Google+

სიახლეები

20.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ბარამიძე წარადგინა

მოგესალმებით ყველას.

დღეს ჩვენ ბათუმის ყველა ის უბანი მოვიარეთ, რომელსაც ამ ქალაქში მიმდინარე აღმშენებლობა ჯერაც არ შეხებია.

მინდოდა, რომ გია ბარამიძესაც და ლევან ვარშალომიძესაც, რომელიც ყოველდღე დადის იქ კიდევ ერთხელ ენახათ რა გამოწვევების წინაშე ვიქნებით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში და რა არის უკეთესობისკენ შესაცვლელი ჩვენს ქალაქში.

ბათუმი არის საქართველოს სავიზიტო ბარათი და მთელი ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის და პირადად ჩემი მთავარი სიამაყე.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და, უდავოა, რომ განვითარება ჯერ ყველას არ შეხებია.

საიდანღაც უნდა დაგვეწყო და ჯერ პირველ ზოლს მოვკიდეთ ხელი.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჩაბნელებული, ერთ-ერთი ყველაზე უიმედო, გაღატაკებული, დაშინებული და უპერსპექტივო ადგილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამიტომ, ამის შეცვლა იყო პირველი ამოცანა.

ამ სასტუმროებს, რომელსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ახალ ბულვარს.

მათთვის, ვისაც დღეს არ აქვს დასაქმების პერსპექტივა, ვქმნით გადამზადების ცენტრს!

მათთვის, ვინც ბარაკებში ცხოვრობს, ჩვენ ვაშენებთ ახალ სახლებს!

სიტყვას გაძლევთ, რომ ბათუმში აღარ იქნება არც ერთი ბარაკი და ბათუმი იქნება პირველი ქალაქი საქართველოში ბარაკების გარეშე.

აქ ჩვენ ვაშენებთ ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ უნივერსიტეტს არ მივხედავთ. ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, არსებული უნივერსიტეტი და სხვა სასწავლებლები უნდა გახდეს უმაღლესი კლასის, საერთაშორისო დონის სასწავლო დაწესებულებები.

ჩვენ გვეყოლება ყველაზე განათლებული სტუდენტები ევროპაში, რადგან ბათუმი, გარდა იმისა, რომ არის ტურიზმის ცენტრი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს განათლების ცენტრი საქართველოში, კავკასიაში და ევროპაში.

ბათუმი უნდა იყოს ბიზნესისა და განვითარების ცენტრი.

ჩვენ ვაშენებთ აჭარის თავისუფალ ფინანსურ ზონას და ეს არის ზონა არა უცხოელებისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მესმის, რომ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გაჭირვებაა. თითოეულმა ოჯახმა უნდა დაინახოს სარგებელი იმისგან, რაც ქვეყანაში ხდება.

უნდა იგრძნო, რომ შენს შვილებს ბევრად მეტი პერსპექტივა აქვს, ბევრად უფრო დაცული ხარ და სოციალური სამსახურებიც ბევრად უკეთესად მუშაობს.

აქ შეკრებილი ხართ ის ახალგაზრდები, ის თაობა, რომელმაც აჭარის რევოლუცია მოახდინა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამხელა გზას გავივლიდით?

ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ ქალაქს შევქმნიდით?

ვინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, ბათუმზე აღფრთოვანებით ილაპარაკებდა?

ვინ წარმოიდგენდა, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც ყოველ სიტყვას უფრთხილდება, იტყოდა, რომ ხუთ წელიწადში ბათუმი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქი გახდება? და ეს ასეც იქნება - ჩვენ გავაკეთებთ ამას!

საუკეთესო ქალაქი ნიშნავს ქალაქს, ბარაკების გარეშე; ქალაქს, სიღარიბის გარეშე!

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ახალგაზრდობის და იმედის ქალაქი. ეს არის ქალაქი, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვქმნით.

დღეს ვინ გვიპირისპირდება ჩვენ, რა არის ჩვენი პრობლემა და ვინ არის მთავარი მოწინააღმდეგე ჩვენთვის? ამის შესახებ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ თეატრში, ბათუმის საზაფხულო თეატრში, რომელიც ასლან აბაშიძემ დაწვა, ისევე როგორც დაანგრია სტადიონი, დაწვა ცირკი, ჩააჩუმა შადრევნები მთავარ ბულვარზე და მათ ადგილზე დადგა თავისი ბაბუის ქანდაკება.

ის ხალხი, ვინც დააგრია ეს თეატრი, ვინც დაწვა ცირკი, დაანგრია სტადიონი, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ აჭარა არ განვითარებულიყო, ახლა ისევ მოიწევს ხელისუფლებაში.

ერთი პარტიის ლიდერი არის ასლანის ყველაზე უახლოესი თანამდებობის პირი, გიორგი თარგამაძე, არ ეწყინოს, მაგრამ მეხსიერება კარგი მაქვს და მახსოვს ამ კილომეტრნახევრიან ბულვარში მისი საქმიანობა ძველ დროში; მეორე მხრივ, არის პარტია, რომელმაც ასლანის მთავრობა მთელი შემადგენლობით დაასახელა თავის კანდიდატად და თქვა, რომ ასლანს თურმე ბოდიში უნდა მოვუხადოთ...

ჩემო ძმებო და შვილებო, ეს შენობა ჯერჯერობით ისეთივეა, როგორიც არის ბათუმი, აჭარა და საქართველო. ეს შენობა ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ, სახურავიც აქვს, მაგრამ ხანდახან წყალი ჩამოდის, ფანჯრები ჯერ არ არის ჩასმული...

გვაქვს ორი ალტერნატივა და უნდა ავირჩიოთ რა სჯობს - ნგრევა თუ შენება!

ჩვენ ყველამ ერთად ნანგრევებიდან ავაშენეთ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი, არასრულყოფილი, მაგრამ ნამდვილი შენობა. მათ, ვისაც უნდა, რომ ის ისევ ნანგრევებად აქციონ, საქართველოში არაფერი არ ესაქმებათ.

90-იანები წლების დასაწყისში პოლიტიკაში მე ერთმა, ჩემი ასაკის ადამიანმა მომიყვანა, რომელიც ჩემთვის პატრიოტიზმის მაგალითი იყო. აფხაზეთის ომის დროს მონაწილეობას ვიღებდით ტყვეთა გაცვლის პროცესში და მაშინ დავმეგობრდით. შემდეგ, მისი ინიციატივით მოვედი პარლამენტში. ჩემი პირველი „ნათლობა“ პოლიტიკაში მისი დამსახურებაა და ეს  არასდროს დამავიწყდება.

ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ადამიანს ერთხელაც არ ჩაუხრია მუხლი, ერთხელაც არ წასულა კომპრომისებზე უწმინდურ ძალასთან და ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ყველას ერთად გარდაგვექმნა უკეთეს ქვეყნად.

როდესაც ვფიქრობდით თუ ვინ იქნებოდა ბათუმისთვის დეპუტატობის საუკეთესო კანდიდატი, მე და ლევან ვარშალომიძეს, რომელიც თქვენთან ერთად არის ყოველივე ამის ავტორი და შექმნა ეს სასწაული, გაგვახსენდა ზუსტად ის ადამიანი, რომელზეც მე გიამბეთ. ამავე დროს, იგი არის ბათუმელი, აქ არის გაზრდილი და სკოლაც ბათუმში დაამთავრა.

ეს არის ჩემი ყველაზე ახლო პოლიტიკური თანამებრძოლი და მეგობარი გიორგი ბარამიძე.

საერთოდ არ მეეჭვება, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ჩვეულებრივად კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ბრწყინვალე გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.

დიდი მადლობა, მეგობრებო, ყველაფრისთვის!  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)