საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე
ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას!
დღეს ამ დარბაზში განსაკუთრებული ხალხი შეიკრიბა - ჩვენ განსაკუთრებული თაობა ვართ.
დღეს საქართველო არის თავისი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე, ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ, გადამწყვეტ, საშიშ და ამავე დროს, ერთ-ერთ ყველაზე დიდი შესაძლებლობების ეტაპზე.
ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად უნდა გაიაზროს სად ვიმყოფებით დღეს ჩვენ.
მინდა გავიაზროთ რომ დღეს ჩვენ გვიყურებენ ჩვენი წინაპრების სულები, შემოგვყურებენ საქართველოს რამდენიმე ათასწლიანი ისტორიის მოქმედი გმირები და ჩვენი მომავალი თაობები.
დღეს საქართველოს გამარჯვების მომენტია.
დღეს საქართველოს აქვს გამთლიანებისა და ფეხზე წამოდგომის უნიკალური შანსი.
ყველამ ვიცოდეთ, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვებას არავინ არ გვაპატიებს.
არავინ არ გვაპატიებს თუ ახლა სისუსტეს გამოვიჩენთ.
არავინ არ გვაპატიებს ყოყმანს, სულმოკლეობას, ლაყბობასა და ფუჭი დაპირებების მიცემას.
არავინ არ გვაპატიებს თუ ხელებს ჩამოვუშვებთ და თუნდაც ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეს, უბედურებასა და გაუტანლობას, შევეგუებით, რადგან საქართველოს ისტორია არის დიადი გამოწვევების მიღების, გათავისებისა და მათზე გამარჯვების ისტორია.
სხვაგვარად ქართველი ერი დღეს არ იარსებებდა.
საქართველოს ისტორია არის დავითის და გოლიათის ბრძოლის ისტორია და როგორი ძლიერი, ეშმაკი, დაუნდობელი და დიდ ბოროტებაზე წამსვლელი არ უნდა იყოს გოლიათი, ამ ბრძოლაში სულიერად ძლიერი დავითი გაიმარჯვებს.
არ შეიძლება, თავისუფალმა, ერთიანმა, ერთ მუშტად შეკრულმა და საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა ერმა არ გაიმარჯვოს.
ამიტომ ვამბობ, რომ დღეს საქართველოს გამარჯვების ეპოქაა.
ძალზე მნიშვნელოვანია გავიხსენოთ სად ვიყავით ოთხი წლის წინათ.
როდესაც მე და ჩემს მეგობრები ტელეეკრანზე ვარდების რევოლუციის კადრებს ვუყურებთ, გვიკვირს, რომ ყველაფერი შავთეთრია; ვფიქრობდი, ნუთუ მხოლოდ შავ-თეთრი კადრები აქვთ ტელევიზიებს-თქო.
ასეთი ჩაშავებული და გაუბედურებული იყო ცხოვრება, ასეთი მდგომარეობა იყო მაშინ საქართველოში - აბსოლუტური უპერსპექტივობა, აბსოლუტური უიმედობა და არაფერს არ ჰქონდა აზრი.
ძალიან დიდი ხანი ვცხოვრობდი უცხოეთში და მახსოვს, როგორც რცხვენოდათ ქართველებს საკუთარი წარმომავლობის ხსენების.
პირადად მე არ მრცხვენოდა, მაგრამ ძალიან დიდი დრო მჭირდებოდა იმის ასახსნელად, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა, სად იყო ის და რა უნდოდა მას.
დღეს ვითარება შეიცვალა და ნებისმიერმა ადამიანმა ამერიკაშიც, ავსტრალიაშიც და ევროპაშიც არა მარტო იცის სად არის საქართველო, არამედ დადებითად და აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებენ ჩვენს სამშობლოს.
როდესაც ორი ათეული წლის წინათ სასწავლებლად კიევში ჩავედი, ძალიან ვამაყობდი ჩემი ქართველობით და ყველას ვეუბნებოდი რომ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ. ამას ყველა ეთანხმებოდა.
შემდეგ ეს შეგრძნება დაიკარგა.
ბოლო ოთხ წელიწადში ჩვენ, ყველამ ერთად დავიბრუნეთ ჩვენი ქართველობის, ეროვნულობის, სიამაყის გრძნობა.
წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამერიკის, საფრანგეთის, პოლონეთის და კიდევ 22 ქვეყნის პრეზიდენტები, გერმანიის კანცლერი, ორი დღის განმავლობაში მხოლოდ საქართველოზე ილაპარაკებდნენ.
გავიხსენოთ რა არის ჩვენი ისტორია.
სულხან-საბა ორბელიანი ლუდოვიკო მე-14 მისაღებში რამდენიმე საათი ალოდინეს და უკან გამოუშვეს.
მუდმივად ვაკაკუნებდით დიდი იმპერიების კარზე და არავის არ ვაინტერესებდით.
დღეს ყველაფერი შეიცვალა - საქართველო სრულიად განსხვავებულ პოზიციაშია.
ჩვენ ვცხოვრობდით ეპოქაში, რომელშიც კორუფცია იყო ცხოვრების წესი და ნორმა.
ეს სენი, ძირითადად, ძალოვან სტრუქტურებში მძვინვარებდა, მაგრამ ჩვენ მისი აღმოფხვრა შევძელით.
რაც არ უნდა გვლანძღონ სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებებით, ყველა რუსი, რომელსაც ვხვდები ცალცალკე მეკითხება მართალია, რომ თქვენთან "გაი" აღარ არსხებობს და პოლიცია აღარ იღებს ქრთამს?
ეს იცის ყველამ და ამიტომაც გამოხატავენ აგრესიას ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიმართ.
ყველაუჩნდება კითხვა - რატომ არ მოვკვდით შიმშილით იმის მიუხედავად, რომ ვერ ვყიდდით ბორჯომსა და ღვინოს. არ მოვკვდით და არც მოვკვდებით!
კარგად დაიმახსოვრეთ, ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ და ყოველთვის გადავრჩებით!
ჩვენ სისხლში გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა, ბრძოლის უნარი და სხვადასხვა განწყობის და ჩვენი შიდა ოპონენტების ლაპარაკის მიუხედავად, ყველაფერს გავუმკლავდებით.
ერთ-ერთი ოპონენტი ტელევიზიით ამბობდა - რისთვის ყიდულობთ ამ ყველაფერს - ვაჟკაცსა გული რკინისა აბჯარი თუნდა ხისაო...
ხის აბჯრით თავად იარონ, ჩვენ კი იმ აბჯრით შევიმოსებით, რომელიც თანამედროვე ჯარისკაცს სჭირდება და ის მაღალტექნოლოგიური შეიარაღება გვექნება, როგორიც თანამედროვე მებრძოლს უნდა ჰქონდეს.
ჩვენ არა ვართ ბევრნი, მაგრამ ნებისმიერ შესაძლო აგრესორს, მომხვდურსა და ოკუპანტს ვაჯობებთ აღჭურვილობით, მომზადების დონით და, რა თქმა უნდა, მოტივაციით.
საქართველოს ერთი ნაწილი დღეს ყველაზე დიდი აგრესორის მხრიდან განხორციელებული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
მინდა ყველას კარგად ესმოდეს, ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობის დამკვიდრება.
ყველაფერს, რასაც აქამდე მივაღწიეთ, მივაღწიეთ მშვიდობით. ყველაფერს, რასაც მომავალში მივაღწევთ, მივაღწევთ მშვიდობით.
ყველაფერი, რაც ქვეყანაში შევძელით, იმის დასტურია, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს ეკუთვნის.
ის ეკუთვნის ოსებს, აფხაზებს, საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანლებს, ებრაელებსა და ბერძნებს, უკრაინელებსა და რუსებს - თითოეული მათგანი ჩვენი განსაკუთრებული მემკვიდრეობის ნაწილია.
ისინი განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჩვენგანისათვის.
მე ისიც უნდა ვიცოდე, რომ ამ მშვიდობას დაცვა სჭირდება, მის დაცვას კი - ერთიანობა.
საქართველოს ვერავინ დაამარცხებს, თუ მას დანარჩენი მსოფლიოს მხარდაჭერა ექნება; საქართველოს ვერავინ დაამარცხებს, თუ ქვეყანაში იქნება ერთიანობა.
საქართველო მარცხდებოდა მაშინ, როდესაც გარე სამყაროს ინტერესს კარგავდა; საქართველო მარცხდებოდა მაშინ, როდესაც ქართველები ერთმანეთს დაერეოდნენ-ხოლმე.
ჩვენ გენებში გვაქვს ორი რამ - ქართველების ერთი ნაწილი, სამწუხაროდ, მზად იყო ჩვენთვის მიუღებელი კომპრომისისთვის, მზად იყო დანებებისათვის და ღალატისათვის, მაგრამ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას გათავისებული აქვს ის, რომ ძალა ერთობაშია.
საქართველოს გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა, გამძლეობა და გამარჯვება.
ჩვენ დავდგებით კიდეც ერთად, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ! მინდა გითხრათ, რომ დღეს მთავარი საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ჩვენს მიწა წყალს, არამედ ჩვენს თავისუფლებასა და დემოკრატიას.
ჩვენს არაკეთილმოსურნეს ძალიან უნდა ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, საქართველო განსაკუთრებით ლამაზია.
ჩვენი ქვეყანა, მისი ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებული კლიმატითა და გარემოთი ყველა დამპყრობლისათვის მიმზიდველია, მაგრამ მთავარი შეტევა დღეს იმის გამო ხორციელდება, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკური განვითარების მხრივ, საქართველომ სასწაული მოახდინა.
ალბათ გახსოვთ, როგორი კორუმპირებული იყო ქვეყანა, როგორ ჩაგრავდნენ ბევრ თქვენგანს ინსტიტუტებში მიღებისას, ისიც გემახსოვრებათ რა ჯდებოდა კურსიდან კურსზე გადასვლა, სხვაგვარად, შანსი არ ჰქონდა არავის.
ჩვენ ვთქვით, რომ ამას მოვსპობდით და მოვსპეთ კიდეც.
ჩვენ ვთქვით, რომ ქუჩაში პოლიციელი აღარავის არ გააჩერებდა. ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნიდით სახელმწიფოს.
ამის არავის არ სჯეროდა, მაგრამ შევძელით.
ჩვენ მოვახდინეთ სასწაული და ასე უნდა გავაგრძელოთ.
წმინდა გიორგის სასწაულებრივი გამარჯვება იმპერატორზე - აი, ეს არის საქართველოს ბედი არის.
საქართველო მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი აკვანი, განსკუთრებული კულტურისა და ისტორიის, განსაკუთრებული გამძლეობისა და მიღწევების მქონე ქვეყანაა.
მინდა ყველამ გაითავისოს, რომ გამოწვევებიც ძალიან დიდი გველოდება.
უკვე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ყველა, ვინც ჩვენს მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, ცდებოდა.
ოთხი წლის წინათ ყველა ამბობდა, ესენი დიდხანს ვერ გაძლებენ, რადგან გამოცდილება არა აქვთო; ასეთი გამოცდილი მსოფლიო პოლიტიკოსი გვყავს და ვერაფერი გააკეთა, ამათ რა უნდა შეძლონო.
ჩვენ მათ ვაჩვენეთ, რომ მთავარი ის კი არ არის, ვის რა რეპუტაცია და თანამდებობა აქვს, არამედ ის, ვის როგორ უძგერს გული, როგორც უყვარს თავის ქვეყანა - საკუთარ თავზე მეტად თუ ნაკლებად.
გადახედეთ ჩვენს ისტორიას.
რაზე ატყდა შარშან მთელი ამბავი ნოემერში?
შარშან გამოიყენეს საზოგადოების გაჭირვება.
ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოში ცხოვრების წესი მთლიანდ შეიცვლებოდა და ეს დავის საბაბი გახდა.
ქრათამის აღება ქართული ტრადიცია არ არის.
ფეოდალიზმი საქართველოს ყველაზე დიდი მტერი იყო, მაგრამ დავით აღმაშენებლმა ფეოდალების მიერ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ტრადიცია აღმოფხვრა.
არც კორუფია, არც გაუტანლობა და არც ერთმანეთის ქიშპობა არ არის ქართული ტრადიცია. სწორედ გარე ძალა ამკვიდრებს ჩვენში ცხოვრების ასეთ წესს, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე - გათიშე და იბატონე.
ჩვენთვის მთავარი იყო ერთი რამ - არავის აღარ აეღო ქრთამი.
ჩვენ ვთქვით, რომ მოძრაობის წესების დამრღვევს, როგორი ჯიპისა და მერსედესის მძღოლიც არ უნდა ყოფილიყო ის, პატრული გააჩერებდა და დააჯარიმებდა კიდეც.
ამ ფაქტს ზოგიერთმა აღშფოთებულმა ძალადობა უწოდა.
ასევე ვთქვით, რომ ნარკოტიკების გამსაღებელს დააპატიმრებენ, მას ვერც ტელეფონის ზარი გადაარჩენს და ვერც ვინმეს "პატივისცემა", რადგან ის, ფაქტობრივად, ათასობით თანამოქალაქის მკვლელია.
დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.
ზოგიერთი ასეთი ადამიანის დაკავებასაც ძალადობას უწოდებს.
ჩვენ ვთქვით, რომ ქათმის ქურდიც ქურდია, რადგან ის ქათამი და ძროხა, რომელიც გლეხს მოპარეს, შეიძლება ერთადერთი რამ არის, რითაც ოჯახი თავს ირჩენს.
ამით ბევრ ოჯახს არსებობის საშუალებას ართმევ და შიშილით სიკვდილისათვის სწირავ.
ქათმის ქურდის დაჭერას ის ხალხი ეწინააღმდეგება, რომელიც თბილისში ცხოვრობს და ხუთი ან ათი ათასი აქვს შემოსავალი, მათთვის ამის თქმა ადვილია.
ეს კი აუცილებელია.
იმასაც ამბობენ, რომ საქართველოში არის ძალადობა.
რეალურად, ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალადობის ფაქტები სამჯერ შემცირდა.
ამას ერთობლივად მივაღწიეთ.
ყაჩაღებს და ბანდიტებს ბოლომდე ამოვძირკვავთ.
ჩვენსა და ზოგიერთებს შორის დიდი განსხვავებაა - ჩვენ ვაპატიმრებთ დამნაშავეებს, ისინი კი ამბობენ, რომ ყველას გამოვუშვებთო.
მეც ვღებულობ წერილებს ასეთი შინაარსით: გამოუშვით ესა და ის ადამიანი ციხიდან და მთელი სოფლის ხმებს თქვენ მოგცემთ.
პრინციპები ფულზე არ იყიდება.
ჩვენ სახელმწიფო ვართ და საკუთარ უსაფრთხოებას არაფერზე არ გავცვლით.
კომპრომისზე წასვლა საკუთარი თავის ხარჯზე შეიძლება და არა საზოგადოების კეთილდღეობის ხარჯზე.
მსგავს კომპრომისზე არასდროს წავსულვართ და მომავალშიც ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ.
მოდით, შარშანდელ მოვლენებს დავუბრუნდეთ.
შარშან ისმოდა ლოზუნგი - არჩევნები გაზაფხულზე.
იმის გამო, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეს არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე უნდოდა, პოლიტიკურ კრიზისის შექმნა არ ღირდა და ეს ჩვენს საზოგადოებას ვუთხარი კიდეც.
ამ არაკეთილმოსურნემ აფხაზეთსა და ცხინვალში პასპორტების გაცემა დაიწყო, იქ თავისი სტრუქტურები შექმნა, კავკასიაში სამხედრო ბაზების გამაგრება და საქართველოზე თავდასხმისათვის მზადება დაიწყო.
ასევე დაგვიგეგმა, რომ სწორედ გაზაფხულზე, როდესაც უნდა განხილულიყო კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი, გამართულიყო ნატო-ს სამიტი და ძალიან ბევრი საერთაშორისო ფაქტორის გამო საქართველო შეიძლებოდა შედარებით ადვილი საკბილო გამხდარიყო, ჩვენი ქვეყანა დასუსტებული და დანაწევრებული ყოფილიყო.
გეკითხებით, ვინ აღმოჩნდა მართალი - ის, ვინც ამბობდა, რომ ამის გამო შევქმნათ კრიზისი, თუ ჩვენ, რომლებიც ვაფრთხილებდით, რომ ყოველივე ეს საქართველოს ცუდად შემოუბრუნდებოდა?
ეს ის შემთხვევაა, როდესაც დრო მთავარი მსაჯულია.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენც ვიცით რას ვაკეთებთ და მოწინააღმდეგემაც იცის რა უნდა გააკეთოს.
ჩვენი სიმართლე მოწინააღმდეგესთან მხოლოდ დებატების საშუალებით უნდა დავამტკიცოთ და საზოგადოებამდე მივიტანოთ ჩვენი ცხოვრებისა და მომავალი განვითარების მთავარი არსი.
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ადვილად მოვნახეთ - არჩევნები გაზაფხულზე გაიმართება, არჩევანის საშუალება კი ხალხს მივეცით და არა საქართველოს არაკეთილმოსურნეს.
ყველა მცდელობის მიუხედავად, მათ ამ პროცესის ჩაშლის საშუალება არ მივეცით.
მათი და მთელი მსოფლიოს დასანახად, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს გაზაფხულზე!
ჩემო ძვირფასებო, წინ დიდი გამოწვევები გველოდება.
ქვეყნის შიგნით ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე.
სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია შინ ჯდომითა და ტირილით, სიღარიბე აქტიური მოქმედებებით უნდა დავძლიოთ.
საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა.
ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი.
მსოფლიოში იზრდება ნავთობისა და ბენზინის ფასი, ძვირდება საკვები, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტი მოსავალი მოვიყვანოთ.
ბევრს დავდივარ რეგიონებში და ვხედავ, რომ წელს ბევრად მეტი სასოფლო სამეურნეო სამუშაოები შესრულდა, ვიდრე შარშან.
ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი.
ჩვენი ხალხის დასახმარებლად გავაიაფეთ ტრაქტორები და საწვავი, გლეხებმა დასამუშავებელი მიწების მორწყვა უნდა შეძლონ, რადგან სოფლის მეურნეობის სექტორში ინტენსიური სამუშაოების გარეშე, ნორმალურ ცხოვრებას დონეს ვერ მივაღწევთ.
ჩვენი საზოგადოების 50 პროცენტი სოფლად ცხოვრობს.
ისინი ქმნიან ერთიანი ეროვნული პროდუქტის მხოლოდ ათ პროცენტს. საჭიროა, რომ შექმნან გაცილებით მეტი, რათა მათი წილი საზოგადოების განვითარების საქმეში საგრძნობლად გაიზარდოს.
ამისათვის საჭიროა გამართული სარწყავი სისტემები და ბევრად მეტი ტრაქტორების შემოტანა.
იმისათვის, რომ სოფელი დადგეს ფეხზე, მომავალ წელს ტრაქტორების რაოდენობას გავასამმაგებთ, საჭიროა მეტი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, საწვავის, სასუქისა და ქიმიკატების შემოსატანად.
სოფელში ხალხი სრულფასოვნად უნდა ცხოვრობდეს.
მაგალითად, აუცილებელია ბიბლიოთეკების პროექტის განხორციელება.
ჩვენ ძალიან განათლებული საზოგადოება, განსაკუთრებული ახალგაზრდობა გვყავს და მათ განათლების ის შესაძლებლობები უნდა დავუბრუნოთ, რაც უფროს თაობას ჰქონდა.
ამისათვის გვჭირდება ბიბლიოთეკები, კომპიუტერები და ბევრი სხვა რამ.
დღეს ყველა სოფლის სკოლაში არის კომპიუტერები და გათბობა, მაქსიმალურად უნდა მოვამარაგოთ წიგნებითა და გაზეთებით.
ყველა სოფლამდე მიგვყავს გზები, რათა ახალგაზრდობამ სოფლიდან სოფელში თავისუფლად მიმოსვლა შეძლოს.
ჩვენ უნდა მივცეთ ხალხს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რადგან სოფებში ძალიან გონიერი ადამიანები გვყავს, რომლებიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს.
ტრადიციულად, ქართველები ძალიან გონიერი და ნიჭიერი ხალხია. სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება კი განთლება და შრომაა, ხოლო სახელმწიფომ ამისათვის ყველა პირობა უნდა შექმნას.
იაფი კრედიტი არ არის ზოგადი ცნება - იაფი კრედიტი არის საშუალება ადამიანს უთხრა - დაიწყე შრომა და სახელმწიფო მხარში ამოგიდგება.
ბევრი რამ ძალზე მარტივი გასაკეთებლია - ხუთ კილომეტრიანი გზის გაყვანით, ოთხჯერ მეტი სოფლის პროდუქციის გატანას შეძლებ ბაზარზე; გაზის შეიყვანით სათბურების მოსავლიანობა სამჯერ გაიზრდება; ელემენტარულ სასოფლო სამეურნეო ცოდნის მიცემით, ყველა სოფელში გვეყოლება არა მხოლოდ ექიმი, არამედ აგრონომიც და სოფელს კვალიფიციური კონსულტანტი ეყოლება.
ჩვენ გადავარჩენთ და ფეხზე დავაყენებთ სოფელს და საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორი გახდება.
საქართველო იყო ჩიხი. იმ ხალხმა, ვინც ჩვენი ქვეყნის დანაწევრიანება განიზრახა, მსოფლიო საკომუნიკაციო კვანძებს ჩამოგვაშორა.
დაგვიკეტეს რკინიგზა აფხაზეთიდან, დაგვიკეტეს ლარსი, როკის გვირაბი.
ჩვენ ვუპასუხეთ ყველაზე დიდი პროექტის განხორციელებით - ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რკინიგზის ქსელს შეუერთდება.
ეს ერთად გავაკეთეთ და არის რეალობა.
რამდენიც უნდათ ილაპარაკონ ჩვენ შეცდომებზე - ვინც არაფერს არ აკეთებს და არ მუშაობს, იმას არაფერი ეშლება.
მხარ-თეძოზე წამოწოლას და ასე უშეცდომოდ ცხოვრებას, დღე და ღამე მუშაობა, შესაძლოა, წაბორძიკება, მაგრამ საბოლოო მიზანთან მისვლა და ქვეყნის ფეხზე დაყენება სჯობს.
ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, მინდა ყველას გავუწოდოთ ხელი.
ჩვენი მთავარი კონკურენტი, სწორად თქვა დავით ბაქრაძემ, სიღარიბე და უმუშევრობაა.
ვართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებსაც ერთად ჩავაბარებთ წარსულს და გავიმარჯვებთ.
რაც შეეხება ჩვენს ოპოზიციას, მინდა ვუთხრა ყველა გამგებელსა და მინისტრს - მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით არ იკრძალება, თავი შევიკავოთ საარჩევნო კამპანიაში პირდაპირი მონაწილეობისგან.
თუ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას არ აქვს საინფორმაციო დაფა და ბილბორდი, ნაციონალურმა მოძრაობამ დაუთმოს მათ რამდენიმე, რათა საზოგოდოებას უკეთ გააცნონ რისი გაკეთება სურთ ქვეყნისათვის.
არ ვიცი ეს მათ დამატებით ხმებს მოუტანს თუ არა, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ.
მინდა ამ ხალხს უხაროდეს ქვეყნის გამარჯვება, ამიტომ ვიწვევ ნებისმიერ ოპოზიციონერს ბავშვებისათვის პირველი კომპიურის გადაცემისას.
მოვუწოდებ ადგილობრივ ადმინისტრაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგალითად, სარწყავი არხის გახსნაზე მოიწვიონ.
თუ მათ მშენებლობაშიც მოინდომეს მონაწილოება, ამის საშუალებაც აუცილებლად მივცეთ. თუკი უშუალოდ ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი არ ექნებათ, დავპატიჟოთ გახსნაზე, რათა სიხარული მათაც გაიზიარონ.
ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მომავალი, ჩვენი წარმატება.
მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს პარლამენტის წინა შემადგენლობას. ისინი უანგარო ადამიანები არიან.
სამი მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი და კარგად მახსოვს რა ხდებოდა: 90-იან წლებში, ზუსტად ერთ წელიწადში ყველას უჩნდებოდა შემოსავალი, ყველა ხდებოდა წარმატებული ბიზნესმენი და მთავრობა ინარჩუნებდა ამ ხალხისადმი ლოიალურობას.
ზუსტად ერთი წლის განმავლობაში ჟიგულის მარკის ავტომანქანები იცვლებოდა ჯიპებსა და მერსედესებზე და კარგად ვხედავდი, რამდენი უცხოური მარკის ძვირადღირებული ავტომანქანა იდგა პარლამენტის გარშემო.
ბოლო დრომდე ვცხოვრობდი პარლამენტთან და თვალს ვადევნებდი ამ ფაქტს.
ჩვენ ეს აღარ დავუშვით და ნაციონალური მოძრაობის განსაკუთრებულობაც სწორედ ამაშია.
ჩვენი პარტიის ოთხი წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივეცით და პარლამენტმა კენჭი უყარა მათთვის იმუნიტეტის მოხსნას.
ევროპის უმრავლესი ქვეყნების პარლამენტებში ასეთი რამ არ ხდება, აღარაფერს ვამბობ უკარაინზე, რუსეთზე და სხვა ასეთ ქვეყნებზე.
მუდმივი განახლების უნარი გვაქვს და არ ვეკუთვნით საკუთარ თავს. პარლამენტი არ ეკუთვნის პრეზიდენტს. პრეზიდენტიც და პარლამენტარებიც ვეკუთვნით ჩვენს ხალხსა და ჩვენი ხალხის მომავალს.
მივესალმები დავით ბაქრაძეს, რომელიც ჭეშმარიტი ლიდერი და მათი წარმომადგენელია, ვინც ჩვენ მოვიყვანეთ პოლიტიკაში.
დიდი მადლობას ვუხდი ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც დაამკვიდრა კომპრომისის და დიალოგის ტრადიცია. ეს ის მთავარი ატრიბუტებია, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა შეინარჩუნოს.
ჩვენს სიაში წარმოდგენილმა ადამიანებმა მინდა გაარძელონ, გააძლიერონ და განაახლონ ეროვნული ტრადიციები.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი განახლებული პარტიაა.
მინდა მივესალმო ამ ადამიანებს.
"საქმე ლაპარაკის ნაცვლად" არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ლაპარაკი არ ვიცით - უბრალოდ, უფრო მეტი უნდა ვაკეთოთ.
უნდა ვაკეთოთ ის, რაც ხალხს მართლა აღელვებს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა იმაზე, რა კარგები ვართ, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის განსაკუთრებულობასა და სიმტკიცეზე, რამდენად უკეთეს მომავალს ვიმსახურებთ და რამდენად სწრაფად უნდა დავძლიოთ სიღარიბე, რომელშიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმყოფება.
ჩვენ პასუხს ვაგებთ არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, არამედ საქართველოს მრავალათასწლიანი მომავლის წინაშე.
ჩვენ ბევრს მივაღწიეთ: საქართველო - კორუფციის, ქურდების, კლანების, შევარდნაძის ჯგუფებისა და ასლან აბაშიძის ბატონობის გარეშეა, მაგრამ მთავარი გამოწვევები საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს.
უმნიშვნელოვანესი გამოცდა ჩვენი შვილების, შვილიშვილებისა და მომავალი თაობებისათვის სწორედ ახლა უნდა ჩავაბაროთ.
ამისათვის დიდხანს ვემზადებოდით და მას მთელი დემოკრატიული სამყაროს დასანახად ჩავაბარებთ.
საქართველო ისტორიულად ამ რეგიონში იყო და დღევანდელ დემოკრატიულ სამყაროში, ამ განსაკუთრებულ ვითარებაში მთავარი მედროშეა.
აქ წყდება ევროპისა და მსოფლიოს თავისუფლების მომავალი.
ჩვენი გამბედაობისა და გმირობის ხარჯზე წყდება მსოფლიო წავა წინ, თუ გაიმარჯვებენ უზნეო ძალები და ისევ მოექცევა სამყარო ავტორიტარულად უხეში, გაუტანელი და უზნეო რეჟიმების ბატონობის ქვეშ.
მსოფლიოში დღეს სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფრონტი საქართველოშია.
ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ სიკეთის დროშას, ჩვენს მომავალს, მსოფლიოს ღირსებას, პრესტიჟსა და დემოკრატიული სამყაროს მომავალს.
ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლაში წინ გაგვიძღვება წმინდა გიორგი.
ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლაში ერთ მუშტად შეკრული ქართველები და საქართველოში მცხოვრები ყველა სხვა ეროვნების წარმომადგენელი, გაერთიანებული, ლაღი და ამაყი საქართველო ყველანაირ უბედურებას დაამარცხებს.
ჩვენი გამარჯვება ბოროტების საუკუნო დამარცხება და სიკეთისა და მომავლის გამარჯვება იქნება.
მინდა წარმატება ვუსურვოთ ერთმანეთს ამ დიდ ბრძოლაში გამარჯვებისთვის!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
მიგვიძღვოდეს წმინდა გიორგი!
გაუმარჯოს საქართველოს!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსსამსახური