საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იურმალას ფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვა
იურმალას ფესტივალის "ახალი ტალღის" გამარჯვებულების პატივსაცემად, დღეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიღება გაიმართა. რატი დურგლიშვილსა და მაკა ზამბახიძეს მიხეილ სააკაშვილი მასპინძლობდა.
"მაქვს პატივი და სასიამოვნო ვალდებულება მივესალმო იურმალაში გამარჯვებულ ქართულ დუეტს - მაკას და რატის. მინდა მოგილოცოთ ეს გამარჯვება თქვენ და მათ, ვინც თქვენთან ერთად მუშაობდა. ვიცი, რომ ეს იყო ძალზე მძიმე შრომა და დიდი ხნის კონცენტრირებული მუშაობის შედეგი. ამაზე მუშაობდა ძალიან მონდომებული და მოტივირებული ადამიანების მთელი ჯგუფი. მსურს საგანგებოდ აღვნიშნო თითოეული მათგანის ღვაწლი, რადგან ასეთი წარმატების მიღწევა მხოლოდ განსაკუთრებული შრომის ფასად არის შესაძლებელი. გამარჯვებისთვის საჭიროა ორი რამ - უდიდესი ლტოლვა გამარჯვებისკენ და წინასწარი მომზადება. შესაძლოა, წლების განმავლობაში დაუღალავად იშრომო, მაგრამ არ გამოჩნდეს; გამარჯვება ერთდღიანია, მაგრამ ძალზე დასამახსოვრებელი. ამ და სხვა ფესტივალებზე მრავალი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, შესვენება გვქონდა, თუმცა არ გვავიწყდება სოსო პავლიაშვილის გამარჯვება იურმალას ფესტივალზე. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ დუეტთან ერთად მუშაობდა, განსაკუთრებით, მაია ყიფიანს. გამარჯვებულებს, საქართველოს ღირსეულად წარდგენისთვის, მინდა ღირსების ორდენები გადავცე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გამარჯვებული დუეტი ვიცემერმა მამუკა ახვლედიანმა თბილისის მერიის სახელით ავტომობილებით დაასაჩუქრა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები ასევე ლელა წურწუმიას და სოსო პავლიაშვილს გადასცა.
"რამდენიმე დღის წინ, განსაკუთრებული სამოქალაქო გმირობისთვის, ბუბა კიკაბიძეს საქართველოს უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ორდენი გადავეცით. იგი, არა მხოლოდ როგორც მომღერალი, შემოქმედი და მსახიობი, არამედ როგორც ნამდვილი საზოგადო მოღვაწე ხმალამოწვდილი იბრძოდა საქართველოს ინტერესების დასაცავად. ქვეყნის ინტერესების დაცვა სხვა და სხვა სახით არის შესაძლებელი. სოსო პავლიაშვილი ქართული კულტურის პროპაგანდას დაუღალავად ეწევა და სათანადოდ წარმოაჩენს საქართველოს სახელს. ეს არის გვარი, რომელიც ყველამ იცის, მინიმუმ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. ამიტომ, მისი მრავალწლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ასევე იმის აღსანიშნავად, რომ ჩვენ ვაფასებთ მის ღვაწლს ქართული კულტურის, სიმღერისა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში, მსურს ღირსების ორდენი გადავცე. ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის დაგაფასებთ და მხარში ამოგიდგებათ, რადგან ჩვენ ბევრი გამარჯვება, ბევრი სიხარული და დიდი წინსვლა გვჭირდება. საქართველოს სახელი ქვეყნიდან შორს უნდა გავიტანოთ და ყველა აღვაფრთოვანოთ ჩვენი ნიჭიერებით. ეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური