Google+

სიახლეები

13.01.2012
საქართველოს პრეზიდენტი გათავისუფლებულ მეზღვაურებს თურქეთში დახვდა

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურებს შეხვდა, რომლებიც კენიიდან ქართული დელეგაციის ხელმძღვანელობით ჩამოვიდნენ.  მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მეზღვაურებს თურქეთის პრემიერ-მინისტრი დახვდა.   

საქართველოს პირველ პირსა და რეჯიფ თაიფ ერდოღანს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მიხეილ სააკაშვილმა მეზღვაურებს მადლობა გადაუხადა გამძლეობისა და იმ სოლიდარობისთვის, რომელიც ტყვეობის დროს ერთმანეთის მიმართ გამოიჩნეს.

„ძალიან მიხარია, რომ ქართველ მეზღვაურებთან ერთად, ჩვენი თურქი ძმებიც უბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ძალიან ძნელია წარმოიდგინო თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარა ამ ხალხმა და რა პირობებში მოუხდათ ამდროის განმავლობაში ყოფნა. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაა, რაც ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში დაემართოს. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი უკვე თავისუფალი არიან,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო და იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო კრიზისის პირობებში, თურქეთი დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკით გამოირჩევა, რაც, მისი თქმით, მთელი რეგიონის განვითარების წინაპირობაა.  

მისასალმებელ სიტყვაში, რეჯიფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქართველ მეზღვაურებთან ერთად თურქი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფისთვის. გაწეული დახმარებისთვის, მიხეილ სააკაშვილს  მადლობა, თავის მხრივ, თურქმა მეზღვაურებმა და მათი ოჯახის წევრებმაც გადაუხადეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ვითარდება. როგორც მან აღნიშნა, ერთობლივი პროექტების განხორციელება ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას უწყობს ხელს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით განვითარდა ბოლო პერიოდში. ეს შეეხება თანამშრომლობას, როგორც სამხედრო, ისევე ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. აღსანიშნავია თანამშრომლობის ტენდეციები ენერგეტიკის დარგშიც. ჩვენ ვახორციელებთ დიდ სარკინიგზო პროექტს, რომელიც ყარსის გავლით თბილისსა და ბაქოს დააკავშირებს. ეს პროექტი ძალიან სწრაფად ხორციელდება. ამით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. ამ პროექტს ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის დახმარებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს კულტურის სფეროშიც“, - აღნიშნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მეზღვაურებთან ერთად თურქეთიდან ბათუმში ჩაფრინდა, სადაც ტყვეობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურებს ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში 508 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი გათავისუფლების პროცესს საქართველოს პრეზიდენტი პირადად აკონტროლებდა.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)