Google+

სიახლეები

19.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთის ახალი კოლეჯის სტუდენტებს მიმართა

მოხიბლული და ფრთებშესხმული ვარ იმით, რაც აქ ვნახე.

ვიდრე აქ მოვიდოდი, ნორვეგიული კომპანიის წარმომადგენელს შევხვდი, რომელიც შემოდგომით დიდი კაშხლის მშენებლობას იწყებს შუახევსა და ხულოში. მან გვითხრა, რომ ბევრ ადგილობრივს დაიქირავებენ და დაასაქმებენ.

საგულისხმოა, რომ, მაგალითად, ფარავნის კაშხლის მშენებლობაზე დასაქმებული ადგილობრივი კადრების დიდ ნაწილს უცხოეთში უშვებენ სამუშაოდ. ქართველი სპეციალისტები იმდენად კარგად ართმევენ თავს თავიანთ მოვალეობას, რომ თურქული კომპანია ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად მათ სხვადასხვა კონტინენტებზე უშვებს სამუშაოდ.

ეს არის ზუსტად ის, რასაც მე ვამბობდი. ქართველებმა აქ უნდა ვისწავლოთ ყველაფრის აშენება და შემდეგ თურქების, ფრანგების თუ ამერიკელების მეშვეობით,  ისე უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამშენებლო ფირმები, რომ კაშხლები და სხვა ნაგებობები უკვე ჩვენმა კომპანიებმა აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ყოფილ საბჭოთა სივცერში ააშენონ.

ჩვენ ცოდნისა და ხალხის ექსპორტი უნდა შეგვეძლოს. რის ექსპორტს ვახდენდით ადრე? ჩვენი ხალხი გარბოდა აქედან და ამას ერქვა ქართული ექსპორტი. დღეს ძალიან ბევრი ქართველი ბრუნდება უკან, მაგრამ, უპირველესად, ხალხი გვყავს აქ დასასაქმებელი.

ვის შეუძლია დასაქმება? დასაქმება შეუძლია იმ ადამიანს, რომელსაც მუშაობის უნარი და მინიმალური კვალიფიკაცია აქვს.

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ, ხშირ შემთხვევაში, საქმეში დახელოვნებული კადრები არ გაგვაჩნია.

ეს ხალხის ბრალი არ არის, რადგან ბოლო 15 წელიწადი ჩვენს ქვეყანაში არაფერი ხდებოდა.

ჩვენ ვაკეთებთ ტექნიკურ სასწავლებლებს. რამდენიმე უკვე გავხსენით თბილისში, ქუთაისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.  

საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ათეული კოლეჯი ამოქმედდება. ამასთანავე, შემოვიღეთ ათასლარიანი ვაუჩერები.

აქ სხვადასხვა ასაკის ადამიანები ხართ შეკრებილი.

ზოგიერთი თქვენგანი ჩემზე ცოტა უფროსია, ზოგიერთი კი - უმცროსი.

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პროფესიის ათვისება და ხელახლა მომზადება გაუჭირდება რომელიმე ასაკში.

თავდაპირველად, როდესაც თბილისში გზების დაგება დავიწყეთ,  მახსოვს, სიხარულით შევხვდი საგზაო ტექნიკის ოპერატორს, მინდოდა დავლაპარაკებოდი და ჰოლანდიელი აღმოჩნდა.

ამ უცხოელს ერთი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოსთვის, ალბათ, ათასობით ევროს უხდიდნენ. დღეს კი ამ თანხას უფრო ეფექტიანად ვანაწილებთ და მის დიდ ნაწილს ქართველ მუშახელს ვუხდით.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინათ სასტუმრო "კემპინსკის" მშენებლობაზე გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ მოხდა - ამწის ოპერატორის ხმა მომესმა, რომელიც, სამწუხაროდ, უცხოელი აღმოჩნდა.

სწორედ, მაშინ დავპირდი მთავრობის წევრებს, რომ მსგავს სამუშაოებზე უცხოელების ნაცვლად, ქართველებს დავასაქმებდით.

შედეგი,  პრაქტიკულად, უკვე მივიღეთ.

ორ-სამ წელიწადში უმუშევრობის ზღვარი ათ პროცენტზე ნაკლები იქნება. უმუშევრად დარჩენილი ის ათი პროცენტიც, არაკვალიფიციური ადამიანები იქნებიან, ისინი, ვინც გადამზადება არ მოისურვა. ის ადამიანები კი, რომლებიც დღეს ახალ პროფესიებს ეუფლებიან და კვალიფიკაციას იმაღლებენ, მომავალში ასი პროცენტით დასაქმდებიან.

ჩვენ საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონი ასაშენებელი და გასავითარებელი გვაქვს.

საქართველოს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა ასეთი აღშენებლობა, როგორიც დღეს არის.

გასავითარებელია ფოთი - იქ  ძალიან ბევრი სამშენებლო სამუშაოა შესასრულებელი.

ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ლაზიკას, რომლის საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაზეც უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობთ. ლაზიკა, ძირითადად, იმ ადამიანებით დასახლდება,  რომელიც ამჟამად სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ.

სწორედ ეს ხალხი განავითარებს ლაზიკას ინდუსტრიას და დაიწყებს მშენებლობას.

შესაძლოა, ლაზიკაში ბევრი არც გადავიდეს საცხოვრებლად, მაგრამ ქალაქის სიახლოვეს მცხოვრებნი სამუშაოდ ყოველდღე ივლიან ლაზიკაში ან ფოთში კარგი გზის მეშვეობით.

ასეთი ხალხი არც მიწათმოქმედებას მოწყდება და არც საკუთარ  კარმიდამოს, თანაც ქვეყნისთვის ინდუსტრიულ და ლოჯისტიკურ პოტენეციალს შექმნის.

დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა შიდა ბაზრის ამოქმედებაა. ყველაფერი ეროვნული  პროდუქციით უნდა გავაჯეროთ, ხოლო შემდეგ უცხოურ ბაზარზე გავიდეთ.

აჭარა ამის მშვენიერი მაგალითია, სადაც პროდუქცია 80–90 პროცენტი უცხოეთიდან შემოდიოდა, დღეს კი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, სათბურებში მოყვანილი ადგილობრივი პომიდორი, ექსპორტზე უკვე თურქეთში გადის.

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოში მომზადებულმა სპეციალისტებმა უცხოეთში არა გროშების სანაცვლოდ, არამედ მაღალი ანაზღაურებით იმუშაონ და საკუთარი ცოდნის საფუძველზე, ადგილობრივი მუშახელი მართოს.

ჩვენ დასაკარგი თაობები არ გვყავს - საქართველოში ყველა ასაკის ადამიანს უნდა შეეძლოს შრომის საერთო რიტმში ჩართვა.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში მხოლოდ 120 ათასი ტურისტი ჩამოდიოდა, შარშან ამ რაოდენობამ სამ მილიონს მიაღწია, წელს ოთხი მილიონი გვეყოლება, ხოლო მომავალ და შემდეგ წლებში ხუთ და მეტ მილიონ ტურისტს ველოდებით. 

თუკი უკეთ მომზადებული კადრები გვეყოლება, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

ზოგიერთი ამბობს, რომ მსგავსი კადრების მომზადებით ქართველებს მოსამსახურეებად ვაქცევთ. მინდა, გკითხოთ,  იტალიელები ან ფრანგები მოსამსახურეები არიან?

შემოსავლის წყაროსთან ერთად, ტურიზმი ყველასთვის უსაფრთხოების სფეროა.

მაგალითად, წელს საქართველოში მილიონამდე რუს ტურისტს ველოდებით. სწორედ ეს ადამიანები ჩაიტანენ საკუთარ ქვეყანაში სიმართლეს საქართველოს შესახებ.

ეს პროცესი ავანტიურისტს ბოროტი ზრახვების განხორციელების საშუალებას შეუზღუდავს;

ეს პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს მსოფლიო რუკაზე დამკვიდრებას.

საბერძნეთი ამავე პრინციპით გახდა ევროკავშირის წევრი.

70-იან წლებში საბერძნეთში მრავალი ევროპელი ტურისტი ჩავიდა და ნახა, რომ ის  რეალურად ევროპული ქვეყანა იყო. ამის შემდეგ აღარავის არ უთქვამს უარი საბერძნეთის მიღებაზე ევროკავშირში.

ასე რომ, შემოსავლის გარდა, ტურიზმი ჩვენთვის არის გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ძალიან მყარი გარანტი.

შესაბამისად, ყველა ადამიანი, რომელიც სწავლობს ბარმენისა თუ სასტუმროს ადმინისტრატორის საქმეს, ეს გვაძლევს  ქვეყნის სტრატეგიული განვითარების საშუალებას.

ნახეთ, როგორ მიმდინარეობს აჭარაში სამშენებლო ფირმების განვითარება.

ამ მშენებლობების 90 პროცენტს ქართველები აწარმოებენ.

ჩვენმა სამშენებლო კომპანიებმა მშენებლობა 3-4-სართულიანი სახლებით დაიწყეს, დღეს კი  უკვე 30-40-სართულიან ნაგებობებს აშენებენ.

ამას წინათ, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტით მოვიხიბლე და მშენებლობის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ სამშენებლო გამოცდილება ტრაბზონში ჰქონდა მიღებული.

იგი ნიჭიერი ადამიანია, რომელიც წარმატებული მუშაობით, ის 100-150 ადგილობრივ მცხოვრებს ასაქმებს. დასაქმებულები კი, თავის მხრივ, საკუთრ ოჯახებს არჩენენ. გამოდის, რომ ყველა ეს ოჯახი დამსაქმებლის ერთი დიდი ოჯახია.

მესამე დღეა, რაც საქართველოში „რევოლუცია“ მიმდინარეობს - აბსოლუტურად ყველა მომხმარებელი სავაჭრო ობიექტებში ითხოვს ჩეკებს.

ერთი მხრივ, ჩეკის მოთხოვნა ნიშნავს თანხის გადანაწილებას მშენებლობებზე, გზების რეაბილიტაციასა თუ ახალ აეროპორტებზე, მოსახლეობის შემოსავლის გაზრდაზე, მეტი ქართველის დასაქმებაზე, ჩვენი ქვეყნისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე; ხოლო, მეორე მხრივ, ამ ჩეკით მყიდველს უჩნდება შანსი ფულადი საჩუქარი მიიღოს.

დღემდე ჩვენი ძლიერი პოლიციით ვამაყობდი, ახლა კი იმითაც ვიამაყებ, რომ საქართველოში ყველაზე თანამედროვე, 80 პროცენტით ელექტრონული საგადასახადო სისტემა იქმნება.

ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ ქვეყანას. შარშან ჩვენ 7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება. წელს კი ამ რიცხვის ათ პროცენტამდე გაზრდას ვვარაუდობთ.  

წელსვე იწყება ახალი ჰესების მშენებლობა. მხოლოდ ნამახვანჰესი 500 მეგავატი სიმძლავრის იქნება.

ხუდონჰესის ყველა მოსამზადებელი სამუშაო უკვე შესრულებულია და მისი მშენებლობა 2015 წლამდე დასრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ელექტროენერგიის დეფიციტი შეგვექმნება.

ყოველივე ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დაუსაქმებელი ადამიანი აღარ დარჩება.

ცოტა ხნის წინათ, სამხრეთ კორეაში ვიყავი. ამ ქვეყანას 40 წელიწადი დასჭირდა იმისათვის, რომ განვითარებული ქვეყანა გამხდარიყო. იმის მიუხედავად, რომ მტერი გვებრძვის და არ უნდა ჩვენი განვითარება, ჩვენ ვძლევთ მტრის წინაღობას და ამდენი რამ 5-6 წელიწადში მოვახერხეთ.  

სამწუხაროა, რომ დღეს ქალაქებში უმუშევრობის დონე 20-30 პროცენტია, მაგრამ ქვეყნის პერსპექტივა და წინსვლა ამ პროცენტს მინიმუმამდე შეამცირებს და ყველაფერს მივაღწევთ.

გისურვებთ წარმატებებს.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)