Google+

სიახლეები

14.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართველი მეზღვაურების კაპიტანი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ტყვეობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა სომალიში მეკობრეთა ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გიორგი კარბელაშვილი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. 

„სამწუხაროდ, გიორგი კარბელაშვილი გუშინდელი დღიდან საავადმყოფოშია - აფრიკაში ვირუსი შეეყარა და თვითმფრინავშიც ცუდად გრძნობდა თავს. წუხელ მას მძიმე ღამე ჰქონდა, მაგრამ ექიმებმა დამიდასტურეს, რომ დღეს საფრთხე უკვე აღარ არსებობს, ამიტომ არ მინდა გადავდო მისი დაჯილდოება... მინდა, გიორგის თქვენი სახელითაც ვუსურვო სწრაფი გამოჯანმრთელება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 
მიხეილ სააკაშვილმა გიორგი კარბელაშვილის დამსახურებებზეც ილაპარაკა და მისი წინაპრებიც გაიხსენა, რომლებიც ეროვნულ საქმეს დიდი რისკის ფასად აკეთებდნენ. 
„სხვათა შორის, ქართულმა ეკლესიამ ბაბუამისი წმინდანად გამოაცხადა. ძმები კარბელაშვილები, რომლებიც ქართული საგალობლების ყველაზე დიდი შემგროვებლები იყვნენ, დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებდნენ. იმ პერიოდში ეს მეტად სარისკო საქმე იყო. გიორგი ძმები კარბელაშვილების უშუალო შთამომავალია და სამშობლოს სამსახური, ალბათ, გენეტიკურად მოსდევს. ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ ეს რთული საქმე გამოვიდა და მინდა მივულოცო მასაც ეს ჯილდო“, - განაცახადა მიხეილ სააკაშვილმა.  
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურთა გათავისუფლების საქმეში ასევე აჭარის მთავრობის თავჯდომარის ლევან ვარშალომიძის წვლილის შესახებ ისაუბრა, რომელიც  ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. 
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აჭარის მთავრობის თავჯდომარე მუდმივად  მუშაობდა ამ საკითხებზე, მუდმივად აწუხებდა ყველას, ყველგან რეკავდა, დარბოდა... ვფიქრობ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდა სხვადასხვა თანამდებობის პირების მთელი პლიადა, რომელთათვის მთავარი საზრუნავი არის ერთი - საკუთრი ხალხი. საქართველოში ეს არც ერთ ბოლო ეპოქაში არ ყოფილა. ვფიქრობ, ლევან ვარშალომიძეს ბევრი სხვა დამსახურებაც აქვს და, ვფიქრობ, ამას ყველანი დაეთანხმებით. თუმცა ჩემთვის ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმია ის, თუ რამდენად შეუძლია მას ხალხზე ფიქრი და ხალხის ცხოვრებით არსებობა, მისი ცხოვრებით სუნთქვა და საქმის კეთება. არ არსებობს ცალკეული ადამიანი, რომლისთვისაც ლევან ვარშალმიძე თავდაუზოგავად არ იბრძოლებს. ვფიქრობ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მისთვის დამსახურებული ჯილდოა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 
მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენი მეზღვაურთა კაპიტანს მემედ ზაქარაძეს გადასცა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ამ სფეროს განვითრების საქმითვის ძალზე მნიშვნელოვანია. 
„მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ყველა მეზღვაურს, თითოეულ თქვენგანს წარმოუდგენელი გამძლეობისთვის, წარმოუდგენელი ღირსების გამოვლინებისთვის და უპირველეს ყოვლისა,  კაპიტანს მემედ ზაქარაძეს ღირსების ორდენი გადავცე. ეს სიმბოლურია, რადგან სწორედ ის წარმოადგენს თქვენს ეკიპაჯს. იგი მრავალი წელია მსახურობს ამ სფეროში და ბევრი დამსახურება აქვს.  მან ბევრი ახალგაზრდა მეზღვაური აღზარდა... ბატონო მემედ, მინდა გითხრათ, რომ თქვენი და თქვენნაირი ადამიანების გამოცდილება ძალიან გამოგვადგება,“ - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. 
საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან მიხეილ სააკაშვილმა მეზღვაურებთან ერთად ევროპის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც მათ პატივსაცემად კონცერტი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა იქ შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან მიმართა და მეზღვაურებს გათავისუფლება და მშვიდობით დაბრუნება კიდევ ერთხელ მიულოცა.   
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ვარსკვლავებმა ინიციატივა გამოთქვეს მისალმებოდნენ ჩვენს ბიჭებს და ერთად ეზეიმათ მათი მშვიდობით დაბრუნება - ის, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვსურდა. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც მათ გადაიტანეს, მაგრამ, ვფიქრობ, ის, რაც გუშინ მოხდა და ბოლო დღეებში ხდებოდა, ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო, რომ საქართველო ბოლომდე იბრძოლებს საკუთრი მოქალაქეებისთვის, თავისი და თითოეული მოქალაქის თავისუფლებისთვის გადადებს თავს. ნებისმიერი რესურსის ფასად, რკინის ქალამნების ჩაცმაც რომ დაგვჭირდეს, მსოფლიოს შემოვლა და ნემსის ყუნწში გაძრომა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების, დღევანდელობისა და მომავლის დასაცავად.  ამ ხალხის უმეტესობა ბათუმში 2 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ისინი თანაქალაქელებს მიესალმებიან. გუშინ პირადად მე ძალიან ბედნიერი ვიყავი და ეს გრძნობა ჯერ მაშინ დამეუფლა, როდესაც თურქეთში თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოდგეს ფეხი და შემდეგ ბათუმში. მინდა თითოეულ თქვენგანს ვუსურვო უდიდესი ბედნიერება, თავისუფლება და უკეთესი მომავალი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 
კონცერტი ცნობილმა მომღერალმა ნიაზ დიასამიძემ გახსნა და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით გაგრძელდა. 
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)