Google+

სიახლეები

19.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი: „იმედი მაქვს საქართველოში განახლდება მშენებლობა და ჩვენ კვლავ ვიამაყებთ მსოფლიოში აღმშენებლობით, წინსვლითა და ჩვენი განსაკუთრებულობით"

საქართველოს პრეზიდენტი ეწვია „ექსპოჯორჯიაში“ გამართულ გამოფენას სახელწოდებით - „ჰოლანდიელი არქიტექტორების დღეები საქართველოში“. მიხეილ სააკაშვილმა გამოფენაზე ქუთაისის აეროპორტის მაკეტიც ნახა და იმ ჰოლანდიელ არქიტექტორებსაც შეხვდა, რომლებმაც ეს აეროპორტი დააპროექტეს. გამოფენის დათვალიერების შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება აღმშენებლობის პროცესისა და არქიტექტურული კულტურის  მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მიუღებელია ყველა ის მოწოდება, რომელიც ნგრევის პროცესს უკავშირდება.

„გუშინ ქუთაისის აეროპორტში ვიყავი და ეს უბრალოდ პროექტი კი არა, საოცრებაა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კოპიტნარის აეროპორტის ადგილზე, ასეთი ახალი აეროპორტი აშენდებოდა დიზაინითა თუ სილამაზით. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში იყო 120 ათასი ტურისტი-ვიზიტორი, წელს ეს მაჩვენებელი 4 მილიონს გადააჭარბებს, მომავალ წელს 5 მილიონი უნდა ყოფილიყო. მაშინ, როდესაც ამ გამოფენის მოწყობა გადაწყდა, საქართველოში შენდებოდა ძალიან ბევრი რამ და არა მხოლოდ უცხოელების მიერ, არამედ, ძირითადად, ქართველების მიერ. თუ ვარდების რევოლუციის შემდეგ, პირველ წლებში გვყავდა უცხოელი არქიტექტორები - იტალიელები, ჰოლანდიელები, გერმანელები, ამერიკელები, ბოლო წლების განმავლობაში ქართველებმაც ისწავლეს საუკეთესო პროექტების გაკეთება. აქ იყვნენ უფროსი თაობის არქიტექტორები, როგორც მაგალითად ვაჟა ორბელაძე და ახალგაზრდა როგორც, დათო გოგიჩაიშვილი. უამრავი საინტერესო ახალი არქიტექტორიც გამოჩნდა, მათ შორის, უფროსი ასაკის წარმომადგენლებს მიეცათ მეტი საშუალება. ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, რომ გუშინ საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოაცხადა ნგრევის მასშტაბური პროგრამის შესახებ. თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკური ნიშნით ნგრევის ერთადერთი მაგალითი ავღანეთში, თალიბების მიერ განხორციელდა. არ მგონია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს მთავრობამ თავი უნდა მოიჭრას მთელი მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი, თანამედროვე შენობების ნგრევით. მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ასეთ მაგალითს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღეს კიდევ იმდენი რამაა გასაკეთებელი. მშენებლობა ასაქმებს ხალხს, მშენებლობამ შექმნა ათობით ათასი სამუშაო ადგილი ბოლო წლებში და უამრავ ოჯახს გაუმართა ხელი. „ნგრევა“ მესმის სულ - რომ სისტემა უნდა დაინგრეს, გუშინ გვამცნეს, რომ უნდა დაინგრეს „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ როგორც ორგანიზაცია, არამედ მისი მომავალი - ეს მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მინისტრმა თქვა. ახლა შენობები უნდა დაინგრეს... ჩვენ გვქონდა ნგრევის მრავალი ეპოქა და საქართველოს ისტორიაში მხოლოდ პატარა ეპოქები იყო შენების. ბოლო ეპოქა - ბოლო 8 წელიწადი სწორედ შენების ეპოქა იყო, გასნაკუთრებით კი, ბოლო 4-5 წელიწადი. ახლა  იმის გამო, რომ ჩვენ ვაშენებდით, ჩვენს ჯინზე დაანგრიო ყველაფერი, ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა. ამას ექნება გრძელვადიანი, კატასტროფული შედეგები საქართველოს ხალხისთვის. ჩვენმა ხალხმა მისცა ხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა ნგრევას. არჩევნების წინ მე ვამბობდი: „არის საფრთხე, მოვიდეს მგრეველთა დიდი ბრიგადა“ და ეს სასაცილოდ არ ყოფნიდა ბევრს. ამბობდნენ, რომ ვაზვიადებდი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით,  ისინი ამ დაპირებას ნამდვილად ასრულებენ და, ყოველ შემთხვევაში, გვპირდებიან, რომ შეასრულებენ. მე არ მინდა, რომ საქართველოს გაუთენდეს დღე, როდესაც მსოფლიო დასცინებს და აბუჩად ასაგდები გავხდებით ასეთი სისულელეების გამო. იმედი მაქვს, საქართველოში განახლდება მშენებლობა, ააშენებენ, ძირითადად, ქართველები და ჩამოვლენ უცხოელი არქიტექტორებიც. იმედი მაქვს, მთელს მსოფლიოში ვიამაყებთ ჩვენი აღმშენებლობითა და ჩვენი განვითარებით, ჩვენი წინსვლითა და განსაკუთრებულობით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

„ჰოლანდიელი არქიტექტორების დღეები საქართველოში“ ჰოლანდიის საელჩოს ინიციატივით იმართება და 15 წამყვანი ჰოლანდიური კომპანია იღებს მონაწილეობას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ნოვაციური არქიტექტურული პროექტებით არის ცნობილი. გამოფენას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში პიტერ ლანგენბერგი სტუმრობდა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)