Google+

სიახლეები

13.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში განახლებული პროფესიული კოლეჯი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრთან ერთად გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტირებული კოლეჯი დაათვალიერა, მის პერსონალს გაესაუბრა და მათ სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

„უახლოეს პერიოდში ახლომახლო - აქ, ქობულეთში, ბათუმში და მიმდებარე ადგილებში სამკერვალო საწარმოები იხსნება, ე.ი. ამ სფეროში დამატებით, 2 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გურიაში 5 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ გვჭირდება ელექტრიკოსებიც... ინვესტიცია მოდის და მთავარია, ხალხი გვყავდეს საკმარისი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, გურიაში წარმატებით ვითარდება ადგილობრივი ჩაის წარმოება, შემოვიდა მანდარინისა და სიმინდის ახალი ჯიშები, კოლხეთის ჭაობის დაშრობის შემდეგ კი, ტერიტორია ამ ჯიშებით უნდა შეივსოს. ქვეყნის პირველი პირის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობა კვლავაც აქტიურად უნდა გაგრძელდეს და ამისათვის ქვეყანას კვალიფიციური სპეციალისტები სჭირდება.  

პროფესიული გადამზადების რეაბილიტირებული, თანამედროვე ცენტრის  სასწავლო ლაბორატორიები უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, განახლდა სასწავლო პროგრამები, ხოლო პედაგოგებმა გადამზადების კურსები გაიარეს. კოლეჯში სწავლის, პროფესიის ათვისების ან კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე საკუთარ რეგიონში დასაქმების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ კოლეჯში სტუდენტები ტრაქტორისტ-მემანქანის, ელექტრიკოსის, სავალი ნაწილის ტექნიკოსის, დურგლის, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის, ბუღალტერის, მეტყევეს, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის, გიდის, თექის ხელოსნის, მკერავის, მზარეულის, სტილისტის, მინანქრის ხელოსნისა და სხვა პროფესიებს დაეუფლებიან. განახლებული კოლეჯი აგრარული უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორი იქნება რეგიონში და ყველა პროგრამა სწორედ ამ უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდება. 

„ჰორიზონტში“ სპეციალობები გურიის მხარის ეკონომიკური განვითარების  პრიორიტეტული გეგმიდან  გამომდინარე შეირჩა და უკვე 500-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული. რეგისტრაციისა და 1000 ლარიანი ვაუჩერის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა 75 პროცენტი უკვე დასაქმდა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)