სიახლეები
10.10.2013
საქართველოს პრეზიდენტმა უსინათლო ახალგაზრდა მოინახულა, რომელმაც მყინვარწვერი დალაშქრა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს დავით ყვირილიანს ესტუმრა, რომელმაც იმის მიუხედავად, რომ უსინათლოა, მყინვარწვერი დალაშქრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა მასთან საუბრისას განაცხადა, დათოს მსგავსი აქტიური და ნიჭიერი ადამიანი ყველა ვითარებაში იპოვნის გამოსავალს. ქვეყნის პირველმა პირმა დავით ყვირილიანს საჩუქრად ნოუთბუკიც გადასცა, რომელშიც უსინათლთათვის სპეციალური ხმოვანი პროგრამაა ჩაწერილი.
„შენ ხარ, მართლაც, შთაგონება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად გაჩვენონ ტელევიზიით. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ინფორმაცია ისედაც ადვილად ვრცელდება, მაგრამ ყველამ უნდა ნახოს, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. მთავარია, მიზანსწრაფულობა, შრომა და პატრიოტიზმი და ამ შემთხვევაში ყველაფერს მიაღწევ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დათომ მხედველობა ადრეულ ასაკში დაკარგა, მაგრამ მიიჩნევს, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრია და მისთვისაც, სხვების მსგავსად, შეუძლებელი არაფერია. დღესდღეობით, იგი უსინათლოთა ცენტრში მუშაობს და არაერთი პროექტის განხორციელების პროცესშია ჩართული.