მადლობას მოგახსენებთ ყველას.
ჩემთვის დიდი სიამოვნებაა მოგმართოთ თქვენ, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
ვფიქრობ, ატლანტიკის საბჭოსთან ჩვენ ფანტასტიკური ურთიერთობა და გამოცდილება გვაკავშირებს.
მოხარული ვარ რომ საშუალება მაქვს მოგმართოთ თქვენ, ახალგაზრდა ატლანტიკოსებს, რადგან საკუთარ თავსაც თქვენს შორის ვხედავ.
აქ ყოფნით მოხარული იმიტომ ვარ, რომ ვიზიარებ ტრანსატლანტიკური ალიანსის ძირითად ფასეულობებს - თითოეული მათგანი მთელი ჩემი პოლიტიკური ცხოვრების კრედო იყო.
ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის საქართველოს დღევანდელი დემოკრატიული გამოცდილების არსიც.
დღეს თქვენნაირი ახალგაზრდა ლიდერები არ არიან გაფუჭებული ცინიკური მანიპულაციებით. ისინი არ მიიჩნევენ, რომ პოლიტიკას არ შეუძლია სამყაროს შეცვლა, რომ ფასეულობებს მნიშვნელობა აღარ აქვს.
დარწმუნებული ვარ, თქვენ გაიგებთ რა არის, რეალურად, საქართველოს დემოკრატიული გამოცდილება.
აქ იმისთვის მოვედი, რომ გესაუბროთ ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის როლზე საქართველოში მიმდინარე რადიკალური ტრანსფორმაციის პროცესში. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, მინდა, გაგიზიაროთ ჩემი ოპტიმიზმი და რწმენა იმისა, რომ ნატოს ნათელი მომავალი აქვს და მისი ფასეულობები ისტორიის მამოძრავებელ ძალად რჩება.
დღეს დილით, როდესაც ჩიკაგოს ქუჩებში ზოგიერთები პროტესტს გამოხატავდნენ, აცხადებდნენ, რომ ნატო არარელევანტურია; ნატო უსარგებლოა; ის წარსულის რელიქვიაა; ის საშინელი, ომისდროინდელი ორგანიზაციაა... ეს ჩემთვის ახალი არ არის, რადგან ბავშვობიდან მახსოვს როგორ წერდნენ ამას გაზეთ „პრავდას“ ფურცლებზე საბჭოთა კავშირში. ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, თავად არიან წარსულის გადმონაშთები.
ჩემი აზრით, მომავალი სწორედ ასეთ თანამშრომლობას ეკუთვნის.
ნატო დღეს უფრო რელევანტურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ის მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, ვინც ჯერ კიდევ უმცირესობას წარმოვადგენთ, არამედ იმ დიდი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ამ ალიანსის ბირთვს შეადგენს და მისი ფასეულობების მატარებელია.
არაბული გაზაფხულის დასაწყისიდან წელიწადზე მეტი დრო გავიდა. ზოგიერთი ისევ ბნელმა პესიმიზმმა მოიცვა. როდესაც დღევანდელ სამყაროს უყურებ, მათ ვერც კი დაადანაშაულებ. თუმცა, მსურს, კიდევ ერთი გზავნილი მოგაწოდოთ.
თავისუფლებისთვის უპირველესი რამ, რაც წნეხის ქვეშ მყოფ ადამიანებს ამბოხებისკენ მიუძღვის არის ის, რომ ეს ხალხი, განსაკუთრებით ლიბიის ინტერვენციის შემდეგ, ტრანსატლანტიკურ ალიანსს შეჰყურებს როგორც საყრდენ ძალას, რომელიც, თავის მხრივ, თავისუფლებას წარმოადგენს; იმ ერთადერთ ძალას, რომელსაც მათი ქვეყნის, საზოგადოებისა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ამ ხალხის სწრაფვა ჩემი ქვეყნის გამოცდილებასთან არის დაკავშირებული.
10 წლის წინათაც კი საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ადგილი აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რეგიონში ხალხი აღგვიქვამდა ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ, ცინიკურ და უიმედო ადგილად. ჩვენ სიძულვილით ვიყავით მოცული. არქაული ნაგებობების წყალობით, ყველას ჩვენი განუვითარებლობის ვერდიქტი გამოჰქონდა.
ჩვენს უიმედო და უფერულ ქვეყანაში მენტალიტეტიც მოძველებული იყო.
არაბულ რევოლუციებამდე, თითქმის, 10 წლით ადრე, ჩემს ქვეყანში მშვიდობიანი, პოპულარული რევოლუცია მოხდა, რომელსაც CNN-მა ვარდების რევოლუცია უწოდა. ხელისუფლებაში ახალი თაობა მოვიდა, მაგრამ ნამდვილი რევოლუცია მაშინ დაიწყო, როდესაც ქუჩაში გამოსული ადამიანები სახლში დაბრუნდნენ. ტრანსფორმაცია სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყანა CNN-ის კამერებმა დატოვა.
ყველას საერთო მიზანი გვქონდა: დაგვებრუნებინა ჩვენი ქვეყანა დასავლეთის თავისუფალი ქვეყნების ოჯახში, რაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ნიშნავს. ეს არის ყველაზე ძლიერი სიმბოლო და ამაზე მეტად ტრანსფორმაციული მიზანი არც არსებობს.
ეს ბევრად მეტია, ვიდრე დიპლომატიური არჩევანი.
ეს არის ფასეულობებისა და ცხოვრებისეული არჩევანი საზოგადოების მხრივ. სწორედ ეს ამბიცია დაგვეხმარა, რომ ქვეყნის ყველა ინსტიტუციაში რადიკალური ტრანსფორმაცია წამოგვეწყო.
ჩვენ მთლიანად შევცვალეთ სახელმწიფო აპარატი. ერთ დღეში გავათავისუფლეთ პოლიციის მთელი შემადგენლობა. ერთ კვირაში გავათავისუფლეთ საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კი დავითხოვეთ ყველა დანარჩენი და მოვიყვანეთ ახალი კადრები.
ამ ნაბიჯებმა გაამართლა, რადგან თუ დააკვირდებით მაჩვენებლებს, ვნახავთ, რომ საქართველოში ყველაზე სწრაფი პროცედურები გვაქვს.
დემოკრატიისა და სამართლის კანადური ცენტრის კვლევის თანახმად, ქართული ბიუროკრატია ეფექტიანობის თვალსაზრისით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ახალი ზელანდიის შემდეგ. ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია მსოფლიოში ყველაზე სწრაფად სწორედ საქართველოში ხდება. ამას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით ვამბობ.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგროც პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბიზნესის კეთების მხრივ, საქართველო ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა.
ამჟამად ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა ვართ ევროპაში. EBRD-ისა და IFC-ის ბოლო მონაცემებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში არც ერთ ქვეყანას ისეთი პროგრესი არ ჰქონია, როგორიც საქართველოს ჰქონდა. გამოკითხვის თანახმად, 7 წლის წინათ მოსახლეობის 98 პროცენტი აცხადებდა, რომ კორუფციას ყველგან აწყდებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტს უტოლდება.
ახლა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი საბაჟო პროცედურები გვაქვს და, ვფიქრობ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საგადასახადო პროცედურებიც, რადგან მათი უმეტესობა უკვე ელექტრონულად ხდება.
ასევე დიდი სამუშაო გავწიეთ უმცირესობათა ინტეგრაციის საქმეში. საქართველო მრავალკულტურული და მრავალეთნიკური ქვეყანა გვაქვს და მთლიანად შევცვალეთ უმცირესობათ წარმომადგენლების აზროვნება.
უმცირესობების უფლებები შესწავლა 90-იანი წლების დასაწყისში ნორვეგიის ადამიანის უფლებების ინსტიტუტში დავიწყე და ძალზე ოპტიმისტურად განვეწყვე იმ იდეის მიმართ, რომ ჩვენ შეგვეძლო ამის გაკეთება.
ჩვენ გვქონდა კონფლიქები, რომლებიც აღიარებული იყო ეთნიკურ კონფლიქტებად, მაგრამ ეთნიკურზე მეტად, ეს ტერიტორიული საკითხი იყო, რომელიც ჩვენს დიდ მეზობელთან უნდა გადაგვეწყვიტა.
არა მგონია იმ დონის სიძულვილი გამოგვეცადა, როგორც ეს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა, მაგრამ ეთნიკური საკითხი მაინც იყო.ვფიქრობ, ამის შედეგად მოხდა ის, რომ ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონები დღეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონებია საქართველოში. ამ ადგილებში ინვესტიციების რაოდენობა სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის. ბოლო შემოჭრისას რუსებმა სცადეს უმცირესობებით დასახლებული რეგიონებით მანიპულირება, მაგრამ ყველაზე მკაცრი პასუხი სწორედ ამ კუთხეებიდან მიიღეს.
ჩვენ მოვახდინეთ დეცენტრალიზაცია. ეს არ ეხება მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობებს.
პარლამენტი ჩვენ სიდიდით, საქართველოს მეორე ქალაქში გადაგვაქვს, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს. ასევე, მთავრობის ფორმირების ძალაუფლება, რომელიც დღემდე სრულად ეკუთვნოდა პრეზიდენტს, ამიერიდან პარლამენტს ექნება.
ვფიქრობ, მენტალური რევოლუცია იმ მაჩვენებლებზე უფრო მნიშვნელოვანია, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე. როგორ აღიქვამენ დღეს ადამიანები სახელმწიფოს, როგორ აღიქვამენ საკუთარ ვალდებულებებს. თუ შეხედავთ ტელევიზორში საქართველოს 10 წლის წინ და საქართველოს ახლა. ფერები განსხვავებულია, ხალხის ჟესტებიც განსხვავებულია...როგორ მოძრაობენ, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან; შენობებიც განსხვავებულია. მე მაქვს ასეთი პრეტენზია რომ არსებობს ახალი ბრენდი, ახალი არქიტექტურული ბრენდი საქართველოში...ამ ახალი სამთავრობო შენობების უმეტესობა შუშისაა და გამჭვირვალე. პრეზიდენტის სასახლის გუმბათი გამჭვირვალეა ისევე როგორც სამინისტროების შენობები. ეს ყველაფერი სიმბოლურია. ჩვენ შემოვიტანეთ ნათელი ფერები ქვეყანაში.
საქართველო პატარა, მაგრამ სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანაა და სამყაროს ჩვენს ნაწილში ენერგოტრანზიტისა და სხვა სახის ტრანზიტის თვასაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
ხშირად ამბობდნენ: „რით შეიძლება საქართველო იყოს მნიშვნელოვანი?“ რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც რეალური პოლიტიკით არიან დაინტერესებული და ფასეულობებს ყურადღებას არ აქცევენ. ისინი ამბობენ რომ საქართველო უმნიშვნელოა, თუნდაც ის რეფორმებს წარმოადგენს მთელი რეგიონისთვის.
თუ ვინმეს რეფორმები და ხალხის გრძნობები არ აინტერესებს, მაშინ შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დახედეთ რუკას: თუ საქართველო დაეცემა, თუკი საქართველოს დემოკრატია დაეცემა, ყველა სატრანზიტო გზა ევროპასა და აზიას შორის, ჩინეთზე, კასპიის ზღვასა და ავღანეთზე, რომელთანაც ეს ეკონომიკური მარშრუტი ესოდენ მნიშვნელოვანია, უბრალოდ აღარ იქნება.
საქართველოს აქვს საუკეთესო ლოჯისტიკური ბაზები, საუკეთესო აეროპორტები, საუკეთესო ავტომაგისტრალსა და რკინიგზის საუკეთესო სისტემასაც ვაშენებთ რეგიონში... ყოველივე ეს წინა წლების განმავლობაში გავაკეთეთ.
საქართველო არ არის მხოლოდ ქვეყანა. მას, რა თქმა უნდა, აშშ-ს ვერ შევადარებ - ეს ქვეყანა იდეაა, მაგრამ ჩვენი პატარა რეგიონისთვის საქართველოც არის იდეა.
მინდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვები გავიხსენო. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მან აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე ერთი სულიერი სივრცეა, რომელშიც მხოლოდ ერთი ანომალიაა - საქართველოს მთავრობა. ჩემი აზრით, მან კარგად განმარტა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან.
გასულ კვირას რუსეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა თანამდებობაზე მისი დამტკიცების ღონისძიების დროს დუმაში თქვა: ყველამ იცის, რომ მძულს სააკაშვილი, მაგრამ საქართველომ საოცარი რეფორმები განახორციელა, რომლებიც უნდა შევისწავლოთ და, შესაძლოა, რუსეთშიც გავატაროთო.
დააკვირდით ცინიზმს.
რომელი ქვეყანა გადაურჩა საბჭოთა კავშირის ან რუსეთის თავდასხმას? რომელი ქვეყნის მთავრობა გადარჩენილა ან არ მოქცეულა რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ? საქართველოში არა მხოლოდ მთავრობა და დემოკრატია გადარჩა, მიუხედავად ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციისა და იმ ნახევარი მილიონი ადამიანისა, რომელიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება, არამედ მისი ლიდერი, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის მთავრობას, საზღვრებს და მისივე ხელმოწერილ 6 პუნქტიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამბობს, რომ საქართველოსგან უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვაო. ის ჩემი პატარა ქვეყნის შესახებ ამბობს ამას - ეს გასაოცარი სიმბოლოა.
სწორედ ამიტომ ვმასპინძლობთ ყოველ კვირაში დელეგაციებს სხვადასხვა ქვეყნიდან - ცენტრალური აზიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდანაც ბევრი. მედვედევმა ეს იმიტომ კი არ თქვა რომ ეს ელანდება, არამედ იმიტომ რომ მის გარშემო ხალხი ამაზე საუბრობს. მოსკოველები, ჟურნალისტები, ინტელექტუალები ვისაც მასთან შეხება აქვს...ბიზნესმენებიც კი ამაზე საუბრობენ.
ჩვენ მუდმივი მუქარის ქვეშ ვიმყოფებით. ამის მიუხედავად, ცოტა ხნის წინათ რუსეთთან ცალმხრივად გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი და საქართველოში წელს, დაახლოებით, მილიონ რუს ტურისტს ველოდებით. ეს არის ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი - სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რუსეთის ერთი მილიონი მოქალაქე საკუთარ ნათესავებსა და ახლობლებს უამბობს, რომ საქართველოში ბევრი ისეთი საოცარი რამ ნახა, რაც მათთან არ არის იმის მიუხედავად, რომ ბუნებრივი გაზიც აქვთ და ნავთობიც. მოუყვება იმას, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ხალხს ემსახურება; გვაქვს სტაბილურობა; გამოვირჩევით დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ევროპაში და დანაშაულის დონე 4,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთში. ეს არ არის ჩემი სიტყვები - ამას ევროკავშირის კვლევები ადასტურებს.
კარგად ვიცით, რომ ალიანსში ჩვენი ინტეგრაცია გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული. ვიცით, რომ წინ კიდევ ბევრი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები, ურყევია და ჩიკაგოს ქუჩებში გამართული საპროტესტო აქციებიც ვერ შეგვაცვლევინებს აზრს ნატო-სთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბევრად ძლიერი ძალები ცდილობს, რომ უკუვაგდოთ ეს იდეა, საქართველოშიც გვყავს ხალხი, ვინ ამას დროდადრო აპროტესტებს, მაგრამ ის ვალდებულება, რომელიც ნატო-ს წინაშე ვიკისრეთ, შეუქცევადია და ამას ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესიც მიანიშნებს; ისევე როგორც ჩვენი წვლილი ISAF-ის მისიაში. მოგეხსენებათ, რომ ავღანეთში 2000-მდე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეა და გვქონდა მსხვერპლიც. ასევე გვყავს ხალხი, რომელიც მანამდე ერაყში მსახურობდა. მაგალითად, ტუღუში და მასთან ერთად მთელი მისი რაზმი. ISAF-ის მისიაში ჩვენი მონაწილეობა, თავის მხრივ, იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ გვსურს უსაფრთხოების არა მარტო მომხმარებელი ვიყოთ, არამედ მისი შემქმნელიც. ნატოსთვის ეს ჩვენი წარმატების მაგალითია.