Google+

სიახლეები

26.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გლდანის ახალ პროფესიულ ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

მოგესალმებით,

ახლა ჩამოვფრინდი ნიუ-იორკიდან და თუკი რამე გამიხარდებოდა ძალიან, ეს არის თქვენი ნახვა.

თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვის წინათ ვიყავი და თვალი შევავლე ამ ადგილს, რადგან ეს არის გლდანის რაიონის ცენტრალური ადგილი. მაშინ ვთქვი, რომ ის, რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება, არის უმუშევრობის დაძლევა, უმუშევრობის დაძლევის ყველაზე სწორი, სწრაფი და ეფექტიანი გზა კი, ასეთი გადამზადების ცენტრების შექმნაა.

ჩვენ შევქმენით გადამზადების ისეთი ცენტრი, როგორიც  საქართველოში ჯერ-ჯერობით ერთადერთია. ბოლო წლებში ბევრი რამ გავაკეთეთ - ჩვენ გავაკეთეთ ოცი პროფესიული კოლეჯი და უარი ვთქვით, ფაქტობრივად, ისედაც დანგრეულ ძველ პროფტექნიკუმების სისტემაზე.  ჩვენ შევცვალეთ და სრულიად ახალი სისტემა ავაწყეთ.

სტატისტიკურად, გადამზადების ცენტრის ნებისმიერი ასაკის კურსდამთავრებული, მაქსიმუმ, ერთ თვეში პოულობს საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურს. ეს მართლაც ძალიან დიდი გარღვევაა უმუშევრობის დაძლევის თვალსაზრისით.  

ფილოსოფია იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მიდის იმის მიღმა, რაც არის ეს ცენტრი.

თქვენ იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ყველაფერს წყვეტდა ერთი და იგივე რამდენიმე ათასი ადამიანი. ეს ხალხი ცხოვრობდა ერთ ქუჩაზე, ერთ სამეზობლოში და ისინი წყვეტდნენ ყველაფერს. მარტო მათ ჰქონდათ მაღალანაზღაურებადი სამსახურები, მარტო მათ ჰქონდათ თანამდებობი, მარტო იქ იყო ძირითადი სასწავლებლები და სამედიცინო დაწესებულებები და მარტო მათ მიუწვდებოდათ ხელი ხარისხიან ჯანდაცვაზე...

აი, ეს იყო „მათი“ საქართველოს ფილოსოფია და ამის აღდგენას ცდილობენ დღეს.

ამიტომაც აღიზიანებთ მათ ჩვენი თანასწორობის იდეა.

ჩვენი იდეაა ის, რომ ყველა რეგიონი იყოს თანასწორი. საქართველოში არ არსებობს პირველი, მეორე და მესამეხაროვანი უბნები. გლდანი იყო „კუნძული", რადგან აქ არ ჰქონდათ  მოსასვლელი გზაც.

მახსოვს, როდესაც ბინა მოგვცეს მუხიანში, მე და დედაჩემი ვფიქრობდით, რომ ჩვენთვის ცხოვრება დამთავრდა. აი, ეს იყო საქართველოს ფილოსოფია - მუდმივად ყოფილიყვნენ ერთი და იგივე ადამიანები და ტიპაჟები.

ისე, როგორც ახლა ვითარდება თბილისის ცენტრი, არასდროს გაკეთებული მისი ისტორიის განმავლობაში. ეს ასეა.

ამავდროულად, საგულისხმოა, რომ თბილისში, ყველაზე მეტად გარეუბნები ვითარდება.

ვაკის დეპუტატი ვიყავი ორჯერ და ვერ მოვახერხე, რომ 100 მეტრი გზა დამეგო...

ამას წინათ, ნუცუბიძის პლატოს ახალ გზაზე გავიარე და ვნახე, რომ იქაც საუკეთესო გზაა დაგებული. ასევეა ლისის ტბასთან მისასვლელი გზაც...

გლდანიც ისე ვითარდება, როგორც არასდროს აქამდე.

დღეს ამ გადამზადების ცენტრს ვხსნი. ამავდროულად, გაიხსნა საცურაო აუზიც.

მახსოვს, ჩემს ბავშვობაში სულ ორი აუზი იყო - საირმისა და ვაკის საცურაო აუზები, მესამე, „ლაგუნა ვერე“, მოგვიანებით გაიხსნა. ამაზეც მხოლოდ ცენტრში მიუწვდებოდა ხალხს ხელი,  მხოლოდ ცენტრში მცხოვრებლებს შეეძლოთ უცხო ენის შესწავლაც. ახლა კი 10 ათასი ამერიკელი მოვიწვიეთ, რომლებიც ყველას ასწავლიან ინგლისურს.

ჩვენს ეროვნულ უმცირესობებს ქართულ ენას ასწავლის ჩვენი ათასობით გულანთებული თანამოქალაქე.

საქართველოს ერთიანობა არის სხვადასხვა რეგიონების, სხვადასხვა ადამიანთა ერთიანობა. ვერავინ ზემოდან ქვემოთ ვერ დახედავს ვერავის.

ახლა კონკურენტული გარემოა და ვინც უფრო მეტს შრომობს, უკეთესადაც ის იცხოვრებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე უკეთესად იცხოვრებთ თქვენ, რადგანაც მშრომელი ხალხი ხართ.

ჩემ შესახებ სტატიებს წერდნენ: სააკაშვილს ბავშვობაში ჩაგრავდნენ და ეგ "ბირჟაზე" არასოდეს მდგარაო.

ვუპასუხებ, დიახაც, არასოდეს ვმდგარვარ, რადგან ვსწავლობდი - ასე გამზარდა დედაჩემმა.

იმ ხალხის უმეტესობა, რომელიც ასე ფიქრობდა, დღეს აქტიურობს პოლიტიკაში და  ხელისუფლებაში უნდა მოსვლა.  

ამბობდნენ, თუ "ქუჩის აკადემია" არ გაქვს გავლილი... არადა რა იყო ეს "ქუჩის აკადემია"? ეს იყო ფლიდობის, ზურგში დანის ჩარტყმის და ძალადობის აკადემია.

ამ ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, ძალიან კარგად დავინახე, თუ რისი დაბრუნება სურს იმ ხალხს, ვინც ახლა ყველაზე მეტს ყვირის, მათ ყველაზე ნაკლებად აღელვებთ ძალადობა და ღირსების შეურაცხყოფა, რადგან ეს ადამიანები აყაჩაღებდნენ და აუთოებდნენ ყველას.

თბილისში ბაბუაჩემთან შევარდნენ სახლში წინდაჩამოცმული ადამიანები, ყველა ძირს დააწვინეს, რადგან, ალბათ, ახლობლები იყვნენ. აი, ასე იარაღდადებული ჰყავდათ ჩემი ოჯახის ყველა წევრი და 3 საათის განმავლობაში ძარცვავდნენ და კონდახს ურტყამდნენ თავში. ჩემი ახლო მეგობრის თვალწინ მოკლეს მისი დედა და დაჭრეს მამა ბახტრიონზე...

და ეს ხალხი გვიკითხავს ლექციებს ძალადობაზე?! გვინდა ჩვენ ეს?

მთელი ეს წლები მოვახმარეთ იმას, რომ საქართველოში ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ გაგვეწია გვერდზე.

ძალადობა ყველაზე მეტად მეზიზღება ბავშვობიდან. როდესაც არ გაქვს ტვინი, ნიჭი, შრომის სურვილი და  სამართლიანობის შეგრძნება, საქმეში ძალადობისა და ვიღაცის დაჩაგვრის არგუმენტი შემოდის.

აი, ამ სისტემის დაბრუნება სურთ მათ.

ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელშიც ადამიანი ფასდება არა იმით, რამდენად შეუძლია თავზე ხელი აიღოს, რამდენი ფული აქვს, ან რომელი კრიმინალური ავტორიტეტი თუ სამყარო დგას მის უკან, არამედ იმით, თუ რამდენი იშრომა, რამდენი ისწავლა, როგორ უყვარს თავისი საქმე და როგორ უყვარს საკუთარი ქვეყანა.

საბოლოოდ, დამნაშავეობის, თუნდაც ქვეყნის განვითარების პრობლემების გადაჭრა არის არა ციხეების, საპატიმროების კომფორტულ შენობებსა და არა პოლიციის როლში, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ამ მიღწევას ვეღარავინ დააბრუნებს უკან, არამედ მთავარი გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იქნება წესრიგი, სიმშვიდე, განვითარება არის დასაქმებული საქართველო.

როდესაც ხალხს ექნება საქმე, მაშინ ციხეებიც დაცარიელდება და აღარც პოლიციას მოუწევს ბევრი მუშაობა.  

ადამიანებს დილით სადმე წასასვლელი უნდა ჰქონდეთ, უნდა ჰქონდეს შემოსავალი, რათა ის მოახმარონ საკუთარი ოჯახის წევრებს, თავიანთ შვილებს, მათ  მომავალს, თუნდაც საკუთარ გართობას და როდესაც გვექნება დასაქმებული ქვეყანა, სხვა ყველა სოციალური პრობლემა უკან დაიხევს.

როცა ქვეყანა დაცული იქნება ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ყველას ექნება დაზღვევა. აღარავის მოუწევს ფიქრი იმაზე, რა ეშველება თუკი მათი ოჯახის წევრს რამე დაემართება.

აი, მაშინ იქნება დაცული ქვეყანა.

ჩვენი გრძელვადიანი გეგმა არის არა პოლიცია, არა მანდატურები, თუმცა ძალზე ვემადლიერებით მათ, არა, მით უმეტეს, ციხეები, როგორც არ უნდა გამოსწორდეს იქ მდგომარეობა, არამედ ის, რომ ეს ხალხი ყველა იყოს პერსპექტივით, დასაქმებითა და მომავლის ხედვით. ისინი ამას არაფერზე არ გაცვლიან.

სოციალურად ეს არის სწორი.

ჩვენ გავხსენით 20 ასეთი სასწავლებელი.

ამას გარდა, თუკი რაიმე მექნება ყველაზე მეტად საამაყო ჩემი პრეზიდენტობით, იქნება ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ბათუმში მომავალ წელს ამუშავდება. წელს იქ უკვე ამოქმედდა გადამზადების ცენტრები.

ბევრი თქვენგანი დარწმუნებული ვარ, იქაც ისწავლის.

ყველაზე მაღალი შენობა, რომელიც ქართველებმა კავკასიაში ააშენეს, არის უნივერსიტეტი, არა სასტუმრო, არა ვიღაცის კერძო სახლი, არა ვიღაცის სავაჭრო ცენტრი, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულება.

ყველაზე ლამაზი დაწესებულება გლდანში არის არა უნივერმაღი, არა კაზინო - სამორინე, არა სხვა საეჭვო დაწესებულება, არამედ პროფესიული გადამზადების ცენტრი ყველა ადამიანისთვის, რათ მათ მისცემს სპეციალობას, დასაქმებას, შემოსავალს და მომავლის პერსპექტივას.

ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.

ეს არის მე-20 გადამზადების ცენტრი და კიდევ 30 გვჭირდება საქართველოს მასშტაბით.

ასევე გვექნება ძალიან კარგი სკოლები, საუკეთესო პროფესიული ცენტრები, პედაგოგების უმეტესობას ექნება 1000-ლარიანი ხელფასი, გამოჩნდებიან ახალი პედაგოგები, მათ შორის აქაურ პედაგოგებს ექნება ძალიან მაღალი ხელფასი.

ეს სასწავლებელი უნდა იყოს მორგებული ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად. აი, ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა.

ძალიან ადვილია, ყველამ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბაროთ,  საერთაშორისო სამართალზე - მე ამ პროფესიის ვარ და შრომით სემესტრებზეც ბევრი მივლია სკოლაში, მაგრამ რამე პროფესია ამეთვისებინა ამ შრომითი სემესტრების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა.

თქვენგან, შესაძლოა, ვინმე ხარატი გამოხვიდეს,ზოგიერთი შემდუღებელი იყოს... ხვალ თქვენ დააამთავრებთ ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ბათუმში და გამოხვალთ კოსმოსური ინჟინრები.

მაგრამ, რომ გეცოდინებათ შედუღება და ის, თუ როგორ მუშაობს ყველა რგოლი, ყველაფერს შეძლებთ. ქართველები არიან ჩხირკედელა ხალხი, სულ ცდილობენ რაღაც შექმნან - ეს არის ქართული ბუნება.

გონებაგახსნილი და ნიჭიერი ერი ვართ და ყველაფერს შექმნით, თანაც გეცოდინებათ არა წიგნებიდან, არამედ 17 და 19 წლის ასაკში აქ, ამ გადამზადების ცენტრებში შეძენილი ცოდნით.

ამავე დროს, შეიძლება გახდეთ საუკეთესო სპეციალისტები და ნობელის პრემიის ლაურეატებიც.

მინდა პედაგოგებს ვთხოვო, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათ ამ ბავშვებმა ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიონ.

სიმბოლურად, აქ მე გამიხსნეს კაბინეტიც, რადგან ვთქვი, რომ ვაპირებ ამ ცენტრს ვუხელმძღვანელო ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

კიდევ ერთ წელიწადზე მეტი მრჩება, და აქ ვივლი უფრო მეტს, ვიდრე ჩემს ვენახში  დავდივარ, რადგან მოსავალი, რომელიც ჩვენ აქ უნდა  მივიღოთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე 100 ბოთლი ღვინო.

ღვინოც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც შეიძლება საქართველომ მსოფლიოს მისცეს.

წარმატებებს გისურვებთ.

დიდი მადლობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)