დღეს მიხეილ სააკაშვილმა მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში პრეზიდენტის ახალი რწმუნებულები წარადგინა
დღეს მიხეილ სააკაშვილმა მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში პრეზიდენტის ახალი რწმუნებულები წარადგინა. ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით, ხათუნა ოჩიაურმა გუბერნატორის თანამდებობა მცხეთა-მთიანეთში დაიკავა, რომელმაც რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კიკნაველიძე შეცვალა, ხოლო ანდრო ბარნოვი გუბერნატორის რანგში შიდა ქართლში გააგრძელებს მუშაობას.
პრეზიდენტის კაბინეტში შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში თვითმმართველობის ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანვე განსაკუთრებული ყურადღება ხათუნა ოჩიაურისა და ანდრო ბარნოვის გამოცდილებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მსგავსი გამოცდილებისა და წარმატების მქონე პოლიტიკოსების გუბერნატორებად დანიშვნა.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ამნისტიის შესახებ კანონზეც ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პარლამენტის გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ამ კანონის მიღებით, პარლამენტმა რუსეთის ჯაშუშების, კრიმინალებისა და სხვა მძიმე დამნაშავეების გათავისუფლებით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო.
ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაგმო ის ზეწოლა, რომელიც სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხორციელდება,მიხეილ სააკაშვილისთვის ასევე მიუღებელია ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა და ის პოლიტიკური თუ სამართლებრივი ზემოქმედება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება პოლიტიკურ ოპონენტებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა უარყოფითად შეაფასა ქვეყნის პრემიერი-მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებებიც.
მიხეილ სააკაშვილი:
"მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის. დღეს, მინდა წარმოგიდგინოთ ახალი გუბერნატორი ხათუნა ოჩიაური მცხეთა-მთიანეთში და შიდა ქართლში- ანდრო ბარნოვი. ეს არის განახლების, ახალი სისხლის შემოსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. განსაკუთრებით, ანდროს შემთხვევაში, იმიტომ რომ ანდრო არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,გორში იყო სამხედრო აკადემიის ძალიან წარმატებული რექტორი, რომელმაც პრაქტიკულად თანამედროვე ტიპის სამხედრო აკადემია შექმნა. ის წარმოშობითაც გორიდან არის, მისი ოჯახი კი დღესაც შიდა ქართლში ცხოვრობს. ასეთი ხალხის მოსვლა პოლიტიკაში ასეთ რთულ დროს, თან ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩემთვის პირადად, არის ძალიან მისასალმებელი. მე ეს გადაწყვეტილება ყოყმანის გარეშე მივიღე და უფრო მეტიც, ძალიან დიდი სიამოვნებით ვახორციელებ ამ განახლებას. ხათუნას ბევრი თქვენგანი იცნობს და თან კარგად. ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა. მცხეთა-მთიანეთიც ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია. ჩვენ ამით ვაგრძელებთ ადგილობრივი სტრუქტურების გადახალისებას, რადგან ახლა ვიმყოფებით ძალიან რთულ დროში.
თქვენ ნახეთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელსაც მე ვეტო დავადე, პარლამენტის გადაწყვეტილებით ძალაში შევიდა.ეს ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რაც უამრავი კრიმინალის მასობრივ გაშვებას მოყვება. ერთია, როდესაც ინდივიდუალურად იწყალებ და სხვაა, როდესაც მასობრივად ათავისუფლებ. ეს არის სრულიად ბრმა პროცესი, რაც დაუშვებელია დღევანდელ სიტუაციაში. დაუშვებელია, ასევე რუსეთის ჯაშუშების და იმ მეამბოხეების გათავისუფლება, რომლებიც ძალადობრივი დანაშაულის მონაწილეები არიან. მე აღარაფერი აღარ მიკვირს იმ პირობებში, როდესაც კიტოვანი უკვე თბილისში დასეირნობს. ალბათ, გაკვირვებით ადევნებს თვალს მის მიერ დანგრეულ თბილისს და უკვირს, როგორ შევძელით ასე სწრაფად აღდგენა... როდესაც კახა თარგამაძეს აბრუნებენ, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან და პირდაპირ კონტაქტზე იყო რუშაილოსთან, რომელიც რუსეთის მხრიდან დაგეგმილი სპეცოპერაციის განმახორციელებელია საქართველოში...
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე მოიგერია ამერიკელებისა და ევროპელების შემოტევა. ეს დაახლოებით იგივეა, დავით აღმაშენებლის დროს რომ ეთქვა საქართველოს რომელიმე წარმომადგენელს, რომ ჩვენ მოვიგერიეთ ჯვაროსნების შემოტევა. მაშინ დიდგორი კი აღარ იქნებოდა, საქართველო აღარ იქნებოდა უბრალოდ, თქვენ იცით, რომ ჯვაროსნები იდგნენ ჩვენს გვერდზე საქართველოს განთავისუფლების საკითხში.
დღეს, როცა რუსეთს აქვს ოკუპირებული შენი ტერიტორია და შენ დაკავებული ხარ არა რუსეთის, არამედ დასავლეთის მოგერიებით, პარალელურად უშვებ რუსეთის ჯაშუშებს, არის თუ არა საფუძვლიანი და დასაბუთებული ის ვარაუდი, რომ დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის ძირის გამოთხრა შეგნებულად ხდება.
მეორე საკითხი ეხება თქვენს საქმიანობას პირდაპირ. დღეს მიდის მასობრივი შეტევა სასამართლო , ადგილობრივ და საპარლამენტო ხელისუფლებაზე, რაც წარმოუდგენლად ბინძური მეთოდებით ხორციელდება . მე მსგავსი მხოლოდ წაკითხული თუ მაქვს. ჩვენს მთავრობასაც, რა თქმა უნდა, ჰყავდა სპეცსამსახურები და ჩაუტარებიათ სპეცოპერაციები , მაგრამ უმკაცრესი პირობა იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეელახათ ადამიანის პირადი ცხოვრება. არასდროს, არსად არ გასულა არცერთი ადამიანის პირადი ცხოვრების მაკომპრომიტირებელი საბუთები.
გუშინ პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ თუ უმცირესობის წევრები ხმას არ მისცემენ საკონსტიტუციო ცვლილებებს , რომელიც ჩემი აზრით ძალიან მძიმე შედეგის მომტანია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის და არ შედის ჩვენ ეროვნულ ინტერესებში,ისინი გაინადგურებენ თავის მომავალს. მე არ ვიცი არცერთი ცივილიზებული ქვეყანა , რომელშიც მთავრობის ხელმძღვანელი დაემუქრება დეპუტატებს ამ ტექსტით და არა მხოლოდ ემუქრებიან, არამედ მოქმედებენ კიდეც.
მინდა მივმართო პრემიერ მინისტრს, რამდენი ხანი აპირებენ ამ მეთოდებით, ამ სიბინძურით, ამ წარმოუდგენელი უკანონო ქმედებებით თავიანთი დესტრუქციული მიზნების შესრულებას?
ყვარელში დახურეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და ეს ძალიან მაგარი შენობა ძროხების საძოვრად გადააქციეს. ამ ცენტრს კი უნდა მოეატანა ყვარლისთვის დამატებითი შემოსავალი, რადგან მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობა გაჩნდა. დღეს გაჩერებულია სხვადასხვა ტურსიტული პროექტები, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში. გაჩერებულია აქამდე დაპირებული, დამატებითი კომპენსაციაც. ამ ყველაფერს კი ადგილობრივი დეპუტატის შანტაჟიც ემატება...
რა დამოკიდებულებაა ეს არამარტო უმცირესობის, არამედ კონკრეტული რაიონის მოსახლეობის მიმართ?! ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა, რადგან ამ ყველაფერს აკეთებენ ჩუმად, ვიღაცას გაიყვანენ, ვიღაცას დააკავებენ, ჩვენი მხრიდან ამ ფაქტზე უნდა იყოს უმკაცრესი რეაგირება, მათ შორის ახალი გუბერნატორების მხრიდან. ყველა ასეთი შანტაჟის მსხვერპლი უნდა იყოს დაცული, მსგავსი ფაქტები კი - გასაჯაროებული. გავაგებინოთ ყველას! კიდევ კარგი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი მედიასაშუალებანი, კიდევ კარგი არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობა და რაც მთავარია არსებობს ქართველი ხალხი, რომელმაც უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, თუ რა ტიპის ფენომენთან და მოვლენასთან აქვს საქმე.
ხალხს სჭირდება ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება.დღეს კი ნაცვლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა, ხალხს სამსახურებიდან უშვებენ! ხალხს იმ ყველაფრის გაგრძელება სჭირდება რასაც ამდენი ხნის მანძილზე რუდუნებით ვაშენებდით, ეს ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია, ამ ყველაფრის გაჩერება ყველაზე უარესი რამ არის, რაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ მუდმივათ, დღე და ღამ უნდა ვიმუშავოთ, რადგან ერთი სამშობლო გვაქვს!
ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და მიუხედავად იმისა რომ მოგვწონს თუ არა ეს მთავრობა ან, მოვწონვართ თუ არა მათ, ჩვენ მიზნებში ნამდვილად არ შედის მთავრობის წარუმატებლობა. ჩვენს მიზნებშია რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით გაგრძელდეს! "