სიახლეები
06.03.2013
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ნინო კალანდაძის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ უაღრესად დადებითად ვაფასებთ იმ პოზიტიურ სიგნალებსა და ტენდენციებს, რომლებიც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ იკვეთება. კერძოდ, ვგულისხმობ მზაობას, გაკეთდეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადება საგარეო კურსის უცვლელობის თაობაზე. ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას და ამ შეხვედრის შედეგად პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, ისევე როგორც მედიაში ჩაურევლობა წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრისას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან დღეს პოზიტიური განცხადებები მოვისმინეთ.
ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს განცხადებები არ დარჩება სიტყვებად და პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხრიდან ამ განცხადებებს ქმედითი ნაბიჯები მოყვება.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და მივიჩნევთ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.