სიახლეები
18.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა პრინსტონის უნივერსიტეტში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგების წინაშე სიტყვით წარსდგა. მიხეილ სააკაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის“. ქვეყნის პირველმა პირმა იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში წარმატებით განხორციელდა. მან ყურადღება კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ, ამ მხრივ, ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც აღნიშნავს. მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა - ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და გაძლიერება დაიწყო, რაც მენტალური რევოლუციის საფუძველი გახდა. ინსტიტუციონალური რეფორმის განხორციელების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი გახდა და ამ წარმატებული რეფორმების გაზიარების მიზნით, დელეგაციები თითქმის ყველა ქვეყნიდან მათ შორის, რუსეთიდანაც ჩამოდის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეფორმები მთელი რეგიონის მასშტაბით უნდა განხორციელდეს, რადგან გარშემო მყოფი ქვეყნების განვითარებას საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
დაბოლოს, ქვეყნის ლიდერმა მომავალ პოლიტიკოსებს რჩევაც მისცა.
„არაფერი არ მიიღოთ ისე, როგორც ჩანს - ზოგი რამ უნდა უგულებელყოთ, ზოგჯერ საკუთრი თავი კრიტიკულად უნდა შეაფასოთ; ნუ დაეყრდნობით გაბატონებულ დოგმებს, უბრალოდ, იყავით გამბედავი, იმოქმედეთ და ყველაფერი კარგად იქნება“, - განუცხადა მათ საქართველოს პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიღება გამართეს და საქართველოს პრეზიდეტს, პატივსაცემის ნიშნად, ქართული სიმღერა შეუსრულეს.