სიახლეები
19.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთში ახალი პროფესიული კოლეჯი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ გახსნა. მიხეილ სააკაშვილი კოლეჯის მესვეურებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ ამ სასწავლებლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრისას, ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობის დასაქმების საკითხს შეეხო, რაც, მისი თქმით, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის, ტურიზმის, ენერგეტიკის სფეროების განვითარებასთან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხალხის დასაქმების გარდა, ტურიზმი საქართველოსთვის არის გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ქვეყნის განვითარების გარანტია. ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია კვალიფიციური კადრების მომზადება, რაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა მსგავს სასწავლებლებს ენიჭება.
„საქართველოს მასშტაბით, აჭარაში ყველაზე ცუდი საჭმელი იყო. ვარშალომიძემ ბევრი იმუშავა ამ საკითხზე, რესტორნებშიც ეცნობოდა მენიუს, უცხოეული მზარეულიც ჩამოიყვანა და შედეგსაც მიაღწია. ადრე ტურისტები უკმაყოფილო იყვნენ, ახლა კი ბათუმში ყველგან საუკეთესო კერძები აქვთ. თანაც გამოყენებული პროდუქციის 90 პროცენტი, ყველაზე კარგ რესტორნებშიც კი, ადგილობრივია. ამ მაჩვენებელმა 100 პროცენტს უნდა მიაღწიოს. ქართული ჩაი საერთოდ თუ იყო არავინ იცოდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ახლა ჩვენი სათბურის პროდუქცია მიდის თურქეთში. ადრე კი მთლიანად თურქეთიდან შემოდიოდა ყველაფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერს მიაღწევ. საქართველოში რამდენიმე ამერიკული რესტორნის გახსნას აპირებენ და თუკი პროფესიას დაეუფლები და კვალიფიციური იქნები, მოთხოვნაც აუცილებლად გაჩნდება. იმასაც უნდა უნდა მივაღწიოთ, რომ უკონკურენტო სპეციალისტები გყავდეს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ახალ კოლეჯში ფუნქციონირებს რამდენიმე ლაბორატორია და სახელოსნო, რომლებიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით, ყველა საჭირო ინვენტარითა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. სტუდენტებისთვის აშენდა სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელიც. ამჟამად, კოლეჯში 500-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული. რეგისტრაციისა და 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად ახლადგახსნილ კოლეჯში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმყოფებოდა.