სიახლეები
13.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა
მიხეილ სააკაშვილი დღეს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრა და ახლადაშენებული საზოგადოებრივი მისაღები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან ერთად დაათვალიერა. ხათუნა კალმახელიძემ ქვეყნის პირველ პირს ის სერვისები გააცნო, რომლებიც პატიმრების სანახავად მისული ახლობლებისა და ოჯახის წევრებისთვის პროცედურების გამარტივებისა და კომფორტის შექმნის მიზნით დაინერგა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ძველსა და ახალ სისტემას შორის განსხვავება სწორედ ამ ადამიანებმა იგრძნონ. მიხეილ სააკაშვილმა ციხეების განტვირთვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პატიმართა რაოდენობის შესამცირებლად, სასჯელის მოხდის ალტერნატიული პროგრამები უნდა შემუშავდეს. საზოგადოებრივ მისაღებში იგი მაღალკვალიფიციურ საზოგადოებრივ კონსულტანტებსაც გაესაუბრა, რომლებმაც რამდენიმე ეტაპიანი სპეციალური მომზადების პროგრამა გაიარეს.
"იმ ოჯახებს, რომელთა წევრებმაც დანაშაული ჩაიდინეს და ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამით მაინც უნდა გავუმარტივოთ ყოფა. ეს არის განსხვავება ძველსა და ახალ სისტემას შორის, რადგან ხალხის დამცირება ყველაზე მეტად აქ ხდებოდა. ეს სისტემა მთლიანად ორიენტირებული იყო ხალხის დამცირებაზე, მათ გამწარებასა და შევიწროებაზე; ისინი ამით საზრდოობდნენ - ფულსაც აკეთებდნენ და სიამოვნებასაც იღებდნენ. ახლა სრულიად განსხვავებული რამ იქმნება, რაც ჩვენი დანარჩენი სახელმწიფოებრივი სერვისების გაგრძელებაა. ჩვენ უამრავი გზა გვაქვს იმისათვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები განვტვირთოთ. თუ შესაძლებელია, რომ ადამიანი ციხეში არ იჯდეს, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაგრამ თუ ისეთ დანაშაულს ეხება საქმე, რომლის ჩამდენიც საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს, პატიმრის ოჯახის წევრები ამით მინიმალურად აღმოჩნდნენ დაზარალებული. ის, რომ დღესდღეობით ქუჩაში გადაადგილება უსაფრთხოა, ასევე იმის შედეგია, რომ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, ამისათვის პასუხს აგებენ. მეორე მხრივ, ეს ადამიანები ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნორმალურ ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ. ამიტომ, ამ ხალხს მაქსიმალურად ღირსეული პირობები უნდა შევუქმნათ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საზოგადოებრივ მისაღებში რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც წინასწარ, ისე დანიშნული პაემნისთვის. ასევე პატიმრის ახლობლებს შეუძლიათ მიიღონ საჭირო ინფორმაცია და კონსულტაცია მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. დამატებითი სერვისის სახით, ვიზიტორები ისარგებლებენ საბანკო სერვისით, უფასო ინტერნეტი და უფასო იურიდიული კონსულტაციით. ბავშვიანი ვიზიტორებისთვის აქვე მოწყობილია საბავშვო კუთხეც.