Google+

სიახლეები

09.04.2013
საქართველოს პრეზიდენტმა თურქი ბიზნესმენი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თურქი ბიზნესმენი „ნუროლ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნურეთინ ჩარმიკლი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ბათუმში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებდა.

მიმართვისას, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის ღვაწლი, რომელიც ნურეთინ ჩარმიკლისა და მის კომპანიას თურქეთსა და საქართველოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით მიუძღვის. მისი განცხადებით, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა ის, რომ ბათუმის აღმშნებლობას ჩაეყარა საფუძველი, რადგან სწორედ მან ირწმუნა პირველმა, რომ ამ ქალაქში შესაძლებელი იყო მსოფლიო დონის პროექტების განხორციელება და მსგავსი მშენებლობების დაწყება.

„ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ბიზნესაქტივობა ბათუმში არ იგრძნობოდა და ამის კომერციული საფუძვლებიც არ ჩანდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ფაქტსაც, რომ თურქ ბიზნესმენს საქმიანობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც შეუჩერებია. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, მადლიერების ნიშნად, ბათუმის საკრებულომ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას მისი სახელიც უწოდა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ადამიანი არის საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ხიდი ორი ქვეყნას შორის.

„ვფიქრობ, იგი სიცოცხლეშივე გახდა მნიშვნელოვანი და ისტორიული ფიგურა, რაც ძალიან იშვიათია. სწორედ ამიტომ გადავცემთ მას საქართველოს ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოს, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს თავის არსს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ნურეთინ ჩარმიკლიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პირველ პირს ჯილდოსთვის და აღნიშნა: „ჩემი მხრივ, ვეცდები ღირსეულად ვატარო ეს ორდენი და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ერთად კიდევ ბევრ კარგი საქმეს გავაკეთებთ“. 

დაჯილდოების ცერემონიალზე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება  თურქეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების შესახებ და თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)