Google+

სიახლეები

12.04.2013
საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმას, ყოფილ პრემიერ-მინისტრს და, ამჟამად, პოლიტიკური პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა. შეხვედრა სტუმრის პატივსაცემად გამართული სადილის ფარგლებში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა  გულისტკივილი ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი სახით, საქართველომ  ერთგული  მეგობარი და საერთაშორისო არენაზე ძლიერი  მხარდამჭერი დაკარგა. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ლეხ კაჩინსკის ღვაწლი რუსეთ-საქართველოს ომის  დღეებში, როდესაც ყველაზე მძიმე წუთებში ქართველი ხალხის გვერდით იდგა.

თქვენი ძმის დაღუპვა დიდი დანაკარგი იყო არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ჩემი ქვეყნისთვისაც. საქართველოში მისი სახელობის ქუჩაც გვაქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ქართულ ოჯახებში, როცა გარდაცვლილი გმირების ხსოვნის სადღეგრძელოს სვამენ, ყოველთვის ახსენებენ ლეხ კაჩინსკის, რადგან ასეთი პიროვნება ხალხის მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება. ის იყო ადამიანი, რომელმაც უდიდესი რისკის ფასად სიმამაცე გამოიჩინა ჩემი ხალხის მხარდასაჭერად. ის, რომ დღეს საქართველო კვლავ არსებობს, არამხოლოდ ქართველთა გმირობისა და საერთაშორისო გაერთიანების მხარდაჭერის, არამედ იმის დამსახურებაცაა, რომ თბილისში თქვენი ძმის თვითმფრინავიც დაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა არ მისცეს საჰაერო სივრცეში შესვლის უფლება და იყო მისი ჩამოგდების საფრთხე. კონდოლიზა რაისის შეკითხვაზე, თუ რა იყო რუსების მიზანი, სერგეი ლავროვმა უპასუხა: საქართველოს სრული განადგურება. პუტინი აქციის დაბომბვით დაიმუქრა, მაგრამ ევროპის ლიდერები მაინც ჩამოვიდნენ. სწორედ მაშინ მიხვდნენ დამპყრობლები, რომ თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევდნენ. აქციაზე თქვენი ძმა ჩვენ გვერდით იდგა. მე და სანდრას კარგად გვახსოვს, თუ როგორი შვება იყო ეს საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

შეხვედრისას, რომელიც იაროსლავ კაჩინსკის ინიციატივით შედგა, სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა. საუბრისას, მან ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ქვეყანას წარმატებები უსურვა.

„მადლობა თბილი სიტყვებისათვის. მეც მახსოვს, როდესაც ჩემმა ძმამ დამირეკა და სროლის შესახებ შემატყობინა, მღელვარება საერთოდ არ ეტყობოდა. ჯორჯ ბუშმა, რომელიც პეკინიდან ბრუნდებოდა, პირობა შეასრულა და თვითმფრინავის დაშვებისთანავე განცხადება გააკეთა. ამ მისიას ისიც მხარს უჭერდა. რუსებმა მისი ნათქვამი შეისმინეს. ასეთ სიტუაციებში ამერიკელთა მხარდაჭერა ყოველთვის ეფექტიანია, რადგან რუსები მათ სიტყვებს ითვალისწინებენ. არ ვიცი რას ფიქრობენ ახლა, რადგან ადმინისტრაცია შეიცვალა, თუმცა ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტისას სტრატეგიულ ალიანსზე საუბრობდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა იაროსლავ კაჩინსკიმ.

შეხვედრას საქართველოს პირველი ლედი და დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)