უპირველესად, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისთვის.
მე ხშირი სტუმარი ვარ, მათ შორის, თქვენს უბანშიც და როგორც იცით, ყოველთვის ტელეკამერების გარეშე დავდივარ.
ამჯერად ტელეკამერების თანხლებით მოვედი, რადგან გვსურს, რომ ის, რასაც აქ ვიტყვით დანარჩენ საქართველოსაც გავაგონოთ.
უწინარეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ გუშინ ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან გუშინ დავიწყეთ ერთი კონკრეტული დანაპირების შესრულება - გუშინ დაიწყო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების გაცემა, რომლის საშუალებითაც ყველა 5 წლამდე ასაკის ბავშვს, ყველა სტუდენტსა და ყველა 60 წელს გადაცილებულ ადამიანს აუნაზღაურდება მკურნალობის ხარჯები.
დილით მივედი იქ, სადაც ამ პოლისებს გასცემდნენ, საღამოს კი რამდენიმე ასეულ ექიმს შევხვდი, ასევე, ყოველგვარი ტელეკამერების გარეშე.
ისინი მეუბნებოდნენ, რამდენად ეფექტიანია დაზღვევით მკურნალობა და რამდენი რამ ანაზღაურდება მისი საშუალებით.
ეს ახალი საავადმყოფოები იმისთვის კი არ გვინდა, რომ უცხოელებმა იმკურნალონ იქ. ეს არის ქართველებისთვის, იმისათვის, რომ ყველას გვქონდეს ღირსეული ცხოვრება და შესაბამისი სოციალური პირობები.
ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს სისულელეა და არ გამოვა, მაგრამ იმ დღიდან, როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეთ, დღევანდელ დღემდე ასჯერ გავზარდეთ დაზღვეულთა რაოდენობა. ეს არის გუშინდელი დღის მონაცემები.
ახლა ეს მაჩვენებელი 2-ჯერ უნდა გავზარდოთ და მთელი საქართველო იქნება დაზღვეული.
ამას, რა თქმა უნდა, უახლოეს თვეებსა და წლებში გავაკეთებთ, რათა არც ერთი ადამიანი უიმედო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.
ჩვენ გვაქვს ამბიციური პროგრამა და თქვენთან სწორედ ამ პროგრამაზე მინდოდა მესაუბრა, მაგრამ მანამდე გეტყვით თუ რატომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პროგრამას შევასრულებთ.
ახლა მინდა ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხო - ინგლისის პარლამენტში დღეს დიდი დებატები გაიმართა საქართველოს იუსტიციის სახლებთან დაკავშირებით. მათ პარლამენტარებს 7-8 წლის წინათ საერთოდ არ იცოდნენ სად იყო საქართველო.
ისინი სერიოზულად აკრიტიკებდნენ ერთ–ერთ თავიანთ მინისტრს და საქართველოს გამოცდილების გაზიარებას სთხოვდნენ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის.
ამ მინისტრმა თავიც კი იმართლა ჩავედი და ადგილზე ვნახე მათი იუსტიციის სახლები, მაგრამ ამის განხორციელება ბრიტანეთში ასე მარტივი არ არისო.
არადა რატომ არა არის ადვილი, როდესაც ჩვენთან შედრებით, მათ ასჯერ მეტი შემოსავალი აქვთ.
მანამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მსოფლიოს ერთ–ერთმა დიდმა ლიდერმა ილაპარაკა ჩვენი იუსტიციის სახლების შესახებ.
ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ პენიტენციურ სისტემას და, რა თქმა უნდა, არავის არ უხარია როდესაც ოჯახში პატიმარი ჰყავს.
მინდა გითხრათ, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, ციხეების თანამშრომლები, ვიდრე დაინიშნებიან ამ თანამდებობაზე საგანგებოდ გადიან ტრეინიგს და ციხის მართვას საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში სწავლობენ.
ამას არ ვარეკლამებ, მაგრამ ეს არის ფაქტი. ფრანგები სწავლობენ ჩვენგან, თუ როგორ უნდა მართონ ციხე.
აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე. მედვედევს ორჯერ წამოცდა ერთ კვირის განმავლობაში, რომ ქართული რეფორმები უნდა გადმოვიღოთო.
სასწაულია, რომ ეს ხდება.
მეორე მხრივ, სასწაულია ის, რომ 7-8 წლის წინათ, როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში დავდიოდი, მათ შორის, ამ უბნებში, მეუბნებოდით, რომ კრიმინალი გაიზარდა ქვეყანაში.
მესაუბრებოდით იმის თაობაზე, რომ მკვლელი დაუსჯელი დადიოდა, ვიღაც გაძარცვეს, ვიღაც დააყაჩაღეს...
მესაუბრებოდით იმაზე, რომ გზები არ იყო არც ერთი მიმართულებით; რომ 21-ე საუკუნეში ძალიან ბევრ ადგილზე წყალი გრაფიკით გვქონდა.
მესაუბრებოდით იმაზე, რომ არ იყო დენი და სხვა თუ არაფერი, გლდანი იყო კუნძულივით. იმიტომ , რომ ისეთი გზა იყო, რომ პრაქტიკულად სხვა კონტინენტზე მდებარეობდა.
დღეს ეს ყველაფერი დაგვავიწყდა.
მე მხოლოდ იმიტომ გახსენებთ, რომ იგრძნოთ პროგრესი. 21-ე საუკუნეში არც დენს ვამადლით ვინმეს, არც გაზს, არც გზას და არც სხვა რამეს, მით უმეტეს, წესრიგს.
ჩვენ ვართ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ევროპის კავშირის კვლევების მიხედვით და ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა.
თუკი შევძლით, რომ ვყოფილიყავით ყველაზე არაკორუმპირებული, ყველაზე უსაფრთხო და სამაგალითო, მათ შორის, ინგლისისა და საფრანგეთისთვის, უნდა შევძლოთ იმ დიდი ამოცანების გადაწყვეტაც, რომლებიც ახლა ჩვენს წინაშე დგას.
ჩვენი მთავარი ამოცანაა უმუშევრობა და შემოსავალის არქონა.
ჩვენ დიდი ამოცანები გვაქვს და უნდა შევძლოთ ამ ამოცანების გადაწყვეტა. ამ მიზნისკენ უკვე მივდივართ. ახლა მთავარია უმუშევრობის დაძლევა, რათა ხალხს შემოსავალი გაუჩნდეს.
ყველაზე კარგად ვიცი, რომ ჩვენ არც სინგაპურში ვცხოვრობთ, არც ჰონგკონგში, არც ინგლისში, არც საფრანგეთში და სხვათა შორის, შემოსავლის თვალსაზრისით, ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანასაც ჩამოუვარდებით. თუმცა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის თვალსაზრისით, ვფიქრობ, მათ უკვე გავუსწარით.
კარგია თუკი კარგი გზით მივალთ კორპუსთან, კარგი მოედანი და ატრაქციონები გვექნება ბავშვებისთვის, მაგრამ ეს მთავარი არ არის.
წარმატებების მიუხედავად, ყველასთვის ის არის მთავარი თუ რა უდევს მაგიდაზე, როდესაც ბავშვი იღვიძებს, როგორ ჩაცმულს უშვებს მას სკოლაში, როგორი ბრუნდება უკან და რა პერსპექტივას აძლევს მას ქვეყანა; მთავარია დასაქმებული იყოს და დილით სამსახურში შეეძლოს წასვლა. მთავარია, ადამიანს, რომელმაც თავის შემოსავალი 50 წლის ასაკში დაკარგა, არ ჰქონდეს ცხოვრების დასასრულის განცდა.
60 წლის ასაკის ადამიანებისთვის, მომავალი წლიდან 100 დოლარიან საპენსიო პაკეტი გვექნება. წელს 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უკვე 140-ლარიანი საპენსიო პაკეტი ექნებათ და ჯანმრთელობის დაზღვევა.
მაგრამ რა უნდა ქნას 58 წლის ადამიანმა, რომელსაც არც სამუშაო აქვს, არც დაზღვევა, სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში არ გადის და შემთხვევით შემოსავალზე ცხოვრობს?
ხშირად გაიგონებთ ჩვენი ოპონენტებისგან, რომ "მორიგი დაპირებები" მივეცით ხალხს, მაგრამ ჩვენი დაპირებები ყოველთვის სრულდება.
აქვე, გვერდით ახალი ტექნიკუმი შენდება და რეგულარულად ვაკონტროლებ და სექტემბერში დასრულდება.
ასეთი ტექნიკუმი რამდენიმე აშენდა და დამიჯერეთ, იქ გადამზადებული ხალხის 80 პროცენტი ერთი თვის განმავლობაში პოულობს სამუშაოს. ეს ზუსტი მაჩვენებელია. ჩვენ არ გვყავს შემდუღებლები და გვჭირდება მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები.
ეს ტექნიკუმიც, ახალი სამინისტროც ემსახურება ძალიან მარტივ რამეს - ვნახოთ სად არის ვაკანსია, შეესაბამება თუ არა სპეციალისტის კვალიფიკაცია თანამედროვე სტანდარტებს და თუ არა - გადავამზადოთ, მოვარგოთ და „ჩავახუტოთ“ დამსაქმებელს.
ანუ, ჩვენ უნდა შევქმნათ დამსაქმებლების ბანკი.
ამას წინათ, მე და ვანო მერაბიშვილი ვითვლიდით და აღმოვაჩინეთ, რომ თბილისში, დაახლოებით, 6000 სამუშაო ადგილია თავისუფალი. იმის გამო, რომ არ დგება კავშირი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ხალხი დაუსაქმებელია. ჩვენი მოვალეობა მათი ერთმანეთთან დავაკავშირებაა.
როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვნერგავთ საყოველთაო დაზღვევის სისტემას, რათა მოსახლეობა 100 პროცენტით იყოს დაზღვეული.
ასევე, ვავითარებთ სოფლის–მეურნეობას - საქართველოში არ უნდა დარჩეს მოუხნავი მიწა. ჩვენ მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ, რომლის 20 პროცენტი ოკუპანტს აქვს დაკავებული.
90 ათსი ჰექტარი მიწა უნდა მოირწყას და დამუშავდეს. ამისთვის, დამატებით, 2 ათასი ტრაქტორი შევუკვეთეთ.
აი, ეს არის ის, რაც არის ამ ხელშეკრულებებში იქნება გაწერილი.
მე გესაუბრეთ იუსტიციის სახლების შესახებ, სადაც ნებისმიერ მომსახურებას უმოკლეს დროში იღებს, მაგრამ გუშინ ვიყავი ბათუმში და ვნახე, რომ ბანკთან პენსიონერების უზარმაზარი რიგი იდგა.
ბანკის თანამშრომელმა, რომელიც ზის კონდიცირებულ შენობაში, მითხრა: ყველა ერთ დღეს არ უნდა მოდიოდესო.
ყველა ერთ დღეს იმიტომ მოდის, რომ მთელი თვე ელოდება თავის კაპიკებს; იმიტომ, რომ წინა დღეს მოუვიდა ელექტროენერგიის ქვითარი...
ჩვენ ყველგან უნდა გვქონდეს ისეთივე ვითარება, როგორიც იუსტიციის სახლებშია, რომელთა მომსახურების სისტემა ინგლისელსაც უკვირს და ფრანგსაც; ბანკიც სახელმწიფოსთან არის კავშირში, რადგან ამ შემთხვევაში პენსიონერი სახელმწიფო პენსიას იღებს. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.
ჩემს გარშემო არ არიან მოხელეები, რომლებიც ხალხს ზემოდან გადმოხედავენ, რადგან ჩვენთან ასე არ არის მიღებული. ხელისუფლებაში ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს.
აქ არავის არ აქვს უფლება, მაგრამ სხვადასხვა დონეებზე ეს პრობლემა კვლავ დგას. ამიტომ, ჩემი ამოცანაა, რომ საქართველოში ყველა სერვისი იყოს ისეთი, რომლითაც ინგლისის ლორდთა პალატაც აღფრთოვანებულია.
რამდენიმე თვეც და ყველა დაწესებულებაში, დაწყებული აქაური გამგეობით და დამთავრებული ყველაზე პატარა სერვისით, იქნება ისეთი, რომ ყველგან ღიმილით გხვდებოდნენ.
ადამიანი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პრობლემა საერთოდ არ შეექმნას. უკვე გაზრდილი პენსია ლანგრით უნდა მიართვან სახლში.
სხვათა შორის, უკვე გავეცი განკარგულება, რომ ის ხალხი, რომელიც პირველივე დღეს მიდის ბანკში პენსიის ასაღებად, აღვრიცხოთ და შემდეგი თვიდან მათ უმეტესობას სახლში მივუტანოთ პენსია.
მას, ვინც პირველივე დღეს ცდილობს პენსიის მიღებას, ყველაზე მეტად სჭირდება ეს თანხა. ვიცი ჯერ კიდევ რამდენად დიდი გაჭირვებაა საქართველოში.
ერთი, რაც მაცოცხლებს, 7–8 წლის წინათ წარმოუდგენელ პრობლემებს სრულიად ცარიელი ხელებით შევეჭიდეთ და ყველაფერს ვძლევთ.
სხვათა შორის, ამ კონტრაქტში დევს „გზა ყველა სოფელს“, „გაზი ყველა სოფელს“, „ამბულატორია ყველა სოფელს“, „ტრაქტორი ყველა სოფელს“ - ეს ხომ შესრულდა?
ამბობენ ხოლმე, რომ საბჭოთა კავშირში გაზიც იყო და დენიც, ხელფასებიც გვქონდა, სკოლებიც და ჯანდაცვა...
კარგით რა, წყალტუბო ერქვა ადგილს და წყალსადენი არ ქონდა - საერთოდ არ იყო წყალი; წყალსადენი არ იყო არც ბათუმში, არც სოხუმში და არც ქუთაისში...
ალბათ გახსოვთ როგორი წყალმომარაგება იყო თუნდაც ამ რაიონში. თავად ვცხოვრობდი მუხიანში და მახსოვს როგორი გრაფიკიც გვქონდა - დღეში 3 საათი...
გაზი საქართველოს მასშტაბით ბოლო 3 წელიწადში 70 პროცენტით მეტ ადგილზე შევიყვანეთ, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს იყო. არც ბათუმს ჰქონდა გაზი, არც ფოთს, მთელ სამეგრელოს არ ჰქონდა და უმეტეს სოფლებში არ იყო გაზი.
აქაც ბევრ ადგილზე არ იყო და თხევად გაზს ბალონებით ვყიდულობდით.
სხვათა შორის, ახლა ახალი სისტემა შემოვიღეთ და სახლებში თვეში ერთი ბალონის ფასად შეგყავს გაზი.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ გაუკეთებელი არაფერია.
უკან დასაბრუნებელი გზა არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წინ ვიაროთ.
ამას ემსახურება ეს ხელშეკრულებაც და მას ხელს ვაწერთ მეც და პრემიერ მინისტრიც.
მინდა გითხრათ, რომ ვანო მერაბიშვილი დამოუკიდებელი ფიგურაა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებაც მხოლოდ იმიტომ მივიღეთ, რომ ეფექტიანად წარმართა ის სფეროებში, რომლებშიც მანამდე მუშაობდა.
ასევე მინდა დღევანდელ ტრაგედიას შევეხო. სამწუხაროდ ქუთაისის გზატკეცილზე საშინელი ავარია მოხდა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ყველას მინდა სიფრთხილისკენ მოვუწოდო - ძალიან ფრთხილად იყავით გზებზე გადაადგილებისას.
3 წლის წინათ ავტოავარიების შედეგად წელიწადში 900 ადამიანი იღუპებოდა, თანდათან ეს მაჩვენებელი შემცირდა და შარშან 600-მდე მოქალაქე გარდაიცვალა, რომელმაც, პრაქტიკულად, არაფრის გულისთვის დაკარგა სიცოცხლე. წესებსაც ვამყარებთ და დამატებითი რეგულაციებიც შემოგვაქვს.
საქართველოს არ ჰყავს არც ერთი დასაკარგი ადამიანი და არც ერთი დასაკარგი სიცოცხლე, მით უმეტეს ავტოავარიების გამო. ჩვენთან ადამაინი არც კრიმინალის გამო არ უნდა იღუპებოდეს, არც გაჭირვების, უხელფასობის, უპერსპექტივობის, უიმედობისა და უსახლკარობის გამო.
აქ ორი ობიექტი მაქვს მეთვალყურეობის ქვეშ - ეს არის ტექნიკუმი, რომელიც სექტემბერში უნდა გაიხსნას და მაშინვე რამდენიმე ათასი კაცის გადამზადებას დავიწყებთ და საცურაო კომპლექსი.
ტექნიკურ სასწავლებელში საუკეთესო სპეციალისტები ჩამოგვყავს ამერიკიდან, ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, რათა მათი გამოცდილება გავიზიაროთ და ყველაფერი მათზე უკეთესად ვაკეთოთ, რაც აუცილებლად გამოგვივა.
როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში საერთოდ არ იყო აუზი. შემდეგ კახა ბენდუქიძემ გახსნა, მაგრამ ძალიან ძვირი იყო და ისევ პრივილეგირებულ ხალხს შეეძლო იქ სიარული.
ახლა თუკი მოსწავლე წარჩინებული იქნება და კარგად ისწავლის, ამ თანამედროვე საცურაო კომპლექსში, რომელიც სახლთან ახლოს ექნება, სრულიად უფასოდ ივლის.
აქ უნდა იყოს ისეთი სოციალური ინფრასტრუქტურა, რომ აქედან წასვლა არავის აღარ მოუნდეს.
ასე რომ, მთავარია ის, რაც ამ ხელშეკრულებაში წერია. ის კი არ უნდა გვიხაროდეს, რომ ონკანში წყალი წამოვიდა, არამედ ის, რომ ვართ დასაქმებული, გვაქვს კარგი შემოსავალი, გვაქვს კარგი პერსპექტივა და მომავალი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ოჯახები არის დაცული.
ეს არის ბევრად უფრო დიდი გამოწვევა და იმედი მაქვს, რომ ამ გამოწვევებს ჩვენ ერთად შევეჭიდებით.
დიდი მადლობა.