Google+

სიახლეები

08.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „მე ვაპირებდი პარლამენტში მისვლას, რათა უმრავლესობისთვის თანამშრომლობა შემეთავაზებინა“

უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი შეშფოთება და გულისტკივილი გამოვთქვა დღევანდელი მოვლენების გამო. თქვენ იცით, რომ ჩვენ არ გვინდოდა რაიმე სახის გართულება და შეტაკება.

საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურად მიდის პარლამენტში და აკეთებს მოხსენებას.

მე ვიყავი პარლამენტის წევრი, როდესაც იგი აკეთებდა მოხსენებას, მე ვიყავი პარლამენტის უმრავლესობის წევრი, როდესაც მოდიოდა პრეზიდენტი და მე ვიყავი პარლამენტის უმცირესობის, ოპოზიციის წევრიც, როდესაც მოდიოდა ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი შევარდნაძე.

მე დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი ხოლმე გამოსვლებს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიყავი ოპოზიციაში პრეზიდენტთან, რადგან ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა გამოგვეხატა ჩვენი აზრი და პოზიცია, ასევე ქვეყნისთვის მიგვეცა შედარების შესაძლებლობა.

სწორედ ამითაა ასეთი გამოსვლები მნიშვნელოვანი და ეს შანსი ჰქონდა საქართველოს დღევანდელ პარლამენტსაც.

ყველაფერი შეთანხმებული იყო და დღეს 2 საათზე ვაპირებდი იქ მისვლას და გამოსვლას, რის შემდეგაც ყველა მათგანს: ფრაქციის თავმჯდომარეებს, ვიცე სპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა  ექნებოდათ გამოსულიყვნენ, დაესვათ ჩემთვის მწვავე შეკითხვები ყველა საკითხთან დაკავშირებით.

ალბათ, ძალიან მკაცრად გამაკრიტიკებდნენ, დამგმობდნენ; ალბათ, ამას მოვისმენდი, გავითვალისწინებდი ან შევეპასუხებოდი, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია.

გუშინწინ შედგა დებატები, რომელიც, როგორც ჩანს, ვიღაცას არ მოეწონა და ამის შემდეგ   მოულოდნელად გამოცხადდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო გადადებული.  ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გამოსვლის ტექსტზე მუშაობა უკვე დასრულებული მქონდა.

გამოსვლა გადაიდო ულტიმატუმის ფორმით: პრეზიდენტი ვერ გამოვიდოდა პარლამენტში, ვიდრე პარლამენტის უმრავლესობა და უმცირესობა ერთად არ დათანხმდებოდნენ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არ შეეხება იმას, ექნება თუ არა პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლება.

ეს უფლება ძალიან ეფემერულია კონსტიტუციაში და არაერთხელ მითქვამს, რომ მის გამოყენებას, მით უმეტეს, არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, არ ვაპირებ.

ძალიან კარგად მესმის პოლიტიკური დინამიკა და ძალიან კარგად ვიცი, რომ მთავრობის დათხოვნა, მით უფრო, ამ ეტაპზე, სამ, ოთხ, ხუთ თვეში დამანგრეველია, უპირველესად, მისთვის, ვინც ამას გააკეთებს; იმ პოლიტიკური ძალისთვის, ვინც ამის ინიცირებას მოახდენს.

როგორც არაერთხელ განვმარტეთ, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის უმრავლესობას აქვს სხვა ბევრად უფრო სერიოზული მიზეზები. ეს უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემაც აღნიშნა.

ჩვენ მზად ვიყავით დავთანხმებოდით მათ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობდა, რომ პრეზიდენტის რამდენიმეთვიანი უფლება - დაეთხოვა მთავრობა - ინსტიტუციურად გაუქმებულიყო.

თუმცა, ვიმეორებ, რომ ისინი სწორედ ამ კონსტიტუციით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამავე კონსტიტუციას ეთანხმებოდნენ, როდესაც კენჭს იყრიდნენ შარშან, ოქტომბერში.  

ეს იყო დადგენილი თამაშის წესები და როდესაც თამაშის წესებს გზადაგზა ცვლი, ეს  თავისთავად არის დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.

რეალურად, ეს ცვლილებები არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე პრეზიდენტის ეფემერული უფლებამოსილებების, ჩემთვის, პრინციპში, უმნიშვნელო შეზღუდვა.

პირველი, რაც მათ უნდათ, არის საქართველოს პარალმენტის გადმოტანა ქუთაისისდან თბილისში. ამას მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. ამას არ ეთანხმება უმცირესობის ყველა პასუხისმგებელი წევრი.

ეს არის პირველი მთავარი განსხვავება ჩვენსა და საქართველოს მთავრობას შორის.

პარლამენტის თბილისში გადმოტანის მოტივაცია მათ კარგად გაახმოვანეს - მთავრობას სურს, რომ კარგად აკონტროლოს პარლამენტი.

როდესაც მე და ჩემი მეგობრები - წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობა გამოვიდა საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის ინიციატივით, მთავარი მოტივაცია სწორედ ის იყო, რომ პარლამენტი ყოფილიყო ძლიერი და არ მოქცეულიყო მთავრობის წნეხის ქვეშ.

საკანონმდებლო ორგანომ ბევრი ბერკეტი უნდა აიღოს ხელში. ხალხი ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, პარლამენტი უნდა იყოს საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში,

აუცილებელია, რომ დასავლეთ საქართველოს ასევე ჰქონდეს თავისი პოლიტიკური მიზიდულობის მნიშვნელოვანი ადგილი. ეს საჭიროა მისი განვითარებისთვის და   წელში გასამართად, რათა ჩვენი მტრის ოცნება - ისევ შეიზღუდოს საქართველო, ჩემი ერთი კოლეგის თქმით, „ტიფლისკაია გუბერნია“-მდე, ვერავინ ვეღარასდროს შეძლოს.

პირველი ჩვენი განსხვავება, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით არის პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანა და მისი მთავრობის კონტროლქვეშ მოქცევა.

მეორე, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით და რასაც უმცირესობა არ ეთანხმება, რასაც პირადად მე  არ ვეთანხმები, როგორც პრეზიდენტი, ეს არის ახალი ინიციატივა - საქართველოში გაუქმდეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები.

ამისთვის სჭირდებოდათ მათ უმრავლესობა, რაც დროზე ადრე გაახმაურეს. ამისთვის იბრძვიან დღეს - მათ სურთ, რომ შემდეგი, უახლოესი არჩევნები საქართველოში აღარ გაიმართოს.

წინა არჩევნები გაიმართა ისე, რომ თუკი ხალხს არ მოეწონებოდა სამთავრობო  კურსი, პრეზიდენტად შეეძლო აერჩია სხვა; თუ არ მოეწონებოდა პრეზიდენტი და მთავრობა, ადგილობრივი მმართველობა შეერჩია სხვა. ასე ჩამოყალიბდებოდა სრულფასოვანი დემოკრატია...

ალბათ, აქ არის რამდენიმე სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციას, მათ შორის, უკავშირდება სასამართლო ხელისუფლებას, კერძოდ კი, სასამართლო ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარებას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

წარსულში, ამ მხრივ, იდეალურად არ გვქონდა საქმე, მაგრამ ახლა გაჩნდა შანსი, რომ სასამართლოს ხელისუფლება ბევრად უფრო დამოუკიდებელი გახდეს. ვფიქრობ, ამ პროცესის ინსტიტუციურად მოკვლა სრულიად წარმოუდგენელია, რადგან დღეს მას დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტიები აქვს.

დღეს ბევრად უფრო სერიოზული კამათი მიმდინარეობს კონსტიტუციის გარშემო და ბევრად უფრო შორს წასული შედეგების მქონე საზოგადოებისთვის, ვიდრე ამის წარმოდგენა სურთ.

ბრძოლა მიდის, პარალამენტის დამოუკიდებლობის მოკვლაზე, ბრძოლა მიდის სასამართლოს ხელისუფლების მოკვლაზე, ბრძოლა მიდის შემდეგი არჩევნების გაუქმებაზე - ქართველ ხალხს  ართმევენ უფლებას პირდაპირი წესით აირჩიონ საკუთარი პრეზიდენტი.

აი, ეს არის სიმართლე.

დღეს მოვისმინეთ ძალიან უცნაური განცხადება: პრეზიდენტმა უნდა დაგვაცადოს, რომ წყნარად მოვაგროვოთ 100 ხმა და შემდეგ მოვიდესო. ასე განაცხადა დღეს მთავრობის წარმომადგენელმა.

დღეს ისიც მითხრეს, თურმე ის აზრიც კი, რომ პრეზიდენტი შეიძლება გავიდეს და რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ხალხს შეხვდეს, პროვოკაციაა.  

საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც ჯერ მთავრობის სახლში გამოკეტეს, ხოლო ბოლოს ამ მთავრობის სახლის სარდაფში, ბუნკერში.

დღემდე გრძელდება ეს ისტორია საქართველოსთვის, აფხაზეთსა და ცხინვალში, იმ მოუშუშებელ ჭრილობებში, რომელიც საქართველოს სხვა რეგიონებში დარჩა. მათ შორის გამოხატულია სოციალურ დაძაბულობაში, რომელიც ჯერ კიდევ შეიმჩნევა და ჩვენ ეს კარგად ვიცით.

მინდა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხრა, რომელიც მისი ლიდერის დაკვეთით მომიწოდებს, რომ არ გამოვიდე სასახლიდან: ვერავინ ვერ ჩამკეტავს ვერც ამ სასახლეში და ვერც ამ სასახლის ბუნკერში. ეს სასახლე შუშისაა და მას ბუნკერები არ აქვს.  შუშის კი იმიტომაა, რომ გამჭვირვალე იყოს ხალხისათვის - ყველამ უნდა იცოდეს რა ხდება აქ.

ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ ვიაროთ ყველგან, შევხვდეთ საზოგადოებას, გავაცნოთ ჩვენი პოზიცია და ვიბრძოლოთ უკეთესი საქართველოსთვის.

ქალბატონებო და ბატონებო,

ქართველი ხალხის წარმომადგენლებო,

ძვირფასო თანამოქალაქენო,

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ისეთი რამის მოწმენი გავხდით, რაც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ შორეული მირაჟი იყო: ჩვენი საყვარელი საქართველოს აღორძინების, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნისა, რომელიც დაადგა გზას ევროპული ოჯახისა და ევროპული ბედისკენ.

საქართველო უკვე არის ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფლება, მიჰყვეს საკუთარ კურსს და თავადვე აირჩიოს ალიანსები.

ეს არის ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს უკეთეს ცხოვრებასთან დაკავშირებულ დაპირებებს უსრულებს.

ეს ის ქვეყანაა, სადაც თავისუფლად ირჩევენ ხალხის წარმომადგენლებს და მათ ამ დანაპირების შესრულება ეკისრებათ.

ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ და თქვენი სახით მივმართო ჩვენს საერთო ბატონს - ქართველ ხალხს.

მე აქ მოვედი არა როგორც პარტიის ლიდერი, არამედ როგორც პრეზიდენტი და მოქალაქე.

მე აქ განსხვავებული შეხედულებების ხაზგასასმელად არ მოვსულვარ, რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ჩვენს შორის განსხვავება; მე აქ მოვედი, რათა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რამაც უნდა გაგვაერთიანოს - გააერთიანოს საქართველოს მოქალაქეები და ის ადამიანები, რომლებმაც ვალდებულება იკისრეს წარმოადგინონ ქართველი ხალხი, ემსახურონ მას და დაიცვან ის. 

ასეთი ვალდებულება მარტივად არ შეიძლება იყოს აღქმული. არ შეიძლება, რომ ამას ანგარიში არ გაუწიო და უყურადღებოდ დატოვო. ეს არის ყველაზე ღრმა ვალდებულება, რომელიც საჯარო მოხელეს შეიძლება ჰქონდეს ცხოვრების განმავლობაში.

ჩვენ ყველას გვაქვს ეს ვალდებულება, ასე რომ, ნება მოგვეცით, ვიყოთ ჩვენი ხალხის საპატიო მსახურები.

დღეს ჩვენ დავით აღმაშენებლის დღეს აღვნიშნავთ - მეფის, რომელიც ჩვენი დიდებული წარსულის სიმბოლოა; იმ წარსულისა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ვინაობა, რომელიც რჩება ჩვენი აწმყოსა და მომავლის შთაგონების წყაროდ.

დავითობა უნიკალური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საკუთარ თავს ვკითხოთ: რა განსაზღვრავს ჩვენს საზოგადოებას ერად. ცხადია, რომ ერი სწორედ მისი წარსულითა და ისტორიით განისაზღვრება.

როდესაც დავით აღმაშენებელს, თამარს, შოთა რუსთაველს, ილია ჭავჭავაძეს ვახსენებთ, როდესაც მათი სახელები გვესმის, ჩვენ ყველას ერთნაირი ემოცია გვეუფლება... იგივეს ვგრძნობთ, როდესაც მთებში შუა საუკუნეების კოშკებს ვხედავთ; როდესაც ჩვენს უძველეს ეკლესიებსა თუ მუზეუმებში შევდივართ; როდესაც ვკითხულობთ რომის პაპებთან და საფრანგეთის მეფესთან მიწერილ წერილებს, რომლებშიც ჩვენი მეფეები მათ მეგობრობასა და დახმარებას სთხოვდნენ ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად.

თითოეული ჩვენგანის გული ერთნაირად თრთის, რადგან ჩვენ ყველა ერთი ერის შვილები ვართ.

ჩვენ დიდებული წარსული გვაქვს, რომელიც ხშირად ტკივილით იყო სავსე; ღალატისა და ნგრევის უამრავი ფაქტით დახუნძლული, მაგრამ ასევე იყო ბრწყინვალე მაგალითები საოცრად პატივსაცემი და მისაბაძი ადამიანებისა.

სწორედ ეს წარსულია ჩვენი ქართველობის მიზეზი. 

თუმცა ერი არ არის მხოლოდ მრავალი საუკუნის მემკვიდრეობა და რაღაც უძრავი საგანი, რომელსაც შეინახავ და გააპრიალებ ისე, როგორც სამუზეუმო ექსპონატს.

ერი ასევე აწმყოსა და მომავლის პროექტია, პროექტი, რომელიც გვაერთიანებს ჩვენი პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური, ეთნიკური და რეგიონალური განსხვავებებისა და თავისებურებების  მიუხედავად.

ერი არც მხოლოდ ეთნიკურობაა და არც მხოლოდ საერთო ისტორია.

ქალბატონებო და ბატონებო, ერი ნაციონალური პროექტია და მინდა გკითხოთ: რა არის საქართველოს ეროვნული პროექტი?

რა არის ის პროექტი, რომელიც ყველას გვაერთიანებს როგორც ერს და არა ადამიანებისა და საზოგადოებების ერთობად?

ეროვნული პროექტი, ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, ეფუძნება მარტივ პრინციპებს, რომლებსაც, იმედი მაქვს, ამ დარბაზში მყოფი ყველა ადამიანი ვიზიარებთ. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, კეთილდღეობა და ევროპა.

ყველა ეს პრინციპი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თუკი რომელიმე მათგანი გამოაკლდება, შეიძლება, მთელი ნაშენი ჩამოიშალოს.

თუ ჩვენი სუვერენიტეტი ჩამოიშლება, დემოკრატია შეუძლებელი იქნება. როგორ შეიძლება ვაშენოთ დემოკრატია ისეთ ქვეყანაში, რომელიც საკუთარ ბედს ვერ აკონტროლებს?

თუკი ევროპას უგულებელვყოფთ, სუვერენიტეტს დავკარგავთ. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებისთანავე, ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ხარბად დაეწაფება ყოფილი იმპერია, რომელსაც საზღვრების არსებობის იდეა არაფრად ეპიტნავება.

დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში მსხდომთაგან არც ერთი არ შეეწინააღმდეგება ან უარყოფს იმას, რომ ეს პრინციპები ნაციონალური პროექტის ნაწილია.

დიახ, მე ვიმეორებ, ნაციონალური პროექტი - და ვამაყობ ამ სახელწოდებით: ნაციონალური.

თუმცა, ნება მიბოძეთ, განვმარტო: ნაციონალური პროექტი არ ეკუთვნის ერთ პარტიას ან სოციალურ ორგანიზაციას.

ეს პროექტი არ არის ჩემი ან ჩემი პარტიის საკუთრება.

ის არც პრემიერ-მინისტრისა და მისი პარტიის კუთვნილებაა.

ეს პროექტი ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას, ცალცალკეც და ერთად აღებულზეც.

ეს არის ისეთი რამ, რაც არავის შეუძლია იყიდოს ან დაამსხვრიოს, გაყიდოს ან გაანადგუროს.

ქართველ ხალხს უფლება აქვს ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე სჯეროდეს, რომ ამ პროექტს ესა თუ ის პარტია უკეთ განახორციელებს, დაიცავს და განავითარებს.

მაგრამ არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება მისი განადგურება სცადოს, ან ისე მოგვაჩვენოს თავი, რომ ეს პროექტი მისი საკუთრებაა.

ამ არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა და მომავალ არჩევნებზეც გამოჩნდება, რომ მთავრობები და უმრავლესობები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ხალხი, სახელმწიფო და ნაციონალური პროექტი ყოველთვის უცვლელ ფასეულობად დარჩება.

ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ. თუ ჩვენ ამაზე შევთანხმდებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაციონალური პროექტის განხორციელებისა და ჩვენი ხალხის სამსახურისთვის, თანამშრომლობის გზებსაც ვიპოვით.

თუ ამას შევძლებთ, დარწმუნებული ვარ, აღარ გავიგონებთ საჯარო მოწოდებებს ოპონენტი პარტიის განადგურებასა თუ ლინჩის წესით გასამართლებასთან დაკავშირებით; ბრბო აღარ შეიჭრება პოლიტიკური შეკრებებისა და ადგილობრივ თვითმმართველობების ასარევად; ასევე აღარ დავინახავთ ყოველდღიურ ახალ ამბებში დაპატიმრებების, პარლამენტის წევრებზე ზემოქმედების ფაქტებს პოლიტიკური შეხედულებების შეცვლის მიზნით, აგრეთვე მედიასაშუალებების მფლობელთა ცვლილებისა და არჩეული მოხელეების ძალით გადადგომის შემთხვევებს.

მოდით შევთანხმდეთ, ისტორიული თვალსაზრისით, ჩვენი ნაციონალური პროექტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის შეურაცხყოფა და აგრესია, რომელიც თუნდაც კვერცხების სროლით გამოხატა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა.

ქალბატონებო და ბატონებო,

საარჩევნო კამპანია დასრულდა და ვიდრე ახალი დაწყებულა თავისი ცილისწამებებითა და შეურაცხყოფებით, მოდით შევთანხმდეთ აწმყოზე, რომელშიც ვცხოვრობთ და განვითარების იმ ეტაპზე, რომელშიც ყველა ვმონაწილეობთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო ხელახლა დაიბადა როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული სახელმწიფო.

ვერავინ უარყოფს იმ პროგრესს, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ ბოლო პერიოდში.

ამის უარყოფა ზოგიერთისთვის ჭკვიანური პოლიტიკური გათვლაა, მაგრამ, უნდა დავფიქრდეთ, რას მოუტანს ქვეყანას ამ წარმატებების უარყოფა და, მით უმეტეს, უკუქცევა?

ჩვენი ქვეყნის საოცარი პროგრესი მარტივი მისაღწევი არ იყო და წარმატების მარშრუტი არ გადიოდა მშვიდ და წყნარ წყლებზე.

ეს გზა არც უშეცდომო ყოფილა და არც ისეთი სწრაფი შედეგის მომტანი თითოეული ქართული ოჯახისთვის, როგორც ეს ბევრს, მათ შორის, მეც მსურდა.

ვიცი, რომ ჩვენი თანამოქალაქეების პირობები უფრო სწრაფად უნდა გაუმჯობესებულიყო, რადგან ყოველდღიურად ჯერ კიდევ ბევრი ებრძვის უმუშევრობასა და სიღარიბეს.

ასევე ვიცი, თუ რა ფასად დაგვიჯდა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება შურისმაძიებელი და რევიზიონისტული იმპერიის პირისპირ.

კარგად ვიცი, რომ ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში იმის გამო, რომ უცხოელი ოკუპანტის ჩექმა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტს თელავს.

ეს ყველაფერი ვიცი და ვიცი ისიც, რომ ჩვენი ხალხი ყოველდღიურად აწყდება ბევრ სხვა პრობლემას.  

დიახ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენ შევინარჩუნეთ ერთობა ყველა იმ კრიზისის მიუხედავად, რომელიც ამ მრავალფეროვანი რეგიონის ჩვენმა ამაყმა ერმა,  კულტურული, რელიგიური, ეთნიკური, და პოლიტიკური ვნებათაღელვის მქონე ერმა გადაიტანა.

ყოველივე ამის მიუხედავად, ოკუპაციის პირობებშიც კი შევინარჩუნეთ სახელმწიფო და განვავითარეთ ჩვენი დემოკრატია. 

ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენ ისეთ პოლტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესს მივაღწიეთ, რომ გავაოცეთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ის რეგიონიც, რომლის ნაწილიც გვსურს გავხდეთ - დასავლური სამყარო.

ნაციონალური პროექტი ჩვენ სრულიად ახალ დონეზე გადავიყვანეთ.

მოდით, ერთი წამით ჩავიხედოთ წარსულში და გავიხსენოთ სად ვიყავით და სად ვართ ახლა.

არც თუ დიდი ხნის წინათ, ჩვენ საერთოდ არ გვქონდა სახელმწიფო. ახლა კი გვაქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომელთა მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს მიღმა.

არცთუ დიდი ხნის წინათ, ქვეყანაში ყვაოდა კრიმინალი და კორუფცია. კრიმინალები და ქურდები ყველგან ბატონობდნენ. ჩვენი შვილების გარეთ გაშვების  გვეშინოდა, რადგან მათაც წარმოუდგენელი საფრთხე ემუქრებოდა. ახლა სიამოვნებას გვანიჭებს უსაფრთხო ქუჩები, საერთაშორისო ორგანიზაციები კი საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ მსოფლიოს წამყვან ქვეყნად ასახელებენ.

არცთუ დიდი ხნის წინათ, ჩვენ ვიყავით პოსტსაბჭოთა ქვეყანა და ახლა  ევროკავშირისა და ნატო-ს ზღურბლზე ვდგავართ - ასე წერია მათ დოკუმენტებში.

მოდით, ამაზე შევთანხმდეთ და მოდით, ერთად შევაქოთ და დავაფასოთ ქართველი ხალხი მისი სიმამაცის, გამტანობისა და თავისუფლების მიმართ სწრაფვის გამო.

ნიშნავს ეს იმას, რომ უკვე ყველა ჩვენს მიზანს მივაღწიეთ? ნიშნავს ეს იმას, რომ უკვე დავასრულეთ ჩვენი გზა?  ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენი ხალხს ისეთივე კეთილდღეობა აქვს, როგორიც სხვა ევროპელ ხალხებს? ნიშნავს ეს იმას, რომ წინა მთავრობები უშეცდომო იყვნენ და ყველაფერში მიაღწიეს წარმატებას?

რა თქმა უნდა, არა!

ეს სრულიად, რადიკალურად განსხვავებული რამ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ერს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და კიდევ ბევრს უნდა მიაღწიოს. ეს ნიშნავს  იმას, რომ ახალმა მთავრობამ უნდა გამოიყენოს ის საფუძველი, რომელიც წინა მთავრობებისგან მიიღო მემკვიდრეობით, ზედ დააშენოს და იმ მიმართულებით მიაღწიოს წარმატებას, რომელშიც სხვებმა ვერ შეძლეს. 

ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და არა იმას, რომ წმინდა პოლიტიკური მიზეზების გამო, პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს ის, რაც უკვე გაკეთდა.

ნება მიბოძეთ, ძალიან მარტივი შეკითხვები დავსვა. 

მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური განსხვავების მიუხედავად, ვიზიარებთ ერთ მარტივ პასუხს ყველა ამ შეკითხვაზე.

გვაძლევს თუ არა ის ფაქტი, რომ წინა მთავრობა აქტიურად იბრძოდა კრიმინალის წინააღმდეგ, კრიმინალების გათავისუფლებისა და ჩვენს ქუჩებში ძველი საფრთხეების დაბრუნების საბაბს? არის კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა პარტიული საკითხი?

ის ფაქტი, რომ წინა უმრავლესობამ ძალაუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყო, გვაძლევს ძალაუფლების ხელახლა ცენტრალიზებისა და, მაგალითად, პარლამენტის ისევ დედაქალაქში გადატანის საბაბს? ნუთუ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია პარტიული საკითხია? ნუთუ რეგიონალური განვითარება პარტიული საკითხია? ქუთაისის, ბათუმის, თელავის ან ზუგდიდის გაძლიერება პარტიული საკითხია?

ის ფაქტი, რომ პირადად ვიყავი ჩართული ბათუმის განვითარების საქმეში, გვაძლევს დღეს მისი ბიუჯეტის 3-ჯერ შემცირების საბაბს?

ის ფაქტი, რომ ლაზიკის პორტის იდეას ვემხრობოდით, გვაძლევს უკვე განვითარებული ანაკლიის ინფრასტრუქტურის ნგრევის საბაბს? შეიძლება გზებს ან სასტუმროებს პოლიტიკური შეფერილობა ჰქონდეს?

ნუთუ ის უტყუარი ფაქტი, რომ ბოლო 5 წელიწადში საქართველოში უფრო მეტი აშენდა, ვიდრე მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყველა ცალკე აღებულ 5-წლიან პერიოდში, იძლევა იმის საბაბს, რომ იმუქრებოდე უცხოეთიდნ ნგრევის ექსპერტების მოწვევით და რამდენიმე ახალი, თანამედროვე შენობის დანგრევით?

ის ფაქტი, რომ ჩემი პარტია დაუღალავად უჭერდა მხარს ჩვენი ერის მრავალეთნიკურ და მრავალაღმსარებლურ ბუნებას, არის კარგი საბაბი იმისთვის, რომ უმცირესობების საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდეს, მუქარა გვესმოდეს და უფრო მეტიც, მათი საწინააღმდეგო ქმედებები განხორციელდეს? ნუთუ ტოლერანტობა პარტიული საკითხია?

აქვე გავიხსენებ უფრო არასასიამოვნო დამთხვევას: ის ფაქტი, რომ წინა მთავრობა აქტიურად ებრძოდა სეპარატისტულ ორგანიზაციებსა და რუსეთის  აგენტებს, განა კარგი საბაბია სეპარატისტი ლიდერების, რუსეთის აგენტებისა და ულტრაექსტრემალი ქსენოფობების ციხეებიდან გამოსაშვებად? სახელმწიფო ღალატთან, სეპარატიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა ვინმეს მართლა მიაჩნია ვიწრო პარტიულ საკითხად?

ნუთუ ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილმა და მისმა კოლეგებმა ძლიერი კონტრდაზვერვის სისტემა შექმნეს, კარგ საბაბს იძლევა სისტემის დასანგრევად და ქვეყნის უსუსურ მდგომარეობაში დასატოვებლად უცხოეთიდან ხელის ფათურის თვალსაზრისით?

დარწმუნებული ვარ, ამ და ბევრ სხვა შეკითხვაზე თქვენი ანონიმური პასუხი იქნება - „არა“.

და ეს იმედს მაძლევს, რომ ბევრი პრობლემური ნაბიჯი, რომელიც ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში გადაიდგა, მალე აღმოიფხვრება და ჩვენი ამ გზით სვლა უმტკივნეულოდ და დაუმარცხებლად გაგრძელდება ახალი უმრავლესობის პირობებშიც; ისევე, როგორც ეს წინა უმრავლესობის შემთხვევაში ხდებოდა.

ქალბატონებო და ბატონებო,

მოდით, დროებით დავივიწყოთ ჩვენი პოლიტიკური პოლემიკა და არაპარტიული გადმოსახედიდან შევაფასოთ წინა არჩევნების შედეგები.

რა თქვა ხალხმა პირველ ოქტომბერს, როდესაც ახალი უმრავლესობა და ახალი მთავრობა აირჩია? 

ნუთუ ხალხმა იმის განადგურებას მისცა ხმა, რაც აქამდე გაკეთდა? თუ იმას მისცა ხმა, რომ უფრო მეტი პროგრესისთვის მიგვეღწია და წარმატების შედეგები თითოეულ ქართულ ოჯახამდე მისულიყო?

იმედი მაქვს, შევთანხმდებით იმაზე, რომ ხალხმა ხმა მისცა ახალ უმრავლესობას, რადგან მას ნაკლები კი არა, უფრო მეტი სურდა.

ასე რომ, ახლა დროა, ახალმა უმრავლესობამ მეტი მისცეს ქართველ ხალხს და  გააგრძელოს ჩვენი ნაციონალური სახლის შენება.

ახლა იმის დროა, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ შეიფეროს საძირკვლის არსებობა და უფრო მეტიც, ახალი სართული დააშენოს ჩვენს სახლს ნაცვლად იმისა, რომ ამ საძირკველს შეუქმნას საფრთხე.

ჩვენ ვუსურვებთ, პირადად მე ვუსურვებ უმრავლესობის წევრებს ყველაზე დიდ წარმატებას ამ გადამწყვეტ მისიაში, რომელსაც ხალხის სამსახურში ყოფნა ჰქვია.

არასდროს არ ვუსურვებთ მათ წარუმატებლობას, რადგან ეს ყველა ჩვენგანის წარუმატებლობას ნიშნავს.

მე ვაპირებდი პარლამენტში მისვლას, რათა მათთვის თანამშრომლობა შემეთავაზებინა.

კოჰაბიტაცია და თანამშრომლობა: დიახ, რა თქმა უნდა, დიახ!

კაპიტულაცია მუქარების წინაშე და შანტაჟი: არა!

მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც მსოფლიოს მთავარი შანტაჟისტის არ შეშინებია!

ქალბატონებო და ბატონებო,

ვიცი, რომ ბევრი ადამიანისთვის ძალიან ძნელია ამის აღიარება, მაგრამ პირველი ოქტომბრის შემდეგ ჩვენ კოჰაბიტაციის პერიოდში შევედით.

კოჰაბიტაცია უცხოური სიტყვაა, რომელიც ჩვენს ლექსიკონში სულ ცოტა ხნის წინათ დამკვიდრდა.

ნება მიბოძეთ, გადავთარგმნო და მიხვდებით, რომ ჩვენი ერისთვის ეს კარგად ნაცნობი ტერმინია: კოჰაბიტაცია თანაცხოვრებას ნიშნავს.

სხვადასხვა ინსტიტუტმა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მართავს,  უნდა გაიზიაროს ერთი კონსტიტუციური სახლი.

ვიცი, რომ უმრავლესობის ბევრი წევრი აპროტესტებს პარლამენტში ჩემს მისვლას და ვიტყოდი, პოლიტიკური ლიდერის რანგში ჩემს არსებობასაც... მათზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, სხვა პრეზიდენტს აირჩევდნენ...

გულახდილად რომ ვთქვა, მეც სხვა ადამიანებს დავნიშნავდი მინისტრებად და ვისურვებდი, რომ სხვა ადამიანები მეხილა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებად. საერთოდ არ მესმის როგორ აირჩიეს ზოგიერთი მათგანი დეპუტატად...

მაგრამ არც ჩემი გადასაწყვეტია ვინ იქნება საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და არც მათი - ვინ იქნება პრეზიდენტი. ეს არის დემოკრატიის თამაშის წესი და ეს არის იმ კონსტიტუციის ვალდებულება, რომელსაც ყველამ უნდა ვცეთ პატივი.

ჩვენი დემოკრატია და ჩვენი კონსტიტუცია არ გვავალდებულებს იმას, რომ ვიყოთ მეგობრები ან მოკავშირეები.

არც ერთი მათგანი არ ავალდებულებს ახლანდელ პრეზიდენტსა და ახლანდელ პრემიერ-მინისტრს, რომ უცებ ერთი და იგივე ფასეულობები გაიზიარონ და ერთ სუფრას მიუსხდნენ.

მაგრამ ისინი გვავალდებულებს თანაცხოვრებას, თანამშრომლობას ჩვენი ნაციონალური პროექტისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. 

წინა წელს ჩვენ ყველა დავეხმარეთ საქართველოს გამხდარიყო პირველი ქვეყანა კავკასიაში და უფრო ფართო რეგიონშიც კი, სადაც ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული გზით მოხდა და დავიწყეთ ძალაუფლების მშვიდობიანი განაწილება.

როგორც მოგეხსენებათ, ეს ჩემთვის ნათელი იყო... მე ვაღიარე ხალხის ნება და ყველაფერი გავაკეთე, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულო ყოფილიყო.

რამდენიმე კვირაში მინისტრებმა თავიანთ მონაცვლეებს ძალაუფლება გადასცეს კონსტიტუციის ნორმების დაცვით და არა მათ საწინააღმდეგოდ; ინსტიტუტების  ფარგლებში და არა მათ საწინააღმდეგოდ.

და რამდენიც არ უნდა ერბინათ დროშებითა და სიგნალებით, ეს, ქალბატონებო და ბატონებო, ხელისუფლების გადაცემა იყო და არა რევოლუცია.

თუკი ეს ყველას გვესმის, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს თანამედროვე დემოკრატიულ საქართველოში, პარლამენტის დარბაზში არ არის ადგილი შურისძიებისა და სამოქალაქო ომის სტილის რიტორიკისთვის. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის კოჰაბიტაციისა და უფრო მეტიც, ურთიერთთანამშრომლობის ადგილი.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ამის მიღწევის გზები.

წარმატების საიდუმლო იმაში არ მდგომარეობს, რომ ვინმეს თავი მოვაჩვენოთ, თითქოს, განსხვავებები არ გვაქვს - რა თქმა უნდა, გვაქვს და ეს განსხვავებები საკმაოდ მნიშვნელოვანია.

მე ვხედავ 4 მთავარ იდეას, რომლებსაც შეუძლია და უნდა გაგვაერთიანოს; 4 მთავარ იდეას, რომლებსაც შეუძლია და უნდა იყოს ყოველივე იმის საფუძველი, რასაც ჩვენ, როგორც პოლიტიკური ლიდერები ვაკეთებთ; ასევე თანამშრომლობის საფუძველი ჩვენს შორის არსებული განსხვავებების აღიარების პირობებშიც კი.

პირველი - საქართველო უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ექნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვექტორიც და ვალდებულებაც.

მეორე - საქართველო უნდა იყოს კონსტიტუციური დემოკრატია, სადაც ხალხის ნებას დავემორჩილებით და კანონსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს პარტიებზე და მათ ლიდერებზე მაღლა დავაყენებთ.

მესამე - საქართველო უნდა იყოს ცივილიზებული ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს არ ექნებათ კრიმინალებისა და კორუმპირებული თანამდებობის პირების შიში, რომლებიც მათ საკუთრების წართმევისა და გადასახადების გადახდით მიღებული შემოსავლის დაკარგვის საფრთხეს უქმნიან. 

მეოთხე - საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელშიც ხალხი თავისუფლად იცხოვრებს; ქვეყანა, სადაც მძიმე შრომა, ინოვაცია და მეწარმეობა ფასდება; სადაც ყველას ეძლევა წარმატების მიღწევის საშუალება.

ეს არ არის პარტიული იდეები - ეს ნაციონალური იდეებია.

და თუ ჩვენ ამ იდეების მხარდამჭერი ვიქნებით, მაინც საკმარისი ადგილი დაგვრჩება ჩვენს განსხვავებებზე სადაოდ, თანაც ისე, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თავისუფლება, გაუმჯობესდეს პირობები და ხალხმა სარგებელი მიიღოს.

მოდით, ვითანამშრომლოთ საგრეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

მოდით, ერთად ვიმუშაოთ კონსტიტუციაში კიდევ ერთი ვალდებულების დასამატებლად, რომელიც გაამყარებს ჩვენს ევროატლანტიკურ გზას.

მოდით, ერთად დავამტკიცოთ კონსტიტუციური კანონი დეოკუპაციის შესახებ, მშვიდად გავმართოთ დებატები და ვიპოვოთ გზები უცხოელთა ბატონობაში მცხოვრები ჩვენი ხალხის დასახმარებლად.

მოდით, ისევ მოვაწყოთ უშიშროების საბჭოს შეხვედრები, რათა გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია და დავსახოთ ერთობლივი სტრატეგიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი  ქვეყანა უფრო უსაფრთხო და მეტად ინტეგრირებული დასავლეთთან.

მოდით, ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიული პროგრესისთვის და ჩვენი ხალხის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. მოდით, დავამტკიცოთ კანონპროექტი მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესის შემოსაღებად, უკვე 2014 წლის არჩევნებისთვის.

მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი საკანონმდებლო სისტემა და შევქმნათ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტიები.

მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რათა ქართულ საზოგადოებას არ ჰქონდეს იმის შიში, რომ სახელმწიფო მათ უკანონოდ უთვალთვალებს და მედიას მათი პირადი ცხოვრების დეტალებს აწვდის. მოდით, ერთად შევქმნათ იმის გარანტია, რომ სახელმწიფო აპარატი არა თუ არ ემუქრება მოქალაქეთა უფლებებს, არამედ იცავს მათ.

მოდით, ვითანამშრომლოთ და დავეხმაროთ მთავრობას სოციალური დაპირებების შესრულებაში; ამით კი დავამსხვრიოთ იდეა იმის თაობაზე, რომ პოლიტიკოსები დაპირებებს ხალხს მხოლოდ ხმების მოსაპოვებლად აძლევენ. 

კრიმინალების გაუმართლებელი, ფართომასშტაბიანი ამნისტიის კვალდაკვალ, მოდით, გავაკეთოთ სრულმასშტაბიანი ფინანსური ამნისტია, რომელსაც ნამდვილად აქვს ეკონომიკური და მორალური გამართლება.

მოდით, ერთად შევიმუშაოთ სოფლის განვითარებისა და ჩვენს ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვის გეგმები.

ახალი მთავრობა და ახალი უმრავლესობა თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებაში უგულვებელყოს წინა მთავრობის კონკრეტული გეგმები, რომელმაც, მათი აზრით, ვერ მიაღწია დასახულ მიზანს. მაგრამ მათ არ უნდა მოისროლონ ის, რაც ფუნდამენტურია ჩვენი ახალი, თავისუფალი, თანამედროვე საქართველოსთვის.

უმრავლესობას მოვუწოდებ:

შეასრულეთ თქვენი დაპირებები: შეასრულეთ ის, რასაც ხალხს დაპირდით.

დაიცავით წესრიგი: არასდროს მისცეთ, თუნდაც ვინმეს ჯინზე, ან ვინმეს კერძო დაინტერესების გამო, კრიმინალს, კორუფციას და ქაოსს უკან დაბრუნების უფლება!

შეინარჩუნეთ ჩვენი დემოკრატია: ნუ ეცდებით თქვენი ოპონენტების განადგურებას სასამართლოს, პროკურატურის ან ძალადობის მეშვეობით, მაგრამ სცადეთ მოიგოთ დებატები კონსტიტუციის ფარგლებში.

შეინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა: დაიცავით ჩვენი თავისუფლება, სუვერენიტეტი და პროგრესი ევროპისა და ნატო-ს მიმართულებით.

თუ ასე მოიქცევით, თქვენ აღმოაჩენთ კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც მზად იქნება დებატებისა და თანამშრომლობისთვის.

ქალბატონებო და ბატონებო,

ჩვენ ყველამ, ჩემი პარტიის წევრებით დაწყებული და ჩემით დამთავრებული, დიდი სიფრთხილით უნდა მოვისმინოთ რა თქვა ხალხმა ბოლო არჩევნებისას და რა სურს მას თითოეული ჩვენგანისგან.

როგორც ვთქვი, ხალხს არ მიუცია ხმა განადგურებისთვის - მან ხმა მისცა მეტს და არა ნაკლებს.

ამავდროულად, ხალხი რომ ბოლომდე კმაყოფილი ყოფილიყო იმით, რაც წინა მთავრობამ გააკეთა, არჩევნები სხვაგვარად წარიმართებოდა... ეს იმის მანიშნებელია, რომ არის ისეთი რამ, რაც უნდა გამოსწორდეს ან სხვანაირად გაკეთდეს.

ძვირფასო მეგობრებო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო პრიორიტეტია ხალხს უფრო მეტად მოვუსმინოთ, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა.

ჩვენმა პარტიამ შექმნა ინსტიტუციური ჩარჩოები, რომლებშიც არჩევნები  თავისუფალი და სამართლიანია და რომელთა მეშვეობითაც ხალხს შეუძლია აირჩიოს უმრავლესობა და გადაირჩიოს კიდეც ის. ეს ის წარმატებაა, რომლითაც ჩვენ ყველა უნდა ვამაყობდეთ.

მაგრამ ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ხშირად ვქმნიდით შთაბეჭდილებას, თითქოს ხალხს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში ვაძლევდით ჩვენი საქმეების კონტროლის უფრო მეტ შესაძლებლობას; თითქოს მხოლოდ მაშინ ჰქონდათ საშუალება უფრო მეტად ჩართულიყვნენ ჩვენს ერთობლივ საქმიანობაში, ხოლო სხვა დროს არასაკმარის დროსა და სივრცეს ვუთმობდით საკუთარი აზრის, იმედებისა და წუხილის გამოსათქმელად.

ჩვენ უნდა ვიყოთ მოკრძალებული და მოვისმინოთ ხალხის გზავნილი.

მომავალ თვეებში მე მოვაწყობ შეხვედრების სერიას მთელ რიგ ქალაქებში, რათა მოვისმინო რისი თქმა სურს ხალხს ჩვენი წარსული საქმიანობისა და დამოკიდებულების შესახებ, ჩვენი წარსულისა და მომავლის თაობაზე; მათგან მოვისმენ რისი იმედი აქვთ და რისი შიში.

მე არ ვსაუბრობ ჩვეულ პოლიტიკურ გამოსვლებზე, რომელთა დროსაც ბურთიც და მოედანიც მხოლოდ პოლიტიკოსებს ეკუთვნის, საკმარისზე მეტი ვილაპარაკეთ წინა წლებში.  

ამჯერად, ხალხი ილაპარაკებს, ხოლო პარტიის ლიდერები მათ აზრს მოისმენენ.

მეგობრებო, ეს არის ჭეშმარიტი და კეთილშობილური პოლიტიკის საფუძველი, რადგან დემოკრატიის პირობებში, პოლიტიკური ლიდერები მითითებებს თავად ხალხისგან იღებენ და არა ვინმე სხვისგან.

ჩვენ ყველამ ვიცით რა გვსურს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ იმისათვის, რომ დავსახოთ პროგრამა და განვსაზღვროთ პოზიცია, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვუსმინოთ ხალხს და გავიგოთ რა სურთ ჩვენს მოქალაქეებს და რა არა.

ქალბატონებო და ბატონებო,

იყო პერიოდები, ჩვენს მშობლებსა და ბებია-ბაბუებს მხოლოდ ჩურჩულისთვის აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ, როდესაც ისინი თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოზე ოცნებობდნენ.

იყო პერიოდები, როდესაც ქართველი ქალები და მამაკაცები ამ ოცნების გამო წამებასა და სიკვდილზე მიდიოდნენ.

ახლა, როდესაც საქართველოს თავისუფლება რეალობად იქცა, ჩვენი ვალია, ერთად ვიმუშაოთ, რათა დავიცვათ ეს რეალობა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ. 

მოდით, ნუ შევწირავთ ამ ერს ჩვენს პირად ამბიციებსა და კოლექტიურ ბრაზს.

მოდით, ნუ გავაფუჭებთ ამ ისტორიულ შესაძლებლობას. 

მოდით, ერთად ვიმუშაოთ დაპატიმრებების, შეურაცხყოფებისა და ერთმანეთის ცემა-ტყეპის გარეშე.

მოდით, ისე მოვიქცეთ, რომ ვიმსახურებდეთ ჩვენს წარსულსა და რაც მთავარია, უკეთეს მომავალს, ვემსახურებოდეთ და ვიმსახურებდეთ ჩვენს განსაკუთრებულ ხალხს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)