Google+

სიახლეები

19.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა  დღეს ქუთაისში საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან  გამართა შეხვედრა. ქვეყნის პირველმა პირმა თვითმართველობისა და  დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირების აუცილებლობაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ. შეხვედრისას, მან ყურადღება რეგიონში  განხორციელებულ  ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაც, მისივე თქმით, როგორც რეგიონის განვითარების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტიაა.  

"ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დროებითი მოვლენაა - ეს  ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის მთავარ ნორმებს. ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ცარიელ, დანგრეულ ადგილზე. ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნაწილია. ინსიტუტები, რომლებიც ეფუძნება კანონის უზენაესობას და არა ბრბოს თვითნებობასა და ბრბოს კარნახს. კანონის უზენაესობა არის ხალხის სამსახური, ერის სამსახური, ბრბო კი ემსახურება ცალკეული, დროებითი  თანამდებობის პირების ინტერესებს. ამიტომ ვერანაირი 200 კაცი, 100 კაცი თუ 500 კაცი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს თვითმმართველობები იქნება 2014 წლამდე. 2013 წელს ჩვენ გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო 2014 წელს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მანამდე არავის არ აქვს უფლება შეეხოს ადგილობრივ ინსტიტუტებს. მე ვიცი, რომ ხალხი აქ ათასგვარი მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს და ამის ავტორებს უნდა რცხვენოდეთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ  სახელმწიფოებრიობაზე უნდა ვთქვათ უარი. იმ ხალხმა, ვინც ჩქარობს, ძალიან კარგად იცის,  მეგობრებო, რომ 2014 წელს მათ შანსი არ ექნებათ, უფრო მეტსაც გეტყვით, მათ 2013 წლის ბოლომდეც არ აქვთ შანსი და ამიტომ არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ მე ჯერ  კიდევ პრეზიდენტი ვარ. მინდა ვთქვა, რომ მე ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ განვითარება არ შეწყვიტოს. ქუთაისში ბევრი პრობლემა არის  დაგროვილი. ჩვენ აქ გადმოვიტანეთ პარლამენტი, მაგრამ იმის გამო, რომ დღევანდელი რიტორიკით, მათი აზრით, პარლამენტი აქ არ უნდა დარჩეს, პრაქტიკულად, ბევრი ის  პროექტი დარჩა განუხორციელებელი, რომელიც უკავშირდებოდა პარლამენტის აქ ფუნქციონირების შენარჩუნებას. თქვენ კარგად იცით, წყალტუბოს განვითარების პროექტი შეჩერებულია. წყალტუბოში სამუშაოები 1 ოქტომბერს გაჩერდა და, ძირითადად,  შეჩერებულია ის პროექტები, რომლებიც სასტუმროების მშენებლობას ითვალისწინებდა.  პარლამენტის წინ უნდა აშენებულიყო 21-სართულიანი სასტუმრო და ესეც შეჩერდა. გაჩერდა რამდენიმე ახალი ტურისტული თუ სხვა ობიექტი, გაჩერდა კომერციული განვითარება. გაჩერდა ახალი ფირმები, რომლებიც უნდა დარეგისტრირებულიყო, რადგან არის რიტორიკა, რომ პარლამენტი არ უნდა იყოს ქუთაისში. პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში! საქართველო უნდა იყოს დეცენტრალიზებული და ეს არის კარგი თბილისისთვის, ეს არის კარგი ქუთაისისთვის და ეს არის კარგი საქართველოსა და მისი ერთიანობისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)