Google+

სიახლეები

05.10.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ეკატერინე ზღულაძესა და ქვეყნის მთავარ პროკურორთან მურთაზ ზოდელავასთან თათბირი გამართა. ქვეყნის პირველმა პირმა შეშფოთება გამოთქვა და უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, რომ პატივი სცენ კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას და ქვეყანაში არ დაუშვან წესრიგისა და კანონიერების მოშლა.  პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის გადაბარება კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად მოხდება და ეს პროცესი არ უნდა აისახოს ქვეყნის ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გარდამავალი პერიოდია, მაგრამ ჩვენი მოქმედი ხელმძღვანელობის - შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეული პოლიციელის, პროკურატურის თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობაა, რომ არც ერთ გარემოებაში არ დაუშვან ქვეყანაში წესრიგის და კანონიერების მოშლა. ჩვენ აღარ ვართ 90-იან წლებში და თუკი ვინმეს აქვს  ილუზია, რომ ახლა მათი დრო დადგა, ვფიქრობ, ძალიან ცდება. ამიტომ, დაელაპარაკეთ ყველა პოლიციელს, პროკურატურის ყველა თანამშრომელს იმუშაონ ისე, როგორც ყოველთვის და დაამყარონ კანონიერება და წესრიგი. ძარცვა, დაყაჩაღება, მანქანების გატაცება, სხვა ტიპის ძალადობრივი გამოვლინებები უნდა აღიკვეთოს ისე, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში იყო აღკვეთილი. ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ დემოკრატიას და ქართველი ხალხის არჩევანს. ძალაუფლებას თქვენ გადააბარებთ შემდეგ მინისტრს ისე, როგორც ეს წესითა და რიგით არის  გათვალისწინებული. ახლანდელი მთავრობა შემდეგ ხელისუფლებას გადააბარებს პასუხისმგებლობას ისე, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.  კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში, ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი მონაპოვარი, მაგრამ, ამავე დროს, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აისახოს მოქალაქეების ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე. ეს არის წმიდათა წმინდა და ხელშეუხებელი რამ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საუბრისას.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის მქონე თითოეულმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იზრუნოს კანონიერების შენარჩუნებასა და დანაშაულის აღმოფხვრაზე.  

„ადამიანი ღვედს რომ არ იკეთებს, ამით პროტესტს უცხადებს თავის თავს... ღვედების გამოყენებამ 30 პროცენტით შეამცირა სიკვდილიანობა გზებზე. ევროკავშირის მონაცემებით, აქამდე ჩვენ გვქონდა დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მთელ ევროპაში და ამით ძალიან ვამაყობ... მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ ისიც, რომ კანონიერმა ქურდებმა არ გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი - საქართველოს კანონმდებლობით, „კანონიერი ქურდობა“ ისჯება სისხლის სამართლებრივად და ამას უნდა მივხედოთ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატიის პირობებში, მათი დრო არასდროს აღარ დადგება. კანონის უზენაესობის პირობებში, ისინი ვერასდროს ვეღარ გაბატონდებიან ჩვენ ქუჩებსა და ეზოებში. ყველა პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა ძალამ - ჩვენ, თქვენ და რა თქმა უნდა, ქართულმა საზოგადოებრიობამ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ვითარებას ვინმემ საფრთხე შეუქმნას... წინასაარჩევნო კამპანია უკვე დამთავრდა, აღარ არის რიტორიკისა და დაპირისპირების დრო. ჩვენ ვაღიარეთ არჩევნების შედეგები, ყველამ უნდა პატივი ვცეთ კონსტიტუციას და ყველა კანონს უკლებლივ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი ასევე აპირებს, გიორგი ტუღუშთან ერთად განიხილოს საპყრობილეებში არსებული ვითარება და იმის მიუხედავად, რომ იქ უკვე დამყარდა წესრიგი და აღიკვეთა  ძალადობა ადმინისტრაციის მხრიდან,  ხელისუფლების ცვლამ, მისი თქმით, არ უნდა გამოიწვიოს სრული უკანონობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)