Google+

სიახლეები

20.09.2012
მიხეილ სააკაშვილი: ახალ მინისტრს სრული დამოუკიდებლობა ექნება და მის საქმიანობაში კანონისა და საზოგადოების გარდა, ვერავინ ჩაერევა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში წარადგინა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკვე გამოცხადდა მთელი სისტემის რეორგანიზაცია, მაგრამ ცვლილებების განსახორციელებლად ძლიერი მინისტრია საჭირო. როგორც მან აღნიშნა, გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების სისტემის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყო და იმედოვნებს, რომ სწორედ ის შეძლებს გამოასწოროს ის ხარვეზები, რომელებიც ამ სტრუქტურაში აღმოჩნდა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, პოლიციის მსგავსად, სასჯელაღსრულების სრულიად ახალი სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც მთლიანად გამორიცხავს მსგავსი ტიპის სისტემურ დარღვევებსა და მით უმეტეს, დანაშაულს.

„ახალ მინისტრს სრული დამოუკიდებლობა ექნება და კანონისა და საზოგადოების გარდა, ვერავინ ჩაერევა მის საქმიანობაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ამ დღეებში ყველაზე ნაკლებად პოლიტიკა მაინტერესებს, მაგრამ ამ თემებზე და ადამიანის ბედზე ყველანაირი პოლიტიკური მანიპულაცია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კონკრეტული მიზეზების გამო. ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ავაშენოთ საზოგადოება, რომელშიც, ერთი მხრივ, იქნება ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის მიმართ. ამავდროულად, საზოგადოება უნდა იყოს დაცული - ამ თემებს, მით უმეტეს, ადამიანის უფლებებს ნურავინ ნუ ეთამაშება, რადგან ჩვენ შეუძლებელს მივაღწიეთ. მეორე მხრივ, ნულოვანი ტოლერანტობა იქნება ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ - ეს ის პრინციპია, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავამკვიდროთ და შევქმნათ ისეთი მექანიზმი, რომ ამ სისტემაში აქამდე არსებული მსგავსი ფაქტების გამეორება შეუძლებელი გახდეს. ეს ხდებოდა იმის გამო, რომ მანამდე ეს უწყება ძველი კადრებით იყო დაკომპლექტებული და ჯერ კიდევ დიდი არეულობა იყო, ასევე იმის გამო, რომ ყველა არასწორად აფათურებდა ხელს. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. რადიკალურ გამოწვევებზე ჩვენი მთავრობის პასუხი არის იმაზე მეტად რადიკალური, ვიდრე ნებისმიერ მთავრობას, ნებისმიერ ქვეყანას შეეძლო ეს გაეკეთებინა. ჩვენ არანაირი სირთულის გამოწვევის წინაშე არ დავიხევთ უკან და მიხარია, რომ ამ რთული გამოწვევის წინაშე არც ამ ადამიანმა დაიხია უკან, რომელიც არც პოლიტიკოსია და არც რომელიმე პარტიის წევრი. ჩვენ გვჭირდება ახალი გაბედული ადამიანები, რომლებიც ყველაფერს შეცვლიან ამ სისტემაში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის განცხადებით, ამ თანამდებობაზე, მას საშუალება მიეცემა ის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლებიც პენიტენციური სისტემის მიმართ ჰქონდა, რეალობად აქციოს, ამ სისტემაში რადიკალური ცვლილებები შეიტანოს და თითოეული პატიმრის უფლება სათანადოდ დაიცვას. როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრა გრძელვადიანი პროცესია და მათი მოგვარება ეტაპობრივად მოხდება. თუმცა, მისი თქმით, არის საკითხები და ხარვეზები, რომლებიც დაუყონებლივ უნდა აღმოიფხვრას. მისივე განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემა უნდა იყოს ადგილი, სადაც პატიმრების გამოსწორება მოხდება და და მსჯავრდდადებულთა ოჯახის წევრებს პირობა მისცა, რომ მსგავსი შემზარავი ფაქტები, რომლებიც ბოლო დღეების განვალობაში ვრცელდებოდა, პენიტენციურ სისტემაში აღარასდროს განმეორდება.  

„ჩემი პრიორიტეტი სისტემის მთლიანად გადახალისება და თითოეული პატიმრის უფლებების დაცვა იქნება. სასჯელაღსრულების სისტემა უნდა იყოს ადგილი, სადაც პატიმრების გამოსწორება მოხდება და არა მათი წამება და ტრავმირება. ამ საქმეში საქართველოს პრეზიდენტი სრულ თავისუფლებას დამპირდა. ვაპირებ, სისტემა თავიდან ბოლომდე  შევცვალო და არაერთი ახალი თანამშრომელი დამჭირდება. გაიზრდება დაფინანსებაც. ვეცდები შემცირდეს პატიმართა რაოდენობა და გაიზარდოს პრობაციონერთა რიცხვი. აქამდე მე ვიძლეოდი რეკომენდაციებს, რომელთა დიდი ნაწილი გაუთვალისწინებელი რჩებოდა, ახლა კი მეძლევა საშუალება, ეს რეკომენდაციები თავადვე განვახორციელო", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)