მილი მეჯლისის პატივცემულო წევრებო,
აზერბაიჯანელი ერის პატივცემულო წარმომადგენლებო,
ჩემთვის უდიდესი პატივია მივმართო ამ პარლამენტს.
როგორც ყოველთვის, აქ დღესაც სიამოვნებით ჩამოვედი. ყოველ ჯერზე, როდესაც აქ ჩამოვდივარ, მაოცებს ქალაქისა და მთლიანად ქვეყნის წარმოუდგენელი განვითარება.
ჩვენი თვალისა და გონებისათვის ეს ნამდვილი გამოწვევაა.
როდესაც ვხედავ, ამჟამად როგორ გამოიყურება ყველაფერი, ჩვენთვის ნამდვილი გამოწვევაა იმის წარმოდგენაც კი, თუ როგორი იყო ეს ათი, ოცი, ან თუნდაც ორი წლის წინათ.
აზერბაიჯანი განვითარდა საოცარი სისწრაფით. საერთაშორისო არენაზე დღესდღეობით მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს. ამ განვითარების დამადასტურებელი გაეროს უშიშროების საბჭოში თქვენი წევრობა და როგორც თქვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, საქართველო მხოლოდ მოხარულია და ამაყობს თქვენი წარმატებით.
აქ იმისთვის მოვედი, რომ ხაზი გავუსვა, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის.
რეალურად, ჩვენ ბევრად მეტი ვართ, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორები.
ჩვენ გვაერთიანებს საერთო წარსულის ტრაგიკული და დიდებული ხსოვნა და მსგავსი მისწრაფებები საერთო მშვიდობიანი და თავისუფალი მომავლისკენ.
ჩვენი მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, გამოიარა ცრემლი და ღიმილი, იმედები და დაქსაქსულობა.
როგორც აზერბაიჯანი, ისევე საქართველო, ძალიან ძველ ერებს, მაგრამ ძალიან ახლგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებს წარმოადგენენ.
ისინი უპირისპირდებოდნენ და უპირისპირდებიან საერთო გამოწვევებს.
და, რაც ყველაზე მთავარია, ისინი ერთად, ერთობლივად უმკლავდებოდნენ და უმკლავდებიან მათ.
ეს არა მარტო ძველი დროის, მაგრამ ასევე უახლესი წარსულის გაკვეთილიცაა.
ქალბატონებო და ბატონებო,
მე ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ, როგორც ყველა ლიდერს, ვისაც უნდა რომ ესმოდეს აწმყოსი და სურს, გავლენა მოახდინოს მომავალზე, ძალიან მიყვარს ისტორია.
და დღეს, მინდა მივუბრუნდე ჩვენს ისტორიას და მოკრძალებულად გავახმოვანო აზერბაიჯანის და საქართველოს მეგობრობის გრძელი, მგრძნობიარე სიმღერა.
ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც 2008 წელს გაისმა, როდესაც თქვენ მედგრად იდექით ჩვენს გვერდით, როდესაც ჩვენს მიწაზე შემოიჭრა ძალა, რომელიც ბევრად ჭარბობდა ჩვენს ძალებს და ემუქრებოდა თვით ჩვენს არსებობას.
ეს მელოდია უძველესი დროიდან მოდის, კავკასიის ალბანეთის და იბერიის დროიდან, მცირე ქართული სამეფოების და აზერბაიჯანის სახანოების დროიდან, დავით აღმაშენებლის შუა საუკუნეების სახელოვანი სამეფოს და დიდი შირვანშაჰების სამეფოების ეპოქიდან.
მისი ბგერები აცოცხლებს ჩვენი პირველი რესპუბლიკების ხსოვნას.
იგი გვახსენებს, რომ გამარჯვებასა თუ დამარცხებაში ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდექით ძლევამოსილი დამპყრობლების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყვნენ ისინი – ქრისტიანები თუ მუსლიმები, წარმართები თუ კომუნისტები...
შემთხვევითი არაა, რომ ჩვენმა უდიდესმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, თავისი უსაყვარლესი ქალიშვილი შირვანშაჰ მანუჩერ მეორეს მიათხოვა, როგორც მოკავშირისათვის სიმბოლო, რომელმაც საშუალება მოგვცა, ერთობლივად დაგვემარცხებინა ბევრად უფრო ძლიერი მტერი შამქორის ბრძოლაში 1195 წელს!
არც ის ყოფილა უბრალო დამთხვევა, რომ ერეკლე მეორეს საუკეთესო მოკავშირე დამოუკიდებლობისა და თავისუფალი კავკასიისთვის ბრძოლაში იყო ფათალი ხანი ქუბადან.
და კვლავ, ცხადია, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ჩვენმა ორმა ახალგაზრდა სახელმწიფომ 1919 წელს თავდაცვის შესახებ ხელშეკრულება დადო დენიკინის ძალების წინააღმდეგ რათა თავი დაეცვა.
ნება მომეცით ამ ხელშეკრულების პირველი პუნქტის ციტირება მოვახდინო:
„ხელშეკრულების მხარე–სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ ერთობლივად იმოქმედონ მთელი თავისი შეიარაღებული და სამხედრო ძალებით და საშუალებებით ნებისმიერი თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის ხელშეკრულების მონაწილე ერთი ან ორივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ან ტერიტორიულ ხელშეუხებლობას“...
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩვენს ქვეყნებს მხოლოდ პოლიტიკური მოკავშირეობა არ აერთიანებს, ჩვენი ურთიერთობა არც მხოლოდ საერთო საფრთხეს ეფუძნება. მისი ფესვები ბევრად უფრო ღრმაა.
ჩვენი კულტურების, ენების, სამზარეულოსა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი სულების ურთიერთთავსებადობა იყო მუდმივი და რჩება დღესაც.
მე-12 საუკუნის უდიდესმა აზერბაიჯანელმა პოეტი, ნიზამი განჯელი საოცარი სიტყვებით ამკობდა საქართველოს.
ამ დროის მეორე გენიოსი და თქვენი კულტურის მარგალიტი, ხაგანი, თავისი პოეზიის ზოგიერთ ლექსში ქართულ სიტყვებსაც კი იყენებდა.
აშუღური პოეზიის მწვერვალი - ვიდადი თავისი შედევრების უმეტესობას ქმნიდა იმ დროს, როდესაც ერეკლე მეფის კარზე მოღვაწეობდა.
სახელგანთქმულ აზერბაიჯანელ მუსიკოსებს შორის მრავალს ძალიან ძლიერი კავშირი ჰქონდა საქართველოსთან.
უზეირ ხაჯიბეკოვით დაწყებული, რომელიც გორში სწავლობდა და რაშიდ ბეიბუთოვით დამთავრებული, რომელიც თბილისში იყო დაბადებული.
უფრო მეტიც, ცარიზმის ოკუპაციის დროს ჩვენი დედაქალაქი აზერბაიჯანული კულტურის და აზერბაიჯანული ინტელექტუალური ცხოვრების აქტიური ცენტრი იყო.
თანამედროვე აზერბაიჯანული თვითმყოფადობის ერთ–ერთმა ფუძემდებელმა, მირზა ფათალი ახუნდოვმა, სიცოცხლის თითქმის ნახევარი თბილისში გაატარა, სადაც 1878 წელს გარდაიცვალა და დაკრძალეს კიდეც.
ახუნდოვი ჩვენი ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრალური ფიგურაც იყო; იგი ჩვენი უდიდესი მოაზროვნეების – გრიგოლ ერისთავის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის მეგობარი იყო.
აგრეთვე, თბილისში დაფუძნდა პირველი აზერბაიჯანულენოვანი ჟურნალი “Sharqi Rus”.
ამას გარდა, თბილისში 11 წლის განმავლობაში გამოსცემდნენ მთელი იმდროინდელი აღმოსავლეთის ყველაზე ცნობილ და პროგრესულ ჟურნალს „მოლა ნასრედინი“. მას აზერბაიჯანის ისეთი დიდებული შვილი გამოსცემდა, როგორიც იყო ჯალილ მამედ-გული-ზადე.
ძვირფასო პარლამენტარებო, ასევე სიმბოლურია, რომ აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა თბილისში 1918 წლის 28 მაისს.
ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ, საქართველოში, ასე ცხადად იმიტომ გვახსოვს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკა, რომ ჩვენი ქვეყნები ალალი დებივით იყვნენ, რომლებიც უპრეცედენტოდ ცდილობდნენ კავკასიაში თანამედროვე, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული სახელმწიფოები და საზოგადოებები აეშენებინათ.
ერთის დაღუპვა, ლოგიკურად, მეორის დაშლას ნიშნავდა და როდესაც აზერბაიჯანი დაეცა, საქართველომ ვერ შეძლო ეარსება წელიწადზე მეტ ხანს.
მთელი მსოფლიო განზე გამდგარი ადევნებდა თვალს, როგორ ხოცავდნენ ჩვენი ხალხების უმამაცეს წარმომადგენლებს.
20 000-მა თქვენმა თანამემამულემ სიცოცხლე გაწირა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში და მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას და ასევე, მათი ქართველი თანამებრძოლების ხსოვნას.
ასეთი იყო განჯის სამხედრო სასწავლებლის დირექტორი, გენერალი აბელ მაყაშვილი, რომელიც ბოლშევიკებმა კასპიის ზღვაში დაახრჩვეს.
იმპერიამ საპასუხო დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ ყველაზე სასტიკ რეპრესიებსაც კი არ შეეძლო ჩაეკლა ჩვენი ოცნება თავისუფლებაზე.
ეს ოცნება როდესმე უნდა ასრულებულიყო და 70 წლის შემდეგ ასეც მოხდა.
ვინაიდან, როგორც მამედ ემინ რასულზადემ, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პირველმა თავმჯდომარემ თქვა, “Bir kera yukselen Bayrak, Bir daha Enmaz! (ერთხელ აღმართული დროშა აღარასოდეს დაეცემა!)
მათ ოცნებას დევნილობის ხანგრძლივი, ტკივილიანი გზა უნდა გამოევლო.
ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა და ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე ლიდერმა ძალები პარიზში, ვარშავასა და სტამბოლში გააერთიანეს.
ისეთმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ მამად ემინ რასულ ზადე, ჯეიჰუნ ჰადჯიბეილი, მუსტაფა ვექილი, მარდანბეი ტოპჩიბაშევი, აკაკი ჩხენკელთან, ნოე რამიშვილთან, სპირიდონ კედიასთან და კავკასიის მთიელი ხალხების საუკეთესო შვილებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ჰაიდარ ბამატი და აბდულ-მაჯიდ ჩერმოევი, კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი დააარსეს, რომელიც მოგვიანებით კავკასიის კონფედერაციის საბჭოდ გადაკეთდა და თორმეტი წევრისგან შედგებოდა - თითო ერს ოთხი წევრი წარმოადგენდა.
ქალბატონებო და ბატონებო, მე არ შემიძლია მამედ ემი რასულ ზადეს ციტირება არ მოვახდინო იმ წერილიდან, რომელიც მან 1923 წელს სტალინს მიწერა.
მისი სიტყვები დღეს აქ ბევრისთვის იქნება ნაცნობი:
„ის, რაც დღესდღეობით რუსეთში ხდება, პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდება იმისგან რაც აქ ასი წლის წინათ ხდებოდა. ისევე როგორც მაშინ, რუსეთი ახლაც იერთებს ახალ კოლონიებს. ისტორია ისე შემობრუნდა, რომ ხელისუფლებაში მოსულმა კომუნისტურმა პარტიამ რუსული იმპერიის ხელახლა აღორძინება გადაწყვიტა. ეს მოხდა მმართველი ელიტის იმპერიული ამბიციების შედეგად და მივყავართ სრულიად კონკრეტულ შედეგებამდე“.
ასევე, ნება მიბოძეთ, ციტირება მოვახდინო 1955 წელს მისი დიდებული მიმართვიდან „რადიო თავისუფალ ევროპაზე“ :
„საბჭოთა დიქტატორი სტალინი, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთისგან განცალკევება არის რეაქცია, ხოლო სხვებისგან განცალკევება - რევოლუცია, გარდაიცვალა. მაგრამ მისი ორსახიანი სისტემა - სტალინიზმი ჯერ კიდევ არსებობს. თავისუფლება გლობალური იდეაა. ვიდრე მსოფლიოში ერთი დამონებული ადამიანი და ერთი შევიწროებული ერი დარჩება, მსოფლიო ვერ ნახავს ჭეშმარიტ თავისუფლებასა და უსაფრთხოებას“ .
ქალბატონებო და ბატონებო,
რასულ ზადეს ოცნება არ მომკვდარა და როგორც იქნა, ასრულდა 20 წლის წინათ, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.
საბჭოთა კავშირში გარედან არავინ არ შემოჭრილა და ის ამ გზით არ განადგურებულა.
საბჭოთა კავშირი შიგნიდან ჩამოიშალა, რადგან ხალხს მისი გაძლება აღარ შეეძლო, რადგან ის ცდილობდა ისტორიული კურსის სვლა შეეჩერებინა.
აზერბაიჯანი და საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა დატყვევებული ქვეყანა, კვლავ გათავისუფლდა.
ეს იყო ტურბულენტური და ქაოტური მომენტები და ჩვენ ორივემ საკმარისზე მეტი ომი, ტრაგედია, იმედგაცრუება და დრამა გამოვიარეთ.
მაგრამ ჩვენ დღეს იმაზე თავისუფლად და მყარად ვდგავართ ფეხზე, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.
ამჯერად, უკან დასაბრუნებელი გზა არ იქნება.
ამჯერად, მონობის პერიოდის მოჩვენებები ვერ გადაწონიან თავისუფლების ჩვენს ამჟამინდელ წყურვილს.
ამჯერად, საქართველომაც და აზერბაიჯანმაც შექმნა ისეთი სახელმწიფოებრიობა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია და ისინი თავისუფალი ერების მსოფლიო საზოგადოებაში გაერთიანდნენ; შექმნეს ალიანსები და პარტნიორობები, რომლებიც დაიცავენ მათ დამოუკიდებლობას.
ახლა 2012 წელია და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ 2012 წელს საბჭოთა კავშირის გვამის გაცოცხლების მცდელობები კრახისთვის არის განწირული.
ძვირფასო დეპუტატებო,
ამას წინათ, ზოგიერთმა ნოსტალგიურად განწყობილმა ლიდერმა მოსკოვში ახალი -ძველი იდეა წარმოადგინა - ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა.
მოდით ნუ შევცდებით.
სახელი ოდნავ შეიცვალა, მაგრამ შინაარსი მთლიანად უცვლელია.
ისტორიის განმავლობაში ამ პროექტს ბევრი სახელი ჰქონდა: საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, შეზღუდული სუვერენიტეტის დოქტრინა, გავლენის სფეროების პოლიტიკა, ან, როგორც მას ახლა პროკრემლის კომენტატორებმა უწოდეს -„მიწების შეგროვება“, რითაც ცდილობენ ააღორძინონ ცარიზმის დროინდელი, ყველაზე იმპერიალისტური ტერმინოლოგია.
ამ კავშირს მრავალი სახელი აქვს, მაგრამ - მხოლოდ ერთი მნიშვნელობა: ჩვენთვის, რუსეთის ფედერაციის მეზობლებისთვის, ეს არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, რასულ ზადესა და ჩვენი წინაპრების ოცნების დასასრული.
ეს პროექტი ვერ და არ იქნება წარმატებული.
ის ვერ და არ იქნება წარმატებული, რადგან ხალხი არ დათმობს თავისუფლებას, ერები არ დათმობენ დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებიკი - საკუთარი გზის არჩევის უფლებას.
რუსეთის ლიდერებსაც კი მოუწევთ ამის გაგება.
საბოლოოდ, ისინი მივლენ ამ ნათელ მოსაზრებამდე: უკეთესია გყავდეს ძლიერი მეზობლები, ვიდრე არასტაბილური ვასალები; უკეთესია გარშემორტყმული იყო ბედნიერი და ამაყი ერებით, ვიდრე შურისძიებაზე მეოცნებე იმედგაცრუებული ხალხით; უკეთესია გყავდეს პარტნიორები, ვიდრე - მტრები.
ქალბატონებო და ბატონებო, ძლიერი პროპაგანდისტური მანქანის მიერ გავრცელებული ტყუილების მიუხედავად, სიმართლე ისაა, რომ მე არ მსურს სუსტი რუსეთი და მე ძალიან შორს ვარ რუსეთის ნაციონალური ინტერსების მტრობისგან.
სინამდვილეში, ვოცნებობ რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც იქნება ამაყი და სტაბილური, დარწმუნებული საკუთარ ძალაში და იმაში, რომ სწორი გზით მიდის; ვოცნებობ ქვეყანაზე, რომელსაც არ დასჭირდება სხვების დამცირება თავისი ილუზიური სიდიადის დასამტკიცებლად; ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას თითოეული მისი მოქალაქისთვის და არ შეეცდებოდა ისინი პურის ნაცვლად საშიში ნოსტალგიით გამოეკვება; ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხო, დაცულ, მკაფიო საზღვრებს და არა ისეთზე, რომელიც მუდმივად ცვლის მათ.
ღარიბებს მითები არ ასაზრდოებს და ქვეყნების ფარგლები უფრო რთული დასაცავია, ვიდრე საზღვრები.
რუსი პატრიოტები, ის მამაცი ხალხი, რომელსაც ყველაფერი სურს საკუთარი ქვეყნისთვის, რომელიც არ აგზავნის თავის მილიარდებს საზღვარგარეთ, რომელიც არ აგზავნის გაჭირვებულ თანამოქალაქეებს ყოვლად უაზრო ბრძოლის ველზე, რომელსაც სურს, რომ რუს ხალხს დაუბრუნოს სუსტი ხელისუფლების მიერ მითვისებული ძალაუფლება, არ არიან ჩვენი მტრები.
ისინი უარყოფენ 90-იანი წლების ე.წ. ლიბერალიზმს, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ გიგანტურეი ძარცვა იყო რუსეთის შიგნით და წარმოადგენდა იმპერიალისტურ ომებს კავკასიაში.
ისინი უარყოფენ 2000-იანი წლების ე.წ. ძალაუფლების ვერტიკალს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება 90-იანი წლების ლიბერალიზმისგან, მაგრამ კავკასიის იმპერიალისტური ომებისა და რუსეთის შიგნით გიგანტური ძარცვის უცვლელ ნაზავად რჩება.
უცხოურ ბანკებში შეტანილი მილიარდები და თავიანთ საზღვრებზე მოძველებული ომების თანაფარდობა, ამ ორი რეჟიმის საერთო წესია.
მათ ისევე სურთ ძლიერი რუსეთი, როგორც ჩვენ - ძლიერი საქართველო, ან ძლიერი აზერბაიჯანი.
ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ჩვენი ძმები. მათ სურთ თავიანთი ქვეყნისთვის ის, რაც ჩვენ საკუთარი ქვეყნებისთვის გვინდა.
ერთ დღესაც, ჩვენ მათთან ერთად შევქმნით მშვიდობისა და თანამშრომლობის საერთო სივრცეს.
ჩვენ ამას ენთუზიაზმით გავაკეთებთ, რადგან ვერ შევცვლით გეოგრაფიას და ვერ წავშლით ისტორიას.
ჩვენ ეს არ შეგვიძლია და არც გვსურს. ეს არის ჩვენი საერთო ადგილი, ეს არის ჩვენი საერთო ისტორია.
რუსეთთან საერთო წარსული და ერთად ასაშენებელი მომავალი გვაკავშირებს.
ამ აზრს ვერაფერი შეგვაცვლევინებს - ამ მომავლის სახელი ევროკავშირი და ნატო იქნება.
და ეს არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების აუცილებელ გაწყვეტას - ეს ამას არ უნდა ნიშნავდეს!
მოგეხსენებათ, საქართველომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
ეს იყო 140 მილიონი რუსისთვის მოსაწვევის გაგზავნის ტოლფასი: ჩვენ გელოდებით თქვენ, როგორც ტურისტებს, ბიზნესმენებს, მსახიობებს, მწერლებს, ჩვენ მოგესალმებით, ისე როგორც სტუმრებს და პარტნიორებს, მაგრამ - არა როგორც ოკუპანტებს.
მათ, ვინც ამ გაწვდილ ხელს უარყოფს; მათ, ვისაც სურს მენტალური და ფიზიკური კედლების აშენება; მათ, ვისაც კვლავაც მიაჩნია ევროკავშირისა და ნატოს გაფართოება საფრთხედ, მსურს ვუთხრა, რომ ცივი ომი 1991 წლის დეკემბრის ერთ ბედნიერ დღეს დასრულდა. მინდა მათ ვუთხრა: არ არსებობს რაიმე საიდუმლო გეგმა ბრუსელში ან ვაშინგტონში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ სუვერენიტეტს და სიახლეებთან ბრძოლის ნაცვლად, ცვლილებებს უნდა შეეგებონ. ყოველივე ეს მათ უნდა დაიწყონ იმით, რომ შეწყვიტონ ხალხის მიწების ოკუპაცია, ენთიკური წმენდა და განსხვავებული რელიგიური ჯგუფების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.
ყველა დანარჩენისათვის მე მხოლოდ ერთი სიტყვა მაქვს სათქმელი: მოგესალმებით!
მოგესალმებით ჩვენი მოგობრებისა და პარტნიორების წრეში.
ქალბატონებო და ბატონებო,
თუ დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ალიანსი არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს, ეს დიდწილად ჩემი ძალიან ახლო მეგობრის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხედულებებისა და ხელმძღვანელობის დამსახურებაა, ასევე იმის, რომ ჩვენი ორი მთავრობა რეგიონის მომავალს იდენტურად ხედავს.
ჩვენ გვსურს, რომ უახლოეს წლებში ეს კავშირი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ. გუშინ ის კონკრეტული და შთამბეჭდავი პროექტები განვიხილეთ, რომლებიც თანაბარ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს.
ჩვენ ვახორციელებთ ახალ ენერგეტიკულ პროექტს, ვაშენებთ ახალ რკინიგზას, ასევე შევთანხმდით ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საერთო განაცხადი შევიტანოთ... სხვა ბევრი საერთო პროექტიც გვაქვს.
არავინ არ უნდა იდარდოს ამის თაობაზე.
ჩვენი ალიანსი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.
თუ ნებას დამრთავთ ვიყო პოეტური, ვიტყვი, რომ ეს სიყვარულივითაა: არ შეიძლება გიყვარდეს ვიღაც იმიტომ, რომ გძულს სხვა. შენ უბრალოდ გიყვარს.
სიყვარულზე საუბრისას და ჩემი საუბრის დასასრულს, არ შემიძლია არ ვახსენო სიყვარულის, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, აზერბაიჯანულ-ქართული მეგობრობის ყველაზე ლამაზი ძეგლი ყურბან საიდის ცნობილი რომანი „ალი და ნინო“.
შარშან, ჩვენ გავხსენით უნიკალური მოძრავი ქანდაკება „ალი და ნინო“ , რომელიც ქალაქის ღირშესანიშნაობა და სიმბოლო გახდა.
ეს სიყვარულის, თავისუფლებისა და კავკასიის ჰიმნი მთელ საქართველოში გავრცელდა.
ნინო ჭავჭავაძის შთამომავალთან, ნინო ყიფიანთან აზერბაიჯანელი დიდგვაროვნის შვილიშვილის ალი ხან შირვანშირის, სიყვარულის ისტორია, რომელმაც მეფის გენერალი ციციანოვი მოკლა, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი დრამა და ის ასახავს კავკასიის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
მიუხედავად მათი განსხვავებული ბედისწერისა და წარმომავლობისა, მათ აერთიანებთ სიყვარული ერთმანეთისა და თავისუფლებისადმი.
წიგნს ტრაგიკული დასასრული აქვს.
როგორც იცით, ალი სიცოცხლეს გამოასალმეს ბოლშევიკებმა, რომლებიც აზერბაიჯანში შეიჭრნენ.
მისი საუკეთესო მეგობარი, ილიას ბექი წერს: „ალი ხან შირვანშირი დაიღუპა ხუთ საათსა და თხუთმეტ წუთზე განჯის ხიდზე, გამთენიისას, რუსების შემოტევამდე ცოტა ხნით ადრე. ჩვენ იგი მეჩეთის ეზოში დავკრძალეთ. ჩვენი რესპუბლიკაც ისე დაიღუპა, როგორც ალი ხან შირვანშირი“.
ჩემო აზერბაიჯანელო დებო და ძმებო, რისი გაკეთებაც დღეს ერთად შეგვიძლია არის ის, რომ ხელახლა დავწეროთ „ალის და ნინოს“ დასასრული.
ჩვენ შეგვიძლია ტრაგიკული წარსული ბედნიერ დასასრულად ვაქციოთ.
ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდეც იმას, რომ ალის და ნინოს სიყვარული უცხოელმა დამპყრობლებმა არასდროს აღარ გათელონ.
ჩვენ შეგვიძლია და უზრუნველვყოფთ კიდეც იმას, რომ დღევანდელმა და ხვალინდელმა ალიმ და ნინომ იცხოვრონ თავისუფალ, ბედნიერ, წარმატებულ ქვეყნებში, დატკბნენ საკუთარი სიყვარულითა და თავისუფლებით, შორს ომისგან, ყოველგვარი ზემოქმედებისა და დაქსაქსვისგან.
ეს შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება.
ეს უკვე ხდება!
ერთხელ აწეული დროშა აღარასდროს ჩამოვარდება!