Google+

სიახლეები

15.01.2013
მიხეილ სააკაშვილი: „პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება ნიშნავს დასავლეთ საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის, ქუთაისისთვის კი მისი ისტორიული როლის დაბრუნებას. ეს არის ქართული სულის აღორძინების დასაწყისი.“

მოგესალმებით ყველას,

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონი გიგას, ამ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორების და თითოეული თქვენგანის მოწვევისთვის, რადგან აქ ჩემთან შესახვედრად მოხვედით.

ჩვეულებრივ თქვენ უსვამთ კითხვებს თქვენს ლექტორებსა და პროფესორებს, თქვენ მასწავლებლებს. ახლა მე მინდა თქვენ დაგისვათ კითხვები, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა ბევრად მეტი იცის, ვიდრე მე.

ჩემი პირველი კითხვა იქნება, თუ გადაიხადეთ ქრთამი ამ უნივერსიტეტში მოსახვედრად? რომელ თქვენგანს გაურჩია ქურდმა საქმე ბოლოს? რომელ თქვენგანს წაართვეს ბოლო პერიოდში ქუჩაში ფული?  ბოლოს როდის დაიძინეთ საღამოს თბილი პალტოთი რომ არ გაყინულიყავით? ახლა თქვენ გეცინებათ. ვის ახსოვს გადაცემა „ალო, გისმენთ მერი“? ეს იყო ერთადერთი დღე ქუთაისში, როდესაც ქალაქში იყო დენი. პარასკევს საღამოობით, გამოდიოდა მერი და საუბრობდა, თუ რატომ იყო ყაჩაღობა, რატომ იყვნენ ქურდები, რატომ არ იყო გათბობა, რატომ არ იყო დენი, რატომ არ იყო გზები, რატომ იყო მექრთამეობა და რისი ბრალი იყო - მთავრობა არაფერ შუაში არ იყო.

ეს ყველაფერი იმიტომ გკითხეთ, რომ მინდა, ერთი რამ იცოდეთ - დღეს მოდაშია ნაციონალური მოძრაობის და ჩემი ლანძღვა. მინდა, ერთი რამ ვთქვა - ის, რომ დღეს არის დენი, თქვენ რომ აღარ გართმევენ ქრთამს, არ არიან ქურდები, ქუჩაში არ გძალავენ ფულს, ქართული ოჯახების 80 პროცენტის ერთადერთი საჭმელი არ არის კარტოფილი და პური. ეს ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ და ნაციონალურმა მოძრაობამ - ამით ძალიან ვამაყობ. ეს არის რეალობა და არა ვირტუალური საქართველო. ამასწინათ ვიღაც ამბობდა - პარლამენტის ვირტუალური შენობაო, რას ნიშნავს ვირტუალური? თითს დააჭერ და ეკრანიდან წაიშლება, თუ ჰაერში აფრინდება?

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ყველაფერი ეს ჩვეულებრივია, ყველა მიღწევა დარჩება და რაღაცას დამატებითაც მივიღებთ, მაგრამ ერთი პრობლემაა რომ უშუქობასაც, კრიმინალსაც, ქურდებსაც და კორუფციასაც თავისი სახელი და გვარები აქვს, რომლებიც ცოცხლები არიან და უფრო მეტსაც გეტყვით, მათი ძირითადი ნაწილი დაბრუნდა კაბინეტებში და დღეს მათ ერთად გადაწყვიტეს ქუთაისს წაართვან პარლამენტი. ჩვენ უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს პარლამენტი ქუთაისში. რეგიონში შენდებოდა წყალტუბოს ძალიან დიდი ტურისტული კომპლექსი, რომელიც ძირითადად შეჩერებულია, დამატებით ეს მოიტანდა 100-150 მილიონ ლარ და, მათ შორის, უამრავ სასტუმრო კომპლექსს. ჩვენ გვინდოდა ქუთაისის აეოპორტი ყოფილიყო  არა მხოლოდ  კავკასიის უდიდესი აეროპორტი, არამედ უნდა ყოფილიყო ევროპის უდიდესი აეროპორტი. თუ ქუთაისში პარლამენტი აღარ იქნება, ისევ ისე დარჩება, როგორც ადრე იყო - 2 რეისი: ერთი მოსკოვი, ერთი კიევი. უამრავი ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო, სასტუმრო და ტურისტული ობიექტი აშენებულიყო. ათასობით სამუშაო ადგილი გაჩერდება. იცით, რომ ბევრ თქვენგანს სტაჟირებას უნდა გაევლო  პარლამენტში, ბევრი თქვენგანისთვის უნდა ყოფილიყო სამუშაო ადგილი, რატომღაც პარლამენტმა გადმოიყვანა აპარატის უმრავლესობა თბილისიდან, იმიტომ, რომ თავიდანვე აპირებდნენ თბილისში დაბრუნებას . ეს არ იყო ჩვენი ჩანაფიქრი. მათი თქმით,  უნდა დაბრუნდეს პარლამენტი თბილისში, რადგან  არასამთავრობო სექტორი თბილისშია,  ქუთაისში არ შეიძლება იყოს არასამთავრობო სექტორი? დასავლეთ საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაცია? ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვბრუნდებით სახლში. ჩვენ ვბრუნდებით თბილისში იმიტომ, რომ გვინდა ახლოს ყოფნა ხალხთან. ქუთაისში ხალხი არ ცხოვრობს?

ერთი სიტყვით, თუ ქუთაისში არ არის პარლამენტი, მაშინ ეს ყველაფერი რჩება ცარიელ ადგილად. უსიცოცხლო ქუთაისი ნიშნავს უფუნქციო დასავლეთ საქართველოს. ხოლო ცოცხალი ქუთაისი აცოცხლებს მთლიანად რეგიონს. პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის იდეა ეს არის ქუთაისის ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკა.

პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება არის დასავლეთ საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის, ქუთაისისთვის კი მისი ისტორიული როლის დაბრუნება. ეს არის ქართული სულის აღორძინების დასაწყისი, ეს არის ეკონომიკის განვითარება. ქუთაისს ებმება ლაზიკის პორტის კომპლექსი, ებმება ბათუმის კომპლექსი. აქ არის ჩვენი გზა აფხაზეთისკენ, ჩვენი ევროპული კულტურის აკვანი და ჩვენი ევროპული ორიენტაციის საფუძველი. ეს არის ბევრად შორსმიმავალი გეგმა, ვიდრე უბრალოდ რომელიმე პარლამენტარის 5 ოთახიან ბინაში დაბრუნება რუსთაველზე ან ჭავჭავაძის პროსპექტზე. ეს არის ფუნდამენტური მსოფლმხედველური არჩევანი საქართველოსთვის. ამ არჩევნის გადახედვა ქუთაისს არა მხოლოდ აქცევს ხელახალ დანამატად, ბოლომდე დააკარგვინებს სახეს და 90-იან წლებში დააბრუნებს, არამედ რეალურად წაგვართმევს იმ პერსპექტივებს, რომელიც იხსნებოდა დასავლეთ საქართველოში, მთლიანად საქართველოში და მათ შორის, საქართველოს დედაქლაქისთვისაც. თბილისი უნდა იყოს ძლიერი საქართველოს დედაქალაქი და არა უბრალოდ საქართველოს სუსტი თავკომბალა ცენტრი. თავისი მანქანების საცობებით, მარტო ერთი ადგილის განვითარებით, ერთი ცენტრით, მხოლოდ ერთი-ორი ქუჩით, დანარჩენისთვის ყველანაირი პერსპექტივის მოსპობით. ამიტომ თუ ჩვენ ეს არ გვინდა ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ, რადგან მათ ეს უნდათ და ამაზე სერიოზულად მუშაობენ. მიმდინარეობს დეპუტატების შანტაჟი, ფულის გადახდა და როგორც ყოველთვის ახალგაზრდობამ უნდა ამოიღოს ხმა. იმიტომ, რომ თქვენ გართმევენ ხვალინდელ დღეს. მე არაფერს არ ვაზვიადებ და არ გაშინებთ. თუ მაგრად დავდგებით, ვერაფერსაც ვერ წაგვართმევენ და ჩვენ მაგრად უნდა დავდგეთ. მე მინდა ყველას კარგად ქონდეს გაცნობიერებული. ყველა სხვა საკითხი ერთმანეთს ებმება: ეკონომიკური სიტუაცია - ინვესტიციებს, ინვესტიციები - რეგიონალურ განვითარებას, რეგიონალური განვითარება -განათლების დონეს, განათლების დონე - თქვენი უნივერსიტეტის დონეს, თქვენი უნივერსიტეტის დონეს კი მოსდევს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქაურობა. ერთი სიტყვით, ქვეყანაზე ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მე მინდა ყველას გაცნობიერებული გვქონდეს, რომ შეუქცევადი პროცესები არ უნდა დავაზიანოთ იმის გამო, რომ ჩვენს ხალხს უნდოდა უკეთესი ცხოვრება არჩევნების შედეგად და მე ძალიან კარგად მესმის ხალხის მოტივაცია არჩევანის გაკეთებისას. მათ გაუარესება კი არ უნდა უნდოდათ, არამედ გაუმჯობესება. ის, რასაც პარლამენტი აპირებს, არის საქართველოს ნახევრის კატასტროფული გაუარესება ეკონომიკური, სოციალური დემოგრაფიული თვალსაზრისით და ყველანაირი განვითარების პერსპექტივის კუთხით.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გავაკეთეთ სპორტ-კომპლექსი, საციგურაო მოედანი, უამრავი სხვა მოედანი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან კულტურის ცენტრი სწორედ ქუთაისში უნდა იყოს.

რაც შეეხება პირველ თემას, იგი ეხება თოთოეული თქვენგანის მომავალს, ქუთაისის, დასავლეთ საქართველოს მომავალს, რადგან ქუთაისს ებმება ხონი, ბაღდათი, წყალტუბო, სამტრედია, ზესტაფონი. ყველა ამ რაიონისთვის ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ხალხს. საინიციატივო ჯგუფი უნდა შევიდეს ყველა  ეზოში და მოსახლეობას აუხსნას ყველაფერი.

პირველი დღიდან ამბობენ, რომ პარლამენტი თბილისში დაბრუნდება და როდესაც ამას აცხადებ, მაშინ ვინღა ჩადებს ფულს? ის პარლამენტარები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ადგილობრივ პროდუქტებს ყიდულობენ, სახლებს ქირაობენ, სტუდენტებს პარლამენტში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ. თითეული თქვენგანისთვის ეს პერსპექტივა უნდა გაგრძელდეს და ვფიქრობ, რომ გაგრძელდება კიდეც, თუმცა თითოეული თქვენგანის აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მინდა მოგიწოდოთ, რომ იყოთ აქტიურები. თქვენ ძალიან დიდი ძალა ხართ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, გინდათ თუ არა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ, კულტურულ, საგანმანათლებლო ცენტრში ცხოვრება, თუ ისევ 90-იანი წლების უმნიშვნელო, დაკნინებულ, განადგურების პირას მყოფ ქუთაიში დაბრუნება, სადაც თქვენ დაიბადეთ. თუმცა, საბედნიეროდ, აღარ გახსოვთ. გინდათ ის გაგახსენონ, თუ რაღაც ბევრად უკეთესი მიიღოთ ვიდრე დღესა არის? აი ეს არის ჩემი დღევანდელი გზავნილი. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ნაციონალური მოძრაობა აქ არაფერ შუაშია. საკუთარ თავს დაუჭირეთ მხარი, ქუთაისს დაუჭირეთ მხარი, საქართველოს ძლიერ რეგიონალურ იდეას დაუჭირეთ მხარი, ახალგაზრდობის მომავალს დაუჭირეთ მხარი, დემოკრატიას დაუჭირეთ მხარი და წარსულში არდაბრუნებას. მხარი დაუჭრეთ მომავლისკენ სვლას - ეს არის ჩემი მოწოდება.

დიდი მადლობა მოწვევისთვის, წარმატებებს გისურვებთ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)