Google+

სიახლეები

19.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთის საკრებულოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  ქობულეთის  თვითმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და არსებული ვითარება სახელმწიფო ინსტიტუტებზე პირდაპირ ზეწოლად შეაფასა. ქვეყნის პირველი პირისთვის მიუღებელია აჭარაში მიმდინარე ყველა სოციალური პროექტის შეჩერება და რეგიონისთვის ბიუჯეტის მკვეთრი შემცირება. 

„სამწუხაროდ, აჭარაში მოვლენები კარგად არ ვითარდება - თქვენ იცით, რომ, პრაქტიკულად, აჭარა დარჩა ბიუჯეტის გარეშე. ის ბიუჯეტი, რომელსაც ახლა იღებენ, არ ვიცი, შურისძიებაა იმის გამო, რომ მე, ვარშალომიძეს და თითოეულ თქვენგანს ძალიან გვიყვარს აჭარა, თუ კონკრეტული აკვიატება და საქართველოს ახალი მთავრობის გასართობი აჭარის ავტონომიური რეგიონის მიმართ. ფაქტია, რომ აჭარლები ახლა რაღაცის გამო ისჯებიან. შეწყდა ყველა სოციალური პროგრამა, შეწყდა დროებითი თავშესაფრების პროგრამა, ყველაფერი ის, რაც გაჭირვებულ ხალხს უნდოდა. ეს მთავრობა მოსულია გაჭირვებული ხალხის დახმარების ლოზუნგით და პირველი, ვისაც ჩაუკეტეს გზა, ეს იყო გაჭირვებული ხალხი, რომელსაც სჭირდებოდა მთავრობის დახმარება, რასაც ჩვენ, თქვენთან ერთად, ძალიან აქტიურად ვაკეთებდით. თქვენ იცით, რომ წელს მანდარინი ბევრად უფრო იაფად გადის, ვიდრე შარშან და ლამის ესეც ჩვენ დაგვაბრალონ. ლევანის კავშირების გამოყენებით ცდილობენ რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ამას სჭირდება მთავრობის ძალისხმევა - ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს. ყოველივე ამას მე დიდი გულისტკივლით ვამბობ. ზოგადად, რაც ხდება, ეს არის სრულფასოვანი შეტევა ინსტიტუტებზე. ძალიან ცოტა ქვეყანა ვიცი, სადაც მთავრობა ოპოზიციას უწყობს მიტინგებს - ყველას კარგად გვახსოვს, ეს ხდებოდა საქართველოში 90-იანი წლების დამდეგს და ძალიან ცუდად დასრულდა. თუმცაღა მთავრობა მაშინ, მინიმუმ, საქართველოს დამოუკიდებლობის დროშის ქვეშ მაინც გამოდიოდა და ძალიან კონკრეტულ იდეას ემსახურებოდა. ვერანაირი 100, 200, 300-კაციანი საქციელდაკარგული ჯგუფი, თუნდაც ათი ათას კაციანი, ვერ შეცვლის კანონის უზენაესობას და ხალხის მმართველობას. ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს ხალხის ხელისუფლებას, პატარა და თუნდაც დიდი ბრბოს ხელისუფლებით. საქართველო არის ერი და არა ბრბო და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პირადად მე ვერავინ ვერ ამაღებინებს ხელს სიარულზე. ყოველდღე ვივლი ხალხში, თანაც არ მჭირდება არც დაცვა, არც ბრონირებული მანქანები, არც ვერტმფრენები და ა.შ. - ყველაფერი შეუძლიათ წაიღონ. ფეხით ვივლი! საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველგან მიმესვლება. ვერავინ ვერ აგვაღებინებს ხელს საქართველოს მთავარ იდეაზე, ქვეყნის  განვითარებასა და მოდერნიზაციაზე, ევროპულ მომავალზე, ხალხის ყოველდღიურ დახმარებაზე. ინსტიტუტებზე შეტევა ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - საქართველოში შეიქმნას ქაოტური ვითარება, რადგან ინსტიტუტები არის ჩვენი სტაბილურობის მთავარი გარანტი. ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით სახელმწიფოებრიობა, რომელიც ეფუძნება ინსტიტუებს და მათ შორის ხალხის მიერ არჩეულ  საკრებულოებს, რომელსაც აქვს განსაზღვრული მანდატი, რომელიც მოქმედია ვადის ამოწურვამდე. ადგილობრივი მმართველობა ნიშნავს იმას, რომ ადგილზე უნდა მოემსახუროს ხალხის ინტერესებს და არა ვიღაცის აკვიატებებს. ეს არის შეტევა ადგილობრივ მმართველობაზე. მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი და არა როგორც ნაციონალური  მოძრაობის ლიდერი, ამას ბოლომდე შევეწინააღმდეგები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს აღიკვეთოს. მინდა ვუთხრა საქართველოს პოლიციას, რომ დაიცვას ადგილობრივი მმართველობები და, ზოგადად, დაიცვას წესრიგი; მე მინდა ვუთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს - ბევრი მათგანი არის პოლიტიკოსი, უყვარს სამშობლო და  არ უნდა მონაწილეობდნენ ისეთ ქმედებებში, რომლისაც შემდგომ შერცხვებათ“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის საკრებულოს წევრებს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)