საქართველოს პრეზიდენტმა სამედიცინო კონფერენციის „მედეა 2012“ მონაწილეებს მიმართა
მოგესალმებით ყველას.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, ამ უმშვენიერეს ქალაქში.
ვფიქრობ, მათთვის ვინც დიდი ხანია ბათუმში არ ყოფილა, ბევრ ახალს აღმოჩენს.
ეს არის სწრფადმზარდი ქალაქი.
არ ვიცი, „CNN“-ზე ნახეთ თუ არა რეპორტაჟი ბათუმზე ამ რამდენიმე დღის წინათ, მაგრამ ტელეკომპანიამ შარშანაც გააკეთა სიუჟეტი და იმდენად დიდი განსხვავება იყო ამ ორ მასალას შორის, როგორც ცა და დედამიწა.
თუკი მომავალ წელსაც გააკეთებს ვინმე, სრულიად განსხვავებული იქნება დღევანდელისგან.
მათ თქვეს, რომ ეს არის ლასვეგასის, დუბაისა და მონაკოს ნაზავი.
დონალდ ტრამპმა თქვა FoxNews-ის ეთერით, რომ 5 წელიწადში ეს ქალაქი საუკეთესო იქნება მთელ მსოფლიოში, დონალდ ტრამპი კი, საკუთარ სიტყვებს დიდი სიფრთხილით ეკიდება.
ეს რაც შეეხება თვითონ ქალაქს, მაგრამ მეორეა ამ ქალაქში ან საქართველო სხვა კუთხეებში, ქვეყნის ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი.
ჯანდაცვა ჩვენთვის ცხოვრების დონის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია და ეს ყველგან ასეა.
2006-07 წლებში საზოგადოებას დავპირდი, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლოს გვექნებოდა განათლების ისეთი სისტემა, როგორიცაა წამყვან ევროპულ ქვეყნებში; ასევე გვექნებოდა ჯანდაცვის ისეთი სისტემა, როგორიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აქვს.
მინდა მოკლედ გითხრათ სკოლების შესახებ - მომავალი წლის დამლევს საქართველოში თითქმის ყველა სკოლა ისევე იქნება გარემონტებული, როგორც შვეიცარიის, ინგლისის, ამერიკაშის საშუალო დონის სკოლებია.
ყველა სკოლა უფრო მეტად იქნება აღჭურვილი კომპიუტერებით, ვიდრე დასავლეთის საშუალო სკოლა და დაეწევა აზიის საუკეთესო მაგალითებს.
ამ შენობის უკან შენდება 200 მეტრის სიმაღლის შენობა - ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საქართველოს ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
ამ უნივერსიტეტის ოპერატორი იქნება რამდენიმე წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის კონსორციუმი და ის სექტემბერში გაიხსნება; სრული დატვირთვით კი ეს უნიბერსიტეტი მომავალი წლიდან ამოქმედდება.
ამას გარდა, ჩვენ ვქმნით ტექნიკური სკოლების დიდ ჯგუფს. მაგალითად, ბათუმში იხსნება ზალსბურგის ტურიზმის სკოლა, ხოლო ქობულეთში - დიდი ტექნიკური სასწავლებელი; თბილისში უკვე რამდენიმე ასეთი სასწავლებელი გაიხსნა; მსგავს ტექნიკუმებს თბილისის გარეუბნებშიც ვხსნით; მსგავსი ორგანიზაცია უკვე მოქმედებს ქუთაისში; ახლახან გურიაში გავხსენით ძალიან კარგი, საუკეთესო ტექნიკური სასწავლებელი; კეთდება სამეგრელოშიც...
ეს არის ის, რაც, ამ მხრივ, ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის.
სამედიცინო განათლების თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში ახლაც დიდი რაოდენობით ჩამოვიყვანეთ უცხოელი პედაგოგები. ალბათ, თქვენმა უმეტესობამ ეს უნივერსიტეტი დაამთავრა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი - უნივერსიტეტის კურსამთავრებულმა უნდა იცოდეს ინლისური, სხვაგვარად დიპლომს ვერ აიღებს. ვინც რა არ უნდა თქვას, ინგლისური ენის გარეშე, მარტო ქართულით ან თუნდაც რუსული ენის ცოდნით ექიმს თანამედროვე პირობებშ ძალიან გაუჭირდება.
ინტერნეტის საშუალებით მუდმივად უნდა ხდებოდეს ინფორმაციის მოპოვება. ინტერნეტის ენა კი, ინგლისურია.
ასე რომ, ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები.
ახლა ბევრს კამათობენ ჯანდაცვაზე, მის ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე, ასევე ჯანდაცვის ჩვენი სისტემის ფარდობითობაზე სხვა ქვეყნის სისტემებთან და ა.შ.
საქართველოში რამდენიმე წლის წინ ერთი პრობლემა იყო - ჯანდაცვის სისტემა, პრაქტიკულად, აღარც გვქონდა.
რამდენიმე წლის წინათ ამის წარმოდგენა და ფიქრიც შეუძლებელი იქნებოდა. საქართველოში კი მოხდა ის, რასაც არავინ არ მოელოდა.
ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი „საყვარელი“ თემა და დაცინვის ობიექტი, სხვათა შორის, იყო ჩვენი „100 საავადმყოფოს პროგრამა“.
ახლა ამ თემაზე ყველა გაჩუმებულია, რადგან 100 საავადმყოფო 150 საავადმყოფოდ გადაიქცა და ამ საავადმყოფოებს რაღაც პროექტების სახე კი აღარ აქვს, არამედ კონკრეტულ ადგილებზე დგას.
ჩვენს რაიონულ კლინიკებში დამყავს ახლა ამერიკელები, ევროპელები, გვყავდა ქედაში, შუახევში, აქ, ჩაქვში; ან თუნდაც ლაგოდეხში, აქვე ოზურგეთში ძალიან კარგი საავადმყოფოა რეგიონალური...
სხვათა შორის, გავიგე, რომ აქ ბათუმის ერთ-ერთ საავადყოფოში იყავით და ყველას გირჩევთ, ვისაც დრო გექნებათ, ოზურგეთის საავადმყოფო ნახოთ როგორი კარგია, საუკეთესო აპარატურით აღჭურვილი და საერთშორისო სტანდარტების შესაბამისი...
ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.
შემდეგი ორი საკითხია, რა თქმა უნდა, კვალიფიციური პერსონალი და მთავარი - ხელმისაწვდომობა.
პესონალის მხრივ, მოხდა ოპტიმიზაცია, ძალიან ბევრი ექიმი ხელახლა მოვამზადეთ, მათი მოსამზადებლად ბევრი ახალი რამ გაკეთდა. მაგალითად, თბილისში სიმულაციის ცენტრი შენდება და ახლა ამ რამდენიმე კვირაში გაიხსნება.
თბილისში, ამერიკელების დახმარებით, უმცროსი მედპერსონალის ძალიან საინტერესო სკოლა გააკეთა Can Worker-მა.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ კვალიფიკაცია ავამაღლოთ, მაგრამ ჯერჯერობით, ისეთი დონე არ გვაქვს, როგორიც უნდა იყოს.
სამედიცინო კოლექტივებს ასევე შიდა სოციალური პრობლემები აქვთ.
ჩვენ გავხსენით ახალი საავადმყოფოები, მაგრამ ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, დასაწყისში რამდენიმე ადგილზე მოხდა კიდეც - ზოგან თვენახევრის, ზოგან კი ორი და სამი თვის განმავლობაში არ მისცეს ხალხს ხელფასი იმის გამო, რომ სადაზღვევომ დროზე არ გადაურიცხა თანხა.
ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სისტემა, სადაც მსგავსი რამ სრულიად გამოირიცხება.
თუ ჩვენ ავაშენეთ საავდმყოფოები და თუკი იქ ექიმები ისევ პაციენტის ხელის შემყურე იქნებიან - მსგავსი რამ ამ საავამდყოფოებში ჯერჯერობით არ ხდება, მაგრამ თუ მსგავსი რამ მოხდა, კატასტროფულ მდგომარეობაში, ჩიხში აღმოვჩნდებით.
ამიტომ, უპირველესად, მინდა სადაზღვეო კომპანიებისა და საავადმყოფოების წარმომადგენლების გასაგონად ვთქვა: შევიმუშაოთ სისტემა, რომელშიც ეს აბსოლუტურად გამორიცხული იქნება.
ღმერთმა არ ქნას, რომ სადმე ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი ხელდასის გარეშე დარჩეს!
მეორე საკითხია დიდი განსხვავება მედპერსონალის ხელფასებს შორის. ეს არის სოციალური უსამართლობა საავადმყოფოების შიგნით.
იმ პირობებში, როდესაც ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალი, იღებს 75–100 ლარს, იმავე საავადმყოფოში ქირურგი შეიძლება იღებდეს 5ათას ლარს. საშუალო ექიმი შეიძლება იღებდეს ათას 700 ლარს და მისი დამხმარე ექთანი - 75 ლარს.
ეს არის ვითრება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს.
დღეიდანვე დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ არც ერთ საავადმყოფოში ექთანი არ იღებდეს 75, 100 და 150 ლარს.
თუ ასე გაგრძელდა, ის საავადმყოფო ხელახლა უნდა დავხუროთ.
კატეგორიული გაფრთხილება სადაზღვევო კომპანიებს, კატეგორიული გაფრთხილება ამ სამედიცინო პერსონალს, კატეგორიული გაფრთხილება ჯანდაცვის სამინისტროს - ყველა საავადმყოფო, სადაც ექთანს ექნება მსგავსი ხელფასი, დაიხურება!
არ შეიძლება გყავდეს 10 ათასლარიანი პერსონალი და 100 ლარიანი მუშაკი ერთი და იმავე საავადმყოფოში, ერთ ჭერქვეშ.
ალბათ არის ქვეყნები, სადაც ეს დასაშვებია, მაგრამ საქართველოში ეს არ შეიძლება!
მართლაც, ჩვენ ვადგავართ სინგაპურიზაციის და ჰონკონგიზაციის გზას, მაგრამ, ჯერჯერობით, არც სინგაპური ვართ და არც ჰონკონგი და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით.
მეორე მთავარი საკითხი არის, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობა და ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადამიანები გამოუვალი მდგომარეობის წინაშე დგანან.
როდესაც მშობელი გეუბნება, რომ მისი 19 წლის ბიჭი ავარიის შედეგად კომაშია, აპარატზეა შეერთებული, დღეში 600–დან 1 000 ლარამდე სჭირდება და ოჯახს საშუალება არ აქვს, რა უნდა გააკეთოს? თანაც ამბობს, რომ პირველი 6 დღე ამ ხარჯებს სახელმწიფო უნაზღაურებს გადაუდებელი საჭიროების გამო, მაგრამ შემდეგ რა ქნას? ბინაც რომ გაყიდოს, რომელიც მისივე თქმით, მესამე მასივის ერთ-ერთ კორპუსშია, ხრშუჩოვკის ტიპის ოროთახიანი, ამ თანხით ხარჯებს ვერ დაფარავს, მით უმეტეს, რომ, შესაძლოა, ერთ კვირაში მოვიდეს გონს, შეიძლება, ამას სამი თვე დასჭირდეს და შეიძლება - 3 წელი...
აი, რა ამოცანის წინაშე დგას დედა. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – გათიშოს თუ არა თავისი შვილი აპარატიდან...
რეალურად, ეს დიდი პრობლემაა.
21–ე საუკუნეში არ შეიძლება ხალხს ასეთი პრობლემები ჰქონდეს.
ვიცი, რომ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაშიც არის მსგავსი საკითხები, მაგრამ მე არ მსურს, რომ თუნდაც საქართველოს განვითარების ამ დონეზე, ეს პრობლემა არ გვქონდეს.
უნდა შევიმუშაოთ მექანიზმი, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ გადავალხოთ.
აქ არის ერთი გზა, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ საყოველთაო დაზღვევა და ამისკენ უკვე მივდივართ.
60 წელს გადაცილებული მოქალაქეები სექტემბრიდან დაზღვეული იქნებიან, ასევე დაეზღვევიან 5 წლამდე ასაკის ბავშები.
საქართველოში ყველა მასწავლებელი, ყველა ჯარისკაცი, პოლიციელი დაზღვეულია, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო უწყებაში არის კორპორატიული დაზღვევა.
ჩვენ ვმუშაობთ კერძო ბიზნესებთან, რათ მათაც შეიმუშაონ კორპორატიული დაზღვევის სისტემა.
ამისთვის, რაღაც გარდამავალი პერიოდი დაგვჭირდება, მაგრამ საქართველოში აუცილებლად იქნება საყოველთაო დაზღვევა. ჩვენ ყველაფარი გავაკეთეთ უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა და დარწმუნებული ვარ, ამასაც უფრო სწრაფად გავაკეთებთ, ვიდრე ეს დღეს იგეგმება.
ეს არის ის, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ ამ სექტორის განვითარებას.
ამსევე მნიშვნელოვანია წამლების ხელმისაწვდომობა.
თქვენ იცით, რომ ჩვენ წამლების დაფინანსების პროგრამას ას ლარამდე ვზრდით, ამ დაზღვევის ფარგლებშ.
და მაინც მსურს ვუთხრა ფარმაცევტულ კომპანიებს: ეს სექტორი განვითარდა, სერიოზული წინსვლა შეინიშნება, ექსპორტსაც ვაწარმოებთ და არ შეიძლება ამით არ ვიამაყოთ, რადგან ცოტა ხნის წინათ საქართველოს ყველაფერი უცხოეთიდან შემოჰქონდა, მაგრამ წამლების ფასი ამ ბაზართან შედარებით, მაინც მაღალია.
ერთი–ორი წლის წინათ, ჩვენ მიერ განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ოდნავ გაიაფდა, მაგრამ მაინც იმაზე მეტია, რაც უნდა იყოს.
ჩვენ კვლავ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ წამლის ფასმა კიდევ დაიწიოს.
ყველანაირი მონოპოლიზაციისა და კარტელური შეთანხმების ელემენტები უნდა გამოვრიცხოთ.
ეს შეკრება და უცხოეთში ქართველი ექიმების მობილება ჩემი მეუღლის ინიციატივა იყო.
ალბათ, ქართველებს სისხლში აქვთ მედიცინის სიყვარული, რომელიც, შესაძლოა, იმ ქალისგან გადმოგვეცა მემკვიდრეობით, რომლის ძეგლიც ბათუმში, ევროპის მოედანზე დგას ან სხვა რამე გარემოებებით, მაგრამ ქართველებს მედიცინის დარგში ყველაფერი ყველაზე კარგად გამოსდით.
საბჭოთა კავშირში ქართველები საუკეთესო ექიმები იყვნენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი რუსეთში და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში მოღვაწეობდა, შემდეგ ბევრი მათგანი უცხოეთში წავიდა. ბევრი მათგანი ახლაც წამყვან პოზიციებს იკავებს საზღვარგარეთ.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ თქვენი ხილვა.
ახლა, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება. ბევრი ქართველი ბრუნდება საქართველოში სხვა დარგების მიმართულებით: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის და სხვა...
უბრალოდ, მინდა, საემიგრაციო მაჩვენებლებს მიაქციოთ ყურადღება: საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში, მიცრე გამონაკლისის სახით 2008 წლის გარდა, როდესაც ეთნიკური წმენდის მორიგი ტალღა დაგვატყდა თავს, საქართველოს მუდმივად აქვს პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი. ეს იმ პირობებში, როცა ევროპაში გამარტივებულია ვიზების მიღება და მომავალ წელს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა გვექნება. ამავე საკითხზე ვმუშაობთ ამერიკელებთან და ვნახოთ, როგორ გამოგვივა...
მაშინ, როდესაც ხალხი ბრუნდება, ჩვენ გვჭირდება იმ ცოდნით გამდიდრება, რომელიც თქვენ გაქვთ.
ამ ახალ საავადმყოფოებს, ამ ახალ კლინიკებს, ამ ახალ სასწავლო ცენტრებს, ჩვენს სამედიცინო უნივერსიტეტს, როგორც არასდროს სჭირდება თქვენი გამოცდილება, თქვენი ექსპერტიზა, თქვენი ახალი ხედვა.
ჩვენ აქ გავაკეთეთ პროგრამები, რომელთა მიხედვით მინდა შემოგთავზოთ, რომ წელიწადში ერთი თვე ჩამოხვიდეთ საქართველოშ, თან დაისვენოთ და თან საქმე გააკეთოთ.
წინასწარ გავაკეთოთ როტაცია, იცოდეს ჯანდაცვის სამინისტრომ, ვინ როდის ჩამოდის და დასვენება შევუთავსოთ კლინიკაში პრაქტიკას, სამედიცინო უნივერსიტეტში ან რომელიმე სასწავლო ცენტრში სწავლებას.
ეს არის ერთი გზა.
მეორე გზა არის დისტანციური მედიცინა.
დღევანდელი შესაძლებლობები ამის საშუალებას გვაძლევს - ყველგან დგას დისტანციური მედიცინისთვის აუცილებელი აპარატურა და სერვერები.
ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ.
ასევე გვინდა, რომ ერთობლივი კონფერენციები ბევრად ინტენსიური გახდეს.
ასევე, მინდა დახმარება გაგვიწიოთ სამედიცინო პერსონალის გაცვლით პროგრამებში შესაბამის უცხოურ კლინკებში.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ თქვენი დახმარება გჭირდება.
ჩვენ გჭირდება თქვენი ძალისხმევა.
ჩვენ გვჭირდება თქვენი პატრიოტული სულისკვეთება, რათა საქართველოში ეროვნული განწყობისთვის, ყოფიერებისთვის, არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი ფეხზე დავაყენოთ.
საამისოდ, საავადმყოფობი და ბაზა უკვე გვაქვს, სახელმწიფოს მზაობაც არის.
აი, ამის თქმა მინდოდა თქვენთვის.
დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის და იმისთვის, რომ გამოგვეხმაურეთ.
მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ.