Google+

სიახლეები

16.01.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საბაგირო გზა და სათხილამურო ტრასა გახსნა 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აჭარის მაღალმთიან რეგიონს სტუმრობდა, სადაც ახალი საბაგირო გზა და 1 800 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა პირადად გახსნა. ამ ახალ ტურისტულ ზონაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო და დაპირებისამებრ, სამუშაოების პირველი ეტაპი ზამთრის სეზონისთვის უკვე დასრულებულია, თუმცა პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა, რომ ახალი კომპლექსის მშენებლობა გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეჩერებულია. ავსტრიელი ინვესტორი იმ პირობის შესრულებას ითხოვს, რაც კომპლექსამდე მისასვლელი გზის მშენებლობას ეხება. პრეზიდენტისა და აჭარის  მთავრობის ყოფილი მეთაურის განცხადებით,აუცილებელია შესრულდეს სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულება უცხოელი ინვესტორის წინაშე, რადგან ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ქვეყნის იმიჯზე.

 მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი სათხილამურო სკოლის მოსწავლეებთან, ლევან ვარშალომიძესთან და ხულოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად ახალი საბაგიროს პირველი სტუმარი გახლდათ და გონდოლებით გასეირნების შემდეგ სათხილამურო ტრასაზეც ისრიალა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალი კურორტის განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, რადგან ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ამ ადგილს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად აქცევს მთელ საქართველოში. მისივე თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებამდე დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავრობა დაწყებული მშენებლობების სრულყოფისთვის თანხებს აუცილებლად გამოყოფს.

 

„ეს არის ის გზა, რომელიც აქაურობას გოდერძის უღელტეხილთან აერთებდა. რეალურად, ამ გზას თუ მოვიყვანთ აქამდე, შემდეგ უკვე ვუერთდებით ახალციხე - ადიგენს და  აჭარა -ჯავახეთს. ტურისტები ჩამოვლენ, როგორც მთელი საქართველოდან, ისე უცხოეთიდან -სომხეთიდან, თურქეთიდან. ამას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც შეუწყობს ხელს. მას შემდეგ, რაც აქედან ბათუმამდე კარგი გზა გაკეთდება, მაქსიმუმ საათნახევარი დაჭირდება მგზავრობას, რაც იმაზე უფრო ახლოა, ვიდრე თბილისიდან გუდაურამდე. მშენებლობის დასრულების შემდეგ დამსვენებლებისთვის განკუთვნილი იქნებოდა 400-500 ნომერი. ამ კურორტის განვითარება ერთადერთი შანსია ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმებისა და ფართომასშტაბიანი განვითარების თვალსაზრისით. იქ სადაც არის სამთო-სათხილამურო კურორტი, არ არის სიღარიბე.

დღეს ჩვენ გავხსენით უმაღლესი კლასის საბაგირო იმ პატარებისთვის, რომლებიც თხილამურზე უკვე დგანან. მათი უმთავრესი პერსპექტივა იქნებოდა ევროპული კლასის უმაღლესი კურორტი სახლის კართან.  რაც, თავისთავად, ნიშნავს შემოსავალს მათი ოჯახებისთვის, მათთვის განთლების მიცემის საშუალებას, ცხოვრებაში წინსვლის პერსპექტივას, რათა თავი ეგრძნოთ არა სამყაროსგან მოწყვეტილად, არამედ განვითარების ცენტრში. პრაქტიკულად, ამ პერსპექტივას წავართმევთ, თუ ამას არ გავაკეთებთ.

განსხვავებით სხვა ბევრი სათხილამურო კურორტისგან, აქ ზაფხულშიც შეიძლება დასვენება. აჭარის მოსახლეობა ზაფხულობით აქ დადის დასასვენებლად. აქ იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო ადგილი ევროპაში. როდესაც ვლაპარაკობთ შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეს არის ყველაზე მტკივნეული საკითხი ჩემთვის. ამის მშენებლობა თუ არ განახლდა, ესეც დაიშლება, როგორც ანაკლია იშლება ახლა. აქედან რამდენიმე თვეში აღარაფერი აღარ დარჩება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ახალი საკურორტო ზონის მშენებლობისთვის ქართულ-ავსტრიული ერთობლივი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, გამოიყო 12 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ინვესტიცია, ხოლო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ავსტრიული კომპანია „დოპელ მაიერი“ კრედიტით 10 მილიონი ევროს სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალ საკურორტო ზონაში 4 კმ-იანი საბაგირო აშენდება, რომლის 2კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ამ ეტაპზე დასრულებულია.

თანამედროვე საბაგიროს დამონტაჟება ავსტრიული კომპანიის „დოპელ მაიერის“ მიერ განხორციელდა. ახალი კურორტის მშენებლობაზე 200-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.ახალ კურორტს ტურისტების მიღება წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია. უკვე ამოქმედდა 16 ნომრიანი სასტუმრო „გოდერძი“ და მიმდინარეობს კოტეჯების მშენებლობა. ამჟამად დამონტაჟებულია წყლისა და ელექტრომომარაგების ახალი სისტემები. ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)