ჩემო ძვირფასო დმანისელებო,
უპირველესად, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ აქ, პრაქტიკულად, მთელი საზოგადოება შეიკრიბა.
ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი საქართველოს დამკვიდრებაა მსოფლიო რუკაზე - ჩვენი ქვეყნის რაიონები, კუთხეები, რომლებსაც ადრე არავინ იცნობდა, ყველასთვის ნაცნობი უნდა გახდეს.
ადრე რომ გეკითხათ, ათიდან ცხრა ადამიანი ვერ გეტყოდათ სად იყო თქვენი რაიონი, მაგრამ დროა მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდეს საქართველოს ყველა კუთხე, განსაკუთრებით კი ის ადგილები, რომლებიც ადრე ყველაზე დაჩაგრული იყო.
მთლიანად საქართველოს უნდა დავუმკვიდროთ სათანადო ადგილი მსოფლიო რუკაზე, ყველას უნდა გავაცნოთ და დავანახოთ რამდენად კარგი ხალხი ცხოვრობს აქ.
ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებით, გაძლიერებით, ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნითა და სიღარიბის მაქსიმალურად დაძლევით არის შესაძლებელი.
მინდა გითხრათ, რომ ეს საავადმყოფოები მხოლოდ ლამაზი შენობები არ არის, თითოეული მათგანი უფრო დიდი იდეის მატარებელია. ადრე კარგ პირობებში, გამთბარ და განათებულ პალატებში მკურნალობის, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის საშუალება მხოლოდ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს თუ ჰქონდათ, ახლა ეს ყველასათვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ხელმისაწვდომია. ეს ვარდების რევოლუციის შედეგია.
ადრე პრივილეგირებული ადამიანები აკონტროლებდნენ ყველაფერს, მარტო მათ ჰქონდათ ელექტროენერგია - ზოგიერთს გენერატორის საშუალებით, ზოგს კი - სხვისგან გადმოყვანილი ხაზებით.
კარგი განათლების მიღებაც მხოლოდ მათი შვილების პრივილეგია იყო, მხოლოდ მათ ჰქონდათ კარგი მანქანები, მიუხედავად იმისა, რომ გზები არ იყო კარგი.
დღეს ჩვენი მთავარი მიზანია ადამიანებს შორის თანასწორობის პრინციპი დავამკვიდროთ. ამიტომ, ყველგან კეთდება გზა, შენდება და რემონტდება საავადმყოფოები და სკოლები.
თუ თქვენს რეგიონში სკოლების რეაბილიტაცია ჯერჯერობით არ დაწყებულა, მალე აქაც აუცილებლად დაიწყება, რათა თქვენმა ბავშვებმაც ისეთივე სკოლებში იარონ, როგორშიც მდიდარი ქვეყნების მოქალაქეებისა თუ მდიდარი ოჯახების შვილები დადიან.
ჩვენს მოქალაქეებსაც ჯანდაცვის ისეთივე სისტემაზე უნდა მიუწვდებოდეთ ხელი, როგორზეც მდიდარ ხალხს და მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებს მიუწვდებათ.
რა თქმა უნდა, ცხოვრების ასეთი პირობები სახლებში ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ აღმშენებლობა რაღაცით უნდა დაგვეწყო.
იმისათვის, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, უპირველესად, თვითონ ჯანდაცვა უნდა შეგვექმნა.
დღეს ჩვენ ვაშენებთ ახალ საავადმყოფოებს, რომლებშიც მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის - წელს ვგეგმავთ პენსიონერთა და ხუთ წლამდე ბავშვების მასობრივი დაზღვევის პროგრამის განხორციელებას.
წელს სოციალურად დაუცველ კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავაზღვევთ. ამ რაიონშიც საზოგადოების უმეტესობას ექნება სადაზღვევო პოლისი.
ეს საავადმყოფო უცხოელებისთვის კი არა, ადგილობრივებისთვის შენდება, იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი თავს დაცულად გრძნობდეს.
ადრე ძალიან „მარტივად“ იყო ყველაფერი - თბილისში, ჩამონგრეულ საავადმყოფოებში უნდა წავსულიყავით, გრძელ რიგში ჩავმდგარიყავით, შემდეგ ფული ჩაგვედო ექიმებისათვის, საცოდავად და სამადლოდ გაგვეთენებინა ღამე ნათესავებთან და ახლობლებთან... ზოგიერთი საერთოდ ქუჩაში ელოდა ნათესავების გამოჯანმრთელებას...
იმ ქვეყანაში არაფერი არ იყო ხალხისთვის.
ჩვენ აქ ძალიან ბევრი ექიმი გვყავს, ასევე მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც ეს საავადმყოფოები ააშენა, თუმცა, მსურს, კიდევ ერთხელ მკაცრად აღვნიშნო ის, რაც წინა შეხვედრაზეც ვთქვი - ღმერთმა არ ქნას, რომ ექიმებმა და, ზოგადად, სამედიცინო პერსონალმა ხელფასები დროულად არ მიიღოს.
ღმერთმა არ ქნას, რომ ამ საავადმყოფოებში, ამ ახალ შენობებში თუნდაც ერთი ან ორი კვირით მაინც დარჩეს რომელიმე მუშაკი უხელფასოდ ან ისევ დაბალი ხელფასის ამარა და ამის გამო პაციენტის ხელისშემყურე გახდეს; ისევ მისი მიტანილი ძღვენის იმედად ცხოვრობდეს.
ალბათ გახსოვთ, ჩვენს სკოლებში ადრე თითო-თითო ლარს კრებდნენ-ხოლმე, რათა ასეთ ზამთარში, როგორც ახლა გვაქვს საქართველოში, სკოლები არ გაყინულიყო. მშობლებს 2 ან 5 ლარი უნდა შეეკრიბათ და ამ ფულით შეშა და საკვამურები ეყიდათ, რომლებიც საკლასო ოთახების ფანჯრებში გადიოდა. პრაქტიკულად, სკოლებს არჩენდნენ მშობლები.
ექიმებს და მედდებს არჩენდნენ ავადმყოფები და მათი ოჯახის წევრები; ხალხი ინახავდა, ასევე, პოლიციელებს; სახელმწიფო აპარატი საზრდოობდა საზოგადოებისგან გამოძალული ფულით.
ახლა ყველაფერი შემოტრიალდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმეს ახალს ვაკეთებთ, ისევ იკრიბებიან სხვადასხვა ძალები და ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დაგვამხონ და წარსული დააბრუნონ.
თუმცა, ეს არ მოხდება და გეტყვით რატომ - მათ საქმე აქვთ არა სააკაშვილთან, არა ამ მთავრობის რომელიმე წევრთან, არამედ ქართველ ხალხთან და მის დაუოკებელ სურვილთან იცხოვროს უკეთესად, შეინარჩუნოს აღდგენილი ღირსება, აღარასდროს დაბრუნდეს კრიმინალი, კორუფცია, ამპარტავანი და ერთი მუჭა ძალიან დანუდობელი და ძალიან ცუდი ხალხი.
ერთ მხარეს არის სიბნელე, ხოლო მეორე მხარეს - სინათლე; ერთ მხარეს არის წარსული, მეორე მხარეს კი - მომავალი.
სინათლე ყოველთვის გაიმარჯვებს სიბნელეზე, მომავალი ყოველთვის გაიმარჯვებს წარსულზე და სიკეთე ყოველთვის დაამარცხებს ბოროტებას.
ეს რომ ჩვენი ისტორია არ ყოფილიყო, სხვაგვარად ვერც ვიარსებებდით.
ჩვენ ძლიერი მტერი გვყვავს, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის ნაწილი დღესაც დაპყრობილი აქვს. აქაც ცხოვრობს იმ ტერიტორიებიდან გამოძევებული ხალხი, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ -ჩვენ უნდა განვვითარდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავძლიერდეთ.
ჩვენ უნდა ვაშენოთ, დავაგოთ გზები, შევქმნათ ახალი ქალაქები, მივხედოთ არსებულ დაბებსა და სოფლებს, ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა, ერთი ჰექტარი მიწაც არ უნდა დაგვრჩეს დაუმუშავებელი და ჩვენ ბავშვებს მსოფლიოში საუკეთესო განათლება უნდა მივცეთ.
ავადმყოფები და დაუცველი ადამიანები ყველაზე კარგი ჯანდაცვით უნდა უზრუნველვყოთ მთელ მსოფლიოში. თუკი გავძლიერდებით და წინ წავალთ, ჩვენი მტერი აუცილებლად დამარცხდება, რადგან ის უსამართლობას ემყარება.
საქართველოში სამართალი დაბრუნდა და ხალხს აღარ ეშინია ქუჩაში გამოსვლა; ხალხს ნაკლებად ეშინია ხვალინდელი დღის და ჩვენ ბავშვებს მომავლის იმედი გაუჩნდა; რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია.
ვიცი, რომ ქვეყანაში დიდი უმუშევრობა და წარმოუდგენელი გაჭირვებაა, მაგრამ ერთია ის, რომ ხელები ჩამოგვეშვა და გვეთქვა: ასეა და ასე იქნება ყოველთვის და მეორეა ის, რომ ვთქვათ: ასე არის, მაგრამ ასე არ უნდა იყოს - უნდა წავიდე წინ.
ჩვენ უკვე დავიწყეთ მოძრაობა წინ და რა თქმა უნდა, ეს გრძელი გზაა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გადავლახოთ, მაგრამ უკან ვეღარავინ მოგვაბრუნებს.
დებო და ძმებო, ჩემო შვილებო, ყველაზე მეტად ყველას გვიხარია-ხოლმე ის, რომ ასეთ შეხვედრებზე მოდიან ბავშვები.
ყოველთვის არავინ არ იქნება მთავრობაში, მაგრამ ის, რასაც ვაკეთებთ, მომავალ თაობას დარჩება. ჩვენი მომავალი ბავშვებია, ეს ვაჟკაცები დაიზრდებიან და სწორედ ესენი ჩაიბარებენ ქვეყანას.
აქ ყველაზე მაგარი ხალხი ხართ და ნახავთ, რომ მიზანს ყველანი ერთად მივაღწევთ.
დიდი მადლობა.