Google+

სიახლეები

14.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სამედიცინო კონფერენცია „მედეა2012“ გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში დღეს სამედიცინო კონფერენცია „მედეა 2012“ გახსნა. ფორუმის მონაწილეთა შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმებიც იყვნენ. მიხეილ სააკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გახსნილ სამედიცინო ცენტრებსა და კლინიკებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ დაპირებული 100 საავადმყოფოს ნაცვლად, საქართელოში უკვე 150 საავადმყოფო აშენდა.

ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც პრეზიდენტი საუბრისას შეეხო, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა იყო. მიხეილ სააკაშვილმა დაზღვევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და სადაზღვევო კომპანიებს სამედიცინო პერსონალის შრომის დროულად ანაზღაურება მოსთხოვა.

ქვეყნის პირველი პირი მედპერსონალის კვალიფიკაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ექიმების გამოცდილების გაზიარებას, რომლებმაც საზღვარგარეთ წარმატებული კარიერა შექმნეს. მიხეილ სააკაშვილმა მათ დახმარება და ქვეყნის სამედიცინო სფეროს განვითარებაში, ამ თვალსაზრისით, საკუთარი წვლილის შეტანა სთხოვა. საქართველოს პრეზიდენტი მედპერსონალის შრომის ანაზღაურების თემასაც შეეხო და სამედიცინო დაწესებულებებში ექთნებისა და  უმცროსი სამედიცინო პერსონალის ხელფასების ზრდის საკითხი დააყენა.   

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფორუმი ორდღიანია და მის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 200-მდე სპეციალისტი, მათ შორის, აშშ-ში, ისრაელში, სინგაპურსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე 70-მდე ექიმი. „მედეა 2012“ მიზანი უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში რეინტეგრაციაა, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების შექმნა და ამ სფეროში ინვესტორების მოზიდვაა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ბათუმისა და ქედის სამედიცინო ცენტერები მოინახულეს. უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ექიმებმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და სასარგებლო რჩევებიც მისცეს.  

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბეტ რულოვსი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია, პარლამენტის წევრები, სამედიცინო სფეროს, სადაზღვევო ინდუსტრიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

პირველი სამედიცინო კონფერენცია „მედეა 2011“ წელს ვაშინგტონში გაიმართა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)