Google+

სიახლეები

20.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი კახეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და კახეთში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოებით დაინტერესდა. ამის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრისგან ალექსანდრე ხეთაგურისგან, კახეთის რეგიონში პირადი წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილისა და კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილისგან პირადად მოისმინა. ქვეყნის პირველი პირი კომპენსაციების დარიგებისა და აღდგენის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესსაც შეეხო და ყურადღება მოახლოებული რთველის თაობაზეც გაამახვილა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, წელს რთველი განსაკუთრებით კარგად უნდა ჩატარდეს, რისთვისაც პასუხისმგებელ პირებს მან შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დაავალა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ერთი, წელს არ იყოს რიგები და მეორე, კომპლექსური ღონისძიების შედეგად, უფრო მაღალი ფასები დაწესდეს და შენარჩუნდეს. განადგურებული ვენახების ფონზე, ზოგადად, სოფლის მეურნეობის სტიმულირებისთვის, ეს ძალზე მნიშვნელოვანია. წელს პირველი წელია, როდესაც მსოფლიო ბაზრებზე ჩვენი ღვინის გატანისა და გასაღების ზრდის შესახებ ყოველთვიურად შემომდის ინფორმაცია. ასე რომ, ღვინის  გაყიდვის თეორიული პრობლემაც კი არ გვაქვს. მთავარია ის, რომ მევენახემ ნახოს სარგებელი და ვენახის გაშენების, მოვლის  და ყურძის ჩაბარების საფუძველი გაუჩნდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში სპეციალური ბაზრობები თბილისშიც მოეწყობა, სადაც გლეხებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე კახეთი როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე ლაგოდეხი და წნორი ეკონომიკური, სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრის ფუნქციას შეიძენს.

„პროდუქციის გასაღებისთვის ჩვენ ლაგოდეხში ვაკეთებთ ბაზას, რადგან ამ თვალსაზრისით, რეალურად, ლაგოდეხი უნდა გახდეს რეგიონალური ცენტრი, საამისოდ იქ დიდი პოტენციალია. ლაგოდეხი ადრე ყოველთვის იყო ჩიხი, მაგრამ აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობისა გათვალისწინებით, ლაგოდეხი და წნორი უნდა გახდეს სავაჭრო ცენტრი. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ მომავალში წნორი აზერბაიჯანთან რკინიგზით დავაკავშიროთ და სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრის ფუნქცია შეიძინოს არა მხოლოდ სიღნაღისთვის, არამედ კახეთისა და მთელი საქართველოსთვის. ორივეს, ლაგოდეხსაც და წნორსაც, უახლოესი მომავალი სწორედ ეს აქვთ. იქ ამის პოტნციალიც არის და ხალხსაც შესაბამისი განწყობა აქვს. ასე რომ, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ლევან ბეჟაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ კახეთის დასახმარებლად საკმაოდ მაღალი თანამდებობის დატოვება ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელობანი ნაბიჯია.

„კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ლევანს, რადგან მან ძალიან დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო კახეთის დასახმარებლად, რის გამოც საკმაოდ მაღალი თანამდებობიდან დატოვა. ჩემთვის ეს მეტად დასაფასებელი ნაბიჯია. ამას ბევრი არ გააკეთებდა, მაგრამ კახელები საქმის ხალხია და მართლა შესტკივათ გული საკუთარ მხარეზე. გიორგი ღვინიაშვილი ძალიან კარგად მუშაობდა, მაგრამ დახმარება მასაც სჭირდებოდა. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ კუთხეს ეს სტრესი და გაჭირვება გადავატანინოთ და კახეთი ამ მდგომარეობიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)