სიახლეები
11.01.2012
მიხეილ სააკაშვილმა გორში ახალი კლინიკა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, გორში დღეს ახალი, ქირურგიული პროფილის კლინიკა გახსნა, რომელიც ულტრათანამდროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა დაათვალიერა და იქ მომუშავე ადამიანებს გაესაუბრა. მისი თქმით, ახლა საქართველოში ახალი ტექნოლოგიების შემოტანაზე მიმდინარეობს მუშაობა, რადგან სამედიცინო მომსახურების დონე მუდმივად უნდა მაღლდებოდეს.
პრეზიდენტი კლინიკასთან შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა გორის რეაბილიტაციის პროგრამაზე ისაუბრა და ადგილობრივებს ინფრასტუქტურული პროექტების დეტალები გააცნო. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, მალე ქალაქი, რომელიც 2008 წლის ომის დროს, რუსეთის აგრესიის მთავარი ობიექტი იყო, საქართველოს ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო წინ მიდის და ქვეყნის აღმშენებლობას ვერავინ ვერ შეაჩერებს, რადგან ეს უკვე შეუქცევადი პროცესია. დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელებს ქართლში ახალი პროექტების განხორციელება დაავალა. მისი თქმით, არც ერთი ჰექტარი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.
გორის ახალი კლინიკა საინვესტიციო კომპანია „იავნანა მედი“ -მ ააშენა, რისთვისაც 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. 30-საწოლიან საავადმყოფოს მედპერსონალი მაღალკვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული და იქ 95 სპეციალისტი მუშაობს. საინვესტიციო კომპანია „იავნანა მედი“ ჰოსპიტალური სექტორის განვითრების პროგრამის ფარგლებში, გორში კიდევ ერთი საავადმყოფოს აშენებას გეგმავს. 70-საწოლიანი სამედიცინო ცენტრი 15 თვეში გაიხსნება.