგია ალბათ, რადგან ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ. რეალურად, არის შანსი, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის, ყველაზე გვიან 2012 წლის დამდეგს დაიწყოს მშენებლობა და 800-დან  მილიარდ დოლარამდე ხუდონჰესის მშენებლობაში  ჩადება  ე.ი. ეს არის შემდგომ დამატებით 800-900 მეგავატი, რომელიც შეიძლება ამ ჰიდროელექტრო სადგურმა გამოიმუშაოს.

ამას გარდა, ნამახვანის ჰესისთვის ვაგროვებთ  ფულს. რეალურად, ჩვენი გათვლებით და, კორეულ-თურქული კონსორციუმის გაანგარიშებით, ესეც, დაახლოებით, 700- 800  მილიონი დოლარის ინვესტიციაა. ახლა კონსორციუმი კაპიტალის მოგროვების ეტაპზე იმყოფება და იმედია, ამ ჰესის მშენებლობაც მომავალ წელს დაიწყება.

რას ნიშნავს ახალი ჰესების მშენებლობა? ეს არის 100 ათასამდე დასაქმებული ადამიანი მარტო მშენებლობაზე; ეს არის ხალხი, რომელიც შემდგომში უნდა დასაქმდეს.

სულაც არ ვარ წინააღმდეგი და ძალიანაც გამიხარდებოდა, რომ საქართველოში  ხვალ ბევრი ნავთობი ვიპოვოთ, მაგრამ ჰიდროენერგეტიკა, თან ასეთი მასშტაბური, ტექნოლოგიურად ტევადი რესურსია, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარების საშუალებას გვაძლევს.  ყოველივე ამის შესაქმნელად ძალიან ბევრი ადამიანის შრომაა საჭირო.

ეს თავისთავად არ მოდის - ეს მიწაში ჭაბურღილი არ არის.

ჰიდროენერგეტიკა არის მშენებლობა, ბევრი ახალი ტექნოლოგიებისა და  ელექტროენერგიის ახალი ტრანსპორტირების საშუალებების დანერგვა, რაც, რა თქმა უნდა, ავითარებს ხალხს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ ყოველივე ეს ერთად შენი წარმოება და შენი ექსპორტი.

დღეს  ჩვენ ვამბობთ, რომ არაადეკვატური სავაჭრო ბალანსი გვაქვს. გვაქვს, იმიტომაც რომ საქართველოში ხდება საწვავის იმპორტი.

ამ დარგის განვითარება ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლის საშუალებას გვაძლევს. აი, ახლა მაგალითად ჩვენი მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადსხვა კომპანიებთან მსოფლიოში, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ ასეთი კურსი ეკონომიის სამთავრობო რესურსების.

ჩვენ გვინდა ჩვენი ავტოპარკი შევამციროთ სამთავრობო დარგში (და აქ შედის არა მარტო ის თუ რა მანქანით დადიან მინისტრის მოადგილეები, არამედ პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო დახმარებები), მინიმუმ სამჯერ და ყველაფერი რაც დაგვრჩება, თითქმის 100 პროცენტი, იყოს ელექტრომობილები.

რატომ ელექტრო მობილები?

ჯერ ერთი, ეს პრინციპის საკითხია. ჩვენ ყოველდღე ვუხდით  ჩვენ ფულს  საკუთრი ჯიბიდან, მათ შორის, იმას, ვისაც საქართველოს მიწების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და მეორე, ელექტროენერგია ჩვენთან უფრო იაფია; თანაც უფრო ტექნოლოგიური და ლამაზია. 

საქართველოს უნდა ჰქონდეს მსგავსი რამ - ფსიქოლოგიურად ეს განსხვავებულ კლიმატს ქმნის. ეს საჭიროა, რათა საქართველომ განვითარდეს და მიმზიდველი ქვეყანა გახდეს დანარჩენი მსოფლიოსათვის.

და რომ დავამთავროთ ჩვენ დღესაც გვაქვს იაფი რესურსები, ჩვენ დღესაც ერთ-ერთ ყველაზე დააბლ ფასს ვიხდით ბუნებრივ გაზში, რადგან  ენერგორესურსებით მდიდარ რეგიონებთან ვართ ახლოს. ამიტომ ვთქვათ, სასუქების და რამდენიმე სხვა  მეორადი წარმოების იაფი ენერგორესურსების მეორადი გადამუშავება, ასევე ჩვენი განვითარების და შემდგონი წინსვლის  პოტენციალია.

მეორე სტრუქტურა ეს არის ტურიზმი. საქართველოს აქვს წარმოუდგენელი ტურისტული პოტენციალი. ხშირად მსმენია, რომ პატარა ქვეყანა ვართ და სხვებსჩვენზე გაცილებით დიდ ქვეყნებს უფრო დიდი აქვს ზღვის ზოლი, ზოგს უფრო მეტი მთა აქვს...

დააკვირდით, ამხელა ქვეყანაა რუსეთი. ერთი ადგილი მითხარით, რომელიც საქართველოს რომელიმე ადგილთან ახლოს მოვა ტურისტული პოტენციალით.

რატომ არის სოჭში, რომელიც, პრინციპში, ბევრად  ჩამოუვარდება აჭარას, წარმოუდგენლად დიდი განსხვავებაა, ამხელა განვითარება? ერთადერთი ადგილი, რომელიც, ასე თუ ისე, ჰგავს კურორტს, არის ეს.

მაგალითად, კახეთიდან რომ გადადიხარ დაღესტანში ბევრ ადგილზე უკვე  არის  პაქტიკულკად ხრიოკი, სილამაზე არის მეორე მხარეს.

მყინვარწვერის აქეთა მხარე ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მეორე.

სამწუხაროდ, ეს იყო მიზეზი რატომაც ვიზიდავთ ჩვენი მოწინააღმდეგის როგორც კარგ, ისე ძალიან ცუდ ინტერესს. ეს იყო მისთვის კარგად გადანახული საიდუმლო - მან იცოდა  ჩვენი მიწის ფასი და ძალიან არ უნდოდათ სხვებს გაეგოთ.

ახლა ისტორიული პროცესი მიმდინარეობს, რადგან სხვებიც იგებენ რამდენად დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა საქართველო. ამავე დროს სრულიად სხვა მხრივ იაზრებენ ჩვენს ტურისტულ პოტენციალს. 

საბჭოთა კავშირის დროს, მიიჩნევდნენ, რომ ჩვენი ტურისტული პოტენციალის 70 პროცენტი არის აფხაზეთი.

დღევანდელ ტურისტულ კრიტერიუმებს გადავხედავთ, მივხვდებით რა  ფასობს დღეს მსოფლიოში.

საბჭოთა კავშირი იყო ჩაკეტილი ქვეყანა, მოყავდათ მანდარინი და ციტრუსები, აქ უნდა მოგვეყვნა მთელი ღვინო, რამდენიმე სხვა პროდუქტი, მაგალითად, ბამბა და აქ უნდა დაესვენეთ მთელ მშრომელებს ციმბირიდან, ურალიდან  და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან.

ყველა ადგილს ქონდა თავისი სპეციფიკა: უზბეკეთს ჰქონდა თავისი სპეციფიკაცია, საქართველოს ქონდა თავისი მონოკულტურები.

რეალურად მსფლიოში, რა თქმა უნდა, არის კონკურენცია, მათ შორის, საზღვაო სამთო კურორტებსა  და სხვა დასასვენებლ ადგილებზე. ასეც იყო  - მიიჩნევდნენ, რომ მტელი პოტენციალი იყო აფხაზეთში და ამიტომაც წაუცდა მისკენ ხელი რუსეთს.

სწორედ ეს იყო კონცეფცია -  არ შეიძლებოდა, რომ იქაური სანატორიუმები საქართველოს დარჩენოდა. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან,  მესტიას უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მთელ აფხაზეთს, რადგან ეს არის მაღალი კლასის სამთო კურორტი, რომელიც მხოლოდ მესტიას არ მოიცავს. 130 კმ სიგრძის სათხილამურო ტრასებია ადიშის ხეობაში და ასევე, საზაფხულო დასვენებისთვის არის მიმზიდველი.

ყურადღებას სათხილამუროზე კურორტზე ვამახვილებ, რადგან მინდა, რომ ზამთარშიც გამოცოცხლდეს იქაურობა, თორემ ზაფხულის კუროტები ისეთივე დატვირთული იქნება როგორც იყო.

სვანეთის პოტენციალი 130 კილომეტრიანი ტრასებით, 5 კურშაველის ხელაა  მარტო სათხილამურო თვლსაზრისით.

ანაკლიის პოტენციალი ბიჭვინთაზე ნამდვილად არანაკლებია, რადგან, დაახლოებით, რამდენიმე ათეულკილომეტრიანი, მინიმუმ, 18 კილომეტრიანი, ფართო ქვიშის პლაჟი გვაქვს, უკან   ძალიან ლამაზი ტყით, მშრალი კლიმატით და თბილი ზღვით.

ამ  ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით, ჩვენ ვვარაუდობთ ყოველ წელიწადს ტურისტების რაოდენობის 30 -35 პროცენტით გაზრდას.  წელს საქართველოში 2 მილიონი ტურისტი იქნება.

ხშირად დავობენ  რა ტექნოლოგიაა, როგორ ვითვლით რამდენი ტურისტი ჩამოდის ვინც ჩამოდის ყველა ხომ არ არის ტურისტი და ა.შ. 

ყველა, ვინც ფულს ხარჯავს, ჩვენი თვალსაზრისით, არის ტურისტი. ბიზნესის დასაწყებადაც რომ ჩამოვიდეს ისიც ტურისტია. კარგი იქნებოდა 2 მილიონი ადამიანი ბიზნესისთვის იყო ჩამოსული, მაგრამ ვიცით, რომ მათი უმეტოსობა ტურისტია.

უახლოეს წლებში 5 მილიონი ტურისტის მიღების პოტენციალი გვაქვს, ხოლო მომავალში, ეს რაოდენობა გაორმაგდება.

პატარა სან-მარინოში 5 თუ 6 მილიონი ტურისტი ჩადის, ასე რომ, ქვეყნის სიდიდეს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმდენად უნიკალური ადგილები გვაქვს.

მაგალითად, ამას წინათ, პატრიარქთან ერთად ვიყავი სნოში, ყაზბეგში. მსგავსი სილამაზის მთები, ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ არ მინახავს.

თუშეთში წარმოუდგენელი პოტენციალი გვაქვს;  ზღვისა და მთის კომბინაცია  - წარმოუდგენელი პოტენციალია. ამდენთვიანი საბანაო სეზონიც კიდევ ერთი, ცალკე აღებული პოტენციალია, უამრავი მინერალური წყალი - ბრენდი, რომლესაც აქვს ძალიან მაღალი  ცნობადობა.

წყალტუბო იციან ყველა არაბულ ქვეყანაში. უხსოვარი დროიდან აქ ბევრი ჩამოდიოდა სამკურნალოდ. ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ნასერი რამდენჯერმე იყო წყალტუბოში და მთელმა არაბულმა სამყარომ იცის, რომ ის აქ მკურნალობდა. ეს გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მოხდა.

ამგვარად, ჩვენ ძალზე სერიოზული საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. მაგალითად,  ბორჯომი მიტოვებული და ჩვენ უნდა მოვიცალოთ მისთვის ეს შემდგომი ეტაპია . ბორჯომს, არა მარტო რუსეთსა და უკრაინაში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უფრო მაღალი ცნობადობა აქვს, ვიდრე  პერიეს და   ევიანს.

ასე რომ, ეს არის უდიდესი პოტენციალია, რისთვისაც საგანგებოდ გვჭირდება მომზადება. ძალიან მნიშვნელოვანია ენების შესწავლა, ახალი სასტუმროებისა და  მარშუტების განვითარება, მთელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

იმერეთში წელს სათაფლიის სრულად განახლებულ მღვიმეს ვხსნით და მომავალ წელს პრომეთეს მღვიმე (ყუმისთავი) გაიხსნება, გელათი, ბაგრატი, ქუთაისის ცენტრი შავი ზღვისპირეთზე მიბმული - ყოველივე ეს უკვე ერთი-ერთი ტურისტული ცენტრია.

ვანის ნაკრძალი გათხრებითა და უნიკალური აღმოჩენებით; ცალკე დმანისის ცენტრი...

ჩვენ კიდევ გვაქვს სასწაულები, რომელიც უნდა აღმოვაჩინოთ.

ძალიან საინტერესო გათხრები შეიძლება ჩატარდეს ჯავახეთში და აღმოჩნდეს უნიკალური კულტურა, რომელიც რამდენიმე ათასი წლისაა, ასევე საქართველოს ბევრი ადგილი, რომელსაც ჯერაც არ ვიცნობთ.

მაგალითად, არ ვიცნობდით ჯავახეთს, რადგან აქამდე გზაც არ იყო. მაინტერესებს რამდენი თქვენგანია  ნამყოფი ახალქალაქში?  ალბათ ძალიან ცოტა. თითქოს ეს სხვა კონტინენტი ყოფილიყო. არადა, ის თბილისთან ახლოსაა და ახლა სწორედ ტურიზმის გზით მიდის მისი აღმოაჩენა.

ტურიზმი  ებმება ინფრასტრუქტურას და ეს არის ტრანპოტირების ხაზი. მარტო ინფრასტრუქტურაში ჩვენ  შუა აზიასთან,  ჩინეთან  კარგად რომ მოვილაპარაკოთ, დამატებით,  500 - 600 მილიონი  დოლარის მოზიდვა და  ჩვენს პორტებში, დამატებით, 40 მილიონიანი ტვირთის შემოტანა შეგვიძლია.

 აეროპორტები. ფოთის აეროპორტი, რომელიც უნდა გახდეს დიდი სატრანზიტო ცენტრი, თბილისის აერპორტი, ქუთაისი აერპორტი, ბათუმის აეროპორტი, თუმცაკი, დიდი აერპორტი არ არის. ვაშენებთ პატარ- პატარა აეროპორტებს, მაგალითად, მესტიაში და სხვა ადგილებში. ყოველივე ეს ასევე ამ ტურისტული   და ინფრასტრუქტურული პოტენციალის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

მესამე - ეს არის სოფლის მეურნეობა.

სოფლის მეურნეობა არის ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი იდენტურობის  მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სწრაფად ზრდის პოტენციალი.

დღეს ერთიანი ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 11- 12 პროცენტს ქმნის სოფლის მეურნეობა. მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს სოფლად,  ეს მაჩვენებელი შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, მინიმუმ, უნდა გაორმაგდეს.

როგორ უნდა გაკეთდეს ეს? ბატონმა კახამ ბრძანა, რომ აქ სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადებაა აუცილებელი. ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები, რადგან სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი პრაქტიკულად საქართველოში 60-იანი  წლებიდან  უკვე აღარ გვქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ ინსტიტუტმა მთელი თავისი მიწები გაყიდა, გაანიავა და ფული ჯიბეში ჩაიდო. ამიტომ, იქ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს დიდი ხანია აღარ ამზადებნენ.

ჩვენ გვჩირდება ტექნოლოგიები და ვფიქრობ, ყოველწლიურად მინიმუმ 100 მილიონიანი ლარის, სახელმწიფო ინვენსტიცია გვჭირდება, რათა ყველაფერთან ერთად, ახალი თესლი, ახალი ტექნოლოგიები შემოვიდეს, ხალხს ცოდნა მივცეთ და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება საქართველოში მართლაც გაორმაგდეს.

რა შიდა რესურსები გვაქვს  საქართველოში  ამ დარგის გასავითარებლად და გასავრცობად.

უპირველესად, ჩვენი ხალხის შიდა ენერგია უნდა გამოთავისუფლდეს.

რამდენიმე დღის წინათ შემთხვევით არ მითქვამს, რომ მსოფლიოში  ნომერ პირველი  რეფომატორი ქვეყანა ვართ ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრსით. მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იმდენი არ გაუკეთებია ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, რამდენიც საქართველომ გააკეთა.

ეს იყო ვარდების რევულუციისა და იმ ახალი დემოკრატიის მიღწევა, რომელიც საქართველოში შემოვიდა.

საქართველო არის თავისუფლების ქვეყანა. თავისუფლების ტესტი ჩემთვის ძალზე მარტივია.

თავისუფლება არ არის მარტო ის, რომ ყველა ტელევიზია დღე და ღამე ხელისუფლებას ლანძღავდეს.

საქართველოში არის დემოკრატია, არის, მინიმუმ, აზრის გამოხატვის პლურალიზმი. დემოკრატია ასევე არის პასუხისმგებლობა.

რამდენიმე წლის წინათ, 7 ნოემბრის დიდი ოქტომრის  სოციალისტურ რევულოუციის ერთ-ერთ წლისთავზე, ძალიან საშიშმა სახელწიფო დამნაშავემ ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა საქართველოში მოეწყო კონტრრევოლუცია.

მან მრავალი წლის  გამნმავლობაში დაამუშავა საზოგადოებრივი აზრი, 2007 წლის სექტემბერში, დანამდვილებით ვიცით, რომ მინსკში „ეფესბე"-ს ორ გენერალს შეხვდა,   დაითქვა თარიღი თუ როდის უნდა გაკეთებულიყო ეს, გადაუხადეს თავის გაზეთში  „კომერსანტი" ორჯერ მეტი გადაუხადეს, ვიდრე ის ღეალურად ღირდა ერთადერთი პირობით, რომ ეს ფული საქრთველოში  გადატრიალების მოწყობაში დაიხარჯებოდა.

თუმცა საქართველოს მთავარობამ სიმტკიცე გამოიჩინა,  სამართალდამცავმა ორგანობმა ძალზე ეფექტურად იმოქმედეს და ჩვენ ხალხს ეყო სიბრძნე.

საქართველოში არ ჩაითვლებოდა   დემოკრატიად  თუკი მიტინგები დავშლიდით, დავარბევდით, ყველას პირში  ლაგამს ამოვდებდით და ტელევიზიებს სამუდამოდ დავხურავდით.

საქართველოში დემოკრატიის ტესტი იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც მიტინგები დავშალეთ, დავხურეთ ამ სახელწიფო დამნაშავის მიერ მართული ტელევიზია, არ მივეცით საშუალება სახელწიფო გადატრიალებას,  რაც დეტალურად და  ვრცლად აღწერა თავად ერეკლე კოდუასთან ინტერვიუში, მე გადავდექი და მივეცი ჩვენს  ხალხს იმის საშუალება, რომ არჩევნებშიხელახლა მიეღოთ მონაწილება.

ეს არის დემოკრატის ტესტის პასუხისმგებლობა იმაზე, რაც უნდა გაკეთდეს.

დღეს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მოქმედება იყო სწორი. რაღაცეები შეძლება გაკეთდეს  უფრო ლამაზად, მაგრამ ყველა მოქმედება იყოს სწორი.

დააკვირდით, ვინც დღეს ყვირის, რომ დემოკრატია სჭირდება, ყველაზე მეტად ის ილანძღება უშვერი სიტყვებით და სწორედ ის არის შეუწყნარებელი მეორე  ადამინის აზრის მიმართ. ყველაზე მეტად ის არის მოუთმენელი სხვა უბნის წარმომადგენლის, სხვა ეთნიკური ჯგუფის, სხვა რელიგიური ჯგუფისა და სხვა შეხედულებების მქონე ადამინების მიმართ.

სიძულვილით დემოკრატია არ იქმნება და ახალი ქვეყანა არ შენდება.

სიძულვილის დათრგუნვა არის  დემოკრტიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პასუხიმგებლობა. ჩვენ გაგვზარდეს ქვეყანაში, სადაც პირველი მნიშვნელოვანი რესურსი  არის დემოკრატია, ხოლო მეორე - ჩვენი იდენტურება.

ვინ ვართ ჩვენ?

დღეს რუსეთს, პრაქტიკულად, ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე საკმაო დიდი გავლენა აქვს როგორც კულტურის, ისე იდენტურობის თვალსაზრისით. გაცნობიერებულიც არ გვავს ის  ბედნიერება, რომ ყველაზე ნაკლებად ეს საქართველოს შეეხება, მას, პრაქტიკულად, აღარც აქვს გავლენა ჩვენზე.

მაგალითად, მოლდოვის ინდუსტრიული რესურსების 90 პროცენტს რუსეთი ისაკუთრებს; იქ მოსახლეობის თითქმის ნახევარი რუსულენოვანია; ახლა საარჩევნო კამპანიაც რუსულ ენაზე მიმდინარეობს, რადგან ხალხს მარტო რუსული ესმის კარგად -  მთავარი ტელევიზიაც რუსულია;  იმ ქვეყანის ლიდერები, რომელმაც, ფაქტობრივად, დაიპყრო მათი ტერიტორია და ემბერგო დაუწესა, მოლდოვაში უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები.

იგივე ხდება უკრაინაში, იგივე ხდება ჩვენს მეზობელ კავკასიაში, იგივე ხდება შუა აზიაში.

საქართველოში ეს დამთავრდა.

საქართველოში ეს გავლენა აღარ აქვს რუსეთს.

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენი ტელევიზიების გაძლიერება? ამას აქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და კულტურული გავლენა ჩვენს იდენტურობაზე.

ჩვენ აღარ ვუყურებთ ORT-ს, NTV-ს, RTR-ს და ათასგვარ უმსგავსობას. პირიქით,  ახლა იქმნება რუსულენოვანი ქართული ტელევიზიები, რომლებსაც ნახავთ, რამხელა აუდიტორიას  წაართმევს მათ. ეს არის ჭეშმარიტი იდენტურობის მქონე უძველესი ერის დემოკრატიულ კულტურაზე აღმოცენებული ტელევიზიები.

გუშინ ვუყურებდი კონკურსს „სიმღერა ბათუმზე", 130 სიმღერა შევიდა, დაიწერა ერთი კონკურსისთვის. აქამდე ძალიან გრძელი გზა განვლეთ. 1990-იან წლებში რუსეთს უდიდესი კულტურული გავლენა ჰქონდა ჩვენს კუტურულ სივრცეზე. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ რუსულ კუტურასთან უნდა გავწყვიტოთ კავშირი. რუსულ კულტურაზე ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, ისევე როგორც უნდა ვიცოდეთ იაპონურ, ჩინურ, არაბულ, თურქულ კულტურებზე, არასოდეს აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ კვლავ რუსეთის დომინაციის ქვეშ მოვხვდეთ და მისი განუყოფელი ნაწილი ვიყოთ. თუ მათი დომინაციის ქვეშ მყოფი ქვეყანა, ან მათი ნაწილი ვიქნებით, ჩვენ ვიქნებით სხვისი პოლიტიკური, კუტურული და ეკონომიკური სივრცის მეორე, მესამეხარისხოვანი დანამატი.

ამგვარად, იდენტურობა არის ერთ-ერთი მთავრი რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

ჩვენი მესამე რესურსი უნდა იყოს მობილურობა. თქვენი აზრით, რას ნიშნავს პარლამეტის ქუთაისში გადატანა? 

- ჩვენ გავიშალეთ.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. ჩვენს მთებს ვერ გავასწორებთ, მაგრამ შეგვიძლია გავიშალოთ ჩვენს გონებაში.

ამ პარლამენტის მეორე მხარეს, ავტოქარხნის დასახლებაში ცხოვრობს 16 წლის ბიჭი ცოტნე ტაბიძე, რომელმაც გაიმარჯვა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხოვრობს ნიჭიერი ხალხი, მაგრამ 10 წლის წინათ საქართველოში ცოტნე ტაბიძეს არავითარი შანსი არ ექნებოდა.

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მობილური. ადრე  ყველაფერი განისაზღვრებოდა დედაქალაქში, რუსთაველის პროსპექტზე. ქუთაისში ავტოქარხნის დასაქლებაში მცხოვრები ცოტნე ტაბიძისა და მისი მშობლების აზრი რა თქმა უნდა არავის არ დააინტერესებდა. ჭავჭავაძეზე უნივერსიტეტში ისწავლიდა ის, ვისი მშობლებიც იქ სწავლობდნენ, სამსახურშიც მეზობლად უნდა მოწყობილიყვნენ, მიტინგებზეც ისინი ივლიდნენ, ხოლო დანარჩენი საქართველო არავის არ აინტერესებდა.  

ჩვენი მთავარი რესურსი, ნიჭიერი ხალხის თვალსაზრისით, გულწრფელად რომ ვთქვათ, რეგიონებშია. მაგრამ განათლების თვალსაზრისით, თბილისში მეტი შესაძლებლობაა.  ნიჭიც და შესაძლებლობაც, რა თქმა უნდა, თანაბრად უნდა გადანაწილდეს. ამგვარად, შიდა მობილურობა ძალზე მნიშვნელოვანია.

რატომ არის საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში, პარლამენტი იქნება ქუთაისში; პირადად მე რატომ ვარ ხან ერთ ადგილზე ვარ და ხან მეორეზე?

იმიტომ, რომ მთავრობა უნდა იყოს მობილური, მით უმეტეს, კარგი გზებია, აეროპორტებს ვაშენებთ, ახალი, სწრაფი რკინიგზა კეთდება, მათ შორის, ევროპაზე გამავალი.

დააკვირდით, ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში ჩვენი შიდა მობილურობის მხოლოდ ორი წყარო არსებობდა: ერთი - ომები და ეთნიკური წმენდა, და მეორე - ბუნებრივი კატაკლიზმები - აჭარასა და ზემო-ქვემო სვანეთში მეწყერი, სადღაც ნიადაგის დაჭაობება, საიდანაც ხალხი წამოვიდა.

მესამე მიგრაცია, რამაც ყველაზე მეტად დაგვაზიანა, ყველაზე ნიჭიერი, ბიზნესზე და ტექნოლოგიურად  ორიენტირებული, ყველაზე განათლებული ხალხის მიგრაცია - ორიენტაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. 

რეალურად, ქვეყნის შიგნით ეკონომიკა არ ქმნიდა მიგრაციას, ამ მიგრაციას ქმნიდა მხოლოდ  კატასტროფა.

დღეს უნდა შევქმნათ ისეთი ეკონომიკა, რომელიც მიგრაციას შექმნის. არავის არ უნდა ჰქონდეს  „მისჯილი" მთელი ცხოვრება ერთ სოფელში იცხოვროს და ნიჭისა და შესაძლებლობების მიუხედავად, არავითარი პერსპექტივა არ გაუჩნდეს.

შენი პერსპექტივა არის ის, რომ გაქვს კომპიუტერი, იცი უცხო ენები, ხარ განათლებული, არის  მობილურობა, კარგი გზები და დღეს იქნები ბათუმში, ხვალ - თბილისში, ზეგ-  ქუთაისში, შემდეგ წახვალ ლოსანჯელესში, გახსნი ფირმის ფილიალს, რომლის სათავო ოფისი იქნება ქუთაისში და ა.შ.

მე არაფერს არ ვაზვიადებ, თანამედროვე ტექნოლიოგიებით ასე ხდება და ასე გააკეთა თავის დროს სინგაპურმა, ასე აკეთებს ბევრი სხვა პატარა ქვეყანა მსოფლიოში.

პირველი რესურსი არის დემოკრატია, მეორე იდენტურობა, მესამე ჩვენი რესურსი შიდა მობილურობა და ხალხის მუდმივი გადაადგილებაა.

ხალხის საერთო ეკონომიკურ სივრცეში უნდა ინტეგრირდეს და მოხდეს გაცვლა-გამოცვლა.

ყოველივე ამის უზრუნველსაყოფად, ჩვენ გვჭირდება განათლება, განათლება და კიდევ ერთხელ განათლება.

მე ყოველთვის ვსვამ შეკითხვას: რა უნდა იყოს ქართული გარღვევის მთავარი ნიშანი? ერთი მხრივ, ნახტომი ახლაც შესაძლებელია. ჩვენ გარშემო არის ქვეყნები, რომლის ერთიანი შიდა პროდუქტი საქართველოსთან შედარებით ორჯერ მეტია, რადგან მათ ენერგო რესურსები აქვთ, მაგრამ ჩვენ იდეალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს.

თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც ჩვენ წინამორბედს ესმოდა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დერეფანი - ბნელი დერეფანი არავისთვის არ არის მიმზიდველი, მით უმეტეს, როცა იქ უნდა გაიარო.

ეს არის ძირითადი განსხვავება დერეფნის შევარდნაძისეულ  კონცეფციასა და იმას შორის, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვქმნით.

ჩვენ გვაქვს ის, რაც არ აქვს სხვებს. მათ აქვთ ნავთობი და გაზი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კორუფცია.

ბოლო გამოკითხვით, ქართველების 98 პროცენტი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში კორუფციასთან საერთოდ არ ჰქონია შეხება. ჩვენ გვაქვს დანაშაულის ძალიან დაბალი დონე;  შედარებით დაბალი გადასახადები (გადასახადების გადახდა ყველამ უნდა ვისწავლოთ - როცა ნავთობი არ გაქვს, ეს არის დისციპლინა და მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის მშენებლობაში); ჩვენ გვაქვს ძალიან ბიურიკრატიის ძალიან დაბალი დონე  და ძალზე მოქნილი სახელმწიფო სისტემა.

ჩვენ ვართ მსოფლიოს პირველი ეკონომიკური რეფორმატორები 174 ქვეყანას შორის.

ამგვარად, ეს არის ჩვენი გზა შედეგების სწრაფი გაორმაგებისაკენ, მაგრამ იმისათვის, რომ ეს  მოხდეს, ყველაზე ჭკვიანები ე.ი. ყველაზე განათლებულები უნდა ვიყოთ.

ჩვენ ქართველები ვართ ძალიან ნიჭიერი ერი.

როდესაც  ვლაპარაკობთ ჩვენ იდენტურობაზე, მხოლოდ ქართველებს არ ვგულისხმობ. აქ იგულისხმება ქართველი სომხები, ქართველი ოსები, ქართველი აზერბაიჯანელები, ქართველი აფხაზები...

ჩვენ გამოვედით იმ დროიდან, როდესაც ქუჩაში შემხვედრი გეკითხებოდა: "რომელი უბნელი ხარ?"  ამ დონეზე გაგვაფუჭა საბჭოთა კავშირმა. აქედან გამომდინარეობდა შენი პრივილეგიები და გარკვეული უპირატესობები ცხოვრებაში.

მთავარი შეკითხვა არის ის, შევძლებთ თუ არა ქართველები ვიყოთ გამომგონებლები, ინოვატორები, რათა ჩვენი ინოვაცია შემდეგ კონკრეტულ საინჟინრო დარგში დავნერგოთ.

ბათუმში ჩვენ გვინდა ახალი უნივერსიტეტის გახსნა ინჟინრების მოსამზადებლად. მხოლოდ ინჟინრების მომზადება საკმარისი არ არის - თითოეულ ინჟინერს ოთხი-ხუთი ტექნიკოსი მაინც სჭირდება.

ზოგიერთს ჰგონია, რომ ის პროფესიული ტექნიკუმი, რომელშიც ამას წინათ ვიყავით, მეორეხარისხოვანი სასწავლებელია. მსგავსი სასწავლებლების გარეშე ინჟინრები ვერ გვეყოლება. ინჟინრებს სხვა ქვეყნებიდან ვერ შემოვიყვანთ - ჩვენ ჩვენი უნდა გვყავდეს.

ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პარტიები, ისინი აწყობენ მიტინგებს. ალბათ ნახეთ მეთორმეტე კლასელების ორგანიზება - არ გვინდა სწავლა და გამოცდების ჩაბარებაო. სხვათა შორის, ეროვნული გამოცდების გარიჟრაჟზე ასე იყო.

სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებმა მოაწყეს პირველი გაფიცვა უგამოცდოდ მიღების თაობაზე. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ექიმი გვყავს და არ მინდა მათ ვაწყენინო, თავადაც ექიმების ოჯახიდან ვარ, მაგრამ გვყავს ისეთებიც, რომლებიც უგამოცდოდ მიიღეს მიტინგების შიშით.

რა საქმე მაქვს ასეთ ხალხთან? ვისაც გამოცდის ჩაბარება არ უნდა დაიჭიროს ნიჩაბი და წერაქვი. ნამდვილად არ არის დასაძრახი, თუ შენი შრომით გინდა რაღაცის მიღწევა. მაგრამ ვაი იმ მშობლებს და იმ პარტიებს, რომლებიც თავის შვილებს ეუბნებიან, წადით და შაშკინი შეაწუხეთო. შაშკინს არც ისეთი სუსტი ნერვები აქვს, რომ თავისუფლად ჩააბარებინოს ვინმეს უმაღლეს სასწავლებელში და ოროსნებს მოაწყობინოს რევოლუცია საქართველოში.

ამ რესურსებით შეიქმნა სინგაპურიც მას არ აქვს ნავთობი, მაგრამ ჩვენ სინგაპურიზაციის გზაზე ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით დემოკრატიული სინგაპური, ქართული სინგაპური, დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა.

ერთი კვირის წინ მოაწერეს ხელი კონტრაქტს და ბათუმში დაიწყება კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მაღალი, თუ არ ვცდები, 60 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას.  კავკასიაში.

ეს არის ჩვენი მომავალი, მაგრამ მომავალში არა მხოლოდ მშენებლები და დამპროექტებლები უნდა იყვნენ ქართველები, არამედ ინვესტორებიც. დღეს ეს დიდი საერთაშორისო კონსორციუმის ინვესტიციაა.

ყველანი მოვესწრებით იმას, რომ ეს ასეც მოხდება - ქართველები არა მარტო ჩადებენ ფულს, არამედ ააშენებენ კიდეც.

უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ორიენტირებული უნდა ვიყოთ პროგრესზე, მუდმივად უნდა ვიხედებოდეთ წინ, ჩვენი წინააღმდეგობიდან ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რაც გვაერთიანებს.  უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატია, ჩვენი კულტურა და იდენტურობა განსაზღვრავს ჩვენს ეკონომიკურ წარმატებას და ქართველებმა უნდა გამოვიგონოთ ახალი რაღაცები.

ქართველები, ვგულისხმობ საქართველოს მრავალეთნიკურ მოსახლეობას, სხვებზე ერთი თავით მაღლა უნდა ვიდგეთ. ჩვენ, საქართველოს მრავალეთნიკურმა მოსახლეობამ უნდა  შევქმნათ და გამოვიგონოთ ყველაფერი ახალი, თუ გვსურს, რომ ის ჩამორჩენა, რომელიც იმპერიის ფეხქვეშ ყოფნამ თავს მოგვახვია, ერთხელ და სამუდამოდ უკან ჩამოვიტოვოთ და საბოლოოდ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა, რადგან ჩვენი ტერიტორიები ჯერ კიდევ დასაბრუნებელია.

რაც მთავარია, ყოველივე ამასთან, საქართველო უნდა ვაქციოთ აბსოლუტურად შეუქცევად, წარმატებულ ქვეყანად.

დღეს უკრაინელები, მოლდაველები, ყირგიზები აღტაცებული არიან ჩვენით. კახა ბენდუქიძე ახლა მიდის უკრაინაში ლექციების წასაკითხად, თუმცა უკრაინის რამდენიმე მინისტრი ბოლო პერიოდში თბილისში იყო. მაგრამ ეს მაინც რეგიონში არის მაგალითი. ახლახან ვიყავი  მარაკეშში  და, სხვათა შორის, ვიცე-პრემიერმა მითხრა, ძალიან ბევრი მსმენია თქვენზეო - ასე არაფერი არ გამხარებია ბოლო ხანებში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის ასეთი და მაშინ ვერავინ ვეღარ გადაგვივლის.

საქართველო ბოლომდე გაიმართება წელში.

მართალია, აწმყოში პრობლემები გვაქვს, მაგრამ აწმყოც გვწყალობს, გააჩნია, ამას როგორ შევხედავთ, მაგრამ მომავალი ჩვენია.  

დიდი მადლობა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)