Google+

სიახლეები

14.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ურეკს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ურეკს ესტუმრა, სადაც ათას 800 მეტრის სიგრძის ბულვარის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი წყალმომარაგების ახალ პროექტსაც გაეცნო, რომელიც ახალი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემების სრულად შეცვლას ითვალისწინებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ურეკის მოსახლეობა და დაბაში ჩასული დამსვენებლები გაფილტრულ სასმელ წყალს 24 საათიანი, უწყვეტი გრაფიკით მიიღებენ. ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საუბრისას, პრეზიდენტმა ყურადღება გურიის განვითარების გეგმასა და ახალი საწარმოების შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა.

„აქამდე ბულვარი გაკეთდა ბათუმში და ახლა ქობულეთში კეთდება. აქ ურეკშიც საუკეთესო ბულვარი უნდა გაკეთდეს. ბულვარი დასასვენებლად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამას გარდა, აქ კეთდება წყალგაყვანილობის საუკეთესო სისტემა - ამ მხრივ ყველაზე კარგი სისტემა, საქართველოს მასშტაბით, ექნება ბათუმსა და ურეკს. წელს დავიწყეთ კურორტ ბახმაროს რეაბილიტაცია და საუკეთესოდ ვაკეთებთ ურეკს, ე.ი. გურიას ექნება მთის საუკეთესო კურორტი, ასეთივე ზღვის კურორტი და მთლიანად შეიკვრება. სხვათა შორის, ბულვარი ფოთშიც უნდა გავაკეთოთ, თანაც საუკეთესო. ახლა ხალხისთვის მთავარია წყალი. გურიაში სადაც ამდენად დიდი გაჭირვებაა, თუ იქნება მთისა და ზღვის საერთაშორისო დონის  კურორტები, ავაშენებთ საწარმოებს, ვმუშაობთ კიდეც სამკერვალო ფაბრიკების გახსნაზე, რამდენიმე წელიწადში უმუშევრობის პრობლემას, პრაქტიკულად, მთლიანად აღმოვფხვით. გურულებს ჩვენგან განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. აქ ყველაფერია - მთაც,ზღვაც, მცირე, მაგრამ ნაყოფიერი მიწაც, ამიტომ ყველაფერი კარგად კარგად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვნახეთ ოზურგეთში ფერმერთა ცენტრი, ვაკეთებთ  ბულვართან მოსასვლელ გზას და, წესით, ორჯერ მეტი ტურისტი მაინც უნდა ჩამოვიყვანოთ. შემდეგ თავისით მომრავლდება ახალი სასტუმროები. გურიას განსაკუთრებულად სჭირდება ხელის შევლება, რადგან ყველაზე მიტოვებული მაინც ეს მხარე იყო. აქაურობას კარგი რეკლამა უნდა და ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვა. ეს მოგვცემს  საშუალებას, რომ ბევრად მეტი პატარ-პატარა კაფეები და მაღაზიები გახსნას ხალხმა და  შემოსავალიც გაჩნდება. ახალი ინფრასტრუქტურა აუცილებლად წარმოშობს კომერციულ აქტივობას“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ბულვარის ტერიტორიის გამწვანება; სავალი ნაწილი დეკორატიული ფილებით მოპირკეთება; თანამედროვე, ევროპული სტანდარტის შესაბამისი გარე განათებებისა და დასასვენებელი სკამების დამონტაჟება; ასევე, სრულად განახლდება ბულვარის ცენტრალური შესასვლელი. ურეკის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 200-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები, ხოლო  პროექტის განხორციელება 2013 წელს დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება. პროექტის მიხედვით, აშენდება წყლის ახალი რეზერვუარები და სატუმბი სადგურები, მოეწყობა ჭაბურღილები და  შიდა ქსელი, აშენდება სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი. ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, აშენდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობაც და გამოიცვლება საკანალიზაციო ქსელი. დაბა ურეკის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 17 მილიონი ამერიკული  დოლარია. პროექტის განხორციელების დროს 500-მდე ადამიანი დასაქმდება. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)