მიხეილ სააკაშვილი: „მე არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ!“
ბელვედერის სასახლე პოლონეთის პრეზიდენტების რეზიდენციაა. აქ ხშირად იცვლებოდნენ პრეზიდენტები, იცვლებოდა მთავრობები, მაგრამ პოლონეთის არც ერთ ახალ პრეზიდენტს არ მოსვლია აზრად, გადაეწერა პოლონეთის ისტორია.
თქვენ გახსოვთ, რომ პოლონეთს 1939 წელს თავს დაესხა საბჭოთა კავშირი და ფაშისტური გერმანია. გერმანელებმა თქვეს, რომ ომი პოლონელებმა დაიწყეს, საბჭოთა კავშირში კი მიიჩნევდნენ, რომ პროვოკაციები პოლონელებმა დაიწყეს. იგივე ითქვა საბჭოთა კავშირში ფინეთზე, თითქოს, პატარა ფინეთი დაესხა საბჭოთა კავშირს...
აქ ხშირად იცვლებოდნენ პოლონეთის პრეზიდენტები, პოლონეთის მთავრობები, მაგრამ პილონეთის არც ერთ ახალ პრეზიდენტს არ მოსვლია აზრად გადაეწერა პოლონეთის ისტორია. ისინი ყოველთვის იდგნენ პოლონეთის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.
აქ, ამ სასახლეში იჯდა პრეზიდენტი კაჩინსკი.
თქვენ იცით, როგორ დაგვიჭირა მან მხარი 2008 წელს და რამხელა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუხდა მას ამ მხარდაჭერისთვის.
ვფიქრობ, თუნდაც პრეზიდენტ კაჩინსკის ღვაწლის ფეხქვეშ გათელვაა ის, რაც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა - მან პირდაპირ დაადანაშაულა შეიაღებული ძალები და ქართული სახელმწიფო 2008 წელს ომის გაჩაღებაში.
არც ერთ ოფიციალურ პირს, 2008 წლიდან მოყოლებული, რუსული ოფიციალური პირებისა და ჰუგო ჩავესის გარდა, არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო ომის ინიცირებასა და გაჩაღებაში. ამ ომის ინიციატორად და აგრესორად ყოველთვის რუსეთი გამოყავდათ.
პირველი შემთხვევა, როდესაც ეს კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა გააკეთა რუსებისა და ჩავესის გარდა, სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა.
საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ რუსეთთან მას პრაგმატული პოლიტიკის გატარება სურს.
მე ამას მივესალმები, რადგან ამის გაკეთებას ჩვენც ვცდილობდით, მაგრამ ამიხსენით, რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა შენი ტერიტორიის ოკუპანტს აძლევ ოკუპაციის იურიდიულ დასაბუთებას; რა პრაგმატიზმზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა აძლევ საშუალებას, რომ მორალური უპირატესობა მიიღოს ცარიელ ადგილზე, რომელიც მას დაკარგული ჰქონდა.
მსოფლიოში ბევრი მაგალითია, როდესაც შემოჭრილი ქვეყანა ზემოქმედებას ახდენდა ადგილობრივ მთავრობაზე, წინა მთავრობის გასამართლების მიზნით, რადგან ის ოკუპანტებს უწევდა წინააღმდეგობას.
ძალიან ნათლად თქვა რუსეთმა იმის შესახებ, თუ რა უნდოდა 2008 წელს - ეს თქვა პუტინმა: ჩემი ფიზიკური განადგურება ან კიდევ უკეთესი, რაც მათ არაერთხელ თქვეს - ჩემი და ჩემი მთავრობის გასამართლება. ეს არის ის, რასაც მსოფლიო ისტორიაში ალბათ პრეცედენტი არ აქვს!
გასაგებია, რომ წინა მთავრობა გაასამართლო ღალატისთვის, გაქცევისთვის, ქვეყნის მიტოვებისთვის, მაგრამ გაასამართლო იმისთვის, რომ არ მიატოვა საქართველოს დედაქალაქი, თავი არ დაუხარა ოკუპანტებს, არ დათანხმდა კაპიტულატებს, არ შეუშინდა ვლადიმერ პუტინს, რომელსაც პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ უნდოდა ჩემი ფიზიკური განადგურება.
ყოველივე ამის შემდეგ, რატომ ვიხევთ უკან და რატომ ვაძლევთ მათ ასეთ კოზირებს? მინდა ყველას შევახსენო, რომ თბილისის თავზე ჯერ კიდევ ხუთ ჯვრიანი დროშა ფრიალებს და ამ დროშის ჩამოგლეჯვა მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ, ისევე, როგორც 1921 წელს.
თუკი ლაპარაკობენ დანაშაულზე - ვინმეს დანაშაულზე, შემიძლია ვთქვა: დიახ, მე ვარ დამნაშავე! დამნაშავე ვარ იმაში, რომ, როგორც პრეზიდენტმა, არად ჩავაგდე მუქარა და ხელი არ ავიღე არა მხოლოდ ნატო-სა და ევროკავშირის კურსზე, არამედ, რაც მთავარია, ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნის იდეაზე.
მე, როგორც პრეზიდენტი ერთგული დავრჩი ჩემი საპრეზიდენტო ფიცის, რომ დამეცვა ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ არ მივეცით მათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დანგრევის და სახელმწიფო დამოუკიდებლობის ნიველირების საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ გვბომბავდნენ და გვაშინებდნენ არ ვთქვით უარი ყველაზე მთავარ ატრიბუტებსა და პოზიციებზე. 1921 წელს საქართველომ ეს ვერ შეძლო. ეს ვერ შეძლეს ჩვენზე დიდმა ქვეყნებმა მეოცე საუკუნის განმავლობაში.
საქართველომ მსხვერპლისა და დროებითი ტერიტორიული ოკუპაციის ფასად მაინც შეძლო შეენარჩუნებინა მთავარი რამ. ახლა არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ყველაფერი ჩვენივე ხელით ჩავაბაროთ.
რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს, რომელიც უზომოდ მიყვარს, მის ნაწილს, უფლება აქვს არ მოვწონდე და არ ეთანხმებოდეს ჩვენს გამონათქვამებს, მაგრამ მოდით, დღეს ერთი წუთით დავფიქრდეთ ფაქტებზე.
დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ სამხედრო მოქმედებები საქართველომ დაიწყო, რაც, პრაქტიკულად, კოზირს აძლევს აგრესორს.
გულსატკენია, რომ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხელით ცვლის ოკუპაციის შესახებ კანონს და კოზირს აძლევს ოკუპანტებს. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება,რომელიც აპირებს გამოიძიოს და დასაჯოს წინა მთავრობა იმისთვის, რომ მან საკუთარ ტერიტორიაზე სეპარატისტების მიმართ სპეცოპერაციები და საგანგებო ქმედებები განახორციელა - კიდევ ერთხელ ვიმეორებ სეპარატისტების, ანუ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ხელყოფდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას. მე არ ვიცი მსგავსი პრეცენდენტი არც ერთი ქვეყნის უახლეს ისტორიაში!
დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის გამართვა და ამას ღიად აცხადებს! პრაქტიკულად ის ფეხქვეშ თელავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ღირსებას.
ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც უნდა იყოს ეთნოგრაფიული ექსპონატი და მხოლოდ იმით უნდა ვიამაყოთ და მოვიწონოთ თავი, რომ ცეკვა-თამაშისთვის დაგვიკრავენ ტაშს.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პრაქტიკულად სამშვიდობოს ვიყავით გასული! ახლა კი, მოდით, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ჩვენი ახალი ორჯონიკიძეების ხელით საქართველომ თავად ჩააბაროს მტერს დამოუკიდებლობის გასაღები, თავად დაუშვას საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა და თავად ავიღოთ ხელი საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე.
მე, როგორც პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მთლიანად ვემიჯნები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შეიარაღებული მოქმედებების დაწყება და ომის გაჩაღება საქართველოს ბრალი იყო.
მე, როგორც საქართვლოს მოქალაქე და პრეზიდენტი ვაცხადებ, ერთი წუთით არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევაა და პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
ახლა, ახალ ვითარებაში, ეს ქმედებები პირდაპირ არის მიმართული ჩვენი მტრის ამოცანების უკვე საბოლოო შესრულებამდე.
გული მტკივა, რადგან საქმე მეხება არა მე და ჩემს პიროვნებას, ეს მეასე ხარისხოვანია, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალს.
ჩვენ ყველას გვმართებს განსაკუთრებულად მოვუფრთხილდეთ ჩვენს მომავალს და დავფიქრდეთ იმის თაობაზე, თუ რას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში, კვირებსა და წლებში.