მიხეილ სააკაშვილი: "მე იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის შეჩერება და ნგრევა, არ არის მთავრობის შეგნებული პოლიტიკის ნაწილი.“
საქართველოს პრეზიდენტი დღეს მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი მშენებლობა შეჩერდა. ქვეყნის პირველი პირისთვის მიუღებელია იმ მშენებლობებისა და სხვადასხვა პროექტების შეჩერება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ათასობით სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო. მიხეილ სააკაშვილისთვის ასევე მიუღებელია ის ფაქტი, რომ ახალი წლის დღეებში ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. მისივე შეფასებით, მსგავსი პროცესები ქვეყნის წინსვლასა და ტურიზმის განვითარებას აფერხებს.
„დღეს ყველას საახალწლო, საშობაო განწყობა გვაქვს. ეს ასეც უნდა იყოს. თუმცა, ახლა მინდა, საქმეზე ვილაპარაკო - იმ სადარდებელზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დამიგროვდა. გუშინ დავბრუნდი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. საქართველოში ძალიან ლამაზი შენობები შენდება, მათ შორის, რიყის პარკთან. გაერთიანებულ საემიროებში სტუმრობისას, როდესაც ვნახულობდი, როგორ არის აშენებული ის ქვეყანა, ყოველთვის მინდოდა, საქართველო ყოფილიყო ისეთივე გრანდიოზული, ლამაზი და განვითარებული. ჩვენ მართლაც მივდიოდით იმ ზღვრამდე, რომლის იქითაც მსგავსი განვითარება იწყებოდა. ბევრი პროექტი უკვე დაწყებული იყო. მათ შორის, იყო ახალი სასტუმროს პროექტი - 40 სართულიანი, რომელიც თბილისის ცენტრში უნდა აშენებულიყო და 20 ათას ჩვენ თანამოქალაქეს დაასაქმებდა. ახალი სასტუმრო უცხოელ ინვესტორებს უნდა აეშენებინათ. საემიროებში ყოფნისას მითხრეს, რომ ამ სასტუმროს პროექტი საქართველოს ახალმა მთავრობამ შეაჩერა და 20 ათასი ადამიანი დარჩა სამუშაო ადგილის გარეშე. 1 იანვარს ხობის წყალზე უნდა დაწყებულიყო ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და სამწუხაროდ, შევიტყვე, რომ ეს პროექტიც გაჩერდა. ხობის წყალზე ელექტროსადგურის მშენებლობა დამატებით 10 ათას სამუშაო ადგილს შექმნიდა. ასევე შეჩერებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა, რომელიც 3 თვის წინ დაიწყო. მსგავსი პროცესები საქართველოს დააკარგვინებს ასობით ათას ახალ ტურისტს და შემოსავალს ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის. ახალი წლის პირველ დღეებში გავიგე, რომ რამდენიმე ათეულმა ათასმა ჩვენმა მოქალაქემ ახალი მთავრობის გადაწყვეტილებების თანახმად, სამსახური დააკარგა.
იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის შეჩერება და ნგრევა არ არის მთავრობის შეგნებული პოლიტიკის ნაწილი. იცით, რომ ხიდსაც ემუქრებიან ნგრევით, ახალს კი ვერაფერს აშენებენ. ახალი სასტუმრო რომ აშენებულიყო, ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული შენობა იქნებოდა ევროპაში. როდესაც ასეთი შენობები, ასეთი ქალაქები გაქვს, ხალხი დასაქმებული გყავს, შემოსავალი შემოდის, ტურიზმი ვითარდება, ჩვენ არავის შესაშური აღარ გვექნებოდა, ქვეყანა წინ წავიდოდა.
ქვეყანა აუცილებლად წავა წინ.
მინდა ვისურვო, რომ ეს ყველაფერი დროებითი გაუგებრობა აღმოჩნდეს და ხალხი შემდეგ ახალ წელს ბევრად უფრო კმაყოფილი, უფრო დიდი იმედებით აღსავსე შეხვდეს. მინდა ვისურვო, რომ ეს ყველაფერი წარმატებით გააკეთოს საქართველოს მთავრობამ. მსურს, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს - აღარ აჩერებდნენ ყველაფერს, როგორც ეს სამწუხაროდ ხდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.