Google+

სიახლეები

17.09.2012
მიხეილ სააკაშვილმა ხაშურის სკოლები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ხაშურის სკოლებს ესტუმრა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა ხაშურის რეაბილიტირებულ #3 საჯარო სკოლაში მომავლის კლასი დაათვალიერა და პედაგოგებს გაესაუბრა.

„დღეს მოვინახულე სკოლები, რომლებშიც მსგავსი რამ კეთდება. ამ სკოლაში ზოგი რამ კიდევ არის გასაკეთებელისაც და ამის შესახებ უკვე ვესაუბრე თქვენს დირექტორს. ახლა მინდა ის სკოლები დავათვალიერო, რომლებიც ჯერ არ გაგვირემონტებია. საქართველოს ზოგიერთ სკოლაში უკვე არის ასეთი ტიპის, თანამედროვე კლასები, მაგრამ მომავალი წლის დამლევამდე  ყველა სკოლაში იქნება. ნეთბუკები ყველგან შევიდა. ძალიან კარგად ვიცი, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, თუმცა ხაშურში ასეთი კლასის გახსნა, კარგის ნიშანია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ხაშურის ის სკოლებიც მოინახულა, რომელთა რეაბილიტაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მიხეილ სააკაშვილმა ხაშურის სკოლების რეაბილიტაციის დაწყება განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებს ადგილზე დაავალა. პრეზიდენტის მითითებით, #6 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და 10 დღეში დასრულდება.

„დღეს ჩვენ, დაახლოებით, 7-8 ძალიან კარგად გაკეთებული სკოლა ვნახეთ, მაგრამ ეს სკოლა, რომელიც მათ შორის ყველაზე დიდია, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ბრიგადები აქ ხვალ დილიდანვე, 9 საათამდე მოიყვანეთ, თუნდაც სხვა სამშენებლო ობიექტებიდან.  პარალელური რეჟიმით დაიწყონ მუშაობა ისე, რომ სწავლის პროცესი არ შეჩერდეს და 10 დღეში გაკეთებული იყოს ყველაფერი“, - განუცხადა მათ საქართველოს პრეზიდენტმა.

კიდევ ერთი სკოლა, რომლის რეკონსტრუქცია პრეზიდენტის დავალებით ხვალ დაიწყება, ხაშურის #1 საჯარო სკოლაა. სასწავლებელში არსებული პრობლემების თაობაზე, მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებლებისგან პირადად მოისმინა.

„ამ შენობასაც უნდა დაეტყოს, რომ ეს ის ძველი ქვეყანა აღარ არის. ამიტომ ხვალ დილით, 9 საათამდე ბრიგადები მეექვსე სკოლაში შეიყვანეთ, ხოლო 10 საათამდე აქ - პირველ სკოლაში. ხელს არ შეგიშლიან და სასწავლო პროცესის პარალელურად, ეს სკოლაც 10 დღეში უნდა ჩაბარდეს. დღეც იმუშავებენ და ღამეც და აუცილებლად გაკეთდება. ამ თვალსაზრისით, ხაშური ყველაზე დაზარალებული რაიონია და აქ საუკეთესო სკოლები უნდა გვქონდეს. ეს არის ჩემი დავალება და ჩემივე ეგიდით გაკეთდება “, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

სკოლების დათვალიერების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა და მათ რეგიონის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)