Google+

სიახლეები

14.01.2012
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვაქვს სახელმწიფო აპარატი, რომლითაც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეიძლება იამაყოს

უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ მსურს მოგესალმოთ. 

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უკვე თითოეული თქვენგანი, თითოეული მეზღვაური გუშინდელი დღიდან ძალიან ახლობელია ჩემთვის. 
იმედი მაქვს, ოჯახთან ერთად ყოფნის და ახალი ბათუმის დათვალიერების დრო გქონდათ. 
მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ყოველ თქვენგანს წარმოუდგენელი გამძლეობისა და ღირსების გამოვლენისთვის. 
სიმბოლურია, რომ მსურს, უპირველესად, კაპიტანს, თქვენი ეკიპაჟის მეთაურს მემედ ზაქარაძეს გადავცე ღირსების ორდენი. 
ბატონი მემედი მრავალი წელია ამ სფეროში მსახურობს. მას ბევრი დამსახურება აქვს და ბევრი ახალგაზრდა მეზღვაური ჰყავს აღზრდილი, თავადაც ძალიან კარგი სკოლის წარმომადგენელია - ჩვენი ზღვაოსნების სკოლის, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. 
ამ სკოლას ჩვენ ახლა ვაღორძინებთ, ვაძლიერებთ იმით, რომ ისევ გაგვყავს საერთაშორისო ასპარეზზე და მისი რეპუტაცია მთელ მსოფლიოში გაგვაქვს.
რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი ჩვენთვის ფასდაუდებელია. 
თქვენ იცით, რომ ჩვენ ახლა საზღვაო აკადემიას და ზოგადად, სერთიფიცირების საკითხს, ამ სფეროს რეკლამირებას და ახალგაზრდობის მოზიდვას სერიოზულად მოვკიდეთ ხელი. 
ამიტომ, ბატონო მემედ, თქვენი და თქვენნაირი პროფესიონალების  გამოცდილება ძალიან გამოგვადგება. 
არა მხოლოდ თქვენი ოჯახის წევრები და საქართველოს მთავრობა, არამედ ბევრი ჩვენი თანამემამულე განიცდიდა თქვენს ამბავს. 
თქვენი გათავისუფლება ყველას მრავალთვიანი მოლოდინი იყო. 
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აჭარის მთავრობის თავჯდომარე მუდმივად  მუშაობდა ამ საკითხებზე, მუდმივად აწუხებდა ყველას, ყველგან რეკავდა და დარბოდა. 
ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდა სხვადასხვა თანამდებობის პირთა მთელი პლეადა, რომელთათვის მთავარი საზრუნავი არის ერთი - საკუთრი ხალხი, რაც საქართველოში ბოლო ეპოქების განმავლობაში არასდროს ყოფილა. 
ლევან ვარშალომიძეს ბევრი სხვა დამსახურება აქვს და ვფიქრობ, ამას ყველანი დაეთანხმებით, მაგრამ ჩემთვის ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმია ის, თუ რამდენად შეუძლია მას ხალხზე ფიქრი და ხალხის ცხოვრებით არსებობა, ხალხის ცხოვრებით სუნთქვა და მისთვის საქმის კეთება. 
ლევანი აჭარის მთავრობის ისეთი ხელმძღვანელია, რომელიც რეგიონის ნებისმიერი მკვიდრის კანონიერი და სამართლიანი ინტერესების გამო, არავის არაფერს არ დაუთმობს. ამას ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ. 
ეს თვისება ლევანს ბევრ მეგობარსაც უჩენს და ბევრ პრობლემასაც, ასეთ შემთხვევაში ყველამ იცის, რომ არ არის პატარა ინტერესი, არ არსებობს ცალკეული ადამიანი, რომლისთვისაც ვარშალომიძე ბოლომდე არ იბრძოლებს. 
ვფიქრობ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მისთვის მეტად დამსახურებული ჯილდოა, მით უმეტეს, რომ აქამდე მას არც ერთი სახელმწიფო ჯილდო არ აქვს მიღებული.
ამ თვეების და, საერთოდ, ბოლო პერიოდის მთავარი გმირი იყო გიორგი კარბელაშვილი. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ გუშინდელი დღიდან გიორგი საავადმყოფოშია - აფრიკაში სიარულის დროს, მას რომელიღაც აფრიკული ვირუსი შეეყარა.  გუშინ თვითმფრინავში უკვე თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ ეს დაღლილობას მივაწერეთ. წუხელ მას ძალიან მძიმე ღამე ჰქონდა, მაგრამ დღეს ექიმები ამბობენ, რომ უკვე არანაირი საფრთხე აღარ არსებობს. 
ამიტომ, არ მინდა გადავდო მისი დაჯილდოება.
კიდევ კარგი, იქ ყოფნის დროს თქვენ არ დაგემართათ რაიმე,  თორემ ნამდვილად არ გექნებოდათ ის პირობები, როგორშიც ახლა გიორგის მკურნალობენ. 
მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც გავზარდეთ სახელმწიფო მოხელეთა მთელი პლეადა. ეს ყველაზე მეტად არ მოსწონს ჩვენს არაკეთილმოსურნეებს. მათ არ ესმით და ახრჩობთ ის ფაქტი, რომ გაიზარდა ხალხი, რომელსაც გულწრფელად მიაჩნია თავისი ხალხის და ქვეყნის ინტერესები უპირველესად. 
გიორგი სხვადასხვა თანამდებობაზე უკვე ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მუშაობს, მაგრამ პირადად მაქვს ნანახი როგორ მოკრძალებულად და უბრალოდ ცხოვრობს. 
არის ბევრად უფრო მაღალი რამ, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა ან პირადი გამორჩენა. ადამიანისთვის კარგი და კეთილი საქმის კეთებაზე დიდი ჯილდო არ არსებობს. 
გიორგი კარბელაშვილმა ააწყო საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან დაგვეხმარა რუსეთის შეტევების მოგერიებაში.  
წლების წინათ იგი გახდა თბილისის ვიცე-პრემიერი, როდესაც თბილისის საკრებულოს  არჩევნებში მაშინდელი ოპოზიციის სახით გავიმარჯვეთ. 
მან უდიდესი როლი შეასრულა თბილისში საბავშვო მოედნების გაკეთებაში; პირველკლასელებისთვის უფასო სახელმძღვანელოების დარიგების პროგრამაც მასთან ერთად განვახორციელეთ. 
ომის ღია სტადიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მან ხელახლა ააწყო სარადარო სისტემა, რომელიც დამპყრობელმა გაგვინადგურა. 
მისი ხელმძღვანელობით აშენდა ბათუმის ახალი აეროპორტი და ლევანი ამის მომსწრეა. 
გიორგის ხელმძღვანელობით 2 თვეში აშენდა მესტიის აეროპორტი. ასეთ მცირე დროში აეროპორტი, ალბათ, არსად  არ აშენებულა და ამის გამო, ვფიქრობ, გინესის რეკორდებშია შესაყვანი.
იგი დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს აშენებს. 
მას ძალიან ბევრი კეთილშობილი საქმე აქვს გაკეთებული ყოველგვარი რეკლამის, თავის გამოჩენისა და პიარის გარეშე. 
ვინაიდან მეზღვაურთა გათვისუფლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა იყო, ვთხოვე ამ საქმეს სათავეში ჩადგომოდა, რადგან მას დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს მიღებული (იგი აწარმოებდა მოლაპარაკებას სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო და სატრანსპორო ორგანიზაციებთან; იმის გამო რომ ასლან აბაშიძისა და ედუარდ შევარდნაძის დროს განათლების სისტემაში კატასტროფა მოხდა, წინა მთავრობის მმართველობის ბოლო თვეებში ჩვენი მეზღვაურები და საავიაციო კომპანიები შავ სიაში მოხვდნენ. საავიაციო კომპანიები უკვე გადის შავი სიიდან და მეზღვაურებსაც აუცილებლად გავიყვანთ, რათა ხალხი უმუშევარი და მშიერი არ დარჩეს. ეს ამ კაცის ბრძოლის შედეგია). 
ამ საქმეში იგი მეტად გავლენიან ხალხს და ინტერესებს დაუპირისპირდა, მათ შორის ფინანსურს, მაგრამ ერთი წამითაც არ დაუხევია უკან, რადგან საქმეს ასე სჭირდებოდა.
ჩვენ ვმოქმედებთ ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რაღაც კლანური ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ეს ადრე, წინა მთავრობების დროს ხდებოდა საქართველოში. 
ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მინდა ვთქვა - ეს მოლაპარაკება იმდენჯერ შევიდა ჩიხში, რომ ბოლოს უკვე თავადაც გამიჩნდა ეჭვი სასურველ შედეგის მიღწევასთან დაკავშირებით, მაგრამ კარბელაშვილი ამბობდა: აუცილებლად გამოგვივა და დაწყებული პროცესი ყველა შემთხვევაში ბოლომდე უნდა მივიყვანოთო. 
ამის გამო, მინდა გიორგის თქვენი სახელით სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ ეს ასეც მოხდება.
არ ვიცი საავადმყოფოში წაუღებენ ორდენს თუ თვითონ წაიღებს საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, მაგრამ კონკრეტული შედეგებისთვის მას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით ვაჯილდოებთ.
გარეთ ახლა დიდი კონცერტი იმართება - ქართული ესტრადის თითქმის ყველა ვარსკლავი ჩამოვიდა თქვენს მისასალმებლად. 
მინდა გთხოვოთ, რომ აქედან ხალხთან გადავინაცვლოთ და ჩვენს ვარსკლავებს დავენახოთ. 
მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ ხალხს, ვინც ყველაფერი ეს გააკეთა. 
ჩვენ გვყავს სახელმწიფო აპარატი, რომლითაც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეიძლება იამაყოს. ეს აპარატი მუშაობს იმისთვის, რომ დაუძლეველი ამოცანებიც გადაჭრას. 
იქ ჯერ კიდევ 600-ზე მეტი ადამიანია ტყვედ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან. 
მართალია, რთულად და დიდი პერიოდის შემდეგ, მაგრამ ჩვენ და რამდენიმე სხვა ქვეყანამ დატყვევებულთა გათავისუფლება მაინც შევძელით.  ჩვენებისთვის გადაუწყვეტელი ამოცანა ნამდვილად არ არსებობს. 
თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობას მოგახსენებთ გამძლეობისთვის.
ისიც მინდა აღვნიშნო, რომ  საოცარი გამბედაობა,  გამძლეობა გამოიჩინეს თქვენი  ოჯახის წევრებმაც და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ერთმანეთის მხარში ედგნენ.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა მათი ვაჟკაცური, ქართული ხასიათი და არა მხოლოდ ლხინში - როგორც ხდება-ხოლმე. 
მეზღვაურის ცხოვრება დალხენილი არასდროს არ არის და ეს ყველაზე დიდი გაჭირვების დროს გამოჩნდა, როგორიც შეიძლებოდა მათ ოდესმე გადაეტანათ. ამას ძალიან ცოტა ქვეყნის შვილები და მოქალაქეები თუ ახერხებენ.
გმადლობთ!
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)