წინასწარი ცნობები უკვე მაქვს. 770 სახლს აქვს თელავში გადახდილი სახურავები, წაქცეული ელექტროგადამცემი ბოძები ყველამ ვნახეთ. პირადად ვნახე, რომ ასფალტია აყრილი. დაზიანებული წყლის სათაო ნაგებობა, განადგურებულია შიდა კომუნიკაციები. ახმეტაში დაზიანდა დამცავი გაბიონი და ხიდს შეექმნა საფრთხე. დაზარალდა სოფლები ოჟიო, აწყური, ზემო ხოდაშენი, იორმუღალო, ასევე წნორი, საგარეჯო, ლაგოდეხი. აფენის, ლელიანის, არეშეფერანის და გიორგეთის თემები 80 პროცენტით დაისეტყვა. როგორც ყველგან, დაგლეჯილია ბოძები, გურჯაანში სოფლები: ვაჩნაძიანი, კალაური, ვაზისუბანი, ველისციხე 100 პროცენტით დაისეტყვა. სახლებს აქ სახურავები აეხადა. ასევე სახურავის გარეშე დარჩა კალაურის სკოლა. თავადაც ვიყავი იქ და ვნახე, რომ მძიმე ვითრებაა. ყვარელში რვა სოფელია დასეტყვილი...
მოკლედ, გურჯაანში ახლანდელი მდგომარეობით, ვვარაუდობთ, რომ, დაახლოებით, 2 800 ჰექტარი 80-100 პროცენტით დაისეტყვა.
თელავი – 6 250 ჰექტარი განადგურდა და ყველაზე მეტი ზარალი მიადგა.
ყვარელი – 2 028 ჰექტარი, ანუ 90 პროცენტია განადგურებული.
ლაგოდეხი – 580 ჰექტარი დაზარალდა.
ზუსტად ასეთივე სტიქია მოხდა თიანეთში. დაისეტყვა მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონის სოფელი ბულაჩაური, თიანეთის მუნიციპალიტეტში განადგურდა სავარგულები, სოფელი ღულელები, სიმონიანთხევი.
ღვარცოფი იყო ყაზბეგშიც.
იცით, რომ ჯავახეთში შეიქმნა პრობლემა.
ეს ადგილებიადილიდან მოვიარეთ და პრემიერ-მინისტრი უკვე ჩაუდგა აღდგენის ღონისძიებებს სათავეში.
ვანო მერაბიშვილს თავადაც აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მინდა ვთხოვო საგანგებო შტაბის შექმნა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. შტაბის შექმნა ნიშნავს არა რაიმე ფორმალობას, არამედ იმას, რომ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელობა გაუსვლელად იყოს კახეთში მიყენებული ზიანის დასაზუსტებლად.
არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმე უსახლკაროდ ან უსახურავოდ დარჩეს.
პირველ ეტაპზე, უახლოეს საათებში უნდა გაიწმინდოს ქუჩები. მობილიზებული გვყავს რეზერვისტები, რომლებიც რამდენიმე საათში უკვე დაზარალებულ სოფლებში იქნებიან.
ასევე მობილიზებული გვყავს კადრირებული ბრიგადის რეზერვისტები. ამ საკითხზე დიმიტრი შაშკინია პასუხისმეგებლი.
ე.ი. რეზერვისტები უნდა იყვნენ ყველგან, ასევე ყველგან იქნება მანქანები, შესაბამისი სპეცტექნიკა.
ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროც და უნდა დავეხმაროთ ხალხს - ეს პირველი.
მეორე, თუ ვინმე არის დარჩენილი უსახლკაროდ, ყველა გამგებელი იყოს პასუხისმგებელი, რომ ღამის გატარება ღია ცის ქვეშ არ მოუწიოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ რამე დამატებით არის საჭირო, მაგალითად, საწოლები, კარვები, პროდუქტები - ყველაფერი გამოვუგზავნოთ.
მესამე, ხვალიდან ვიწყებთ სახურავების გადახურვას - ზოგან ორი-სამი შიფერია აგლეჯილი, ზოგან კი მთლიანად არის აცლილი.
ის, რაც ადვილია, სწრაფად გაკეთდება. თბილისში ჩვენ უკვე დავუკავშირდით ფირმებს და დაზიანებულ შენობებს მთლიანად ახალი სახურავები ექნება.
დენის და გაზის აღდგენა უკვე დაწყებულია და სრულად 2-3 დღეში აღდგება.
თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ტექნიკა წამოიღეთ, რათა თელავში წყლის პრობლემა არ იყოს - წყალი ყველგან დიდი რაოდენობით უნდა ჩამოვატაროთ.
ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავანეიტრალოთ მიყენებული ზიანი, უნდა აღვადგინოთ კომუნიკაციები, არავინ არ უნდა დაგვრჩეს ღია ცის ქვეშ. შემდეგ კი უნდა დავიწყოთ ამ დანგრეული უბნების, სოფლებისა და ქალაქების აღმშენებლობის პროცესი.
ჩვენ ისედაც ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ და როდესაც გამოვიარე, ვნახე, რომ ჩვენ მიერ აღდგენილ ქუჩას ყველაზე ნაკლები ზიანი მიადგა.
ეს იმის დამსახურებაა, რომ ყველაფერი ხარისხიანად არის გაკეთებული. ამიტომ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თელავში, ასევე გურჯაანის, თიანეთის, ლაგოდეხის დაზარალებულ სოფლებში არ უნდა დაგვრჩეს არა მხოლოდ დაზიანებული სახლები - ყველა უნდა აღდგეს, არამედ არც ერთი ცუდი გზა, არც ერთი ცუდი კომუნიკაცია არც ერთი გაფუჭებული და უშნო ადგილი.
რაც მთავარია, ხალხისთვის ეს ადგილები უნდა გახდეს ბევრად უფრო კომფორტული, ვიდრე იყო მანამდე.
აქაურობა, მართლაც, ნაომარს ჰგავს და როგორც ომის შემდეგ აღადგენდნენ ხოლმე, ისე უნდა აღვადგინოთ ყველაფერი.
ამის დიდი გამოცდილება აქვს ვანო მერაბიშვილს და ყოველივე ამის კოორდინატორი და ხელმძღვანელი უნდა იყოს ვანო.
მეორე აუცილებელი რამ არის ის, რომ შევისწავლოთ და აღვრიცხოთ ის მოსახლეობა, რომელსაც მოსავალი გაუნადგურდა.
ხალხი ელოდებოდა ყურძნის, ატმის მოსავალს... სტიქიის შედეგად კი ხეები განადგურდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს პრობლემები ექნებათ.
ამიტომ უნდა განვიხილოთ კომპენსაციების საკითხი, რადგან ლაპარაკია ამ ოჯახების ერთადერთ შემოსავალზე.
როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ქვეყანაში საბიუჯეტო საკითხების გარდა, ბევრი სხვა საკითხია გადასაწყვეტი და მინდა ვთხოვო პარლამენტს მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, რათა ბიუჯეტში შევიტანოთ ცვლილებები - უნდა გამოვყოთ ფული ხალხის დასახმარებლად.