Google+

სიახლეები

19.06.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი იმ პროექტებზე საუბრით დაიწყო, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ხორციელდება. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მეტად მნიშვნელოვანი იყო ის აგროტურები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი პირადად უძღვებოდა და მიზნად ისახავდა გლეხების მაქსიმალურ ინფორმირებას.

„ვფიქრობ, ძალზე საინტერესო იყო ის ტურები, რომლებშიც ადგილობრივ - შიდა ქართლისა და სამეგრელოს მოსახლეობასთან ერთად პრეზიდენტიც მონაწილეობდა. ამ ღონისძიებათა მიზანია, ჩვენს გლეხებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალიან უჭირთ, საშუალება მიეცეთ, გაეცნონ ამ სფეროში დანერგილ სიახლეებს“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სოფლის მეურნეობის ცენტრებთან ერთად, რომლებიც  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა, წელს მთავარი სიახლე ფერმერთა მომსახურების ცენტრებია, რომლებიც რეგიონებში უკვე რამდენიმე კვირაა ფუნქციონირებს.

„ეს არის მრავალფუნქციური ცენტრები, რომლებშიც მექანიზაციასთან ერთად ლაბორატორიებიც არის. ასეთი ცენტრები უკვე მუშაობს ზესტაფონში, აბაშაში, ახალციხეში, გურჯაანსა და მარნეულში. ასევე სამტრედიაში, კასპში, ოზურგეში, დედოფლისწყაროში, ამბროლაურსა და ბოლნისში მუშაობს  ცენტრები, რომლებშიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა განთავსებული“, - აღნიშნა პრესსპიკერმა

მანანა მანჯგალაძის განმარტებით, ასეთ ცენტრებში არსებული მექანიზაციის საშუალებებით შესაძლებელია 42 სახის აგროტექნიკური ოპერაციის შესრულება. ამ ცენტრებში გლეხებს უფასო კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური აგრონომები გაუწევენ. ცენტრებში ფუნქციონირებს ასევე ლაბორატორიები, რომლებშიც ნიადაგის ანალიზის გაკეთება მინიმალურ ფასად, ხოლო შხამ-ქიმიკატების შეძენა შეღავათიან ფასებშია შესაძლებელი. ამ ცენტრებში გლეხებს საშუალება აქვთ გაეცნონ სიახლეებს, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები საკუთრი ნაკვეთების უკეთესად მოვლასა და ათვისებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სოფლის მეურნეობა კვლავ რჩება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად.

მან კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საპენსიო პაკეტის გაუმჯობესებას შეეხება - ცვლილება პირველი სექტემბრიდან იგეგმება და საპენსიო პაკეტი 140 ლარს გაუტოლდება.

„ივლისიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თითოეული პენსიონერისთვის დაიწყებს დეტალური ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, რომ პოლისები, რომლებითაც ისინი უკვე პირველი სექტემბრიდან ისარგებლებენ რა სახის მომსახურეობას ითვალისწინებს.  მოგეხსენებათ, რომ ეს არის მორიგი ეტაპი, რომლის საბოლოო მიზანი არის პენსიის ზრდის თვალსაზრისით ჩვენი უმთავრესი დაპირების შესრულება. საპენსიო პაკეტი ამ დაპირების შესაბამისად ას დოლარს უნდა გაუტოლდეს“, - განაცხადა პრესსპიკერმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)