საქართველოს პრეზიდენტი ლევან ვარშალომიძესთან, ქობულეთის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთად ერთად სოფელ კვირიკეში ჯინჭარაძეების ცხრასულიან ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ციტრუსების ჩაბარების პროცესით და იმ პრობლემებით დაინტერესდა, რომელიც მოსახლეობას წელს ამ მხრივ შეექმნა. ქვეყნის პირველმა პირმა ახალ მთავრობას მოუწოდა, რომ შარშანდელი გამოცდილება გაიზიარონ, რათა მოსახლეობა მომავალ წელსაც არ დარჩეს ერთადერთი შემოსავლის გარეშე. მიხეილ სააკაშვილმა ასევე უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ახალი მინისტრი გვიან დაინტერესდა ციტრუსების ჩაბარების პროცესით და დროზე არ მოხდა ამ პრობლემაზე რეაგირება.
„სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი სამი თვის დაგვიანებით ჩამოვიდა აქ და იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის პრობლემები გამოეკითხა, ყველაფერი წინა მთავრობას დააბრალა. კარგი იქნებოდა, რომ წინა მთავრობისთვის მაინც ეკითხათ, როგორ ხდება ჩაბარების პროცესი. გასაგებია, რომ არ უნდათ ვარშალომიძე იყოს მთავრობაში, მაგრამ თუ ისე ერიდებათ კითხვა, მაშინ მაინც ეკითხათ დაკითხვაზე რომ ჰყავდათ, თუ როგორ ხდება მანდარინის და ციტრუსის გაყიდვა საქართველოში. მათ თქვეს, რომ მანდარინის ორი კონტეინერი შევიდა საქართველოდან რუსეთში. მაგრამ სად არის ამის შედეგი? დიდ სახელოვან რუსულ ბაზარზე შესვლის შედეგი ნახა ხალხმა? ნეტავი ნახოს. მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ნამდვილად არ მიხარია. რა უნდა გამიხარდეს მაშინ, როდესაც გზები არის სავსე გადაყრილი მანდარინით. მაგრამ მომავალ წელს მაინც არ უნდა მოხდეს ასეთი რამ. ყველამ უნდა გამოვიყენოთ არსებული ცოდნა და ამ ხალხს გავუმართოთ ხელი",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც ოჯახის უფროსმა, გურამ ჯინჭარაძემ პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, ოჯახმა გასულ წელს 15 ტონა მანდარინის მოსავალი აიღო, რომელიც დეკემბერში 70-დან 80 თეთრის საფასურში ჩაიბარა ქარხანამ. წელს კი მიუხედავად იმისა, რომ 4 ტონა უკეთესი ხარისხის მანდარინი ქონდათ, სეზონზე ჩაბარება ვერ მოახერხეს და ქარხანაში დაგვიანებით, 30 თეთრად ჩაიბარეს, მაგრამ მისი საფასური დღემდე არ აუღიათ.
სოფელ კვირიკეში 1570 ოჯახი ცხოვრობს და უმრავლესობას წელს ციტრუსის მოსავლის ჩაბარების პრობლემა ქონდა. ქობულეთში მოსახლეობას საერთო მოსავლის 40 პროცენტამდე მოსავლის გადაყრა მოუწია.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ხალაში პირადად ნახა ჩაბარების პროცესის შეფერხების გამო გადაყრილი მანდარინის მოსავალი.
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ხუცუბანში ფილების მწარმოებელ ქარხანასაც ესტუმრა, სადაც ამჟამად უკვე წარმოებულ ფილაქანზე შეკვეთები შეჩერებულია.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ სამშენებლო სამუშაოები და ქარხნები არ გაჩერდეს, რადგან ამის შედეგად მოსახლეობაში უმუშევრობის რიცხვი გაიზრდება. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას მოუწოდებს, რომ აღნიშნულ საკითხებს დროულად მიაქციოს ყურადღება.
„ძალიან დიდი პერსპექტივები გვქონდა, მაგრამ შემცირდა ბათუმის და აჭარის ბიუჯეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა. ამ ინფრასტრუქტურული პროექტებს ამას წინათ, „სააკაშვილის ხუშტურები“ უწოდეს. სწორედ ჩემი ახირებაა ეს ქარხანა, ასევე ის უამრავი ობიექტი, რომელზეც დასაქმებული იყო 7-8 ათასამდე ადამიანი ბათუმსა და ქობულეთში. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი ქარხნები გაჩერდა და უამრავი ადამიანი, ვინც მუშაობდა იმ მშენებლობებზე, დარჩა ლუკმაპურის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ იკლებს ტურისტების რაოდენობაც, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იყო ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ჩადებული. შედეგად ხალხს შემოსავალი მოაკლდება. სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღარ გაიყიდება. ხვალ რა შემოსავლით უნდა იცხოვროს ამ ხალხმა. ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, რომ არაფრის შეჩერება არ შეიძლება. აღმშენებლობა ეს არ იყო ზოგადი ლაპარაკი და ზოგადი პიარი. ეს იყო კონკრეტული ქარხნები, საწარმოები, შემოსავლები, დასაქმებული ადამიანები. მთავრობამ უნდა გადახედოს ამას, სანამ გვიან არ არის, თორემ მერე ამის შემობრუნება ძნელია, ყველაფერი ისევ ჩამოიშლება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.