სიახლეები
17.01.2012
მიხეილ სააკაშვილმა ნოქალაქევის საჯარო სკოლის ახალი შენობა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახლადაშენებული სკოლა გახსნა, რომელიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მიხეილ სააკაშვილმა სკოლის შენობა დაათვალიერა და კომპიუტერულ ლაბორატორიაში ე.წ. ჭკვიანი დაფის (smart board) გამოყენებით ახალ პროექტს გაეცნო. პროექტი განათლების სამინისტროსა და Intel-ის მიერაა ინიცირებული. ის მომხმარებელს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში ზოგადი განათლების სამივე საფეხურისთვის საგანმანათლებლო რესურსებს სთავაზობს.
„ეს არის თანასწორობის იდეა - უმაღლესი დონის საავადმყოფოები და ასეთი თანამედროვე სკოლები ქმნის თანასწორობის იდეას. ადრე ზოგს შეეძლო ბავშვის რეპეტიტორებთან მომზადება და ზოგს - არა; ვიღაცას შეეძლო უკეთესი პერსპექტივა შეექმნა საკუთარი შვილისთვის, ვიღაცას - არა. დღეს ყველას ერთნაირი პირობა აქვს შექმნილი, რაც ამ იდეის განხორციელების წინაპირობაა. მათ, ვისაც წარსულში დაბრუნება სურთ, სწორედ ეს უხეთქავს გულს. ეს საავადმყოფოები და სკოლები, ანადგურებს ერთ მუჭა, არცთუ დამსახურებული ხალის პრივილეგიას, დანარჩენებს ზემოდან უყუროს. სწორედ ეს აძლევს ყველას თანაბარ შანსს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიოს და ეს ბავშვები მართლაც მიაღწევენ უდიდეს წარმატებას. თბილისში 2-3 კარგი კერძო სკოლა ვნახეთ, მაგრამ ეს ბევრად უკეთესად არის გაკეთებული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირი ინგლისური ენის გაკვეთილსაც დაესწრო და უცხოელ მასწავლებელსაც გაესაუბრა, რომელიც საქართველოში პროექტის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ჩამოვიდა. სოფელ ნოქალაქევის სკოლის ორი წარჩინებული მოსწავლე პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
მიხეილ სააკაშვილი სკოლის ეზოში შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობისგან მადლობაც მიიღო.
ახლადგახსნილ სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის კომფორტულად წარმართვისთვის ყველა საჭირო პირობა აქვთ შექმნილი. აქ ფუნქციონირებს „აინშტაინის“ სასწავლო ლაბორატორია; ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების კაბინეტი; ბიბლიოთეკა; საშხაპეებითა და გასახდელებით უზრუნველყოფილი სპორტული დარბაზი; იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო მოწყობილობები ესაჭიროებათ, მოწყობილია პანდუსი და რესურსოთახი.
ნოქალაქევის სკოლის შენობა 300 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად, იქ 200-მდე მოზარდი სწავლობს და 27 პედაგოგი მუშაობს, რომელთაგან რამდენიმე სერტიფიცირებულია.