Google+

სიახლეები

12.10.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ევროატლანტიკურ კურსს ალტერნატივა არ გააჩნია“

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე პირადად მიიწვია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ გამომსვლელად წარსდგება. ქვეყნის პირველმა პირმა მიწვევა ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიიღო.  

ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დემოკრატიულად გამართული არჩევნების შემდეგ, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. მისი თქმით, ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამის თაობაზე მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთანაც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც დასძინა, რომ არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან აუცილებელია თანამშრომლობა, რათა ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს.

„ახლახან დამირეკა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და მიწვეული ვარ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მთავარ მომხსენებლად, პრაღაში, ნოემბერში. ასევე მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის ის, რასაც ახლა, ამ არჩევნების შემდეგ ვფიქრობ -  ჩვენ, ყველას გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატო-ში ინტეგრაციის მხრივ. დეკემბერში დაგეგმილია ნატოს მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი იქნება მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვმართებს ერთად მუშაობა და მე ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატსაც ვესაუბრე. საჭიროა მუშაობა, მათ შორის, არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან, რათა წინ წავიწიოთ ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მე, როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ჩემი საპრეზიდენტო ვადის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთო, რადგან ამ არჩევნების ფონზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ პირობებში, როდესაც  ეს არჩევნები ყველამ დემოკრატიის ნიმუშად აღიარა, იმ პირობებში, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ დემოკრატიულ ჩარჩოს საქართველოში, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ჩვენ მართლაც გვაქვს ეს შესაძლებლობა. ვფიქრობ, ილუზიები იმის შესახებ, რომ ჩვენს დამპყრობელთან პრობლემები საქართველოს რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ან პიროვნების გამო გვაქვს, ამ არჩევნების შემდეგ აღარავის, მათ შორის არც კოალიაცას აღარ დარჩება და გაეფანტება. პრობლემა არის ფუნდამენტური - ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად, ახლა, როგორც არასდროს საჭიროა ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში ამ კურსს არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია. ამიტომ, ჩვენ აღარ უნდა გავაჭიანუროთ არჩევნების შედეგების საბოლოო დაზუსტება, აღარ უნდა გავაჭიანუროთ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი. მე თვალს ვადევნებ გადაბარების პროცესს. საქართველოს დღეს ბევრად ნაკლები ვალი აქვს, ვიდრე მას ვარდების რევოლუციამდე და მის შემდეგ ჰქონდა. საქართველოს ბიუჯეტს აქვს ისეთი რესურსი, რომ მხოლოდ ამ რესურსის გამოყენებითაც შეიძლება ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდეს. ახლა ეს ბიუჯეტი უნდა გადაიბარონ, ქართველ ხალხს მოახმარონ და  საგარეო პოლიტიკური, ევროატლანტიკური კურსი გააგრძელონ. ჩვენ ამას ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რადგან ჩვენი ამოცანაა საქართველოს წინსვლა. პოლიტიკოსებიც უნდა მიხვდნენ, რომ საარჩევნო კამპანია დამთავრდა, აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მოეშვან საარჩევნო რიტორიკასა და აგრესიას. ახლა, რეალურად, მუხლჩუხრელად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რასაც ხალხმა მისცა ხმა - საქართველოს  შემდგომი პროგრესი და თითოეული ქართული ოჯახის პროგრესი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)