დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა და თბილისში ვიზიტად მყოფმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა ერთობლივი საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოში მაცხოვრის 12 მოწაფეთაგან ერთ-ერთის, მათე მოციქულის წმინდა ნაწილები ჩამობრძანებასთან დაკავშირებით აღავლინეს. მისმა უწმინდოსებამ ალექსანდრიისა და საქართველოს საპატრიარქოთა შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცებისათვის, თეოდორე მეორე საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. თეოდორე მეორემ კი საქართველოს ეკლესიას ეგვიპტეში დამზადებული ჭედური წმინდა ბარძიმი უსახსოვრა.
თეოდორე მეორემ საქართველოს პატრიარქს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: "გახარებული ვბრუნდები ეგვიპტეში, რადგან დავინახე, რომ ქვეყანა განვითარების გზას ადგას. აქ ვიზიტი ჩემთვის დიდი წყალობაა. ეგვიპტეში ჩასვლითანავე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საქართველოსთვის სანთელს ავანთებ და ვილოცებ."
თეოდორე მეორეს საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართა.
"ჩვენ თქვენთან ძალიან დიდი სულიერი კავშირი გვაქვს. თქვენი ჩამოსვლა, ისევე როგორც მრავალი და მსოფლიო იერარქების ბევრად უფრო გახშირებული ვიზიტები, მეტყველებს საქართველოს ეკლესიის და მისი წინამძღოლის ურყევ ავტორიტეტსა და დიდ წონაზე ქრისტიანულ სამყაროში. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი მისი უწმინდესობის ილია მეორის სულიერი შვილები ვართ და იგი მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიუძღვის საქართველოს, მისი წინსვლის, აღმავლობისა და ახლა უკვე გაერთიანების გზაზე. ის, რაც ჩვენმა პატრიარქმა განაცხადა, საქართველოს ერთიანობაზე, საქართველოს დაუმარცხებლობასა და მის გამარჯვებაზე, ზუსტად გამოხატავს ჩვენი ერის დღევანდელ იდეოლოგიას, სულიერებასა და განწყობას", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი სრულიად საქართველოს პარტიარქსა და ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქს პრეზიდენტის კანცელარიაში შეხვდა და მათგან საჩუქრებიც მიიღო.
თეოდორე მეორემ მიხეილ სააკაშვილს წმინდა მარკოზ მახარებლის ჯილდო გადასცა, ხოლო ილია მეორემ პრეზიდენტს ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა. საუბრისას მათ ყურადღება გაამახვილეს ეკლესიის როლზე სახელმწიფოს აღმშნებლობის საქმეში.
"მიმაჩნია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ ერებს შორის კავშირი, ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც კიდევ უფრო უნდა გავამყაროთ. ჯერ კიდევ ძალზე ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენი სულიერი კავშირი გახდეს უკეთესი ურთიერთობის, თანამშრომლობისა და კონტაქტის საფუძველი ადამიანებსა და საზოგადოებრიობას შორის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქებთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური