საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის საგანგებო ბრიფინგი
დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელიც ქვეყანაში დღეისთვის არსებულ ვითარებას, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს, ტელეკომპანია „იმედის" მაუწყებლობის განახლებისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა.
„დღეს საქართველო განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყანაში ნორმალურად, დემოკრატიულად და აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს. წინ არჩევნებია და ეს არჩევნები განსაზღვრავს იმას, თუ რა გზით გააგრძელებს ჩვენი ქვეყანა ცხოვრებას", - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
ნინო ბურჯანაძემ ყველა პოლიტიკურ ძალას კანონის ჩარჩოებში მოქმედებისკენ მოუწოდა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს წინასაარჩევნო პერიოდში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა და ნებისმიერი ძალადობის პრევენცია მოსთხოვა.
„მივმართავ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, გუბერნატორებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ნებისმიერ დეტალს, რომელმაც შეიძლება წინასააჩევნო პერიოდს ჩრდილი მიაყენოს, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზება და ამ მიზნით, შენობა-ნაგებობების და სხვა ადგილების ხელმისაწვდომობა", - აღნიშნა მან.
არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის ნინო ბურჯანაძემ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ ფაქტორად მედიის თავისუფალი და ობიექტური მუშაობა დაასახელა: „ვთხოვ მედიის ყველა საშუალებას, იყვნენ მაქსიმალურად ობიექტურნი და მაქსიმალურად დაიცვან ეთიკური და პროფესიული სტანდარტები; არ დაუშვან არაკონსტიტუციური და ძალადობრივი მოწოდებები, თანაბრად და სამართლიანად გაშუქდეს საარჩევნო კამპანია".
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველა მედია საშუალების თანაბარი ფუნქციონირების აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება - თხოვნით მიმართოს გენერალურ პროკურატურას, რომ ამოწურულად ჩაითვალოს ის საფრთხე, რომლის საფუძველზეც ყადაღა აქვს დადებული ტელეკომპანია „იმედის" ქონებას და შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს ტელეკომპანიისთვის ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ყადაღის დადებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით და დადასტურებულია სასამართლოს მიერ, ჩვენ ვთხოვთ გენერალურ პროკურატურას, გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული ვითარება, წინასაარჩევნო პერიოდი, გაითვალისწინოს ასევე ის გარემოება, რომ არსებობს შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის და მიმდინარეობს მოლაპარაკება „ნიუსკორპთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. მისი თქმით, „ნიუსკორპთან" მოლაპარაკების პროცესის დასრულების ბოლო ვადა 7 დეკემბერს იწურება, თუმცა „ნიუსკორპის" მზადყოფნის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება მზად არის უფრო ადრე დასრულდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პროცედურები. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის" პერსონალს, მათ 5 დეკემბერს შენობაში მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, რათა „იმედმა" მაქსიმალურად სწრაფად განაახლოს მაუწყებლობა.
„მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არცერთ ობიექტურ ადამიანს, არცერთ დამკვირვებელს და საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველოში ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით ეჭვი არ გაუჩნდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რუსეთში ჩატარებულ არჩევნების თემასაც შეეხო და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა:
„ჩვენ თვალყურს ვადევნებდით რუსეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩემი ყოფილი კოლეგის, ბატონი გრიზლოვის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარ თემად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები იქცა. ის, რომ რუსეთის ხელისუფლება ასეთ რთულ და სერიოზულ ვითარებაში კვლავ საუბრობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის შესაძლო დამოუკიდებლობის მინიჭებაზე, ან იმაზე, რომ შესაძლოა მათ განიხილონ საკითხი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით, აღშფოთებას იწვევს. იმედი მაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ამაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ თურმე აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ, კიდევ ერთხელ საჭიროდ ვთვლი შევახსენო ბატონ გრიზლოვს, რომ რუსეთის მოქალაქეობა ამ ადამიანებმა ორმხრივი შეთანხმებების, საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ნორმების სრული იგნორირების შედეგად მიიღეს.მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან სურს ნორმალური, თანასწორი, ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობა. ჩვენი მხრიდან, მზაობა ნორმალური თანამშრომლობისათვის არსებობს, მაგრამ ამ ფონზე ნორმალური თანამშრომლობა ძალიან გართულდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური