საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლგბტ აქციაზე მომხდართან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ანდრო ბარნოვმა შეშფოთება გამოხატა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო და აღნიშნა, რომ ყველა ის მიზეზი, რომელმაც შეიძლება დაპირისპირების გაღრმავება გამოიწვიოს, სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. მისი განცხადებით, საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს, თუ რას ნიშნავს თანამედროვე სახელმწიფო და ის ფასეულობები, რომლებსაც ქვეყნის გარანტირებული განვითარება უნდა მოყვეს როგორც ახლო, ისე გრძელვადიან პერპექტივაში.
„მინდა ძალიან დიდი თხოვნით მივმართო ჩვენი საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს - გავხსნათ სივრცე საუბრისთვის, იმ მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობისთვის, რომლებმაც ხვალ და ზეგ ჩვენი ქვეყნის განვითარება და მშვიდობა უნდა მოიტანოს. ზოგადად, ჩვენ ყველანი ვართ შეთანხმებული, რომ პიროვნული თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ეს არის სწორედ ის, რითაც იწყება ყველაფერი, რისკენაც მიიწევს ქვეყანა და სახელმწიფო. ჩვენ თუ ერთმანეთის თავისუფლებას არ მოვუფრთხილდით, ვერასდროს დავიცავთ სახელმწიფოს თავისუფლებას. დღეს არ არის დაპირისპირების დრო - დღეს პროგრესის დროა და ამისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კონსესუსი გვჭირდება. ეს არ არის რთული გასაგებად - მთავარია შევთანხმდეთ ერთზე: წინასწარი აგრესიის გარეშე მოვუსმინოთ ერთმანეთს. ცხადია, გადამწყვეტ როლს საზოგადოება ასრულებს და პოლიტიკური ძალები, ისევე როგორც სხვა ჯგუფები, ვართ საზოგადოების ნაწილი. ამიტომ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად აქტიურად უნდა ჩავებათ სამოქალაქო მშვიდობის დამყარების პროცესში, რასაც ერთმანეთთან დიალოგი ჰქვია, უნდა ვიყოთ შემწყნარებლები და გამოვიჩინოთ თანაგრძნობა“, - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.
ადმინისტრაციის უფროსი პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც, ანდრო ბარნოვის თქმით, ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.
„არ მაქვს უფლება, ძალიან დიდი მწუხარებით არ ავღნიშნო უმრავლესობის ლიდერის გამოსვლა, რომელიც ცალსახად იყო ჰომოფობიური, შეურაცხმყოფელი საზოგადოების ზოგიერთი ჯგუფის მიმართ და ახლომხედველი პოლიტიკური მიზნებით ანგაჟირებული. ასეთი განცხადებები არ აძლევს ხელს თანაცხოვრებას და თანაგრძნობის დამკვიდრებას, პირიქით, აღვივებს სიძულვილსა და დაპირსპირებას. დღეს ვნახეთ, რომ უმალვე გამოჩნდა რამდენიმე ლიდერი, რომლებიც აშკარად აპირებენ პოლიტიკური ქულების ჩაწერას, რაც ძალზე საშიშია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის. ეს ყველაზე საშინელი პერსპექტივაა, რაც ჩვენ, ჩვენსავე თავს შეიძლება ვუწინასწარმეტყველოთ, ჩვენ როგორც საზოგადოებამ, როგორც შეგნებულმა ადამიანებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ასეთი პერსპექტივა. ასეთი პერსპექტივის წინააღმდეგ იარაღი არის დიალოგი, შემწყნარებლობა, ერთმანეთის არსებობის უფლების აღიარება და განსხვავებული აზრის უფლების აღიარება. მე, ისევე როგორც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ უმრავლესობას, იმედი მაქვს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მომავალი“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
ანდრო ბარნოვმა ჟურნალისტთა შეკითხვებსაც უპასუხა. ისინი ადმინისტრაციის უფროსის მოსაზრებით დაინტერესდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გაართვა შსს-მ დაკისრებულ მოვალეობას თავი. მისი განცხადებით, პოლიციის მოქმედება დღეს არადამაკმაყოფილებელი იყო.
„მიმაჩნია, რომ პოლიციის მოქმედება ცალსახად არადამაკმაყოფილებელი იყო და იმის გათვალისწინებით, რომ ამ აქციის შესახებ ინფორმაცია მათ ძალიან საკმაოდ ხნით ადრე ჰქონდათ, ვფიქრობ, ეს სპეციალურად იყო დაუგეგმავი. თუმცა, მსურს მათი შეფასების პრეროგატივა მაინც საზოგადოებას დავუტოვო. პოლიციის დღევანდელ მოქმედებაში ბევრი რამ არის გაურკვეველი. ცხადია, არ ვგულისხმობ ცალკეულ პოლიციელებს, რომლებიც, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ცდილობდნენ საკუთარი მოვალეობის პირნათლად შესრულებას. მთავარი იყო დაპირისპირებული ჯგუფების დაშორება, რაც არ მოხდა - ეს ფაქტია. შსს-მ არ დაგეგმა ის, თუ როგორ უზრუნველეყო დღევანდელი აქციის უსაფრთხოება და ვშიშობ, სპეციალურად არ უწყობდეს ვინმე ხელს საზოგადოებაში აგრესიისა და დაპირისპირების გაღრმავებას“, - აღნიშნა მან.